close

ისტორია

ისტორია

ელენე დარიანი – პაოლო იაშვილის ნიღაბი თუ რეალური პოეტი ქალი?

იდი ხანია მიდის მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვინ იყო საიდუმლოებით მოცული ელენე დარიანი – პაოლო იაშვილის ნიღაბი თუ რეალური ქალი? ამ მსჯელობის მიზეზად შეიძლება ისიც მივიჩნიოთ, რომ პაოლო ყოველთვის საკმაოდ ექსცენტრიკული და არაორდინალური პიროვნება იყო.

იქნებ სწორად ამის ბრალია, რომ 1937 წლის  22 ივლისს, ზუსტად იმ დროს, როცა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე მისი საბოლოო გაწირვის განაჩენი გამოჰქონდათ, „პირში ჩადებული ლულიდან გამოტყორცნილმა ტყვიამ თავის ქალა ახადა პოეტს, სისხლითა და დათხეული ტვინით შეიღება თეთრი კედლები…“ – მან თავი მოიკლა.  მწერალთა სასახლეში დატრიალებული ტრაგედიით სულშეძრულ და აცრემლებულ მიხეილ ჯავახიშვილს უთქვამს: ,,ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობაო”. საბჭოთა ხელისუფლებამ, სხვა რომ ვერაფერი იღონა, მკვდარი პოეტიც არ დაინდო და მას სასამართლო მოუწყო.

მისი და მისი პიროვნების შესახებ მსჯელობა კი დღემდე არ წყდება, ეს განსაკუთრებით კი, ელენე დარიანი-ბაქრაძის სახელს უკავშირდება, რომელსაც, უმეტესად, პაოლოს ნიღბად აღიქვამენ.

ამბობენ, „ცისფერყანწელებს“ ჯგუფში ქალი არ ჰყავდათ და დარიანის არსებობით ეს პრობლემა იხსნებოდაო – ეს მსჯელობა ლოგიკას მოკლებული არ უნდა იყოს.

ელენე დარიანის სახელი ქუთაისის პრესის ფურცლებზე 1915 წელს ჩნდება, გალაკტიონის პოეზიის საღამოს სხვებთან ერთად დაესწრება პოეტი ქალი – ელენე დარიანი. შემდგომ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოდის „ცისფერი ყანწების“ მეორე ნომერი, სადაც თანამშრომელთა შორის მოიხსენება ელენე დარიანიც. რედაქცია შენიშვნაში მიუთითებს, რომ დარიანი პაოლოს ფსევდონიმია, მაგრამ უკვე ჩნდება ეჭვი მისი პიროვნების შესაძლო არსებობის შესახებ.

დარიანის „პოეტური დღიურები“ 1915-24 წლებშია დაწერილი. იგი 14 ლექსისაგან შედგება და მას შემთხვევით არ უნდა ერქვას „დღიურები“. შეიძლება, თამამად ითქვას, რომ თითოეული ლექსი დღიურის ნაწყვეტია. სწორედ იმიტომ, რომ ლექსები ზედმეტად მგრძნობიარე და ქალური ნიუანსებითაა გაჯერებული, რთულ წარმოსადგენად მიაჩნდათ, იგი მამაკაცს დაეწერა. ეს კონტრარგუმენტების მეორე მხარე იყო.

მიუხედავად ამდენი მსჯელობისა, მოწინააღმდეგე მხარე ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავდა, რადგანაც პაოლოს ისედაც კარგად ახასიატებდა გარდასახვა და ამის უბადლო ოსტატი იყო. შესაბამისად, მას ელენე დარიანობაც არ უნდა გასჭირვებოდა.

პოეტი ქალი ელენე რომ რეალურად არსებობდა 20-იანი წლების ქუთაისის სინამდვილეში, ეს უკვე გამოცანას არ წარმოადგენს, იგი ლექსებსაც წერდა, ამას პაოლო იაშვილიც ადასტურებს: „არსებობს პოეტი ქალი, რომელიც ლექსებს წერს, მაგრამ საზოგადოებაში გამოჩენა არ სურს, მან ლექსების გამოტანა მე დამავალაო.“

ეს იდუმალებით მოცული პოეტი ქალი ყოფილა ელენე ბაქრაძე, რომელიც სიყმაწვილეში თავდავიწყებით ყვარებია პაოლოს, მას ეძღვნება სონეტი „ელლი“, რომელსაც სახელის და გვარის ნაცვლად ფსევდონიმი აქვს მიწერილი.

„…ე.ი…“ (სავარაუდოდ, ელენე დარიანი) ელენეს რომ ელლის ეძახდა პაოლო, ეს წერილებიდანაც ჩანს: „ელლ! ჩემზე ჯვარდაწერილო, სასურველო ჩემო! ჩემი გული უშენობის გამო სევდიანად მოთქვამს.“

ცნობილია ისიც, რომ პაოლოს სიყვარული არათუ უპასუხო არ იყო, არამედ ელენეც თავდავიწყებით ეტრფოდა მას.

მიუხედავად ორმხრივი მგზნებარე სიყვარულისა, მათი დაქორწინება, რატომღაც, ვერ შედგა. ელენე მშობლებს გოგი ბერიშვილზე გაუთხოვებიათ. ამის შემდეგ პრესაში მისი ლექსები ელენე ბერიშვილის სახელით იბეჭდება. ბერიშვილთან თანაცხოვრების პერიოდში ელენეს პაოლოსთან იდუმალი მეგობრობა არ შეუწყვეტია. გოგი ბერიშვილს დიდხანს არ უცოცხლია, მაგრამ, როგორც ჩანს, ბერიშვილის მეუღლეობის პერიოდშია შექმნილი ცეცხლოვანი დარიანული ლექსები. უსიყვარულოდ გათხოვილი ელენეს უყვარდა პაოლო და მზად იყო, ამ სიყვარულისთვის ყველაფერი შეეწირა.

მალე ელენე ბაქრაძე მეორედ გათხოვდა. მისი მეუღლე იყო შალვა ქართველიშვილი, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს. შალვაზე გათხოვების შემდეგ ელენეს პაოლოსთან მეგობრობა, როგორც ჩანს, არ გაგრძელებულა და არც „ცეცხლოვანი დარიანულები“ შექმნილა, თუმცა დროდადრო ლექსები კვლავ იქმნებოდა…

რაც შეეხება ფსევდონიმ ,,დარიანს” – დღიურებიდან ირკვევა, რომ მას სატრფოსთვის (ანუ პაოლოსთვის) მეტისმეტი სილამაზის გამო, ოსკარ უაილდის დემონური სილამაზის გმირის, დორიანის სახელი უწოდებია. პაოლოს არ მოსწონებია ელენეს მიერ დარქმეული სახელი და უთქვამს, შენ თვითონ ხარ დორიანი, უფრო სწორად, დარიანიო. როგორც ჩანს, პაოლო დაფიქრდა და ინგლისურ გვარში ქართული ელემენტები იპოვა. ამის შემდეგ უწოდა მან საყვარელ ქალს დარიანი.

სხვათა შორის,  დარიანს ქართული ეროტიკული ლექსების ავტორსაც კი უწოდებენ.

და მაინც –  დღემდე საიდუმლოებით მოცულია, თუ ვინ იყო ელენე დარიანი – რეალური პიროვნება თუ პაოლო იაშვილის ,,გამოგონება”?

გთავაზობთ მის ერთ-ერთ ლექსს – ,,პირამიდებს”:

იქ, სადაც სდუმან პირამიდები,
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები,
შენი მკლავები,
შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალ დანაბული, საყვარელ ხელებს მივეცემი
როგორც ნაზ საწოლს და შენ დამკოცნი
ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება…
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში
ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
ისტორიაპოლიტიკასაქართველო

არჩევნებში გამარჯვებული პირველი მუსლიმი ქალი საქართველოდან იყო

ყარაჯლარი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე პატარა სოფელია. მოსახლეობა ძირითადად მუსლიმი აზერბაიჯანელებისგან შედგება, აქ ცხოვრება შედარებით მშვიდია, კაცები ტრადიციულ ჩაის მიირთმევენ, ქალები კი საშინაო საქმეებით იტვირთავენ თავს.

ასი წლის წინ ეს ადგილი დემოკრატიის განვითარების აკვანი იყო. ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა აღმოაჩინა წყარო, სადაც წერია, რომ 1918 წელს დეპუტატის თანამდებობაზე მუსლიმი ქალი აირჩიეს.

