close
ედიცინა

ჯანმო-მ AstraZeneca-ს ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა

vaktsina_w_h

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ Oxford/AstraZeneca-ს მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენებისთვის დაამტკიცა.

ეს იმას ნიშნავს, რომ მისი საშუალებით ვაქცინაციის დაწყება მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა შესაძლებელი და ასევე შესაძლებელია მისი ჩართვა Covax-ის პროგრამაში, რომლის მიზანი  ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდებაა.

„ახლა ყველა პირობა გვაქვს ვაქცინის სწრაფად გავრცელებისთვის, თუმცა ამისთვის ჯერ წარმოების გაზრდაა საჭირო,“- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა.

რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინა შეიძლება გამოყენებული იყოს 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა მისი მხოლოდ 65, ზოგი კი 55 წლის ქვემოთ ასაკის პირებში გამოყენების რეკომენდაციას იძლევა. უწყების ინფორმაციით, ვაქცინის ორ დოზას შორის გარკვეული პერიოდის დაცვა, რაც გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში ხდება, მეტად ეფექტურს ხდის მას.

წინააღმდეგობა გამოიწვია ახალი შტამების მიმართ ნაკლები ეფექტურობის საკითხმა და განსჯის საგნად იქცა ის, თუ რამდენად მიზანშეწონილია მისი გამოყენება ასაკოვან მოსახლეობაში და რა ინტერვალით უნდა მოხდეს მეორე დოზის გაკეთება. დავის საფუძველი ის გახლავთ, რომ ამ ეტაპზე საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ ექსპერტთა სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც იმუნიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობს, უკვე აანალიზებს დროის ჭრილში ვაქცინის შედეგების და ეფექტურობის მტკიცებულებებს. მისი შუალედური რეკომენდაციები ცხადყოფს, რომ ამ ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებელი საერთო ჯამში 63 პროცენტია.

ოქსფორდის ვაქცინა შეფასებულია, როგორც „ვაქცინა მსოფლიოსთვის“ მისი დაბალი ფასის გამო, ასევე იმის გამო, რომ მისი განაწილება შედარებით ადვილია, ვინაიდან, ზოგიერთი კონკურენტისგან განსხვავებით, Oxford/AstraZeneca-ს შენახვა სტანდარტულ მაცივრებშია შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში, გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენებისთვის ჯანმო-მ Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინა დაამტკიცა.

წყარო : theguardian.com   , BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი