close
ფსიქოლოგია

ფსიქოთერაპია ონკოლოგიაში

ფსიქოლოგია მუდამ დიდ მნიშვნელობას წარმოადგენდა სხვადასხვა სფეროში.რათქმაუნდა არა არის გამონაკლისი მასთან მიახლოებული სფეროც, მედიცინა. ონკოლოგია ეს არის მედიცინის ის სფერო, რომელიც მზარდად განვითარებადი და უმნიშვნელოვანესია ჩვენს დღევანდელობაში ,ექიმები , მეცნიერები გამუდმებით მუშაობენ იმაზე თუ , როგორ აღმოფხვრან ონკოდავადებები, მაგრამ ამ პროცესში პაციენტებს ყველაზე მტად სჭირდებათ ემოციური მხარდაჭერა.ფსიქოთერაპია კი სწორედ აქ ჩნდება ერთერთ დამხმარე წყაროდ.  საინტერესოა რამ გამოიწვია  ფსიქოთერაპიის ჩარევა ამ სფეროში , რამდენად ეფექტურია და როგორ მუშაობს ის, ამაზე გვესაუბრება გეშტალტთერაპევტი , ერთერთი გამორჩეული და საინტერესო ფსიქოლოგი ლიკა წერეთელი.

რამ გამოიწვია იმის საჭიროება რომ მომხდარიყო ფსიქოთერაპიის ჩარევა ონკოლოგიურ პაციენტებში ?

დამეთანხმებით, რომ ონკოლოგიური დაავადებები დღესდღეობით ძალზე გავრცელდა და კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად იქცა. ტარდება კვლევები, მიმდინარეობს ქირურგიული და მედიკამენტოზური მკურნალობა, რაც, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია, თუმცა, როგორც ვხედავთ, ბოლომდე სასურველი შედეგი არ მოაქვს. და აქ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ არსებობს ფსიქოსომატიკა, რომლის უარყოფაც არ შეიძლება.  ფიზიკურ სხეულზე ზემოქმედებასთან ერთად, რაც სრულიად აუცილებელია, იგივე ხარისხით არსებობს საჭიროება ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედებისა. ფსიქოლოგიურმა სარეაბილიტაციო კურსმა დიდი წვლილი შეიძლება შეიტანოს პაციენტის ჯანმრთელობის ნორმალიზების პროცესში.

ონკოლოგიური დაავადებების კავშირზე ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობასთან პირველად სწორედ ექიმები ალაპარაკდნენ. ჯერ კიდევ მე-19 ს.-ის შუა წლებში ონკოლოგიური დაავადებების კვლევის პიონერი ირლანდიელი ექიმი უოლტერ ჰაილ უოლში თავის წიგნში „კიბოს ბუნება და მისი მკურნალობა“ ერთმნიშვნელოვნად საუბრობს კიბოს ფსიქოსომატურ ბუნებაზე და ამბობს, რომ ამ დაავადების კავშირი ფსიქიკასთან იმდენად აშკარაა, რომ ძალზე უგუნური იქნებოდა ამის ეჭვქვეშ  შეტანა. ცნობილი ბრიტანელი ქირურგი და ლონდონის უნივერსიტეტის ვიცეკანცლერი სერ ჯეიმს პეჯეტი ასევე დარწმუნებული იყო იმაში, რომ დეპრესიული მდგომარეობა მთავარ როლს ასრულებს კიბოს განვითარებაში და გამოაცხადა კიდეც ამის შესახებ თავის კლასიკურ ნაშრომში „ქირურგიული პათოლოგია“. მე-19 ს.-ის მიწურულს კი ლონდონელმა ქირურგმა ჰერბერტ სნოუმ პირველი კლასიკური კვლევა ჩაატარასტატისტიკის გამოყენებით. შედეგები შეიძლება იხილოთ მის წიგნში „კიბო და მისი განვითარების პროცესი“:  ლონდონის ონკოლოგიური კლინიკის 250 პაციენტი ქალიდან, რომელთაც სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს  კიბო ჰქონდათ, მხოლოდ 19 არ აღენიშნებოდათ დაავადების არანაირი ხილული მიზეზი, 43 შემთხვევაში საუბარი იყო მექანიკურ დაზიანებაზე, როგორც შესაძლო მიზეზზე, ხოლო დანარჩენი 188 პაციენტი სხვადასხვა მძიმე სტრესული განცდებით იყო დახუნძლული.

რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი ონკოლოგიური პაცინეტებთან მუშაობაში ?~

უპირველეს ყოვლისა, ეს იყო საკუთარი ტრაგიკული გამოცდილება ოჯახში. მეუღლე დამეღუპა ონკოლოგიით. ეს იყო ჯერ კიდევ სანამ შემოვაბიჯებდი ფსიქოლოგიის დარგში. გეშტალტ თერაპიის შესწავლის პროცესში სწორედ ეს ძლიერი მოთხოვნილება ვიგრძენი და რომ მოვიძიე ლიტერატურა, რომელიც ათვლის წერტილი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემთვის, მივაგენი ცოლ-ქმარ საიმონტონების წიგნს „Getting well again“. ამ ადამიანებს ჰქონდათ საკუთარი თეორიის შექმნისა და მისი კვლევის საშუალება, რადგანაც დალასში საკუთარი კვლევითი ცენტრი გააჩნდათ. აქედან დაიწყო ჩემთვის ყველაფერი.

