close
საქართველო

ბრძოლა რიონის ხეობისთვის – რას აპროტესტებენ ადგილობრივები ნამოხვანში?

რამდენიმე კვირის წინ ძალზედ აქტუალური იყო კითხვა, მართლა გასხვისდა თუ არა რიონის ხეობა 99 წლით? თუმცა ამ კითხვის გაჟღერებამდეც იყო რიონის ხეობაში დაძაბული სიტუაცია. ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებული დიდი ჰესების წლიდან დაწყებული ნამოხვან ჰესის მშენებლობის ისტორია 2021 წელსაც გრძელდება.

რიონის ხეობის მოსახლეობა მუდმივად აპროტესტებდა სოფელ ნამოხვანში ორი ჰესის მშენებლობას, თუმცა პროტესტი განსაკუთრებით მაშინ გამწვავდა, როდესაც კომპანია ,,ენკამ” ადგილზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. პროტესტიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფოს მხრიდან რიონის ხეობის 300 000კვ. მ.-ზე მეტი ტერიტორია 99 წლით გასხვისდა თურქულ კომპანიაზე. კომპანია ,,ენკა” ადასტურებს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სადაც ორი ჰესის მშენებლობა იგეგმება, სამშენებლო ტერიტორია ნამდვილად გასხვისდა.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და კომპანიის საკუთრებაში გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა მხოლოდ ის კონკრეტული ტერიტორია, სადაც ჰესის აშენება იგეგმება. ასევე, როდესაც ინვესტორი ინვესტიციას ახორციელებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია 800 მილიონ დოლარზე, მიწა კომპანიის საკუთრებაში უნდა იყოს, ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლება ჰქონდეს.

რიონის ხეობაში უკვე 100 დღეზე მეტია ადგილზე უწყვეტად აპროტესტებენ ადგილობრივები, ისინი ითხოვენ კვლევების ჩატარებას ტერიტორიის რელევანტურობასთან დაკავშირებით ჰესის მშენებლობისთვის, რადგან ისედაც მეწყრული ზონა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. გარემოსდაცვითი ორგანიზაციები და ადგილობრივები მოითხოვენ მუშაობის შეჩერებას, თურქული კომპანიისგან ტერიტორიის დატოვებას და მძიმე ტექნიკის გაყვანას. მასობრივი პროტესტი ადგილობრივებისა და სხვა რეგიონებიდან მხარდამჭერების მონაწილეობით ისევ აქტიურად გრძელდება.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0