close
მედიცინა

ისტორიაში პირველად, ექიმებმა პაციენტს ხერხემლის სიმსივნე თვალის გავლით ამოკვეთეს

მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში მომუშავე ნეიროქირურგებმა ხერხემლის სიმსივნე პაციენტის თვალის გავლით წარმატებით ამოკვეთეს. აქამდე მსგავსი პროცედურა არ იყო ჩატარებული, რაც ღრმად განლაგებული მავნე ქსოვილების მოცილების ინოვაციურ მეთოდს უხსნის გზას.

პაციენტი 19 წლის კარლა ფლორესია. მას აქამდე ორი სხვა ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული იშვიათი სიმსივნის ამოსაკვეთად, რომელსაც ქორდომაეწოდება. გამოჯანმრთელების პროცესში ექიმებმა კიდევ ერთი ქორდომა შენიშნეს, რომელიც თავის ქალის ბაზასთან ახლოს იყო. მის მოსაშორებლად ახლებური მიდგომა გახდა საჭირო, რადგან ამისთვის კისრიდან, პირიდან ან ცხვირიდან შესვლა ინფექციისა და შეზღუდული ხილვადობის მაღალ რისკს შეიცავდა.

ნეიროქირურგის, თავ-კისრის ქირურგისა და სახის რეკონსტრუქციის სპეციალისტისგან შემდგარმა ჯგუფმა გადაწყვიტა, სიმსივნე მარცხენა თვალის ბუდის გავლით მოეცილებინა. ამ მეთოდს მათ “მესამე ნესტო” უწოდეს. ტექნიკის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად ექიმებმა პროცედურა ჯერ გვამებზე გამოცადეს, რასაც საათები დასჭირდა.

პაციენტის ქორდომები.

ფოტო: University of Maryland School of Medicine

ოპერაციამ 19 საათს გასტანა და, ქირურგების თქმით, ის განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვდა. თვალის ბუდეში შეღწევის შემდეგ მათ თვალის კაკალი და მის მიმდებარედ არსებული ქსოვილები სულ რამდენიმე მილიმეტრით გადაწიეს და ორგანოს დაზიანების თავიდან ასაცილებლად რქოვანას სპეციალური დამცავი გამოიყენეს.

მომდევნო ეტაპზე ქირურგებმა ბურღით თვალის ფოსოსა და ზედა ყბის ძვლების მცირე სექციები ამოჭრეს, რათა სიმსივნემდე შეეღწიათ. შემდეგ ერთდროულად თვალისა და ნესტოების გავლით მავნე ქსოვილები ნაწილ-ნაწილ ამოიღეს. ისინი ზურგის ტვინთან ძალიან ახლოს მუშაობდნენ, ამიტომ მცირე შეცდომასაც პაციენტის პარალიზება ან ტვინის ღეროს ინსულტის გამოწვევა შეეძლო.

საბედნიეროდ, ასე არ მომხდარა და ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. პაციენტს ამოჭრილი ძვლები მენჯიდან აღებული ძვლის ნიმუშების, ტიტანის ფირფიტებისა და სხვა საჭირო კომპონენტების დახმარებით აღუდგინეს ისე, რომ პროცედურას სახის სტრუქტურაზე კვალი არ დაეტოვებინა. 2 დღეში პაციენტს თავის ქალისა და ხერხემლის სტაბილიზებისთვის დამატებითი ოპერაცია ჩაუტარდა, 6 კვირაში კი მან პროტონული თერაპიადაიწყო, რათა კიბოს დარჩენილი უჯრედები განადგურებულიყო.

დაახლოებით 1 წელში ჩატარებულმა გაკვლევამ აჩვენა, რომ სიმსივნე სრულად გამქრალი იყო. ამჟამად კარლა ფლორესი თავს კარგად გრძნობს, სამსახურში დასაბრუნებლად ემზადება და სამომავლო გეგმებიც აქვს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0