ყარაჯლარის მატრიარქატული ისტორია

ქალს ფარიხან სოფიევა ერქვა და მის შესახებ ბევრი რამ არ არის ცნობილი, მათ შორის არც დაბადების თარიღი. ერთადერთი რაც ვიცით, ეს არის მისი ხელმოწერა ოფიციალურ დოკუმენტებზე, სავარაუდო ფოტო, საფლავი და მოგონებები ადგილობრივ მოსახლეობაში. იქ იხსენებენ, რომ ფარიხანი იარაღს ატარებდა და თუთუნსაც ეწეოდა, რაც იმ დროინდელი პატრიარქატული აზერული წყობისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. თუმცა, ფარიხანის ისტორიის მნიშვნელობა, პატარა მშვიდი სოფლის მასშტაბებს ცდება და კარგად გვიჩვენებს მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მიმდინარე მოვლენებს.

1918 წელს, საქართველომ თანამედროვე დემოკრატიის განვითარებაში გაბედული ნაბიჯები გადადგა, მაგრამ სამი წლის შემდეგ ბოლშევიკურმა პარტიამ ყველაფერი გაანადგურა. პირველი ომის და ბოლშევიკური რევოლუციის ქარცეცხლში მოქცეულმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და სოციალურ დემოკრატიული, მულტი-ეთნოსური რეგიონის შექმნა განიზრახა მიზნად. ახალგათავისუფლებულ ქვეყანაში უმცირესობების უფლებები, რელიგიის თავისუფლება და საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობის სისტემა კონსტიტუციით უნდა ყოფილიყო დაცული. მიზნის განხორციელება სოფლებში არჩევნების ჩატარებით დაიწყეს.

“პოლიტიკოსების აზრით, ნამდვილი დემოკრატია სოფლებზე გადის. თუ ახალი სისტემა სულ ქვედა დონემდე არ ჩამოყალიბდება, მაშინ დემოკრატია საქართველოში ვერ შემოვა”, — განაცხადა ხვადაგიანმა, რომელიც საქართველოს საბჭოთა წარსულის კვლევით არის დაკავებული.

სწორედ რომ დემოკრატიული საქართველოს ადგილობრივი მმართველების ძებნის დროს გადააწყდა ფარიხანის სახელს, რომელიც აზერბაიჯანელი ქალის სახელია. დოკუმენტში დეტალურად იყო აღწერილი ტიფლისში გამართული კრება, სადაც სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის იყო ყარაჯლარის სოფელიც.

“როდესაც პირველად მისი სახელი ვნახე გავოგნდი”, — ხვადაგიანი ამბობს, რომ ფარიხანის სახელი ჯერ არჩევნების სიაში ნახა, შემდეგ კი რუსულ დოკუმენტში, სადაც ხელმოწერით ადასტურებს, რომ სოფიევა სოფლის ოფიციალური წარმომადგენელი იყო.

ფარიხან სოფიევა

ფოტო: Wikipedia

არქივში შენახულ დოკუმენტში აღწერილია, რომ სოფიევა დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და მთელი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს უწევდა კონკურენციას. მისი გამარჯვება იმისი დასტურია, რომ სოფელში ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა.

საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობის სისტემა 1918 წლის საქართველოსთვის ახალი არ იყო. პოსტ-იმპერიულ რუსეთში ქალები არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას და თანამდებობასაც იკავებდნენ — მაშინ, როცა ახალმა ზელანდიამ ქალებს ხმის მიცემის უფლება ჯერ კიდევ 1893 წელს მისცა. თუმცა, საქართველო მაინც გამორჩეულია იმ მხრივ, რომ მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობა იმდენად დიდი იყო, საკუთარი თემის წარმომადგენელი შეეძლოთ ჰყოლოდათ. აზერბაიჯანმა, დამოუკიდებლობა 1918 წელს გამოაცხადა და პირველი მუსლიმანური ქვეყანა იყო, სადაც საყოველთაო არჩევნები დაწესდა. თუმცა, არჩევნების შემდეგ, ქალი არც ერთ თანამდებობაზე აურჩევიათ. საქართველოში 1919 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხუთი ქალი და სამი კაცი აირჩიეს.

თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სოფიევა პირველი მუსლიმი ქალი იყო მთელი მსოფლიოს გარშემო, რომელიც თანამდებობის პირად აირჩიეს.

რა თქმა უნდა, აქამდე ბევრ მუსლიმ ქალს ჰქონდა პოლიტიკური ძალა და რამდენიმეს არც თუ ისე მნიშვნელოვანი თანამდებობაც კი ეკავა, მაგრამ სოფიევა პირველი იყო, რომელიც ხალხმა თავისი ნებით აირჩია.

ეს ღირშესანიშნავი მოვლენა, ქართულ მედიას შეუმჩნეველი არ დარჩენია. 1918 წელს, ჟურნალმა სახალხო საქმემ სოფიევას გამარჯვება იზეიმა. აღსანიშნავია, რომ გაზეთი მხარს სოციალისტ ფედერაციას უჭერდა და სწორედ ეს პარტია დაამარცხა სოფიევამ.

“პრესის განცხადებით, ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, რომ მუსლიმი ქალი აირჩიეს თანამდებობაზე. ეს დემოკრატიის და კულტურული მრავალფეროვნებისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი იყო, რომელიც სამწუხაროდ, მალე დაივიწყეს, თვითონ სოფელშიც კი, რადგან შემდგომ დატრიალებულმა საშინელებებმა დემოკრატიის დამკვიდრების შანსი მთლიანად მოსპო”.

სოფიევას კვალი

ყარაჯლარში სოფიევას კვალი დღესაც შემორჩენილია. ადგილობრივ სკოლაში, რომელსაც რესტავრაცია ახლა გაუკეთეს, მისი გვარი საპატიო დაფაზეა გამოკრული. ხვადაგიანი სოფელში მისთვის ჩავიდა, რომ სოფიევას გადარჩენილ შთამომავალს მიაგნოს და მის შესახებ მწირი ბიოგრაფიული ცნობები რამენაირად შეავსოს. როგორც კი სკოლის დირექტორის კაბინეტის კარი შეაღეს, ნათელი გახდა რომ დიდხანს ძებნა არ მოუწევდა.

ბედ ზადრ სოფიევი სკოლის ისტორიის მასწავლებელი და ფარიხანის ძმის შვილიშვილია. ის მართალია ფარიხანს არ იცნობდა, მაგრამ მასთან კავშირს ჯერ კიდევ მჭიდროდ გრძნობს.

“რეგიონში ყველა უხუცესმა იცის მისი სახელი და ყველაფერი რაც გააკეთა. ძალიან აქტიური ქალი იყო, ყველას ეხმარებოდა. თან იმ დროს ხალხს ისეთ საშინელ პირობებში უწევდა ცხოვრება და ის მაინც არავის არ ეუბნებოდა დახმარებაზე უარს”, — ამბობს ბეგ ზადრი და მას ქალ რობინ ჰუდს ადარებს.

ოთახში შეკრებილი მასწავლებლები თანხმობის ნიშნად თავს უქნევენ:

“ძალიან მამაცი იყო და განსხვავებული ხასიათი ჰქონდა. თუთუნს ეწეოდა,კაცების ყრილობაზეც კი დომინანტი ფიგურა თავად იყო”.

დღევანდელ დღეს, აზერბაიჯანელების თემში ეს თითქმის წარმოუდგენელი საქციელია. 2017 წელს შეგროვებულ მონაცემებში ჩანს, რომ გოგოებს 16 წლამდე აქორწინებენ და სწავლას ვეღარ აგრძელებენ. გენდერული დისკრიმინაცია აზერბაიჯანში ნორმაა და პოლიტიკური ძალაუფლება მათთვის თითქმის წარმოუდგენელია. ქალისთვის სიგარეტის მოწევაც კი მიუღებელ საქციელად ითვლება.

მოგონებები ფარიხანზე

თემში ფარიხანი შემორჩენილია როგორც თუთუნის მოყვარული ფილანტროპი, თუმცა ცნობილია მისი ცხოვრების სხვა მხარეც. 9-შვილიანი ოჯახიდან ისე ერთდერთი გოგო იყო და თავის ძმებს მეთაურობდა სხვადასხვა სახალხო საქმეში. შეიძლება ითქვას, რომ 8-ძმიან ოჯახში, დომინანტი ქალი, ყარაჯლარის დეფაქტო მმართველი არჩევნებამდეც იყო.

