close
ბიზნესიენერგეტიკასაქართველო

Outrider Management: საქართველოში 700 მილიონ ბარელამდე ნავთობია

ამერიკული საინვესტიციო კომპანია Outrider Management-ი საქართველოში ნავთობის მოპოვებისთვის მთავრობისგან ლიცენზიის მიღებას ითხოვს. ამის შესახებ თავად კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. საუბარია აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკზე, სადაც კომპანია Frontera საქმიანობდა.

კომპანიის განცხადების თანახმად, საქართველოში, დაახლოებით, 700 მილიონ ბარელამდე ნავთობის მოპოვების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა მას განაწილების საკმაოდ რთული სტრუქტურა აქვს. ამასთან, Outrider Management-ი ლიცენზიის მოპოვების შემთხვევაში მარაგების ზუსტი მოცულობის შესწავლას და მოპოვების სამუშაოების შესასრულებლად ქვეყანაში გამოცდილი ოპერატორის შემოყვანას აანონსებს.

განცხადებიდან ცნობილი ხდება, რომ Outrider Management-ი საქართველოს ნავთობის მოპოვების სექტორში ერთ-ერთი ინვესტორი იყო, კერძოდ კი, კომპანია Frontera-ს კუთვნილი ლიცენზიის მაჟორიტარი მეწილე იყო. Outrider-ის ინფორმაციით, Frontera-ში მათ მიერ განხორციელებული ინვესტიცია პრობლემური აღმოჩნდა და კომპანიას მათ წინაშე $35 მილიონიანი დავალიანება ჰქონდა დაგროვილი, რომლის მოპოვებისთვისაც ის სასამართლო დავაში იყო ჩართული.

„Outrider Management-მა, კალიფორნიულმა საინვესტიციო კომპანიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უკვე მიმართა იმისთვის, რათა კომპანიას გადაეცეს უფლება მოიპოვოს ნავთობი და ბუნებრივი აირი მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკიდან. აღნიშნულის შედეგად, საქართველო ამ რესურსების მოპოვებით სარგებელს მიიღებს, თავად კომპანია კი შეძლებს უკან დაიბრუნოს ის საინვესტიციო თანხა, რომელიც ლიცენზიის ამჟამინდელ მფლობელ კომპანიაში განახორციელა”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Outrider Management-ის მმართველის, სტივენ ჰოუპის თქმით, Outrider-ი პასუხისმგებლიანი კომპანიაა, რომელსაც ნავთობისა და გაზის სექტორში ინვესტირების არაერთწლიანი გამოცდილება აქვს. ჰოუპი აცხადებს, რომ მათთვის ლიცენზიის მინიჭებით, საქართველოს მისი კუთვნილი ბუნებრივი რესურსების უფრო სრულფასოვნად ათვისება შეეძლება.

„Outrider-ი იყო Frontera-ს არასამართლიანი ბიზნეს საქმიანობის მსხვერპლი, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ მოგვეცემა შესაძლებლობა ხორცი შევასხათ იმ რეალურ პოტენციალს, რაც ამ სალიცენზიო ბლოკს გააჩნია; ან თუ ლიცენზია არ იქნება ჩვენ მიერ მიღებული, სურვილი გვაქვს ის ვალდებულება, რაც ამ სალიცენზიო ბლოკის მფლობელ კომპანიას ჩვენ მიმართ ჰქონდა, გადავიდეს იმ კომპანიაზე, რომელიც ამ ლიცენზიას მიიღებს,“ – ნათქვამია სტივენ ჰოუპის წერილში, რომელიც მან სექტემბერში გიორგი გახარიას გაუგზავნა.

ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს ტრიბუნალმა Frontera-ს, ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მიმდინარე დავაზე გადაწყვეტილება 2020 წლის აპრილში მიიღო. სასამართლოში დავა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის ფარგლებში სახელმწიფო Frontera-ს მიერ სალიცენზიო მოთხოვნების დარღვევაზე დავობდა.

საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს საჩივარი, რის შედეგადაც Frontera-ს სალიცენზიო ტერიტორიის უკან სახელმწიფოსთვის გადაცემა დაევალა.

წყარო : bm.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response