close
ასტრონომია - კოსმოსი

NASA-ს „ტყუპი ძმების ექსპერიმენტი“

არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი, თუ ვიტყვით, რომ უნდა მოგიყვეთ ექსპერიმენტის შესახებ, რომლის მსგავსი არასდროს ჩატარებულა და მომავალშიც, არ ჩატარდება. მისი შედეგები კი, კოსმოსში გაფრენის მსურველთათვის, საკმაოდ შემაშფოთებელია.

2015 წლის მარტიდან, ასტრონავტმა სკოტ კელიმ 340 დღე გაატარა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე. მეცნიერთა ჯგუფი მის სხეულში მიმდინარე ცვლილებებს აკვირდებოდა და ადარებდა სკოტის ტყუპისცალი ძმის – მარკის მონაცემებს. ექსპერიმენტის მიმდინარეობისას ერთი ძმა კოსმოსში, ხოლო მეორე დედამიწაზე იმყოფებოდა.

რამდენიმე დღის წინ მეცნიერებმა კვლევის შედეგების პირველი ნაწილი გამოაქვეყნეს. ეს არის 90 გვერდიანი დოკუმენტი NASA Twins Study, რომლიდანაც რამდენიმე მნიშვნელოვან შედეგზე მოგიყვებით.

კოსმოსში მოგზაურობა სხეულს ცვლის
მეცნიერებმა შეისწავლეს დიდი რაოდენობით ინფორმაცია და გამოიყენეს მრავალფეროვანი საზომები ძმებს შორის, კოსმოსში ყოფნის გავლენით, შესაძლო განსხვავებების არსებობის დასადგენად. ეს უკავშირდებოდა როგორც კოგნიტურ უნარებს, ასევე, გენურ აქტივობას მათ ქსოვილებში. ბევრი მოლეკულური ტესტი, რომელიც ტყუპი ძმების კვლევაში გამოიყენეს, აქამდე არასდროს გამოუყენებიათ ასტრონომების საკვლევად.

ექსპერიმენტის ფარგლებში, კელი იღებდა სისხლს საკუთარი ორგანიზმიდან და ინტენსიურად აგზავნიდა დედამიწაზე. რის შემდეგაც, მეცნიერები ლაბორატორიულ კვლევებს ატარებდნენ. ერთ-ერთ ასეთ ტესტში მეცნიერებმა შეისწავლეს სკოტის ლეიკოციტები. ისინი ეძებდნენ მოლეკულურ სიგნალებს იმის დასადგენად, თუ რამდენად აქტიური იყო გენი. მათ იპოვეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც კელის ორგანიზმში ათასობით გენი იყო გააქტიურებული.

მეცნიერების აზრით, გენების გააქტიურება სტრესით იყო პროვოცირებული, რომელიც კოსმოსში ყოფნას ახლავს ხოლმე თან და შესაბამისად, კელის იმუნური სისტემა იყო სრულ მზადყოფნაში (თავის დასაცავად).

სხვა ტესტში მეცნიერებმა იკვლიეს კელის ქრომოსომების დაბოლოებები, რომლებსაც ტელომერებს ეძახიან. ტელომერები სულ უფრო მოკლდება ასაკის მატებასთან ერთად, ხოლო სტრესს მათი დამოკლება უფრო სწრაფად შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ კელი არც ისე ახალგაზრდა იყო და ამასთან, როგორც მეცნიერები ამბობენ, სტრესსაც განიცდიდა, კელის კოსმოსში ყოფნის პერიოდში ტელომერები სულ უფრო იზრდებოდა.

შემაშფოთებელი შედეგი – გენეტიკური მუტაცია და კოგნიტური უნარების დაქვეითება
რადიაციას შეუძლია გამოიწვიოს სხვადსახვაგვარი მუტაცია, რაც ადამიანის ორგანიზმში კიბოს განვითარების რისკს ზრდის. დედამიწის ორბიტაზე გაცილებით დიდი რაოდენობის რადიაციაა, ვიდრე პლანეტაზე.

კოსმოსში 340 დღიანმა ყოფნამ კელის ორგანიზმს 48-ჯერ მეტი რადიაცია მოუტანა, ვიდრე პლანეტაზე შეეძლო მიეღო და მეტიც, რადიაციით გამოწვეული გენეტიკური მუტაცია მისი დედამიწაზე დაბრუნების შემდეგაც გრძელდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს პროცესი კელის ორგანიზმისთვის მუდმივი გახდება და ეს შესაძლოა სიმსივნის განვითარებას მოასწავებდეს.

ცნობისთვის, ასტრონავტები, რომლებიც მარსზე გამგზავრებას აპირებენ, მიიღებენ 8-ჯერ მეტ რადიაციას, ვიდრე კელიმ მიიღო.

გარდა ამისა, კელის კოგნიტური უნარები გაუარესდა. ეს ტენდენცია შენარჩუნდა მისი დედამიწაზე დაბრუნებიდან 6 თვის შემდეგაც. ის უშვებდა ბევრ შეცდომას კოგნიტურ ტესტებში და ამასთან, გაცილებით ნელა პასუხობდა კითხვებს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, კელი სათანადოდ არ იყო მზად კოსმოსში გასაფრენად, ან გაურკვეველი მიზეზებით, მისი მოტივაცია დაეცა.

დედამიწაზე დაბრუნება

დაზუსტებით არავინ იცის, თუ რას ნიშნავს ეს ცვლილებები
ადამიანის ბიოლოგია საკმაოდ რთული საკითხია არათუ კოსმოსში, დედამიწაზეც კი. ასე რომ, ყველა ცვლილება, რომელიც კელის ორგანიზმმა კოსმოსში ყოფნისას განიცადა, არ აძლევს მეცნიერებს ზუსტი დასკვნების გამოტანის საშუალებას.

მაგალითად, უცნობია, თუ რატომ გაიზარდა კელის ქრომოსომების ტელომერები სიგრძეში. ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს კელის კვების რაციონს ან სტრესს, რომელსაც კოსმონავტები კოსმოსში გამგზავრებისას განიცდიან.

სხვა მხრივ, რამდენად შესაძლებელია NASA დაეყრდნოს მხოლოდ ერთი ადამიანის შესწავლის შედეგად მიღებულ მონაცემებს? მიუხედავად იმისა, რომ კვლევის დიზაინის მიხედვით, ცვლილებების საკონტროლოდ NASA სკოტის ტყუპისცალი ძმის მონაცემებს იყენებდა, მაინც რთულია კვლევის შედეგების გაზოგადება. თუმცა, აღნიშნული შედეგი ნამდვილად აძლევს მეცნიერებს ფიქრის საბაბს. ფიქრის იმაზე, თუ როგორ აისახება მარსზე გაფრენა მისიაში მონაწილე ასტრონავტებზე, რამდენიმეთვიანი ფრენის პირობებში. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ფიზიოლოგიური ცვლილებების გვერდით, კოსმოსში ყოფნის პირობებში, თავს ფსიქიკური ცვლილებებიც იჩენს…

წყარო: The New York Times

marketer.ge

გაზიარება:
fb-share-icon0