close
ეკოლოგია

ასობით მილიარდი კალია აღმოსავლეთ აფრიკის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა

ჩრდილო აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკას ასობით მილიარდი კალიისგან შემდგარმა გუნდმა გადაურა. აფრიკის შემდეგ კალიების გუნდი არაბეთის ნახევარკუნძულზე და ახლო აღმოსავლეთში გადავიდა.

ყველაზე მეტად დაზარალდა აღმოსავლეთ აფრიკა და იემენი. საფრთხის წინაშე დგანან სპარსეთის ყურის ქვეყნები, საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი, ირანი, პაკისტანი და ინდოეთი. კალიების გუნდმა შესაძლოა უფრო ჩრდილოეთით, თურქეთამდეც მიაღწიოს.

უდაბნოს კალია, Schistocerca gregaria, ყოველდღიურად საკუთარი წონის რაოდენობის საკვებს ჭამს და სწრაფად მრავლდება. მათ ამგვარ გამრავლებას ხელი ძლიერმა წვიმებმა შეუწყო. კალიები წვიმის დროს მრავლდებიან, რადგან კვერცხს სველ ნიადაგში დებენ.

კალიები პირველად 2020 წლის იანვრის დასაწყისში სომალიში და ეთიოპიაში გამოჩნდნენ და შემდეგ კენიაში, სუდანსა და უგანდაში გავრცელდნენ. ივნისამდე მათი რიცხვი შესაძლოა 400-ჯერ გაიზარდოს.

საშუალოდ, კალიების გუნდი 100 კვადრატულ კილომეტრს იკავებს. გუნდში 4-დან 8 მილიარდამდე კალიაა და დღის განმავლობაში 3.5 მილიონი ადამიანის სამყოფ საკვებს ჭამენ. კენიაში დააფიქსირეს კალიების გუნდი, რომელიც 2,400 კვადრატულ კილომეტრს იკავებდა, რაც ნიუ-იორკის ზომაზე სამჯერ მეტია.

კალიები მოსავალს და მცენარეულ საფარს ანადგურებენ, რამაც შესაძლოა რეგიონში საკვების სერიოზული კრიზისი წარმოქმნას. ქვეყნები უკვე ებრძვიან კალიებს და შეწამვლის სხვადასხვა ხერხს იყენებენ, მათ შორის თვითმფრინავებითაც, თუმცა მთავრობებში აცხადებენ, რომ საჭირო ტექნიკის ნაკლებობა აქვთ.

იანვარში გაერომ განაცხადა, რომ კრიზისთან გასამკლავებლად 76 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა იყო აუცილებელი. ახლა ეს რიცხვი 138 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ 52 მილიონის მობილიზება მოხერხდა. აქედან 10 მილიონი ბილ და მელინდა გეითსების საქველმოქმედო ფონდის დონაციაა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0