სოფლის ბოლოს რახშანდა სოფიევას სახლი დგას, რომელიც ფარიხანის ძმისშვილის ქვრივია. ეს 80-ს მიტანებული ქალი ერთადერთია, ვისაც ფარიხანი რეალობაში უნახავს და მისი არჩევნებში გამარჯვებაც ახსოვს.

“ოჰ ფარიხანი… ნათელში განისვენოს. ისეთი ქალი იყო! კაცი იყო ქალის სხეულში, მისი ყველას ეშინოდა, სოფელში ვინმეს რამე კითხვა თუ ჰქონდა, ყველა ფარიხანთან მიდიოდა რჩევის საკითხად. მისი სიტყვა კანონი იყო და ურჩობას ვერავინ უბედავდა”, — იხსენებს ის.

ფოტო: Eurosianet

რაშხანდას თქმით, ფარიხანი ბოლშევიკური წყობის შემდეგაც კი ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. სოფელში მინისტრის როლს ასრულებდა, ქორწილებში და გასვენებებში მოლასავით ყურანს კითხულობდა. ღარიბებისთვის შემოწირულობას აგროვებდა და სადაც არ უნდა წასულიყო, გერმანული რევოლვერი მუდამ თან დაჰქონდა. მისი დაჩოქება ვერავინ ვერ შეძლო, თვით საბჭოთა კავშირმაც კი.

ცხოვრება და გადარჩენა საბჭოთა კავშირში

სამწუხაროდ მის ძმებს ასე არ გაუმართლათ.

სტალინის დროს, 1937 წელს, მისი რვა ძმიდან ხუთი დახვრიტეს.

“მდიდრები იყვნენ, ამიტომ ავტომატური სამიზნეები გახდნენ”, — საუბრობს რახშანდა, რომელიც ამ დროს პატარა ბავშვი იყო. იხსენებს, როგორ წაიყვანეს ძმები მარშში და მოკლეს. მარში სავარაუდოდ საერთო სასაფლაოა, სადაც დახვრეტილებს ასაფლავებდნენ.

ისტორიკოსი ხვადაგიანი ხსნის, რომ სიკვდილით დასჯა სტალინის ეპოქისთვის დამახასიათებელი იყო.

“რთულია გაიგო რისთვის დასაჯეს. არქივში მარტო სიკვდილის დასჯის პროტოკოლია ნახსენები. ამბობენ, რომ ხალხის მტრები იყვნენ, თუმცა შეიძლება სოციალურ სტატუსს ჰქონდა გავლენა, ან იმას, რომ საბჭოთა კავშირის რეჟიმს არ ეგუებოდნენ. სიკვდილით დასჯას დიდი ახსნა არ სჭირდებოდა”.

სისხლიანმა წმენდამ ფარიხანის საჯარო ცხოვრებას წერტილი დაუსვა და მან მთელი დარჩენილი ცხოვრება ოჯახის დაცვას მოანდომა. ხალხის მტრის შვილები მასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლ იყვნენ და ხშირად გადასახლებაში გზავნიდნენ. ვინც უცხო ქვეყანაში გაგზავნას გადაურჩებოდა, უმაღლესი განათლების მიღება ან მაღალი თანამდებობის დაკავება აკრძალული ჰქონდა. ძმების სიკვდილის შემდეგ, ფარიხანმა თავისი ძმისშვილები საკუთარი შვილებივით გაზარდა.

“ფაქტობრივად მათი დედა გახდა, მათთვის ცოცხლობდა და უმაღლესი განათლებაც კი მიაღებინა. მისი ძმისშვილები ექიმები, მასწავლებლები ან სხვა მაღალი თანამდებობის პირები გახდნენ. ეჰ, ფარიხანი ასეთი მაგარი ქალი იყო…” — იხსენებს რახშანდა.

ფარიხანის ძმისშვილიშვილი ბეგ ზადრი მის საფლავთნ ლოცულობს. სასაფლაოს ეს ნაწილი მარტო სოფიევებისთვის არის განკუთვნილი, ზოგიერთი საფლავის ქვა კი ფოტოებით არის გამშვენებული. ფარიხანის საფლავის ქვა კვადრატის ფორმისაა. იქვე, დიდი აგურის მავზოლეუმია გაშენებული, რომელიც მისმა ძმისშვილმა ააშენა. ადგილზე ასევე არის მემორიალი ფარიხანის გარდაცვლილი ძმების საპატივსაცემოდ, რადგან მათი სხეულები დაუნიშნავ სასაფლაოზე განისვენებს.

ფარიხანი 1953 წელს გარდაიცვალა, ზუსტად იმავე წელს მოკვდა სტალინიც. მას შემდეგ რაც ერთ-ერთი ძმისშვილის გარდაცვალების შესახებ გაიგო და გულის შეტევა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ფარიხანი თითქმის მსოფლიოში ერთადერთი მუსლიმი ქალი იყო, რომელმაც არჩევნებში გამარჯვება ხალხის ნებით მოახერხა, ის იმ ქვეყანაში გარდაიცვალა, სადაც არც არჩევანის თავისუფლება არსებობდა და არც რელიგიის. მას დღეს “კაცი ფარიხანის” სახელით იცნობენ და არა “დემოკრატიულად არჩეულ ლიდერ ფარიხანად”.

თვით მისი ძმისშვილიშვილიც კი ამბობს, რომ დღეს ქალის დემოკრატიული გზით არჩევა შეუძლებელია, რადგან ეს მათი კულტურისთვის მიუღებელია.

მაგრამ რახშანდა, რომელიც ფარიხანს პირადად იცნობდა, სულ სხვანაირად ფიქრობს:

“განათლების გარეშე არაფერი არ გამოვა. თუ ქალი ფარიხანივით განათლებულია, მაშინ მისთვის არაფერი არ არის შეუძლებელი”.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ისტორიასამართალისაქართველო

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა საქართველოში – ცოცხალია თუ არა თამაზ ნამგალაური?

დღემდე არ წყდება საუბარები  საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი წევრის, ევროპის ოთხგზის ჩემპიონის, დღემდე საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტის – თამაზ ნამგალაურის  საიდუმლოებებით მოცული დანაშაულებრივი ქმედებისა და მისი სიკვდილით დასჯის შესახებ. ტიტულოვანი სპორტსმენი, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცნობდნენ და ძიუდოს ვირტუოზად იყო აღიარებული, 1988 წლის 12 ივნისს დააკავეს, ბრალდება იმდენად მძიმე იყო, რომ დაზარალებულთა ახლობლები მის ჩაქოლვასაც კი  მოითხოვდნენ.  თამაზ ნამგალაურს 1988 წლის 9 სექტემბერს საქართველოს სსრ-ის უმაღლესმა სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა.

თამაზ ნამგალაურს საკუთარო ბიძაშვილის, მცირეწლოვანი გოგონას გაუპატიურება და სასტიკი მკვლელობა დაბრალდა. ბავშვს  სწორედ იმ დღეს, თორმეტ ივნისს შეუსრულდა ცხრა წელი.

არადა, მეორე დღეს, 13 ივნისს, ძიუდოისტის სპორტიდან გრანდიოზული გაცილება იგეგმებოდა. გაცილება არ შედგა.

არადა, სპორტსმენს არაფერი არ აკლდა – ჰქონდა დიდება, პატივი, წარმატება, საკუთარი ხალხის სიყვარული. სწორედ ამიტომ, ბევრი სპეციალისტის თქმით, საქმე კიდევ უფრო სხვა რაკურსით იყო წასაყვანი და ნამგალაურის პიროვნება ფსიქიკურ შესწავლასაც საჭიროებდა, თუმცა, არსებული ცნობებით, მოთხოვნის მიუხედავად, მას არანაირი ფსიქიატრიული შემოწმება არ  გაუვლია.

