close
კვლევები

კატა უფრო ერთგულია თუ ძაღლი – კვლევა

არსებობს სტერეოტიპი იმის შესახებ,  რომ კატები და ძაღლები თავიანთი პატრონისადმი დამოკიდებულებით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. ამ შეხედულების მიხედვით, ძაღლები მოსიყვარულეები და ერთგულები არიან, მაშინ როდესაც კატები გულგრილობით გამოირჩევიან. აღნიშნულ მოსაზრებას  კატების პატრონთა უმრავლესობა არ დაეთანხმება თუნდაც იმ მოტივით, რომ მათთვის ძნელი დასაჯერებელია, თითქოს მათ კალთაში მონებივრე ფისოს თავისი პატრონი საერთოდ არ ენაღვლება. რამდენად შეესაბამება ზემოთ ხსენებული სტერეოტიპი სინამდვილეს, ამის გარკვევას BBC Future შეეცადა.

 

არსებობს თუ არა ემოციური კავშირი კატასა და მის პატრონს შორის?

 

კატების ცნობიერების მკვლევართა აზრით, ამ შინაურ ცხოველებს თავიანთ მეპატრონეებთან განსაკუთრებული ემოციური ბმა აქვთ. როგორც ჩანს, ისინი განიცდიან განშორებას, თავიანთი პატრონის ხმაზე უფრო რეაგირებენ, ვიდრე- უცხო ადამიანისაზე და საშიშ სიტუაციაში თავშესაფარს მეპატრონის სიახლოვეს ეძებენ.

თუმცა კატებისა და ადამიანების შესახებ შექმნილ საერთო ფონს იაპონიაში ჩატარებული ახალი კვლევა ართულებს. ამ შემთხვევაში მეცნიერებმა ძაღლებზე უკვე გამოცდილი მეთოდი გამოიყენეს და დაასკვნეს, რომ კატები, ძაღლებისგან განსხვავებით, არ არიდებენ თავს იმ ადამიანებს, რომლებმაც მათ პატრონს დახმარებაზე უარი უთხრეს.

ექსპერიმენტის ფარგლებში, კატა უყურებდა თავის პატრონს, რომელიც ცდილობდა ყუთი გაეხსნა და გარკვეული ნივთი ამოეღო. ამ უკანასკნელის სიახლოვეს იჯდა ორი უცნობი, რომელთაგან ერთ-ერთს მან დახმარება  სთხოვა. ერთ ექსპერიმენტში უცნობი კატის პატრონს დაეხმარა, ხოლო მეორეში – არა. ორივე შემთხვევაში მეორე უცნობი ცდისპირი უმოქმედოდ იჯდა.

ექსპერიმენტის ამ ნაწილის დასრულების შემდეგ ორივე უცნობმა კატას საკვები  შესთავაზა. მეცნიერები აკვირდებოდნენ, თუ რომელს მიუახლოვდებოდა შინაური ცხოველი პირველად. მკვლევრებს აინტერესებდათ, კატა პირველად საკვების აღებას „დამხმარე უცნობისგან“ ამჯობინებდა, თუ პასიურისგან? ეს შემთხვევა გამოავლენდა პატრონისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის შინაური ცხოველის პოზიტიურ დამოკიდებულას უცხო ადამიანის მიმართ. საინტერესო იყო ის ფაქტიც, მიიღებდა თუ არა კატა საკვებს იმ პირისგან, რომელიც მის პატრონს არ დაეხმარა. ეს ნეგატიური ტენდენცია იქნებოდა იმის მაჩვენებელი, რომ შინაურ ცხოველს ამ ადამიანის მიმართ უნდობლობა გაუჩნდა.

როდესაც იგივე ექსპერიმენტი ძაღლებზე ჩატარდა, მათ გამოხატულად ნეგატიური ტენდენცია გამოავლინეს. ამ შინაურმა ცხოველებმა არჩიეს არ მიეღოთ საკვები იმ უცნობისგან, ვინც მათი პატრონის დახმარებაზე უარი თქვა. იმავე ექსპერიმენტში კატებმა უცნობების მიმართ აბსოლუტური გულგრილობა გამოავლინეს. მათ არანაირი უპირატესობა არ მიუნიჭებიათ იმ პირებისთვის, რომელთაგან ზოგი მათ პატრონს დაეხმარა, სხვა კი- არა. როგორც ჩანს, კატებისთვის საკვები არის საკვები.

