close
კატეგორიის გარეშე

2019 წლის მთავარი სამეცნიერო ამბების შეჯამება

ორი მთავარი სამეცნიერო ჟურნალი Science-ი და Nature-ი, ტრადიციულად, დეკემბრის ბოლოს მიმდინარე წლის სამეცნიერო მიღწევებს აჯამებს. თუმცა ამას გამოცემები განსხვავებულად აკეთებენ. Science-ი აცხადებს „წლის მთავარ მიღწევას“, რომელსაც ეგრეთ წოდებული „შორთ ლისტის“ მონაწილეები არჩევენ. Nature-ი კი საკუთარი სამეცნიერო „სიახლეების“ პარალელურად ასახელებს ცალკეულ ადამიანებს, რომლებმაც მეცნიერებასა და პოლიტიკურ მოვლენებზე განსაკუთრებული გავლენა იქონიეს. გთავაზობთ ინფორმაციას მხოლოდ იმ აღმოჩენების შესახებ, რომლებიც გამოცემებმა წელს ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნიეს და ბმულებს, სადაც მათ შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ.

Science-ის სია. შავი ხვრელის პირველი ნამდვილი გამოსახულება

ჟურნალ Science-ის ჩამონათვალში, რომელიც 2019 წლის უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო მოვლენებს მოიცავს, უპირობო ლიდერი შავი ხვრელის პირველი ნამდვილი გამოსახულებაა.

თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სუპერმასიური შავი ხვრელი, ფილმიდან „ინტერსტელარი“ ყველამ კარგად ვიცით. თუმცა გარგანტუა ქრისტოფერ ნოლანის ამ ეკრანიზაციიდან მხოლოდ მოდელია, რომელიც ძალიან ფრთხილად არის გათვლილი და სამეცნიერო აღწერას შეესაბამება.

ნამდვილი შავი ხვრელის ნახვა კი თითქოს შეუძლებელი იყო, მაგრამ 2019 წლის აპრილში ეს შესაძლებელი გახდა. მიღებული გამოსახულება არის არა ოპტიკური, არამედ რადიოტელესკოპის მუშაობის შედეგი. ამიტომაც მისი შეფერილობა პირობითია, მაგრამ ეს აღმოჩენის მნიშვნელობას სულაც არ აკნინებს. უფრო დეტალურად ამ ფაქტზე ინფორმაციის მიღება პირველწყაროდან შეგიძლიათ.

მექსიკის ყურეში „დინოზავრების მეტეორიტის“ ჩამოვარდნის რეკონსტრუქცია

66 მილიონი წლის წინ დედამიწაზე გიგანტური ასტეროიდი ჩამოვარდა. ამ მოვლენის შედეგად, იმ დროისთვის ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების დაახლოებით სამი მეოთხედი სახეობა გადაშენდა, მათ შორის იყვნენ დინოზავრები. ამ მეტეორიტის ჩამოვარდნის ადგილი უკვე დიდი ხანია დადგენილია. მან ჩიკსულუბის კრატერის სახელწოდება მიიღო და მექსიკის ყურეში, იუკატანის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ რაიონში მდებარეობს. 2016 წელს ამ ტერიტორიაზე ბურღვითი მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. ამ დროს მიღებული შედეგების გაანალიზებით, სწორედ ახლა გახდა შესაძლებელი იმ პროცესების დადგენა, რომელიც ასტეროიდის ჩამოვარდნის გამო განვითარდა. უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება კი ამ პირველწყაროზე შეგიძლიათ.

დენისოველი ადამიანის გარეგნობის დადგენა მისი დნმ-ის მიხედვით

დენისოველები არიან ჩვენი სრულუფლებიანი ნათესავები, რომელთაც ნეანდერტალებთან ერთად კაცობრიობის გენოფონდში თავიანთი კვალი დატოვეს. თუმცა ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით, დენისოველთა ძვალსაც კი არა მოუღწევია ჩვენამდე. ამიტომ ჩვეულებრივი ანატომიური რეკონსტრუქციით ვერ გავიგებთ, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი.

2019 წელს კი მეცნიერები დნმ-ის ანალიზსა და დიდი ხნის წინ გადაშენებული ჩვენი წინაპრების გარეგნობის აღდგენას კრეატიულად მიუდგნენ. საამისოდ კი ერთადერთი კბილის მიერ გამოყოფილი ნივთიერება გამოიყენეს. ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღება  პირველწყაროდან შეგიძლიათ.

