close
კვლევებიმედიცინა

ცხვირის წვეთებმა, შეიძლება, ინსულტის შემდეგ პაციენტების ტვინის აღდგენას შეუწყოს ხელი

მეცნიერებმა აჩვენეს, თუ როგორ შეძლო სპეციალურმა ცხვირის წვეთებმა, რომელიც  კონკრეტულ მოლეკულას შეიცავს, დახმარებოდა თაგვებს ინსულტის მავნე ბიოლოგიური შედეგებიდან გათავისუფლებასა და გამოჯანმრთელებაში.
წვეთებში მთავარი მოლეკულა არის კომპლემენტის პეპტიდი (ამინომჟავების ჯაჭვი) C3a, რომელიც უკვე ვიცით, რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის იმუნურ სისტემაში, ასევე ტვინის განვითარებასა და პლასტიურობაში.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მედიკამენტი არ გამოიყენება მაშინვე, არამედ ინსულტიდან შვიდი დღის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ ისინი, ვისაც დახმარებას ინსულტის შემდეგ დაუყოვნებლივ ვერ  უწევენ, მაინც იქნებიან დაცული ამ მდგომარეობის ყველაზე უარესი შედეგებისგან.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა თაგვებში ხელოვნურად გამოიწვიეს იშემიური ინსულტი, ყველაზე გავრცელებული ტიპის ინსულტი. თუმცა, ერთი კვირის შემდეგ, ცხვირის წვეთები დაეხმარა თაგვებს მოტორული ფუნქციის უფრო სწრაფად და სრულად აღდგენაში, პლაცებო ჯგუფთან შედარებით.
ახალი კვლევა ასევე გვაძლევს უკეთეს წარმოდგენას ტვინზე C3a-ს ეფექტის შესახებ. MRI სკანირებამ აჩვენა, რომ პეპტიდმა ხელი შეუწყო თაგვების ტვინში ნერვულ უჯრედებს შორის კავშირების რაოდენობის გაზრდას.
“ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ C3a პეპტიდი გავლენას ახდენს ასტროციტების ფუნქციაზე – ეს არის უჯრედები, რომლებიც აკონტროლებენ ნერვული უჯრედების ბევრ ფუნქციას როგორც ჯანმრთელ, ასევე დაავადებულ ტვინში”, – განაცხადა გოტენბურგის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა მილოშ პეკნამ.
იშემიურ ინსულტს წელიწადში დაახლოებით 7,6 მილიონი ადამიანი განიცდის, აქედან ნახევარზე მეტს უვითარდება ფიზიკური ან ფსიქიკური აშლილობა, რის შედეგადაც ვითარდება: ხელის ან ფეხის თვითნებური მოძრაობის დაკარგვა, მეტყველების დარღვევა ან დეპრესიის პრობლემები და შფოთვა.
მკვლევარები განმარტავენ, რომ C3a პეპტიდიანმა ცხვირის წვეთებმა შეიძლება დიდი განსხვავება შეიტანოს ამ ციფრებში – თუმცა, მანამდე, აუცილებელია იმაში დარწმუნება, რომ მედიკამენტი ისეთივე ეფექტურია ადამიანებში, როგორც თაგვებში.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Journal of Clinical Investigation-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0