 

რა დასკვნა შეიძლება აქედან გამოვიტანოთ?

 

დიდია ცდუნება დავასკვნათ, რომ კატები ეგოისტი არსებები არიან და სრულებით არ ადარდებთ, როგორ ექცევიან მათ პატრონებს სხვები. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოსაზრება შეიძლება ზოგიერთის წარმოდგენას კატებზე ფანტასტიკურად შეესაბამებოდეს, ეს ანთროპომორფისტული მიკერძოების მაგალითია. ეს გულისხმობს იმას, რომ კატები აღქმული უნდა იყვნენ როგორც პატარა ბეწვიანი ქმნილებები და არა როგორც არსებები, რომლებსაც განსხვავებული აზროვნება აქვთ.

იმისთვის, რომ ამ შინაურ ცხოველებს უკეთ გავუგოთ, ადამიანებზე ორიენტირებული აზროვნება უნდა შევწყვიტოთ და ვიფიქროთ მათზე, როგორც კატებზე. თუკი ასე მოვიქცევით, აღმოჩნდება, რომ კატები ეგოისტები კი არ არიან, მათ უბრალოდ უჭირთ ადამიანებს შორის არსებული სოციალური კავშირები აღიქვან. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ზოგიერთი უცნობი მათ პატრონს არ დაეხმარა.

 

კატების გაცილებით გვიან მოაშინაურეს, ვიდრე – ძაღლების. შესაბამისად, ისინი, „თავიანთ მეტოქეებთან“ შედარებით, ნაკლებად შინაურები არინ

 

მიუხედავად იმისა, რომ კატებს ზოგიერთი ადამიანური თვისება ახასიათებთ (ადამიანური ემოციების მიმართ მგრძნობიარენი არიან, ისინი მაინც ნაკლებად ადაპტირებული არიან ჩვენს სოციალურ ურთიერთობებთან, ვიდრე – ძაღლები.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანმა კატა ძაღლზე გვიან მოაშინაურა და შესაბამისად, ძაღლთან შედარებით, გაცილებით ნაკლებად შეიცვალა. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძაღლის წინაპრები სოციალურ ჯგუფებად მცხოვრები ცხოველები არიან, კატის წინაპარი კი ძირითადად ინდივიდუალურად მონადირე არსებაა. მოშინაურებამ, სავარაუდოდ, ძაღლების სოციალური ხასიათი გაამძაფრა. მაშინ, როდესაც იგივე ვერ მოხდა კატებთან, რომლებსაც ნაკლებად სოციალური საწყისი აქვთ. ამიტომაც არ უნდა ვიჩქაროთ დასკვნის გაკეთება, თითქოს ჩვენი კატა გულგრილია და საერთოდ ვანაღვლებთ, თუ სხვა ადამიანები ცუდად გვექცევიან. მიუხედავად ამ შინაური ცხოველის პოპულარობისა, ჩვენ ჯერ კიდევ შედარებით ნაკლები ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ ფიქრობენ კატები.

მომავალში კვლევებმა შეიძლება გვაჩვენოს, რომ კატებს გაცილებით ნაკლებად ესმით ადმიანების, ვიდრე ჩვენ გვგონია. ასევე შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ მათ ადამიანების სოციალური დინამიკის აღქმა სხვადასხვა კონტექსტში გაცილებით უკეთ შეუძლიათ.

კვლევებმა რა შედეგიც უნდა აჩვენოს, ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება ანთროპომორფიზმს, განსაზღვროს ჩვენი ინტერპრეტაცია კატის ქცევების შეფასებისას. ამიტომაც სანამ ჩვენს პატარა მეგობრებს განვსჯით და მათ ეგოისტსა თუ გულგრილს ვუწოდებთ, უნდა ვცადოთ, გარემოს მათი თვალებით შევხედოთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0