close
ფსიქოლოგია

ემოციური კავშირი შვილთან და მისი მნიშვნელობა

    რას ნიშნავს იყო ახლოს შვილთან? იქნებ ეს ნიშნავს დაატარებდე ყველგან და დაყვებოდე, რომ მარტო არაფრის კეთება მოუწიოს, ან იქნებ ეს განისაზღვრება იმით თუ რამდენ საათს ვატარებთ ერთ ოთახში? პასუხია  – არა.

ემოციურად ახლოს ყოფნისათვის არ არის საჭირო მთელი დღე ერთ ოთახში ან სახლში იყოთ ერთად, მთავარია თუ როგორი მჭიდრო კავშირია ამ ერთად ყოფნის დროს. მაგალითად: ოჯახში მამა ტელევიზორს უყურებს, ბავშვი სათამაშოებით თამაშობს, დედა კი ტანსაცმელს აუთოვებს. მოყვანილ მაგალითში ისინი ერთად არიან, ერთ ოთახში, თუმცა არავითარი კავშირი მათ საქმიანობას  შორის არ არის. მჭიდრო ემოციურ კავშირს არ სჭირდება მთელი დღე. მშობლებსა და ბავშვს შორის, საკმარისი დრო დღეში ერთი ან ნახევარი საათიც შეიძლება იყოს ბავშვისათვის, თუ ეს დრო იქნება მჭიდრო კომუნიკაციაზე აგებული. ამაში იგულისხმება, რომ ამ დროის მანძილზე პატარა და დედ-მამა ერთად აკეთებდნენ რაიმეს: შეიძლებ ერთად თამაშობდნენ, ან ქმნიდნენ რაღაც  სახალისოს. ასევე შეიძლება მამა-შვილი ეხმარებოდეს დედას შესასრულებელ, ბავშვის ასაკის შესაბამის,  სახლის საქმეებში. ასეთი გუნდური მუშაობა, მეტად ეფექტურია რადგან სახალისოა, საქმეც მარტივად კეთდება და პატარაც ბავშვობიდან ეჩვევა წესრიგს. მშობლის მიერ მძიმე  სამუშაო დღის შემდეგ თამაშში გატარებული ერთი ასეთი საათი მეტი ემოციური ენერგიის გადამცემი იქნება ბავშვისათვის, ვიდრე ერთ ოთახში სხვადასხვა საქმით დაკავებული ადამიანების ყოფნამ მთელი დღის მანძილზე.

ასევე მნიშვნელოვანია რომ პატარა იღებდეს  შექებას. ხშირად გვავიწყდება შევამჩნიოთ პატარას მიღწევები, რადგან რაც ჩვენთვის მარტივია, მატივი გვეჩვენება სხვისთვისაც. რა თქმა უნდა, საჭიროა შემჩნევის მიცემაც, რათა ბავშვმა იცოდეს საზოგადოებაში მიგებული ქცევის წესები, თუმცა ვეცადოთ რომ არ შევზღუდოთ ბავშვის მოძრაობა და აქტივობა   საჭიროების გარეშე. რაც უფრო მეტად მოძრავია ბავშვი, მით მალე და კარგად ვითარდება. ამასთაავე ბავშვი, რომელიც შეზღუდული არ არის მშობლის აკრძალვებით, იზრდება მეტად შემოქმედებითი.

არ არის საჭირო ბავშვს შევუქოთ ყველაფერი, თუ რამე მას არ გამოსდის ან არ მოსწონს საკუთარ გარეგნობაში. ნუ დაუწყებთ საპირისპიროს მტკიცებას. მას ამის დაჯერება შეიძლებ გაუჭირდეს. შეიძლება თქვენს პატარას რაიმე მართლაც არ გამოსდიოდეს, თუმცა აუცილებლად იქნება ისეთი რამ, რაც გამოუვა, ამიტომ აღმოაჩინეთ ასეთი დეტალები და ის შეაქეთ მასში. რაც უფრო ადეკვატური იქნება თქვენი შექება, მით უფრო მეტად დაიჯერებს ბავშვი მას.

საჭიროა, გვახსოვდეს, რომ როდესაც ბავშვი გვიყვება თავის პრობლემებსა ან მიღწევაზე, აუცილებელია, მას მოვუსმინოთ, მანამ არ გამოხატავს თავის ემოციას ბოლომდე. ამასთანავე, რაც არ უნდა უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ ესა თუ ის ნაამბობი, ნუ აგრძნობინებთ ბავშვს ამას. ასეთ შემთხვევაში თქვენ მოახერხებთ მის გაგებას, მისი ნდობის მოპოვებას  და დიდი ალბათობით შემდეგშც გადაგიშლით გულს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შვილი ჩაკეტილია, შეგიძლიათ, თავად გადაუშალოთ გული და მოუყვეთ, თუ რა გაწუხებდათ მის ასაკში, რა გეშლებოდათ. თქვენი გულწრფელობა და ნდობა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც მასაც მისცემს საფუძველს, გულწრფელად და მოურიდებლად გადაგიშალოთ გული.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : sld