close
ნალიტიკასოფლიოაქართველო

Emerging-europe: კორონავირუსის სასწაული საქართველოში

georgia-750×430

უკვე დიდი ხანია, რაც საქართველო ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მზარდ ეკონომიკად მსოფლიოში, ეკონომიკური ლიბერალიზმის ბასტიონი და მისაბაძი მაგალითი.

თუმცა განსაკუთრებულ ოვაციებს იმსახურებს ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყნის წარმატებული პასუხი კორონავირუსის პანდემიაზე.

ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა შეადგენს 3,7 მილიონს, ჯამში 157 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 28 უკვე სრულად გამოჯანმრთელდა. COVID-19-თან დაკავშირებული სიმპტომებისგან გარდაიცვალა ერთი ადამიანი – 79 წლის ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის თანმდევი პრობლემები ჰქონდა. იგი გარდაიცვალა 4 აპრილს.

ვირუსის შეკავების მხრივ საქართველო იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მთავრობები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სწავლობენ, როგორ შეძლო ამ პატარა ქვეყანამ კავკასიაში COVID-19-ის გავრცელების ასეთი წარმატებით გაკონტროლება. სწრაფმა და გადამწყვეტმა მოქმედებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

საქართველოს მთავრობამ ქმედითი ზომები მიიღო, როგორც კი 26 თებერვალს ქვეყანაში დადასტურდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა (ირანიდან ახლახან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე). იმავე დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სიტუაციის კონტროლის მიზნით შექმნა კორონავირუსის საკითხზე მომუშავე უწყებათაშორისი საბჭო, რომლის პირველი გადაწყვეტილებაც გახლდათ ირანთან ფრენების შეჩერება.

24 საათზე ნაკლებ დროში საბჭომ ყველა სამინისტროს მისცა დავალება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. 28 თებერვალს მეორე შემთხვევის დადგენის შემდეგ (ქვეყანაში ახლახან დაბრუნებული ქალი) შეჩერდა ფრენები იტალიასთან. 20 თებერვალს მესამე შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ მთელ ქვეყანაში შეჩერდა სწავლა. მალევე შემოიღეს მკაცრი საკარანტინო ზომები, მათ შორის კომენდანტის საათი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება, თბილისის მეტროს ჩათვლით.

მას შემდეგ არარეზიდენტ უცხოელ მოქალაქეებს ეკრძალებათ ქვეყანაში შემოსვლა. საზღვრები ღიაა მხოლოდ სატვირთო მანქანებისთვის (თუმცა ამ შემთხვევაშიც არსებობს მოთხოვნა, რომ მძღოლები ვირუსის მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩაანაცვლონ მძღოლებმა ქვეყნებიდან, რომლებიც არ არიან „რისკის ჯგუფში“). 20 მარტს შეჩერდა ყველა ფრენა.

მიუხედავად ამისა, ეპიდემიის კონტროლის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს, დიდი ალბათობით, წარმოადგენს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი.

„ლუგარის ლაბორატორია არა მხოლოდ იძლევა ძალიან მოკლე დროში ტესტების შედეგების მიღების საშუალებას, არამედ ვირუსის პირველწყაროს დადგენის შესაძლებლობასაც“, – აცხადებს ნინა ხელაძე, TOK TV-ის განვითარების ხელმძღვანელი და საქართველოს ჟურნალისტიკის რესურსცენტრის პროექტების მენეჯერი.

ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი აშენდა აშშ-ის მთავრობის დაფინანსებით, თანამშრომლობითი ბიოლოგიური ჩართულობის პროგრამის ფარგლებში.

ლუგარის ცენტრი წამყვანი დაწესებულებაა სამეცნიერო ბიო-სამედიცინო და ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროებში, თუმცა 2011 წელს დაარსების დღიდან იგი წარმოადგენს რუსული პროპაგანდის სამიზნეს.

