close

საქართველოში ღვინის მუზეუმის გახსნა იგეგმება, რომელსაც ქვევრის ფორმა ექნება. ამ ეტაპზე, ჩვენ  გვაქვს პროექტი, რომელიც საქართველოს სახე უნდა გახდეს, ქვეყანაში რეალურად ღვინის მუზეუმი არ არსებობს, ამიტომ ეს პროექტი საქართველოს სავიზიტო ბარათად უნდა იქცეს,“ – ამის შესახებკომერსანტსექსკლუზიურად ღვინის მუზეუმის პროექტის ხელმძღვანელმა მაია ჩადუნელმა განუცხადა.

მუზეუმს „ქვევრი“ ერქმევა და მისი განთავსების ზუსტი ადგილმდებარეობა გაურკვეველია, რადგან ამისათვის თბილისის მერიასთან მოლაპარაკებებია საჭირო. თუმცა, ძირითად ლოკაციებად რიყის პარკი, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია და მცხეთა განიხილება.

პროექტის მშენებლობაში, დაახლოებით, 4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და ის 800 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.

ღვინის მუზეუმი „ქვევრი“ 4 სართულს მოიცავს და რამდენიმე ნაწილად დაიყოფა: მინუს სართულზე ქართული მარანი, მულტიმედიური სივრცე და ინსტალაციები განთავსდება. პირველ სართულზე სადეგუსტაციო დარბაზი, ღვინის სალონი და მაღაზია. მეორე სართულზე – მასტერკლასების სივრცე, ქართული პროდუქტი, სუვენირები და კაფე. ხოლო მეოთხე სართულზე – რესტორანი ავთენტური და ტრადიციული სამზარეულოთი განთავსდება.

სივრცეს ქვევრის ფორმა ახალგაზრდა არქიტექტორმა დავით გოგობერიშვილმა მისცა, რომელმაც ღვინის მუზეუმის პროექტი რამდენიმე წლის წინ შექმნა.

როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მაია ჩადუნელი აცხადებს, აღნიშნული პროექტი კერძო წამოწყებაა, თუმცა რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დახმარება საჭიროა. ამ ეტაპზე, თანხის 50%-ი მოძიებულია, ხოლო დარჩენილი 50%-ი – მოსაძიებელი. მუზეუმის შემქმნელები ბიზნესმენებთან კონსულტაციებსაც აპირებენ და იმასაც არ გამორიცხავენ, რომ პროექტის მეწილე უცხოელი ინვესტორი გახდეს.

წყარო:  commersant.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid

Leave a Response