close
კატეგორიის გარეშე

დანია პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, სადაც ე.წ.კოვიდპასპორტი ამოქმედდა

დანია პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, სადაც, 6 აპრილიდან, ე.წ.კოვიდპასპორტის სქემა ამოქმედდა.

„კორონა პასი“ აპლიკაციის, ან დაბეჭდილი სახითაა ხელმისაწვდომი და მისი მფლობელები არიან ადამიანიანები, რომლებსაც კორონავირუსის ვაქცინების ორივე დოზა აქვთ გაკეთებული, ვირუსი 2-12 კვირის წინ დაუდასტურდათ, ან გასული 72 საათის განმავლობაში აღებულ ტესტზე უარყოფითი პასუხი აქვთ მიღებული. დოკუმენტი საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, ესტუმრონ საპარიკმახეროებს, სილამაზის სალონებს, ავტოსკოლებს. მოგვიანებით კი, მის მფლობელებს მუზეუმებში, რესტორნებში, თეატრებსა და კინოთეატრებში შესვლის ნებართვაც ექნებათ, რომელთა გახსნაც ქვეყანაში 6 მაისიდან იგეგმება.

ბიზნეს ობიექტები, რომლებიც იმ მოქალაქეებს მოემსახურებიან, რომლებსაც „კოვიდპასპორტი“ არ აქვთ, 400 ევროთი დაჯარიმდებიან, რეგულაციის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა 6 000 ევრომდე გაიზრდება.

რაც შეეხება მომხმარებლებს, რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში მათ 330 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ.

ცნობისათვის, ამ დროისთვის დანიის კორონავირუსზე სრულად ვაქცინირებული დანიის მოსახლეობის 7 პროცენტია, ვაქცინის პირველი დოზა კი 13.3 პროცენტს აქვს გაკეთებული. ქვეყნის მოსახლეობა, დაახლოებით 5.8 მილიონს შეადგენს.

დანიის მთავრობა ეკონომიკის სრულ გახსნას 21 მაისიდან გეგმავს, როდესაც, მათი ვარაუდით, 50 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაცია დასრულებული იქნება.

წყარო : euronews.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0