გამოძიებამ ეტაპობრივად თამაზ ნამგალაურთან დაკავშირებული სხვა დანაშაულებრივი ქმედებებიც გამოააშკარავა – როგორც საგამოძიებო  მასალებიდან ირკვევა, ნამგალაურმა ჯერ კიდევ 1980 წლის 29 დეკემბერს სცადა დუშეთში საკუთარი 10 წლის ბიძაშვილის გაუპატიურება, თუმცა ოთახში ფანჯრიდან შესული უკანვე გამობრუნდა, რადგან ოჯახის წევრებმა ხმაური გაიგეს და ძალადობის მცდელობა მცდელობად დარჩა,

გამოძიება ასევე ამტკიცებდა, რომ ნამგალაურმა ამ გოგონას მეორედ გაუპატიურებაც სცადა ზუსტად იმავე ხერხებით, 1982 წლის 22 მაისს ისევ ფანჯრიდან გადაძვრა, მაგრამ ოჯახის წევრების გამოღვიძებამ დააფრთხო და ძალადობა არასრულწლოვანზე კვლავ ვერ მოახერხა.

გამოძიებამ ასევე 1981 წლის თებერვალში სპორტსმენის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებრივი ქმედებაც გამოააშკარავა – სასტუმრო ,,უშბას“ ფოიეში 52 წლის ქალის, სასტუმროს მოსამსახურის გაუპატიურებაშიც დაედო ბრალი. გარდა ამისა, ძიუდოიტს სხვა ბრალდებებიც წაუყენეს, მაგ: ავტოინსპექტორთა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. თუმცა ეს  სხვა ბრალდებების ფონზე მართლაც მიზერულად მცირე დანაშაულს წარმოადგენდა.

გამოძიების მიმდინარეობისას რამდენიმე საინტერესო დამთხვევა გამოიკვეთა, როგორც მტკიცდებოდა, ნამგალაურმა ოთხივე დანაშაული ერთსა და იმავე დროს, ღამის სამ საათზე ჩაიდინა, ყველა აღნიშნული შემთხვევოს დროს ნასვამი იყო და ეს ყველაფერი აუცილებლად მისი სპორტული შეჯიბრების წინა ღამეს ხდებოდა. სწორედ ამიტომ, სპეციალისტების გაურკვეული ნაწილი ვარაუდობდა, რომ საქმე სპორტსმენის ფსიქიკურ აშლილობასთან გვქონდა და მისი დანაშაულებრივი ქმედებების მთავარი მიზეზი გამოძიებას უფრო ღრმად უნდა გამოეკვლია. არაერთი მოხოვნა გაიგზვანა შესაბამის უწყებებში მისთვის სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე. ნამგალაურს ისე მიუსაჯეს დახვრეტა, რომ საქმეში არ იყო საექიმო კომისიის მიერ ბრალდებულის შემოწმობის დასკვნა. ნამგალაური ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე ცნეს  ჯანმრთელად და სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანეს. არავის შეჰპარვია ეჭვი, რომ,  შესაძლოა, იგი შეურაცხადი ყოფილიყო.

საქმე ფაქტობრივად ,,ჩუმად“ ჩატარდა. მკვლელობაში ბრალდებულს კი სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა, დახვრეტა მიესაჯა. ბევრი ამბობდა, რომ ზვიად გამსახურდიაც და ედუარდ შევარდნაძეც მისი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგნი იყვნენ.

არსებობს  ცნობები იმის შესახებ, რომ როცა ზვიად გამსახურდიას ნამგალაურისა და სხვა სიკვდილიმისჯილების სია შეუტანეს ხელმოსაწერად, მან ქაღალდები დახია და თქვა, რომ მასთან შემდეგზე დახვრეტაზე საუბარი აღარ გაებედათ. მიუხედავად იმისა, რომ ძიუდოისტის დახვრეტის თარიღად 1991 წელი არის მითითებული, სხვა ვერსიით იგი 1994 წელს დასაჯეს სიკვდილით. ამ ვერსიის თანახმად, მის სიკვდილით დასჯას ედუარდ შევარდნაძემ მოაწერა ხელი. თუმცა ამას იმ დროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები სასტიკად უარყოფდნენ.

საინტერესოა, რომ დღემდე არავინ იცის ზუსტად, ნამდვილად დახვრიტეს თუ არა 1991 წლის ნოემბერში თამაზ ნამგალაური? საინტერესოა, რომ მისი დედა, თამარ იანტბელიძე ამტკიცებდა, ჩემი შვილი ცოცხალიაო და იმასაც ამბობდა, რომ იგი ციხიდან გამოაპარეს.

ასევე, თამარ იანტბელიძის მტკიცებით, ბავშვის მკვლელობა და სხვა დანაშაულებიც საბჭოთა სპორტის მაფიის მიერ იყო ჩაწყობილი.

რაც შეეხება მოკლული გოგონას ოჯახის წევრებს, ისინი თამაზ ნამგალაურს დამნაშავედ ნამდვილად მიიჩნევდნენ. საინტერესოა, რომ თავად ნამგალაურიც არ უარყოფდა საკუთარ დანაშაულს, აღიარებდა და უმკაცრესს დასჯას მოითხოვდა. როგორც სასამართლო პროცესზე მყოფი ადამიანები ყვებიან, მას მთელი სხდომის განმავლობაში თავი ჰქონდა ჩაღუნული და  ყურები თითებით ჰქონდა დახშული.

მიუხედავად იმისა, რომ თამარ იანტბელიძემ თამაზ ნამგალაურის 1991 წლის 1-ელ ნოემბერს დახვრეტის ცნობა მიიღო, დღეს სასამართლოს არქივში არანაირი ცნობა არ არსებობს ამ განაჩენის აღსრულების შესახებ. შსს-ს უწყება კი ამბობს, რომ ამ საქმეს გრიფი ,,საიდუმლო“ ადევს. ამიტომ ჯერ კიდევ ბევრი ვერსია და ვარაუდი ჩნდება მისი ციხიდან გაპარვისა და იმის შესახებ, რომ იგი ამ დრომდე ცოცხალია.

როგორც ცნობილია, ნამგალაურის განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე, თბილისის #1 საგამოძიებო იზოლატორში (ამჟამად, მე-5 საპყრობილე) პატიმართა ორი ამბოხება  მოხდა. ერთი ამბოხი 1991 წლის 5 ოქტომბერს დილით განხორციელდა. ოფიციალური ინფორმაციით, მეხუთე სართულზე მდებარე 101-ე საკნის პატიმრებმა (სამართალდამცველი ორგანოების ყოფილმა თანამშრომლებმა) საკნიდან გამოაღწიეს და სხვა საკნების კარებიც გააღეს. ბუნტში მონაწილე 1 500 პატიმრიდან 18 სიკვდილმისჯილი იყო. სამართალდამცველებმა პატიმრების დაშოშმინება მოახერხეს. 25 ოქტომბერს კი მეორე ბუნტი განხორციელდა, რომელშიც თავად ნამგალაურიც იღებდა მონაწილეობას. თუმცა პატიმართა დიდი გაქცევა ვერ შედგა.

არსებობს ვარაუდი,  რომ ნამგალაურის დახვრეტა სწორედ ციხის ბუნტმა დააჩქარა.

თუმცა, უცნაურია, როგორ უნდა მოეხერხებნა ბუნტის მოთავეობა განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ პატიმარს?

საზოგადოების დიდი ნაწილი დღემდე ფიქრობს, რომ ძიუდოისტი სიკვდილით არ დაუსჯიათ და დღემდე ცოცხალია. ,,ფეისბუკზე“ თამაზ ნამგალაურის სახელით დარეგისტრირებული არაერთი მომხარებელია, სხვათა შორის, რამდენიმე მათგანის წლოვანება ზუსტად ემთხვევა სპორტსმენის ასაკს, გარდა ამისა, რამდენიმე პროფაილში მისი სპორტული მიღწევებიც არის შეტანილი. თუმცა, ეს ფაქტები ნამდვილად არ გამოდგება იმის დასტურად, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის ჩამდენი ცოცხალია.

ყველაზე გავრცელებული ვერსიით კი, ნამგალაური 1991 წელს ციხიდან  იაპონიაში  გააპარეს და ამჟამადაც იქ ცხოვრობს.