„შეიქმნა რამდენიმე მითი ლაბორატორიის „ნამდვილი“ მიზნების შესახებ, რომლებმაც, სამწუხაროდ, ბევრ ქართველზე იქონია გავლენა, – განაცხადა ხელაძემ Emerging Europe-თან ინტერვიუში, – თუმცა დღეს ძნელია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც არ აქებს ამ ლაბორატორიას და საქართველოში COVID-19-თან ბრძოლაში მის მიერ განხორციელებულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას“.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანახმად, მართალია, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში საქართველოში მოსალოდნელია სიტუაციის გაუარესება, მაგრამ სიტუაცია კონტროლის ქვეშაა. შემთხვევათა დიდი ნაწილი ფიქსირდება ე.წ. კლასტერებში, რომელთაგან ყველაზე მსხვილი დადგინდა ძირითადად აზერბაიჯანელებით დასახლებულ მარნეულში. „ბევრი ექსპერტის თანახმად, ამ და მსგავს დასახლებებში არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა, რის გამოც მოსახლეობა სათანადოდ ვერ აცნობიერებს ვირუსის საფრთხეს“, – ამბობს ხელაძე.

საქართველოში ასევე არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემიის შემდგომი გავრცელება. მართალია, მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა (გახარიას ჩათვლით) განაცხადეს, რომ დაიცავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს და არ დაესწრებიან სააღდგომო წირვას 19 აპრილს, მაგრამ თავად ეკლესია გეგმავს მსახურების ჩატარებას. გარდა ამისა, ეკლესია დღემდე უარს ამბობს ზიარების ტრადიციულ მართლმადიდებლურ წესზე, ანუ ერთი კოვზით მრევლის ზიარებაზე.

„ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია და ეკლესიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის, – ამბობს ხელაძე, – ეკლესია, თავის მხრივ, იცავს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ზოგიერთ რეკომენდაციას: მრევლის წევრთა შორის დისტანციის დაცვა და მოწოდება განსაკუთრებული რისკის ჯგუფების მიმართ, დარჩნენ სახლში. ზოგიერთ ეკლესიაში გამოიყენება ხმის გამაძლიერებლები ტაძრის ეზოში მდგომთათვის“.

იქნება თუ არა კორონავირუსის ფინანსური გავლენისგან საქართველოს ეკონომიკის დასაცავად გადადგმული ნაბიჯები ისევე წარმატებული, როგორც თავად ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა, ამ კითხვაზე პასუხს დრო გასცემს.

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდება (წელიწადში საშუალოდ 4-5%-ით) – და ეს მიუხედავად რიგი შოკებისა, 2007-2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის, 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტის და 2014 წელს ფართო მოხმარების საგნებზე ფასების ვარდნის მიუხედავად (ამ უკანასკნელმა უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორებზე).

მიუხედავად ამისა, ისევე, როგორც ყველა სხვა ევროპულ ქვეყანაში, საქართველოშიც მოსალოდნელია ამ შთამბეჭდავი ზრდის შეჩერება და ღრმა ეკონომიკური კრიზისი.

წინა კვირაში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფს 2 მილიარდ ლარს (585 მილიონი ევრო) კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის დასახმარებლად.

„ეს დახმარება მოხმარდება სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, კომპანიების შენარჩუნებას, წარმოების და მოქმედი ბიზნესების შენარჩუნებას“, – განაცხადა ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრ გახარიამ.

მსოფლიო ბანკმა უკვე დაამტკიცა 45 მილიონი ევროს გამოყოფა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად და კორონავირუსის გავლენის შესამცირებლად, ხოლო ევროკავშირმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, გადაუდებელი დაფინანსების სახით დამატებითად გამოყო 20 მილიონ ევროზე მეტი, რაც დაემატება კრიზისზე რეაგირების მიმდინარე პროგრამების ფარგლებში გამოყოფილ 70 მილიონ ევროს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი