close
გია დვალი

რა არის დრო? – ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი კვლავაც არ არსებობს, თუმცა ვარაუდი ბევრია. დრო სწრაფმავალია, არ აქვს საზღვრები და ჩარჩოები, არ ვიცით, სად იწყება ან სად მთავრდება. გვჭირდება თუ არა დრო, რათა შევიგრძნოთ და აღვწეროთ რეალობა? შეიძლება თუ არა დროში მოგზაურობა?

,,დრო არის პარამეტრი რეალობის აღსაწერად. ადამიანები საკუთარ თავს აღვიქვამთ სივრცესა და დროში, შესაბამისად, ჩვენი გრძნობითი ორგანოები აღიქვამს სამ სივრცით განზომილებას: სიგრძეს, სიგანესა და სიმაღლეს. ჩვენ შეგვიძლია ვიმოძრაოთ წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ, ზევით და ქვევით, სხვა განზომილება, წესით, არ არის. თუმცა, სხვადასხვა ვარაუდით არსებობს კიდევ მეოთხე განზომილება, რომელიც არის დრო” – აღნიშნავს გია დვალი, ქართველი ფიზიკოსი, ამჟამად ნიუ-იორკის უნივერსიტეტისა და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროფესორი თეორიულ ფიზიკაში, აგრეთვე, მაქს პლანკის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი და ჟენევის ატომური კვლევების ცენტრის, ,,ცერნის”, მეცნიერი.

კლასიკური ფიზიკის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფუძემდებლის, ისააკ ნიუტონის, წარმოდგენით, სივრცესა და დროს შორის კავშირი არ არსებობს და, ზოგადად, სივრცე აბსოლუტურია. მისი კანონების მიხედვით, დრო სამყაროს უცვლელი სიდიდეა და მთელ სამყაროში ერთნაირად მიედინება. ნიუტონს თავისი ფარდობითობის თეორიით უპირისპირდება ალბერტ აინშტაინი, რომელიც აღნიშნავს, რომ არსებობს მეოთხე განზომილება ,,დრო”, ამ იდეების სისტემამ შეცვალა კლასიკური ფიზიკის ფუნდამენტური შეხედულებები სივრცესა და დროზე და, ასევე, მათ კავშირზე მატერიასთან.

გია დვალმა აღნიშნა, რომ არსებობს ფარდობითი დროის შენელება ან აჩქარება – რას ნიშნავს ეს? მაგალითად, ცნობილია ,,ტყუპების პარადოქსი”, ერთ-ერთი გაემგზავრება კოსმოსური ხომალდით სინათლესთან მიახლოებული სიჩქარით (სინათლის სიჩქარე დაახლოებით არის 300 000 კმ/წმ), უკან დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ის, ვინც იმოგზაურა, უფრო ახალგაზრდაა, ეს იმიტომ, რომ მისი ბიოლოგიური საათი შენელდა, ეს არის ჩვეულებრივი ფიზიკური ეფექტი, რომელიც ექსპერიმენტულად შემოწმებულია. შენელება და აჩქარება კოსმოსის სხვადასხვა უბანში გრავიტაციის გამო ხდება. რა არის გრავიტაცია? მასის მქონე სხეულები ერთმანეთს იზადავენ, ეს არის, ზოგადად, მატერიის თვისება. სწორედ გრავიტაციის გამო ბრუნავენ პლანეტები მზის გარშემო წრიულ ორბიტებზე. თუ მივუახლოვდებით შავ ხვრელს, ჩვენი ბიოლოგიური საათიც შენელდება, რადგან გრავიტაციული ველის არე ძალიან ძლიერია. გავრცელებულია მოსაზრება, რომ შავი ხვრელი საკუთარი მიზიდულობის ძალით უზარმაზარ სიმკვრივემდე შეკუმშული ვარსკვლავია, რომელიც სინათლესაც კი ისრუტავს. მეცნიერები ამბობენ, რომ შესაძლოა, დადგეს დრო, როცა თერმობირთვული საწვავის მარაგი ამოიწურება მზის ბირთვში და გრავიტაციის მოქმედებით ყველაფერი შთაინთქმება. რადგანაც ზემოთ ვახსენეთ ბიოლოგიური საათი, მგონი, ჯობს, ეს ტერმინიც განვმარტოთ. ბიოლოგიური საათი არის ადამიანის ორგანიზმის შინაგანი სისტემა, რომლითაც განისაზღვრება ცხოვრების რიტმი, იგი უზრუნველყოფს მეტ-ნაკლებად ზუსტ ორიენტაციას დროში, ბიოლოგიური საათი დაბადებიდანვე იწყებს ათვლას, შემდეგ კი ჩვენი ორგანიზმის ყოველი უჯრედი 24-საათიანი ციკლით მუშაობს. ადამიანში ერთმანეთს ენაცვლება ბიოლოგიური რიტმები, ამაზე გავლენას კი – ჰორმონი მელატონინი ახდენს.