თამაზ ნამგალაურისა და მისი საიდუმლოებებით მოცული საქმის შესახებ ამ დრომდე არ წყდება საუბარი. საინტერესოა, რეალურად რა მოხდა? ნამდვილად იყო თუ არა ეს ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული? იყო თუ არა ჩარეული ე.წ. სპორტული მაფია? ნამდვილად დასაჯეს თუ არა სპორტსმენი სიკვდილით? ფაქტია, რომ ამ დრომდე უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
განათლებაისტორიაკულტურა

ქართველი მწერალი, რომლის წიგნიც 1,5 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა ამერიკაში

1921 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმის დამყარებამდე ბათუმის ნავსადგურიდან გემს კონსტანტინეპოლისკენ  19-20 წლის ჯარისკაცი გაჰყვა. კონსტანტინეპოლიდან  ცხოვრების ამოუცნობმა გზებმა საბოლოოდ  ის შორეული ამერიკისკენ  წაიყვანა, საოცნებო ქვეყანაში, სადაც  მისი ცხოვრება  სხვა ემიგრანტებისგან განსხვავებულ დიდ ზღაპრად იქცა.

ჯარისკაცს ჯორჯ  (გიორგი) პაპაშვილი ერქვა და მოგვიანებით , საქართველოსა და ემიგრაციის თემაზე დაწერილი მისი ინგლისურენოვანი წიგნი „Anything Can Happen“, ,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ 40-იანი წლების ამერიკაში ბესტსელერი გახდება, თვალის დახამხამებაში გაქრება დახლებიდან წიგნის მილიონნახევრიანი ტირაჟი, ითარგმნება მსოფლიოს 15 ენაზე და ჯეკ ლონდონთან, იუჯინ ო’ნილთან, ფოლკნერთან, ჰემინგუეისთან და სხვა მწერლებთან ერთად ჯორჯ პაპაშვილს ამერიკის 50 რჩეულ ი ლიტერატურის სიაში შეიყვანენ – ეს 1950 წელს მოხდება.

წიგნის მიხედვით ჯორჯ სიტონის მიერ  1952 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების  Paramount pictures-ის საათნახევრიანი  ფილმი „Anything Can Happen“ ოქროს გლობუსს აიღებს.

სახალისო ნაწყვეტი ჯორჯ პაპაშვილის წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმიდან ,,Anything Can Happen“ ფილმის გმირს თან ხინკლის ცომი მიაქვს, ცომი სიცხეში ფუვდება და ტრანსპორტში დიდ გაუგებრობას ქმნის.

წიგნი პაპაშვილის მშობლიურ კობიანთკარზე, ქართულ რეალიიებზე, მის ახლობლებზე, ემიგრაციაზე, ამერიკაში ემიგრანტთა თვითდამკვიდრების რეალობაზე მოგვითხრობს -მსუბუქად და სახალისოდ.

ჯორჯ პაპაშვილზე  აქამდე საქართველოში ძალიან მწირი ცნობები არსებობდა, მისი ნაწერები არც კი განიხილებოდა ემიგრანტულ ლიტერატურად, ყველა ამერიკულ გამოცემაში წერია, რომ ის არის  ამერიკელი მწერალი და მოქანდაკე ფრჩხილებში კი მითითებულია: ქართული წარმომავლობის

,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ ქართულად 60-იან წლებში თარგმნა ანდუყაფარ ჭეიშვილმა, მაგრამ მცირეტირაჟიანი თარგმანი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო.

,,უცნობი ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილი“ ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორის, რუსუდან ნიშნიანიძის პირველი, ორტომიანი მნიშვნელოვანი კვლევაა პაპაშვილზე. ვრცელი ნაშრომი ავტორმა  მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც შეერთებულ შტატებში, კერძოდ, პენსილვანიაში, ლიჰაის უნივერსიტეტში (სადაც ეს უნიკალური არქივია დაცული) ჯორჯ  და ჰელენ უეიტ პაპაშვილების სპეციალურ კოლექციას გაეცნო   საფუძვლიანად. რუსუდან ნიშნიანიძე აქამდე უცნობი ჯორჯ პაპაშვილის მემკვიდრეობაზე გვესაუბრება:

„ყველაფერი შეიძლება მოხდეს“

რამდენიმე წლის წინ პარიზ_ლევილის და ჰარვარდის არქივებზე ვმუშაობდი, რაც ჩემთვის დიდი პროფესიული გამოცდილება იყო. სხვადასხვა არქივში არაერთხელ შემხვდა ჯორჯ პაპაშვილის სახელი საინტერესო კონტექსტში, რაც მიმანიშნებდა, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული ქართველი. დავიწყე მასზე ცნობების შეგროვება, დავუკავშირდი ამერიკაში სხვადასხვა საარქივო  დააწესებულებას, რაკიღა კონკრეტული მინიშნება  ცნობილი არ  იყო  პენსილვანიიდან მომწერეს, რომ პაპაშვილების სპეციალურ კოლექციას გამიხსნიდნენ თუ  ადგილზე ჩავიდოდი საკვლევად, ცხადია, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ  გავუშვი და სამეცნიერო  მივლინებით  გავემგზავრე შტატებში.  იმავე, 2012 წელს ვაშინგტონში, კონგრესის სადემონსტრაციო დარბაზში გამოიფინა ჩემი ორტომეული: ,,საქართველო სამანს აქეთ… და სამანს იქით…“  ეს წიგნები ძირითადად ევროპაში მყოფი ქართველი ემიგრაციის ტექსტების კვლევა გახლდათ.

ევროპაში ემიგრირებული ქალთველი ავტორები ძირითადად მაინც ქართველი მკითხველებისთვის წერდნენ. პაპაშვილის ტექსტები კი  ინგლისურ ენაზე იყო დაწერილი. თავად ყვებოდა და ჰელენი ამ თავგადასავლებს იწერდა.

საქართველოდან წასულ ახალგაზრდა პაპაშვილს აქ არავინ იცნობდა. მოგონებებში წერს, რომ ამერიკაში ჩასული ,, მუნჯურად    ელაპარაკებოდა ამერიკას“, რადგან ინგლისური არ  იცოდა.

,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ წიგნად 1944 წელს გამოიცა პირველად შტატებში, მანამდე ცალკეულ თავებად იბეჭდებოდა ,,ქომონ გრაუნდში“, შემდეგ წიგნი სამჯერ ზედიზედ გამოსცეს ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში. 1945 წელს ,,ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ ბესტსელერად აღიარეს. არქივში დაახლოებით 600-ზე მეტი რეცენზია და ლიტერატურული წერილი ვნახე, რაც ვფიქრობ, ძალიან სერიოზული გამოხმაურებაა. ორტომეულში ძირითადი და მნიშვნელოვანი ნაწილია წარმოდგენილი მათი თარგმანების, თუმცა რასაკვირველია, ყველა არა. ეს იმის ჩვენება გახლდათ, ვინ დაკარგა საქართველომ. არაერთი ნიჭიერი ქართველი გახდა იძულებული, იმ წლებში დაეტოვებინა ქვეყანა.

ჯორჯის მეუღლე, ჰელენი ძალიან განათლებული ქალი გახლდათ. ბერკლის უნივერსიტეტში სწავლობდა და თავადაც რამდენიმე წიგნის ავტორი იყო. სწორედ ის იწერდა ჯორჯის მიერ ინგლისურად მონათხრობ ქართულ-ამერიკულ ამბებს. საბჭოთა პრესაში წაიკითხავთ, რომ ეს არ იყო პაპაშვილის მონათხრობი და თითქოს წიგნი ჰელენმა დაწერა, მაგრამ შეუძლებელია ამერიკელ ქალს სცოდნოდა კობიანთკარზე,  ხევსურეთზე, ქართველებზე ზოგადად, ხინკალზე,ნიორწყალსა და ხუთკუნჭულააზე. ყველაფერი კი შეიძლება მოხდეს, მაგრამ არც ამდენი!

 

ავტორი იხსენებს საქართველოს, მის წეს-ჩვეულებებს, წერს ყველაფერზე – რაც მოსწონს და რაც არ მოსწონს ამერიკაში. აქ შეხვდებით ისტორიებს, თუ როგორ იქცევიან ამერიკაში ჩასული ემიგრანტები და როგორ იქცევა თავად გიორგი _ ნაწარმოებში ჯორჯი, მთავარი გმირი, რომელიც რუს ემიგრანტებთან ერთად   ცხოვრობს.

ვნახე მიუნხენში გამოცემული რუსულად თარგმნილი ეს ტექსტი. საბჭოთა ეპოქაში მთარგმნელს 20 თავისგან შემდგარი წიგნიდან 9 ამოუღია, სადაც ავტორი რუსი ემიგრანტების ამერიკაში ცხოვრებას აღწერს. გამოცემას რედაქტორისა და მთარგმნელის სახელიც კი არ აქვს მითითებული. დაკარგულია იუმორი, ტექსტის მთავარი ღირსება და სათქმელი.