ებოლას სამკურნალო წამალი

დიახ, სასიკვდილო ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტიან წამალს მეცნიერებმა ებოლას აღმოჩენიდან მხოლოდ 40 წლის შემდეგ მიაკვლიეს. ფორმალურად, ეს პრეპარატი ერთის ნაცვლად ორია – mAb114 და REGN-EB3. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, კვლევის ფარგლებში, 4 სხვადასხვა პრეპარატს ცდიდნენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პაციენტების 70%-ი, რომელიც ერთსა და იმავე ანტისხეულს იღებდა, გადარჩა. შედეგი იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ კვლევა ვადაზე ადრე შეწყვიტეს. ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღება პირველწყაროდან შეგიძლიათ.

კვანტური კომპიუტერი

ბოლო 2 წლის განმავლობაში, კვანტური კომპიუტერის მიმართულებით არა მხოლოდ ამერიკული უნივერსიტეტები, არამედ აიტიგიგანტები (IBM-ი, Google-ი, Intel-ი) და სტარტაპები მუშაობდნენ. „კვანტური“ყველაზე ძლიერს სულაც არ ნიშნავს. ის სრულიად სხვა – კვანტური პრინციპით მუშაობს. ჩვეულებრივი დავალებების უმრავლესობის შესრულებისთვის კვანტური კომპიუტერი არ გამოდგება და ეს ყოველთვის ასე იყო. თუმცა მათ პოტენციურად ისეთი რთული გამოთვლების შესრულება შეუძლიათ, რომლებიც ჩვეულებრივი კომპიუტერისთვის შეუძლებელია. 2019 წელს კი მეცნიერთა ვარაუდი კვანტური კომპიუტერის „პოტენციურ შესაძლებლობებზე“ რეალურ ექსპერიმენტად იქცა – ჯონ მარტინის ჯგუფმა Google-დან ასეთი გამოთვლის შესრულება შეძლო. ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღება პირველწყაროდან შეგიძლიათ.

რეკორდულად შორეული ასტეროდი აროკოტი იგივე Ultima Thule

ეს ასტეროდი „ნასას“ ავტომატურმა პლანეტათშორისმა სადგურმა „New Horizons“-ის ზონდმა დააფიქსირა. მან დროთა განმავლობაში სახელწოდება კი შეიცვალა, მაგრამ თავად იგივე დარჩა. აროკოტის მსგავსი ტრანსნეპტუნური ობიექტის კვლევა მეცნიერებს საშუალებას აძლევს უკეთ გაიგონ, პლანეტების წარმოშობამდე მზის სისტემა რისგან შედგებოდა. ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღება კი პირველწყაროდან შეგიძლიათ.

მუკოვისციდოზის გენეტიკური პრეპარატი

ბოლო 30 წლის განმავლობაში მუკოვისციდოზის მოლეკულურ მიზეზს იკვლევდნენ. სწორედ ამ ხანგრძლივი მუშაობის შედეგია პრეპარატი Trikafta. ცდების შედეგად დადასტურდა, რომ ამ წამალს მუკოვისციდოზის მქონე პაციენტების 90%-ის განკურნება შეუძლია. თუმცა მკურნალობის კურსი ასტრონომიულ ციფრებს უკავშირდება. მაგალითად, აშშ-ში ერთწლიანი მკურნალობის კურსი დაახლოებით 300 ათასი დოლარი ღირს. არადა, ამ პრეპარატის მიღება ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში უწევს. წამლის შექმნის ისტორიის დეტალებს შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.

სწორი მიკრობიომი, როგორც ბავშვთა არასრულფასოვან კვებასთან ბრძოლის საშუალება

ჩვილთა არასრულფასოვანი კვება არა მხოლოდ ეკონომიური პრობლემაა, არამედ- სამედიცინო მდგომარეობაც. ის დაკავშირებულია ბოლო კვლევებთან, რომლებიც ჩვილ ბავშვთა მიკრობიომის შესწავლას მიეძღვნა. ჟურნალ Science-ში ამერიკელ მკვლევართა მიერ გამოქვეყნებული სტატია არასრულფასოვან კვებასთან ბრძოლის მარტივ რეცეპტს იძლევა: ამისათვის საჭიროა კვების რაციონში ისეთი პროდუქტების დამატება, როგორიც არის ბანანი და სოიო. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ნაწლავების მიკრობიომი „მომწიფდეს“ და საჭმლის მონელება მოწესრიგდეს. ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღება პირველწყაროდან შეგიძლიათ.

