close
კვლევები

კვლევა – პარაცეტამოლის გრძელვადიანი გამოყენება მაღალი წნევის რისკს ზრდის

მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანები, რომლებიც  პარაცეტამოლს იღებენ, შეიძლება გულის შეტევის და ინსულტის უფრო მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, – ამის შესახებ ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის ავტორები განმარტავენ, რომ ექიმებმა უნდა იფიქრონ იმ ადამიანების რისკებსა და სარგებელზე, რომლებიც მედიკამენტს მრავალი თვის განმავლობაში იღებენ.
პარაცეტამოლი ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში, როგორც ტკივილის საწინააღმდეგო საშუალება მოკლევადიანი მკურნალობისთვის, მაგრამ ასევე ინიშნება ქრონიკული ტკივილის სამკურნალოდ, მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიანი გამოყენებისთვის მისი სარგებლობის მცირე მტკიცებულება არსებობს.
კვლევის ფარგლებში ჩართულ მოხალისეებს, რომლებიც მაღალი წნევის საწინააღმდეგო მედიკამენტებს იღებდნენ, სთხოვეს, დღეში 4-ჯერ 1 გრამი პარაცეტამოლი მიეღოთ ორი კვირის განმავლობაში, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კი პლაცებო.
„კვლევამ აჩვენა, რომ პარაცეტამოლი ზრდის არტერიულ წნევას, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია გულის შეტევისა და ინსულტისთვის,“- აცხადებენ ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერები.
მკვლევარები ექიმებს ურჩევენ, ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტებს თავდაპირველად პარაცეტამოლის რაც შეიძლება დაბალი დოზა დაუნიშნონ და ყურადღებით დააკვირდნენ მათ, ვისაც მაღალი წნევა და გულის დაავადების რისკი აქვთ.
ამასთან, ისინი ხაზს უსვამენ, რომ თავის ტკივილისა და მაღალი ტემპერატურის დროს პარაცეტამოლის მიღება უსაფრთხოა.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

წყარო : bbc

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0