ადამიანები ოდითგანვე ვსვამდით კითხვას, შეიძლება თუ არა დროში მოგზაურობა? როგორც ზემოთ აღინიშნა ტყუპების პარადოქსის მაგალითზე, გამოდის, რომ ფარდობითობის თეორია უშვებს მომავალში მოგზაურობის შესაძლებლობას. ხოლო რაც შეეხება წარსულში მოგზაურობას, ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ეს შეუძლებელია. აქ უკვე მიზეზშედეგობრიობის პრობლემა გაჩნდება, მაგალითად, საუბრობენ ,,ბაბუის პარადოქსზე”, წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი გადავიდეს წარსულში, მოკლას საკუთარი ბაბუა მანამდე, სანამ მამამისი ჩაისახებოდა? ბრიტანელმა ფიზიკოსმა სტივენ ჰოკინგმა აღნიშნა, რომ ბუნების ფუნდამენტური კანონები დროში ამგვარ მოგზაურობას გამორიცხავს. გია დვალი ამბობს: ,,შემიძლია, ჩავჯდე კოსმოსურ ხომალდში, ვიმოძრაო სინათლის სიჩქარით, მერე დავბრუნდე უკან და მე ვიქნები დროში გაცილებით წინ წასული, რადგან ჩემს ბიოლოგიურ საათზე გავა ცოტა დრო, ხოლო დედამიწაზე შეიძლება გავიდეს ათასწლეული, გამოდის, რომ მე შემიძლია გავუსწრო ჩემს თანამედროვეებს, თუმცა უკან ვეღარ დავბრუნდები. წარსულში მოგზაურობის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ეს აღარ გვაძლევს თვითშეთანხმებულობას, დროში უკან დაბრუნებით თქვენ შეცვლიდით აწმყოს, ბუნებას კი არ უყვარს პარადოქსები.”

აღსანიშნავია, რომ დროს ყველა ადამიანი ინდივიდუალურად აღიქვამს, იგი ზოგჯერ ნელა ან სწრაფად გადის, დროის სისწრაფის შეგრძნება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგალითად, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ჯანმრთელობაზე, ტემპერამენტზე, მეტაბოლიზმზე, ასაკის მატებასთან ერთად დროის სვლას მეტად ვგრძნობთ. უამრავი თეორიისა და ექსპერიმენტის გარდა, არსებობს მოსაზრება, რომ დრო ადამიანის მოგონილია და ჩვენგან დამოუკიდებლად არც არსებობს. ჩვენ გვაქვს მოთხოვნილება, რომ ყველაფერი დალაგებული იყოს, ადამიანი ოდითგანვე ცდილობდა გამოეგონებინა დროის საზომი ხელსაწყო, ალბათ, სწორედ ამიტომ არსებობს წყლის, მზის, ქვიშის, ციფრული და მექანიკური საათები. ფაქტია, რომ დროის გაზომვა შესაძლებელია და ეს სჭირდება ადამიანს წესრიგისთვის.

 

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid