close
კვლევები

მეცნიერები – იმ ადამიანების 20 პროცენტს, რომლებმაც კოვიდ 19 გადაიტანეს, ფსიქიკური დაავადება უვითარდებათ

ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტისა და ოქსფორდის ჯანმრთელობის ბიოსამედიცინო კვლევის ცენტრის მეცნიერების მტკიცებით, ის ადამიანები რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ფსიქიატრიული აშლილობის მაღალი რისკის ქვეშ არიან.

აღნიშნული მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კოვიდ 19-ზე ჩატარებულ ტესტზე დადებითი პასუხის მიღებიდან დაახლოებით 3 თვეში 5-დან 1 ადამიანს შფოთის, დეპრესიის ან უძილობის დიაგნოზი დაუსვეს, რაც სხვა ჯგუფის პაციენტებში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია. აღნიშნული დიაგნოზი კიდევ უფრო ხშირია იმ ადამიანებში, რომლებსაც ფსიქიატრიული პრობლემების ისტორია კორონავირუსით დაინფიცირებამდე ჰქონდათ.

მეცნიერების მტკიცებით, საერთო ჯამში, კოვიდ 19-ზე დადებითი პასუხის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში ფსიქიატრიული დიაგნოზი ადამიანთა თითქმის 20 პროცენტს დაუსვეს.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მსოფლიოს ექიმებმა და მეცნიერებმა გამოიკვლიონ მიზეზები და დაადგინონ მკურნალობის მეთოდები იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კოვიდ 19-ის გადატანის შემდეგ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ.

კვლევის ფარგლებში 69 მილიონი ამერიკელი პაციენტის ელექტრონული ანკეტის ანალიზი განახორციელეს, მათ შორის 62 000-ს კოვიდ 19 ჰქონდა გადატანილი.

კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Lancet Psychiatry-ში გამოქვეყნდა.

წყარო : news-medical.net

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0