ეს საბჭოთა უშიშროების ,,ოსტატური“ ხერხი გახლდათ – თარგმნეს წიგნი, მაგრამ ისე, რომ არავის მოსწონებოდა და არც ავტორისადმი ინტერესი გაჩენილიყო.

,,ოქროს გლობუსი“ ფილმმა მიიღო, ნომინაციაში: ,,ფილმი, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო თანხმობას“. რეჟისორი გახლდათ ცნობილი ჯორჯ სიტონი, რომლის ფილმებიც არაერთხელ იყო წარდგენილი ამერიკის კინოაკადემიის პრემიაზე. ამ შემთხვევაშიც მის მიერ მოწვეული საუკეთესო გუნდი მუშაობდა.

,,ჯორჯ პაპაშვილმა დაგვიტოვა რაღაც, რაც ყველაფერზე მეტია – მან  გვაზიარა მეგობრობის, თანაგრძნობის, ერთიანობისა და ახლობლის სიყვარულს ჭეშმარიტ მნიშვნელობას“ – ეს ფილმის რეჟისორის, სიტონის სიტყვებია, რომელიც მან ჯორჯის  დაკრძალვისას წარმოთქვა.

ჯორჯ პაპაშვილი – მოქანდაკე

გარდა იმისა, რომ რამდენიმე წიგნის ავტორი გახლდათ,, ჯორჯ პაპაშვილი უპირველესად იყო მოქანდაკე. მისი ნამუშევრები გამოფენილიი იყო პენსილვანიის სახვითი ხელოვნების აკადემიაში, ფილადელფიის ხელოვნების უნივერსიტეტში და ა.შ.

არტურ სტენიუსმა, რომელსაც აშშ-ში დოკუმენტური ფილმების დიდი კორპორაცია ჰქონდა პაპაშვილზე დოკუმენტური ფილმიც გადაიღო სახელწოდებით „მშვენიერება ქვაში“.

პენსილვანიის შტატში მისი მამული უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავს სანადირო ადგილებით, ტყეებითა და წყაროებით. უკან გრანიტის მთებია, საიდანაც ამწეებით მოჰქონდა სახლამდე მასალა მოქანდაკეს და შინ მოწყობილ სახელოსნოში აქანდაკებდა.

სტენიუსის დოკუმენტური ფილმი  ჯორჯ პაპაშვილზე დეტროიტში უეინის უნივერსიტეტში ინახება.

ჯორჯ და ჰელენ უეიტ პაპაშვილებს ეკუთვნით ასევე ტექსტები “ჰო და არა” ზღაპრები, “შინისაკენ, კვლავ შინისაკენ”, “რუსული (მსოფლიო) კულინარია”, “მადლობა ნოეს” და  ,,ძაღლები და ადამიანები“

 

,,მადლობა ნოეს“ ცხოველებზე დაწერილი თავგადასავლებია ბავშვებისთვის. ტექსტი ქართულად ისევე, როგორც ,,ყველაფერი…“ ბატონმა ანდუყაფარ ჭეიშვილმა თარგმნა სახელწოდებით ,,დღესაც მელოდება“ – ასე ქვია პირველ თავს წიგნში.

მქონდა სურვილი, რომ ქართულ სასკოლო სახელმძღვანელოებში თუნდაც რამდენიმე თავი შეგვეტანა ამ ტექსტიდან. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი , როცა არქივში ვნახე , რომ ამერიკის საშუალო 250 სკოლაში ეს წიგნი, როგორც სავალდებულო, ისე გახლდათ შეტანილი.  ჩემი და ამერიკის განათლების სისტემის აზრი ერთმანეთს დაემთხვა

წიგნს ,,შინისკენ, კვლავ შინისაკენ“ ჯორჯ   პაპაშვილიისა და ჰელენის ბოლო წიგნია. მისი ტირაჟი 73 ათასი იყო და ფიქრობდნენ, რომ პირველი წიგნივით ბესტსელერი გახდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.

პაპაშვილი 1961 წელს ჩამოვიდა საქართველოში მეუღლესთან დარჩენაც შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა: ,,მე ვერ დავრჩები, ჩემი ,,შინ“ ,ჩემი საქმე, ჩემი ცხოვრება უკვე შეერთებულ შტატებშია“ – ეს სიტყვები ბოლო წიგნში გაიხსენა 10 წელი რომ წერდა.

ქართველებისთვის აქამდე უცნობი ჯორჯ პაპაშვილი 1978 წელს გარდაიცვალა, 80 წლის ასაკში და პენსილვანიაში, საკუთარ მამულშია დაკრძალული მეუღლესთან ერთად.

წყარო : batumelebi.netgazeti.ge

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
არქეოლოგიაისტორია

ნორვეგიაში 8 წლის გოგომ ნეოლითის ხანის იშვიათი ხანჯალი იპოვა

ნორვეგიის ქალაქ ვესტლანში 8 წლის გოგომ ნეოლითის ხანის იშვიათი ხანჯალი იპოვა.

8 წლის გოგოს მიერ ნაპოვნი ქვა დაახლოებით 3700 წლის ხანჯალი აღმოჩნდა.

კაჟის ხანჯლის სიგრძე 12 სანტიმეტრია.  არქეოლოგებმა შეისწავლეს ტერიტორია, სადაც გოგონამ ხანჯალი იპოვა, თუმცა სხვა არტეფაქტები ვერ აღმოაჩინეს.

ნეოლითი – ახალი ქვის ხანა, ქვის ხანის ბოლო საფეხური, რომელიც შეცვალა ენეოლითმა. ტერმინი „ნეოლითი“ მეცნიერებაში 1865 წელს შემოიტანა ჯ. ლაბოკმა იმ პერიოდის აღსანიშნავად, როდესაც ადამიანი თავის საკვებს მარცვლეული კულტურების კულტივაციითა და ცხოველთა მოშინაურებით მოიპოვებდა, მაგრამ იარაღის დასამზადებლად (ხისა და ძვლის გარდა) ჯერ კიდევ მხოლოდ ქვას იყენებდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ისტორია

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა

დღეს 9 მაისია – ფაშიზმზე გამარჯვების დღე.

 

მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი, უკან არ დაბრუნებულა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
ისტორიაკვლევებიმსოფლიო

მსოფლიოში პირველი ატომური ბომბის გამოცდისას „წარმოუდგენელი“ კვაზიკრისტალი წარმოიქმნა

