ა(ა)იპ თავისუფალი საზოგადოება ” ახალი ნაკადის” განათლების ფოკუს ჯგუფის ინიციატივით, 5 ივლისს, გაიმართა კონფერენცია თემით – განათლების ფსიქოლოგია – “სწავლა-სწავლების პრინციპი” ადრეული და დაწყებითი განათლების საფეხურზე. კონფერენციის მხარდამჭერი და მასპინძელი იყო ნეიროგანვითარების, რეაბილიტაციისა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი “ნორდი-2022”.
ღონისძიება მიზნად ისახავდა განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების განხილვას, ანალიზს და ინოვაციური მიდგომების გაზიარებას.
კონფერენციის ფარგლებში ერთ სივრცეში გაერთიანდნენ ადრეული და დაწყებითი განათლების სპეციალისტები, ფსიქოლოგები, პედაგოგები, აღმზრდელები, კოორდინატორები, ექსპერტები და ამ სფეროთი დაინტერესებული პროფესიონალები.
კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სწავლა-სწავლების თანამედროვე მოდელებს, ადრეული განათლებისა და განვითარების მნიშვნელობას, ადრეული განათლების კურიკულუმის განხილვას, ინკლუზიური განათლების ძირეულ სპეციფიკურ მიდგომებს, ბავშვის ჰოლისტურ განვითარებას.
სპიკერებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება განათლების სისტემა უკეთ მოერგოს დღევანდელი სამყაროს მოთხოვნებს და როგორ შევუწყოთ ხელი ბავშვებში, როგორც აკადემიური, კოგნიტური, და ფსიქო- ემოციური უნარების განვითარებას.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად გამოიკვეთა ინდივიდზე ორიენტირებული სწავლების მიდგომები, რომელიც ითვალისწინებს თითოეული ბავშვის უნიკალურ საჭიროებებს. ასევე, ინკლუზიური განათლების როლსა და მისი მნიშვნელობაზე თანასწორი გარემოს შექმნაში.
🔴თამარ გვენცაძე ა(ა)იპ თავისუფალი საზოგადოება “ახალი ნაკადის” განათლების ფოკუს ჯგუფის კურატორი, ადრეული განათლებისა და განვითარების, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, უფროსი სპეცმასწავლებელი, ნეიროგანვითარების, რეაბილიტაციისა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი. მან გახსნა კონფერენცია და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა თავისუფალი საზოგადოება, ახალი ნაკადის განათლების ფოკუს ჯგუფის სამუშაო მიზნები. რა გამოწვევების წინაშეა დღეს ადრეული განათლება და რისი საჭიროება დგას სკოლამდელი აღზრდის სისტემაში.
🔴ნანა ქაშიბაძე ადრეული განათლებისა და განვითარების სპეციალისტი, ექსპერტი, რომელმაც ადრეული განათლების კურიკულუმის, საინტერესოდ მნიშვნელოვანი თეზისები გააცნო დამსწრე საზოგადოებას. მან აგრეთვე, ადრეული განათლების კურიკულუმის ახალი ხედვის საჭიროება წარმოადგინა, რომ თანამედროვე ბავშვისათვის მნიშვნელოვანია, ბუნებრივ გარემოში იკვლიოს სამყარო და შეიმეცნოს საკუთარი თავი. ასევე საინტერესო სადისკუსიო კვლევა – ინტერაქცია შესთავაზა დამსწრეებს, თუ რას შეცვლიდნენ დღევანდელ საბავშვო ბაღებში, რაზეც ერთხმად გაჟღერდა- სპეციალისტების კვალიფიცირება, გარემოს ცვლილებები და ბავშვის საჭიროებებზე მორგებული განმავითარებელი რესურსების მრავალფეროვნების აუცილებლობა.
🔴ქეთევან ცინცაძის ადრეული ინკლუზიური განათლების სპეციალისტის პრეზენტაცია, მნიშვნელოვანი იყო – ის, ინკლუზიური განათლების მიმართულებით დღეს არსებულ გამოწვევებს ეხმიანებოდა, რასაც, ჩვენ და სამწუხაროდ ვაწყდებით საბავშვო ბაღებსა თუ სკოლებში. გაესვა ხაზი განსაკუთრებული საჭიროებების ბავშვების მიმართ არა მართებულ ადაპტურ გარემოს, მათი სოციალიზაციისათვის ხელისშემშლელ პირობებს, მიუღებლობას და საჭიროებებზე გაუთვლელი რესურსისა თუ კვალიფიციური კადრის არარსებობას.
🔴ხათუნა რაზმაძე – დაწყებითი განათლების სპეციალისტი, მათემატიკის მასწავლებელი, ეროვნული ჯილდოს მფლობელი: მნიშვნელოვანია, როგორ ხორციელდება ტრანზიცია ბაღიდან სკოლაში, ადრეულიდან დაწყებითი განათლების საფეხურზე. მან სკოლაში არსებული გამოწვევებზე ისაუბრა, თუ რა სირთულეებს აწყდებიან პატარები პირველ და მეორე კლასში დასწავლის შემაფერხებელი ფაქტორების მხრივ, რომ გასათვალისწინებელია ზოგჯერ ბავშვთა მოტივაციის არქონა, არათანმიმდევრული მიდგომები, ბავშვების ემოციებისა და სურვილების უგულვებელყოფა.
🔴მარიეტა საყვარელიძემ, ფილოლოგმა, მრავალი წლის გამოცდილმა პედაგოგმა, პენიტენციურ სისტემაში სპეცმასწავლებლობის გამოცდილებით საინტერესოდ წარმოადგინა მაღალ კლასებში არსებული სირთულეები, ფსიქო-ემოციური თუ დასწავლითი უნარების, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობების და სხვა მრავალი საჭირბოროტო საკითხი. ასევე ისაუბრა სასჯელაღსრულებაში მუშაობის გამოცდილებაზე, არასრულწლოვალ ბრალდებულებთან სასწავლო პროცესებზე, მათ ინტერესებსა თუ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობებზე.
🔴 გვანცა ბერაძემ, ფსიქოლოგმა დასასრულს ისაუბრა ბავშვის ქცევით ანალიზზე, პოზიტიურ და ოპოზიციურ ქცევებზე, სპეციალისტებისგან არათანმიმდევრულ მიდგომებზე ბავშვებთან ურთიერთობებში, როგორც საბავშვო ბაღებში, ასევე სკოლებში.
კონფერენციის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს, როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო ღირებულს ხდიდა. დისკუსიებმა აჩვენა, რომ განათლების სფერო დგას მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე, რაც მოითხოვს, როგორც სისტემურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე ახალ მიდგომებს და ხედვებს.
ღონისძიების დასასრულს აღინიშნა, რომ მსგავსი კონფერენციები მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარებისათვის და გამოცდილების გაზიარებისათვის, აგრეთვე ახალი იდეების გენერირებისათვის. მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდეს და ერთად შევუწყოთ ხელი განათლების სისტემის გაუმჯობესებას.
განათლება არის მუდმივი განვითარების პროცესი, რომელიც საჭიროებს ინოვაციებს, თანამშრომლობას და თანამედროვე რეალობასთან ადაპტაციას ეროვნული ფესვების გათვალისწინებით.










