close
საქართველო

ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა, რომ ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა.

„ამ ბრიფინგის ძირითადი მიზანია, შეგატყობინოთ ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქციის, გართულების შესახებ. მოგეხსენებათ, არც ერთი წამალი არ არის დაზღვეული გვერდითი მოვლენებისგან. ზოგადად, ვაქცინებზე არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და სერიოზული გვერდითი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელიც სწრაფად, 15-30 წუთში ვითარდება, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია. ის შეიძლება წავიდეს მსუბუქად, მაგრამ შეიძლება დამთავრდეს ფატალურადაც. ზოგადად მიღებულია, რომ იმ ვაქცინებზე, რომლებსაც კაცობრიობა ბავშვების ასაცრელად იყენებს, ანაფილაქსიური რეაქციები მილიონზე ერთხელ მოდის. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება გახლავთ ანაფილაქსიური რეაქცია. ყველა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას აქვს გვერდითი მოქმედებები – ბევრად უფრო ხშირი, ვიდრე კალენდარულ, ანუ რუტინულ ვაქცინებს. აცრამდე ადამიანს უსვამენ სპეციალურ კითხვებს, რომლებმაც შეიძლება გამოავლინონ მომატებული რისკი მწვავე ალერგიულ რეაქციაზე. ტემპერატურა, სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი და ამ ტიპის სხვა გამოვლინებები არის დაახლოებით 10-50% შემთხვევაში. ანაფილაქსიური გამოვლინება შედარებით იშვიათია. ამ 3 დღის განმავლობაში ჩვენ ჩავატარეთ 3365 აცრა, გვერდითი მოქმედება იყო მხოლოდ 4. დღეს ახალციხეში, „იმედის კლინიკაში“, სადაც უკვე 16 ადამიანია აცრილი, 12:15 საათზე აიცრა ჩვენი კოლეგა, 27 წლის ქალი. ის სისტემატურად იტარებდა გრიპის საწინააღმდეგო აცრას და არ ჰქონდა ალერგიული რეაქციები. აცრის შემდეგ მან ერთ-ერთ არხს მისცა ინტერვიუ და მოუწოდა კოლეგებს ვაქცინირებისკენ. 30 წუთში მასთან განვითარდა დაუყოვნებლივი რეაქცია. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ეს ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას. ახალგაზრდა ქალს ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება და გადაიყვანეს რეანიმაციაში, სადაც ის ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. ამჟამად კატასტროფის მედიცინის ბრიგადას ავადმყოფი თბილისში ჩამოჰყავს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0