1945 წლის 16 ივლისს დილით, შეერთებული შტატების არმიამ მსოფლიოში პირველი ატომური ბომბის გამოსცადა.
ენერგიის გამოყოფამ, რომელიც  21 კილოტონა ტროტილის ექვივალენტურია, ააორთქლა 30 მეტრიანი საცდელი კოშკი და რამდენიმე კილომეტრის სიგრძის სპილენძის მავთულები, რომლებიც საცდელ კოშკს ჩამწერ მოწყობილობასთან აკავშირებდა. მიღებულმა ცეცხლოვანმა სფერომ კოშკი და სპილენძი შეაერთა ასფალტთან და უდაბნოს ქვიშასთან და ახალ მინერალად, სახელად ტრინიტიტად ჩამოყალიბდა.
ათწლეულების შემდეგ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს საიდუმლო, რომელიც იმალება ამ ტრინიტიტის ნაჭერში – მატერიის იშვიათი ფორმა, რომელიც ცნობილია როგორც კვაზიკრისტალები, რომელიც ოდესღაც წარმოუდგენელი ეგონათ.
“კვაზიკრისტალები იქმნება ექსტრემალურ გარემოში, რომელიც იშვიათად არსებობს დედამიწაზე, მათ ჩამოსაყალიბებლად საჭიროა ტრავმული მოვლენა ექსტრემალური შოკით, ტემპერატურით და წნევით“,- განმარტა ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის გეოფიზიკოსმა, ტერი უოლასმა.
კრისტალების უმეტესობა, სუფრის მარილიდან დაწყებული ბრილიანტებით დამთავრებული, ერთსა და იმავე წესს ემორჩილება: მათი ატომები განლაგებულია ბადის სტრუქტურაში, რომელიც მეორდება სამგანზომილებიან სივრცეში. კვაზიკრისტალები არღვევენ ამ წესს – ნიმუში, რომელშიც მათი ატომებია განლაგებული, არ მეორდება.
იცოდნენ რა, რომ კვაზიკრისტალების წარმოებისთვის ექსტრემალური პირობებია საჭირო, მეცნიერთა ჯგუფმა იტალიაში, ფლორენციის უნივერსიტეტის გეოლოგ ლუკა ბინდის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტა უფრო დეტალურად შეესწავლა ტრინიტიტი, მაგრამ არა მწვანე მასალა, არამედ ბევრად უფრო იშვიათი ფორმა – წითელი ტრინიტიტი, რომელსაც ეს ფერი აორთქლებული სპილენძის მავთულის შეფერილობის გამო აქვს.
სკანირების ელექტრონული მიკროსკოპიისა და რენტგენის დიფრაქციის გამოყენებით, მათ გააანალიზეს წითელი ტრინიტიტის ექვსი მცირე ნიმუში.
“ეს კვაზიკრისტალი ბრწყინვალეა თავისი სირთულით – მაგრამ ჯერ ვერავინ იტყვის, რატომ ჩამოყალიბდა იგი ამ გზით, თუმცა, ოდესმე, მეცნიერები ან ინჟინერები გაარკვევენ ამას და გვექნება მისი შექმნის თერმოდინამიკური ახსნა. შემდეგ, იმედი გვაქვს, შევძლებთ ამ ცოდნის გამოყენებას ბირთვული აფეთქებების უკეთ ასახსნელად, რაც, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს უფრო სრულ სურათამდე, თუ რას წარმოადგენს ბირთვული ტესტი”, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
მათივე თქმით, კვლევა ხელს შეუწყობს უკანონო ბირთვული ტესტების ამოცნობას, ბირთვული შეიარაღების გავრცელების შეზღუდვის მიზნით.
”სხვა ქვეყნების ბირთვულ იარაღში გარკვევა მოითხოვს, გვქონდეს მკაფიო გაგება მათი ბირთვული ტესტების პროგრამების შესახებ”, – აცხადებენ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შრომებში (PNAS) გამოქვეყნებული კვლევის ავტორები.

წყარო : sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

სრულად ნახვა
ისტორია

ჩერნობილის სამი მყვინთავი, რომლებმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნეს

37 წლის წინ მომხდარი ჩერნობილის ავარიას შესაძლოა უფრო მძიმე შედეგები მოჰყოლოდა, მეორე აფეთქებაც რომ მომხდარიყო. ამ შემთხვევაში რადიოაქტიური ღრუბელი ევროპას და რუსეთის დასავლეთ რეგიონებს დაფარავდა. სამმა მყვინთავმა ამ მეორე აფეთქებას ხელი შეუშალა და ამით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

სიტუაცია ატომურ ელექტროსადგურზე 5 დღის შემდეგ გართულდა. ხანძარს ფაქტობრივად აკონტროლებდნენ, მაგრამ ამჯერად სხვა საფრთხემ იჩინა თავი:რეაქტორი დნობას განაგრძობდა და ბეტონის ფილას ანადგურებდა. ბეტონის ქვეშ კი აუზი იყო, წყლის უზარმაზარი მოცულობით. თუ რადიოაქტიური საწვავი წყალთან მიაღწევდა, ახალი, წარმოუდგენელი ძალის აფეთქება მოხდებოდა, წყალთან შეხებისას წარმოქნილი ორთქლი კი უზარმაზარ რადიოაქტიურ ღრუბელს წარმოქმნიდა, რომელიც, წინასწარი გათვლებით, ევროპასა და რუსეთის დასავლეთ რეგიონებს მოიცავდა.შექმნილი სიტუაცია დაუყოვნებლივ ითხოვდა ოპერაციის ჩატარებას სამი მყვინთავის მონაწილეობით. დიდი იყო იმის რისკი, რომ ეს მყვინთავები რადიაციის სასიკვდილო დოზას მიიღებდნენ, მაგრამ მოხალისეები მალე გამოჩნდნენ.

აუცილებელი იყო აუზი წყლისგან დაეცალათ. სამწუხაროდ, შექმნილი სიტუაციის გამო, ჩამკეტებთან წვდომა გარედან შეუძლებელი იყო. ონკანები წყალქვეშ უნდა გაეხსნათ. მყვინთავებს უშუალოდ რეაქტორის სიახლოვეს უნდა გაეცურათ, რათა ონკანებთან მიეღწიათ, გაეხსნათ და აუზი დაეცალათ. ინჟინერი ვალერი ბესპალოვი თავის კოლეგა ალექსეი ანანენკოსთან ერთად გამოცხადდა მოხალისედ, მესამე მოხალისე კი ატომურ სადგურში სმენის უფროსად მომუშავე ბორის ბარანოვი იყო. სამივეს კარგად ჰქონდა გააზრებული ის ფაქტი, რომ შესაძლოა სასიკვდილო დასხივება მიეღოთ.

გაგრძელება : 

წყარო : intermedia.ge

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოაისტორიამსოფლიო

ფაქტები ჩერნობილის შესახებ, რომელიც არ იცოდით

1986 წლის 26 აპრილს უკონტროლო რეაქციის შედეგად ჩერნობილის რეაქტორზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც რადიოაქტიური ნივთიერებები ატმოსფეროში გაიფანტა და მომწამვლელი ღრუბელი დასავლეთ რუსეთის, ბელორუსის, უკრაინისა და ევროპის თავზე გაიფანტა.

ჩერნობილის კატასტროფა 2011 წლის 11 მარტამდე, ფუკუშიმას ატომური რეაქტორის კატასტროფამდე, ერთადერთი მოვლენა იყო, რომელიც საერთაშორისო ატომურ შკალაზე მეშვიდე დონეს უტოლდებოდა.

ჩერნობილის კატასტროფამ საბჭოთა კავშირს 18 მილიარდი რუბლის ზარალი მიაყენა.

უშუალოდ კატასტროფის შედეგად დაიღუპა 31 ადამიანი, ხოლო რადიოაქტიური მოწამვლის შედეგად წარმოქმნილი დაავადებები დღემდე აწუხებთ ქალაქ პრიპიატისა და მის შემოგარენში მცხოვრებ ადამიანებს.

აი 13 ფაქტი ჩერნობილის კატასტროფის გარშემო, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ.

1. აფეთქების შედეგად ასჯერ უფრო მეტი რადიაცია გაიფანტა, ვიდრე ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ატომური ბომბების დეტონაციისას.

დოსიმეტრისტი ჩერნობილშიფოტო: KANIN.studio/Shutterstock

2. რადიაციულმა წვიმამ ირლანდიამდეც კი ჩააღწია.

ირლანდიაფოტო: Patryk Kosmider/Shutterstock

3. კატასტროფის შედეგების აღმოსაფხვრელად, ადგილზე 800 ათასი ადამიანი მუშაობდა. მათგან 25 ათასი დაიღუპა, ხოლო 70 ათასი ამჟამად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

ჩერნობილი, ხსოვნის კუთხეფოტო: Eight Photo/Shutterstock

4. საერთაშორისო ორგანიზაცია Greenpeace ვარაუდობს, მსოფლიოს მასშტაბით 93 ათასი ადამიანი დაიღუპა ჩერნობილის აფეთქების შედეგად გამოწვეული კიბოს გამო.

ქანდაკება ჩერნობილშიფოტო: Pe3k/Shutterstock

5. რეგიონებში, რომლებიც დღემდე რადიოაქტიურად დაბინძურებულად ითვლება, 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

დიტიატკის ბლოკ-პოსტი, ჩერნობილთან ახლოსფოტო: vodograj/Shutterstock

6. ჩერნობილის შემოგარენი ველური ბუნების ნაკრძალად იქცა, აქ ბინადრობენ მგლები, ირმები, დათვები, არწივები და სხვა ცხოველები.

ფოტო: atlon11111/Shutterstock

7. რადიოაქტიური გაჟონვის შედეგად, ადგილობრივი ტყე გაწითლდა და დღეს წითელი ტყეეწოდება.

ტყე ჩერნობილთან ახლოსფოტო: Sergey Kamshylin/Shutterstock

8. ამჟამად რეაქტორში 200 ტონა რადიოაქტიური მასალაა დარჩენილი.

ჩერნობილის რეაქტორიფოტო: Dmitry Birin/Shutterstock

9. ჩერნობილის ბოლო რეაქტორი 2000 წელს დაიხურა.

