close
კვლევები

ანტიბიოტიკები სიმაღლეში ზრდას აფერხებს – კვლევა

ანტიბიოტიკები სიმაღლეში ზრდას აფერხებს,- ეს დასკვნა ებრაელ, გერმანელ და ფინელ მეცნიერთა ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

 

გამოცემის თანახმად, კვლევაში მონაწილეობდა 12 ათასი ბავშვი. ეს ბავშვები 2008-2010 წლებში დაიბადნენ. დაბადებიდან 2 კვირის განმავლობაში 2 ათასამდე ბავშვს სხვადასხვა მიზეზით ანტიბიოტიკების მიღება დასჭირდა.

 

ამ ბავშვებს არავითარი გენეტიკური ანომალია ან ქრონიკული დაავადება არ ჰქონიათ, რასაც სიმაღლეში ზრდის შეფერხება შეეძლო. მონაცემების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ბიჭებს, რომლებსაც სიცოცხლის პირველ დღეებში ანტიბიოტიკი მისცეს, 6 წლამდე ასაკში ზრდის საგრძნობი შეფერხება გამოუვლინდათ. ისინი წონაშიც ჩამორჩებოდნენ იმ თანატოლებს, რომლებსაც ანტიბიოტოკები არ დასჭირვებიათ.

 

განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ეს პრობლემა 2-დან 6 წლის ასაკში. თუმცა იგივე ეფექტი გოგონებში არ გამოვლენილა.

 

ვინც ანტიბიოტოკები არა სიცოცხლის პირველ დღეებში, არამედ 6 წლამდე ასაკში მიიღო, ამ ბავშვებში, გოგონებშიც და ბიჭებშიც, ჭარბწონიანობა და სიმსუქნისკენ მიდრეკილება გამოვლინდა.

 

მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ყველაფერი ნაწლავური მიკროფლორის შეცვლამ გამოიწვია. მათი განმარტებით, ანტიბიოტიკების ზემოქმედება მხოლოდ მათი მიღების პერიოდში არ გრძელდება. მას ხანგრძლივი შედეგი აქვს, რაც ბავშვის მომნელებელ სისტემაში სრულიად ცვლის მიკროსამყაროს. 2 წლამდე ასაკში ანტიბიოტიკები ხელს უშლის ნაწლავური მიკროფლორის გამდიდრებას და გამრავალფეროვნებას, რაც მომავალში ჯანმრთელობაზეც აისახება. განსაკუთრებით ძლიერად „ურტყამენ“ ანტიბიოტიკები ბიფიდობაქტერიებს, რომლებიც წლამდე ასაკში ნაწლავური მიკროფლორის ძირითად საფუძველს წარმოადგენენ.

 

ჯანსაღი ნაწლავური მიკროფლორა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის მოქმედებისთვის არ გვჭირდება. მასზეა დამოკიდებული ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობა, იმუნიტეტი, საჭირო ნივთიერებების მარაგი ორგანიზმში, რაც საბოლოოდ ბავშვის ჯანმრთელ ზრდა-განვითარებას უნდა მოხმარდეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0