ხელოვნური ინტელექტი პოკერის წინააღმდეგ

თავდაპირველად ხელოვნურ ინტელექტს ნარდი დანებდა, შემდეგ – ჭადრაკი, რამდენიმე წლის წინ – კი Starcraft-ი. პოკერის განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ ის დაფარული ინფორმაციით თამაშია – მოთამაშეები სხვის კარტებს ვერ ხედავენ და ეს მნიშვნელოვნად ართულებს კომპიუტერის უნარს, პრობლემა გადაჭრას. ბოლო კვლევებიდან ირკვევა, რომ ხელოვნური ინტელექტი ამ დავალებასაც გაუმკლავდება. მას ჯერ შეზღუდული ტეხასური ჰოლდემი დანებდა, შემდეგ – ულიმიტო ჰოლდემი, ახლა კი – ექვსი კაცისგან შემდგარი თამაში. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.

NAture-ის სია. როგორ ამახინჯებს თევზის გლობალური ბაზარი ღარიბ ქვეყნებში მცხოვრებთა კვების რაციონს

მეცნიერებმა ჩაატარეს დიდი კვლევა, რომლის შედეგიც საკმაოდ მარტივია: დღეისათვის, განსაკუთრებით კი ღარიბ ქვეყნებში, ადამიანთა კვების რაციონი ხშირად მნიშვნელოვანი მიკროელემენტების სიმცირეს განიცდის. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრ ასეთ რეგიონში თევზი ჭარბად მოიპოვება. ამ პროდუქტს ადგილობრივი მოხმარებისთვის რომ იყენებდნენ, ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ბევრი საფრთხის თავიდან არიდება იქნებოდა შესაძლებელი. მაგრამ ასე არ ხდება და ამის მიზეზი მარტივია – გლობალური ბაზარი თევზს გლობალურ პროდუქტად აქცევს და ის ძირითადად ექსპორტზე გააქვთ. ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღება პირველწყაროდან შეგიძლიათ.

ჰანტინგტონის დაავადების მკურნალობისადმი ახალი მიდგომა

ეს არის ამ დროისთვის უკურნებელი სენი. მეცნიერებმა მიმდინარე წელს შექმნილ ახალ ნაშრომში ორიგინალური მეთოდი მოიფიქრეს, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ცილების პათოლოგიურ დაგროვებას. ჰანტინგტონის დაავადების განვითარება სწორედ ამ პროცესს ახლავს. ამისათვის მათ სპეციალური მოლეკულა – ადაპტორები დაამუშავეს. ისინი დაკავშირებულია როგორც ცილების „ნაგავთან“, ისე იმ რეცეპტორებთან, რომლებიც უჯრედის ზედაპირზეა განლაგებული. სწორედ ეს უკანასკნელი იწვევს ფაგოციტოზს (პროცესი, როდესაც უჯრედი თავის ნაწილაკებს შთანთქავს სპეციალური ბუშტუკების წყალობით, რომლებსაც თავად წარმოქმნის). მასალის პირველწყაროში შეგიძლიათ, ამ თემაზე დეტალური ინფორმაცია მიიღოთ.

ნეპტუნის მეშვიდე თანამგზავრი – ჰიპოკამპი

ნეპტუნის ორბიტაზე ცნობილი იყო 6 არც თუ ისე დიდი თანამგზავრი. ისინი 1989 წელს კოსმოსური აპარატით გადაიღეს. ტელესკოპ „ჰაბლის“ მუშაობისა და მონაცემების რთული ანალიზის შედეგად კი მეცნიერებმა მეშვიდე აღმოაჩინეს. ჰიპოკამპი მართლაც ძალიან პატარა აღმოჩნდა. მისი საშუალო რადიუსი სულ რაღაც 34 კმ-ს მოიცავს. არც არის გასაკვირი, რომ ის თავის დროზე კოსპოსურ აპარატს გამოეპარა. მასალის პირველწყაროში შეგიძლიათ, ამ თემაზე დეტალური ინფორმაცია მიიღოთ.

გენომების რედაქტირების ახალი, არსებითად უსაფრთხო და ზუსტი მეთოდი

ბოლო ათწლეულის ბიოლოგიასა და მედიცინაში, გენომების რედაქტირების მეთოდი (რთულად დასამახსოვრებელი სახელწოდებით CRISPR/Cas9-ი) ყველაზე ხმაურიანი თემა გახდა. 2012 წელს ამ მეთოდის აღწერილობის შესახებ პირველი სტატია გამოქვეყნდა. სულ რაღაც 6 წლის შემდეგ კი, რაც მედიცინისთვის წარმოუდგენლად ცოტა დროა, გენეტიკურად მოდიფიცირებული პირველი ბავშვი გაჩნდა. თუმცა დღემდე გენების მოდიფიცირება მხოლოდ ექსპერიმენტული, საკმაოდ უხეში მეთოდი იყო. ახალი ნამუშევარი კი სწორედ ამის შეცვლას ცდილობს.