ჩერნობილის ატომური რეაქტორიფოტო: Max Tikhansky/Shutterstock

10. სადგურის უსაფრთხოდ გამოცხადება დაახლოებით 100 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

საგზაო ნიშანი ჩერნობილთანფოტო: Kateryna Upit/shutterstock

11. საბჭოთა ხელისუფლებას მთელი ერთი დღე დასჭირდა იმისთვის, რომ კატასტროფის რეალური სიმძაფრე გაეაზრებინა. ქალაქ პრიპიატისა და ახლომდებარე დასახლებების ევაკუაცია აფეთქებიდან ერთი დღის შემდეგ დაიწყო.

ბავშვის სათამაშო, პრიპიატი, უკრაინაფოტო: EnolaBrain81/Shutterstock

12. ევაკუაციის შედეგად დაახლოებით 100 ათასი ადამიანი გაარიდეს ტერიტორიას. თუმცა, 1200-მდე ადამიანი, ძირითადად მოხუცები, თავიანთ სახლებს დაუბრუნდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ მათ სახლი და კარ-მიდამო უყვარდათ და არაფრის დიდებით დატოვებდნენ იქაურობას. მომავალში გაირკვა, რომ ამ ადამიანებს საბჭოთა ხელისუფლება არ დაეხმარა ან არასაკმარისი ფინანსები გამოჰყო მათთვის. იმისათვის, რომ შიმშილით არ დახოცილიყვნენ, მათ თავიანთ მიწებზე დაბრუნება და მეურნეობის გაშენება გადაწყვიტეს. მიუხედავად რადიაციისა, მათი უმრავლესობა გადარჩა და დღემდე ცოცხალია.

შემოდგომა ჩერნობილშიფოტო: Oleksii Fedorenko/Shutterstock

13. 1986 წელს აშენებულ სარკოფაგს, რომელმაც რადიაციული დაბინძურება შეაჩერა, ნელ-ნელა გასდის ექსპლუატაციის ვადა. არსებობს საფრთხე, რომ ნარჩენები კვლავ გაჟონავს. ამჟამად მიმდინარეობს ახალი კონტეინერის მშენებლობა.

ჩერნობილის მშენებარე სარკოფაგიფოტო: Dmitry Birin/Shutterstock

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

სრულად ნახვა
დედამიწაეს საინტერესოაისტორიაკულტურამსოფლიოფოტო

როგორი იქნებოდა მსოფლიოს შვიდი საოცრება დღეს

გიზას დიდი პირამიდა ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერადერთია, რომელიც დღეს კვლავ ამაყად დგას, ამასთანავე, ის შვიდ საოცრებას შორის ყველაზე ძველია.

დანარჩენი ექვსი საოცრება დღეს ნანგრევებადაა ქცეული, თუმცა ქვემოთ მოცემულ სურათებში ნახავთ, როგორი სანახავი იქნებოდნენ ისინი, საუკუნეებისთვის ხეოფსის პირამიდის მსგავსად რომ გაეძლოთ.

კომპანია Budget Direct-მა შეკრიბა მეცნიერების გუნდი, რომლებმაც მსოფლიოს შვიდი საოცრების შესახებ ზუსტი მონაცემები მოიპოვეს, მათ შორის, მათი ზუსტი ადგილმდებარეობა, მშენებლობისას გამოყენებული მასალა, ზომები და ა.შ.

მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე არქიტექტორებმა და დიზაინერებმა მათი ადგილმდებარეობების თანამედროვე ფოტოებში ეს ნაგებობები ოსტატურად ჩაამონტაჟეს.

მსოფლიოს შვიდ საოცრებაში შედის ხმელთაშუა ზღვის გარშემო არსებულ მიწებზე ადამიანის მიერ შექმნილი შვიდი შთამბეჭდავი ნაგებობა.

შვიდი საოცრების სიის ყველაზე ძველი ვერსია ძვ. წ. მეორე საუკუნეში ანტიპატე სიდონელმა შექმნა:

  • ხეოფსის პირამიდა
  • ბაბილონის დაკიდული ბაღები
  • არტემიდას ტაძარი ეფესოში
  • ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში
  • ჰალიკარნასის მავზოლეუმი
  • როდოსის კოლოსი
  • ალექსანდრიის შუქურა

როდოსის კოლოსი

როდოსის კოლოსი სპილენძის 32-მეტრიანი ქანდაკება იყო, რომელიც 15 მეტრის სიმაღლის ორ ფუნდამენტზე იდგა. ლეგენდის თანახმად, ქანდაკება ნავსადგურში ისე იყო მოთავსებული, რომ მის ფეხებს შორის გემებს გაძრომა შეეძლოთ, თუმცა ახლა ისტორიკოსების უმეტესობა თანხმდება, რომ ეს შუა საუკუნეებში გავრცელებული მითია. ქანდაკება ძვ. წ. 227 წელს კუნძულ როდოსზე მომდარმა მიწისძვრამ დაანგრია.

ბაბილონის დაკიდული ბაღები

ბაბილონის დაკიდული ბაღები შვიდ საოცრებას შორის ერთ-ერთი ყველაზე მისტიკურია, რადგან არავინ იცის, თუ ზუსტად სად მდებარეობდა ის. ბაბილონურ ტექსტებში ის მოხსენიებული არ არის და არც არქეოლოგიური მტკიცებულებები გვაქვს. ამის გამო ადამიანების ნაწილს მიაჩნია, რომ ბაბილონის დაკიდული ბაღები უძველესი მოგზაურების ფანტაზიის ნაყოფია. თუმცა, ზოგს მიაჩნია, რომ ის დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო აგებული.

ფოტო: Budget Direct

ხეოფსის პირამიდა

უკვე 4 500 წელზე მეტია, რაც ხეოფსის პირამიდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საუცხოო სანახაობაა. მისი მშენებლობა ძველი წელთაღირცხვით 2560 წელს დასრულდა, 3 800 წლის განმავლობაში კი ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო.

ალექსანდრიის შუქურა

ალექსანდრიის შუქურა ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში აშენდა, მისი ნანგრევები კი ეგვიპტეში 1904 წელს აღმოაჩინეს. მისი სიმაღლის შესახებ სხვადასხვა ვარაუდი არსებობს, ერთ-ერთის თანახმად, მისი სიმაღლე 135 მეტრს აღწევდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის საუკუნეების განმავლობაში ადამიანის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო.

ფოტო: Budget Direct

ჰალიკარნასის მავზოლეუმი

ჰალიკარნასში არსებული მავზოლეუმი მეფე მავსოლეს საფლავი იყო, რომელიც სპარსეთის პირველი იმპერიის პროვინციის მმართველი იყო. სწორედ მისი სახელწოდებიდან მოდის სიტყვა მავზოლეუმი. სტილით ნაგებობა ბერძნული, აღმოსავლური და ეგვიპტური არქიტექტურის ნაზავი იყო, ის 12-15 საუკუნეებში მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრებმა გაანადგურა.

ფოტო: Budget Direct

ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

არის თუ არა რაიმე უფრო დიდებული, ვიდრე ზევსის, ოქროთი და სპილოს ძვლით შემკული 13-მეტრიანი ქანდაკება? ეს კოლოსალური ძეგლი ძველმა ბერძენმა მოქანდაკემ და არქიტექტორმა ფიდიასმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნეში ააგო. სამწუხაროდ, ქანდაკება და ზევსის ტაძარი ჩვენი წელთაღირცხვით 426 წელს ხანძარმა თიქმის სრულად გაანადგურა.

არტემიდას ტაძარი ეფესოში

ეფესოში არტემიდეს ტაძარი შვიდი საუკუნის განმავლობაში სამჯერ განადგურდა და ორჯერ თავიდან აშენდა. ის პირველად ჰეროსტრატემ გადაწვა, რომელსაც სურდა, რომ მისი სახელი საყოველთაოდ ცნობილი გამხდარიყო. აღდგენის შემდეგ ტაძარი ქალაქზე შეტევისას გუთებმა დაანგრიეს, მაგრამ ტაძრის აღდგენა მაინც მოხერხდა. საბოლოოდ ის ქრისტიანებმა გაანადგურეს, რომლებმაც ტაძრიდან მხოლოდ საძირკველი და ერთი ცალი სვეტი დატოვეს, რომელიც დღესაც დგას.

წყარო: iflscience

სრულად ნახვა
1 2 3 4 5 6 33
Page 4 of 33