close
კატეგორიის გარეშე

„ბიბისი“ კავკასიური სოჭის შესახებ სტატიას აქვეყნებს

„ბიბისი“ კავკასიური სოჭის შესახებ, რომელიც ევროპაში ნორდმანის სოჭის სახელით არის ცნობილი, სტატიას აქვეყნებს.

„მყიდველს სადღესასწაულოდ უყვარს ნორდმანის სოჭის სასიამოვნო სურნელი და რბილი წიწვები. ეს ევროპაში ყველაზე პოპულარული საშობაო ხეა, რომელიც ბაზრის 60 პროცენტს შეადგენს. ევროპული სანერგეები ამ ხის თესლს საქართველოს მთიანი რეგიონიდან, რაჭიდან მოიპოვებენ. დიდ ბრიტანეთში ორი მეტრის სიმაღლის ხეში შესაძლოა, 72-დან 92 დოლარამდეც გადაიხადოთ, თუმცა საქართველოში, სადაც ეს ხეები ენდემურია, ფასები შესაძლოა, ოთხჯერ მაღალი იყოს“, – აღნიშნულია სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, კავკასიური სოჭის ფასი საქართველოში ყოველთვის არ ყოფილა ასეთი მაღალი. ადრე საქართველოს ბაზარზე მისი ყიდვა იაფად იყო შესაძლებელი, რადგან უკანონოდ იყო მოჭრილი. როგორც ავტორი წერს, საქართველო ცნობილია ლამაზი ეროვნული ტყეებით, თუმცა ეს ტყეები იყო ხის უკანონო მასალით მოვაჭრეების სამიზნე და საშობაოდ ნაძვსა და ფიჭვზე მოთხოვნა იზრდებოდა. 2011 წელს პრობლემის აღმოსაფხვრელად დაწესდა ახალი რეგულაციები და უკანონო ხე-ტყის ჭრის საწინააღმდეგოდ ჯარიმები გაიზარდა.

„ბიბისის“ სტატიაში ნათქვამია, რომ ახალი წესების ამოქმედების შემდეგ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, რომელშიც შედის აბასთუმნის ეროვნული პარკი, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა რვიდან 60-მდე გაიზარდა. ამჟამად ტყის უკანონო ჩეხვის ფაქტები სულ უფრო იშვიათია.

„თუ საქართველოში საშობაოდ სოჭის შეძენა სურთ, ძირითადად, ეს ადგილობრივ სანერგეებში არის შესაძლებელი“, – წერია სტატიაში და აღნიშნულია, რომ თბილისის გარეუბანში წიწვოვანი ხეების ერთ-ერთ სანერგეში ორმეტრიანი ნორდმანის სოჭის ფასი 850-დან 1500 ლარამდე მერყეობს. ავტორის ინფორმაციით, ნორდმანის ანუ კავკასიური სოჭი ძალიან ნელა იზრდება, რაც მის მაღალ ფასს განაპირობებს. ხის ორ მეტრამდე გაზრდას შესაძლოა, 10 წლამდე დასჭირდეს.

„ლამაზი საშობაო სოჭით ცნობილი საქართველო ახორციელებს თესლის ექსპორტს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დანია და პოლონეთი, შემდეგ კი ახორციელებს გაზრდილი ხეების იმპორტს“, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ ასე მუდმივად არ გაგრძელდება – ნორდმანის სოჭის ფასმა საქართველოში უნდა დაიკლოს მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, როდესაც სოჭის პატარა ხეები გაიზრდებიან.

„თუმცა, ფასების კლების შემთხვევაშიც კი, გაურკვეველია, ქართულ ოჯახებში რამდენად პოპულარული გახდება მოჭრილი ხე. ბევრი მათგანი ცოცხალი ხეების მოჭრას ეწინააღმდეგება. ამასთან, მაღალმა ფასებმა შესაძლოა, კვლავ შესძინოს პოპულარობა ძველ ტრადიციულ საშობაო ხეს – ჩიჩილაკს. ის თხილის ან კაკლის ტოტისგან ხელით ითლება და ეძლევა პატარა წიწვოვანი ხის ფორმა. ხილითა და კენკრით მორთული ჩიჩილაკი ალამაზებს სახლებს 7 იანვარს, როდესაც მართლმადიდებლები შობას აღნიშნავენ. საბჭოთა მმართველობის დროს ჩიჩილაკის გაყიდვა აკრძალული იყო, თუმცა დღეს ძველი ტრადიცია ბრუნდება“, – წერია სტატიაში და აღნიშნულია, რომ ვინაიდან ჩიჩილაკის დასამზადებლად საკმარისია მხოლოდ ტოტი, ის საშობაო ხის ბევრად ეკომეგობრულ ვერსიას წარმოადგენს.

წყარო: 1tv.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0