ტექნოლოგიის არსი ის არის, რომ გენომის მიზანმიმართული ცვლილება ნებისმიერ ადგილზე უნდა მოხდეს. ეს მიდგომა არც ახლა შეცვლილა, თუმცა შეცდომები პრინციპულად ნაკლებია, ვიდრე ადრე. როგორც ჩანს, ეს იგივე მექანიზმია, რომელიც იქამდე უნდა გაეაქტიურებინათ, სანამ ადამიანებზე გამოცდიდნენ. მასალის პირველწყაროში ამ თემაზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ.

გრენლანდია, როგორც სათბურის გაზის ერთ-ერთი უდიდესი წყარო

მეთანი არის სათბურის გაზის ერთ-ერთი სახეობა ნახშირორჟანგსა და წყლის ორთქლთან ერთად. მომავალში კლიმატის განვითარების გზები რომ განვიხილოთ, საჭიროა კარგად წარმოვიდგინოთ, ატმოსფეროში მეთანი საიდან ჩნდება და მისი გამოყოფა გლობალური ტემპერატურის მომატების შემდეგ როგორ შეიცვლება. ამ მეცნიერულმა სიახლემ კი შესაძლებელი გახდა გაეზომათ მეთანის გამოყოფა იმ დანალექი ქანების მიერ, რომლებიც გრენლანდიაზე, ყინულის საფარქვეშაა. აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს არის მეთანის ემისიის ძლიერი წყარო. ამ თემაზე დეტალური ინფორმაციის მიღება მასალის პირველწყაროდან შეგიძლიათ.

მიტოქონდრიის დნმ-ი ადამიანს მამის ხაზითაც გადაეცემა

ფორმალურად ეს კვლევა 2018 წლის ბოლოს ჩატარდა, მაგრამ Nature-ის რედაქტორებმა 2019 წლის მიმოხილვაში ჩართეს. ის ამას ნამდვილად იმსახურებს, რადგან სიახლეს მალე ბიოლოგიის სახელმძღვანელოებში შეიტანენ. დღემდე მიიჩნეოდა, რომ მიტოქონდრია (უჯრედის ენერგეტიკული სადგური, რომელსაც თავისი დნმ-ი აქვს) ადამიანს მხოლოდ დედის ხაზით გადაეცემოდა, მამის მიტოქონდრია კი, რომელიც სპერმატოზოიდშია, უბრალოდ ნადგურდებოდა. აღმოჩნდა, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. ნამუშევარში აღწერილია, როგორ ვითარდება ეს პროცესი და რას ნიშნავს ეს იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც მიტოქონდრიული დნმ-ის მუტაციასთან არის დაკავშირებული. პირველწყაროში შეგიძლიათ მასალას დეტალურად გაეცნოთ.

ნეიროქსელები რობოტებს სირბილს ასწავლიან

ადამიანს, რომელსაც სიარული და სირბილი შეუძლია, ხშირად წარმოდგენა არ აქვს, ეს რამდენად რთული რამ არის. ყველაფერი გასაგები მაშინ ხდება, როდესაც ინჟინრები ცდილობენ, ცოცხალი ორგანიზმების მოძრაობა რობოტებს შეაძლებინონ. ეს საკითხი არის რობოტექნიკის ერთ-ერთი ურთულესი პრობლემა.

ახალი მიდგომა, რომელიც გერმანელმა და შვეიცარიელმა მეცნიერებმა გამოსცადეს, ორი ნერვული ქსელის მუშაობას ეფუძნება. ერთი მათგანი მოძრაობის სტრატეგიას გეგმავს, მეორე კი – ელექტრომოტორებში კონკრეტული მოქმედებისთვის ნაკრებს არჩევს. მასალის პირველწყაროში შეგიძლიათ, ამ თემაზე დეტალური ინფორმაცია მიიღოთ.

ქიმია LEGO-ს კანონებით

სინთეთიკური ქიმია, შესაძლოა, მეოცე საუკუნის მეცნიერებად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში, ბოლო წლებში, იქ ბევრი საინტერესო რამ ხდება. ყველაზე გამორჩეულია ეგრეთ წოდებული კლიკ-ქიმია – მიდგომა, რომელშიც ნივთიერების ზემოქმედების 100%-იანი შედეგის მისაღწევად სპეციალურ ადაპტორებს იყენებენ. ეს საშუალებას იძლევა, ახალი ნივთიერებები კონსტრუქტორივით აიწყოს. 2019 წლის მეცნიერული მიღწევა კი ამ თემას კიდევ უფრო ავითარებს, რადგან მას ახალ „კუბიკებს“ უმატებს. მასალის პირველწყაროში შეგიძლიათ, ამ თემაზე დეტალური ინფორმაცია მიიღოთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0