როგორ  მუშაობს გეშტალტ თერაპია ონკოლოგიურ პაციენტებთან?

ეს, მართლაც საინტერესოა. საქმე ის არის, რომ საიმონტონებმა კარგად ჩამოაყალიბეს, როგორც ონკოპაციენტის ზოგადი ფსიქოტიპი, ასევე მასთან მუშაობის გარკვეული სტრატეგია. ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, უპირველეს ყოვლისა, აღინიშნებოდა პაციენტების გაჭედილობა გარკვეულ ცხოვრებისეულ ეტაპზე და ამ გაჭედილობით გამოწვეული უდიდესი სტრესი და გამოუვალი მდგომარეობის განცდა. საიმონტონების სტრატეგია უპირველესად, გამოიხატებოდა პაციენტებისადმი ჰოლისტურ (მთლიანობით) მიდგომაში. ისინი მიმართავდნენ რელაქსაციებსა და ვიზუალიზაციებს ძალიან რესურსულ თემებზე. მაგალითად ერთ-ერთი ვიზუალიზაცია იყო შინაგან ბრძენთან შეხვედრა, რაც ახალი ხედვებისა და ახალი ძალების წყარო ხდებოდა. ყოველივე ეს გეშტალტ თერაპიისთვის მთლიანად მისაღებია, მაგრამ იყო ერთი ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც გეშტალტ თერაპიაში რადიკალურად განსხვავდება საიმონტონების მეთოდისგან.

აქ საუბარია საიმონტონების ხედვით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვიზუალიზაციაზე, როდესაც პაციენტს უნდა წარმოედგინა კიბოს უჯრედები და „კილერი“ უჯრედების მიერ მათი განადგურების პროცესი. სწორედ ეს იყო, რაც ზოგს გამოსდიოდა და ზოგს არა. მიხვდებით, რომ აქ საუბარია ბრძოლასა და წინააღმდეგობაზე, რასაც გეშტალტთერაპია სხვაგვარად უყურებს. გეშტალტ თერაპია გვეუბნება, რომ ჩვენი ძვირფასი სასიცოცხლო ენერგია უნდა იხარჯებოდეს რაღაცის შექმნაზე და არა განადგურებაზე. მით უმეტეს, რომ დაავადების მექნიზმს ასე ვხედავთ: ადამიანის გაჭდილობა განაპირობა მისმა ხისტმა ჩარჩოებმა, რომლიდანაც ადამიანი თავადაც ვერ გამოდის და ნაკლებად თუ რამეს უშვებს შიგნით. ჯანსაღი ცხოვრება კი ახალი, ინფორმაციით, განცდებით, გამოცდილებებით ცხოვრებაა, მათი გათავისება, მაშასადამე ჩვენში შეშვება. როდესაც ეს პროცესი არ ხდება, ახალი გამოცდილების ადგილზე წარმოიქმნება სიცარიელე, რომელიც რაღაცით უნდა შეივსოს და ეს რაღაცა როგორც წესი, დაავადებაა. შესაბამისად, დაავადება მტერი კი არა, სიგნალის მომცემია გზააცდენილი ადამიანისთვის და თუკი ის ამ სიგნალს შესაბამისად აღიქვამს და საკუთარ თავზე მუშაობას იწყებს, ანუ ავსებს ამ ცარიელ ადგილებს განდევნილ-უარყოფილის შემოშვებით, ვერდანახულის დანახვით, ავადობა ამ სიახლისთვის ადგილს ათავისუფლებს და ადამიანის გამთლიანება ხდება. ავადობისთვის კი ადგილი აღარ რჩება – ის თავის ფუნქციას ამოწურავს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მუშაობის სქემა დაავადებასთან მიმართებაში კონფლიქტური კი არა, – დიალოგურია.

შეგიძლიათ გვესაუბროთ თუ როგორია გეშტალტ თერაპიის პროცესი ონკოლოგიის სფეროში?

რაც შეეხება თერაპიის პროცესს, აქ ყველაზე მთავარია, ძალიან ფაქიზად მოხდეს ადამიანის ჩამოშორება როგორც სევდისა და სინანულის განცდისგან (ანუ წარსულისგან), ასევე შფოთისა და შიშის განცდისგან (ესე იგი მომავლისგან) და მისი აწმყოზე – აქ და ამჟამად – მდგომარეობაზე კონცენტრირება გაკეთდეს. აქ მნიშვნელოვანია წარსულის განსხვავებულ ჭრილში დანახვა და მომავლის მოლოდინების აწმყოში ტრანსფორმაცია. საუბარია ნებისმიერი სახის მოლოდინზე – ცუდზეც და კარგზეც. საუკეთესო წამალი მთელი ცხოვრების „აქ და ამჟამად“ პროცესზე კონცენტრაციაა, როდესაც უარს მბობ ილუზიებზე (და მომავალი ყველა შემთხვევაში ილუზორულია) და მთლიანად აქ ხარ – ყოველ წამს, სხეულის ყველა უჯრედით ღია ხარ იმისთვის, რაც მოაქვს ცხოვრებას. აქაა სასიკეთო ცვლილებების შემოსვლის  ყველაზე მეტი შანსი.

რამდენად ეფექტურია  გეშტალტთერაპია ონკოლოგიურ პაციენტებში?

ამ სფეროში გამოცდილება ჯერ ძალზე მცირეა, მაგრამ რა პროცესებსაც  ჩემი მუშაობის დროს ვეხები, – მომწონს. დინამიკა აშკარად თვალში საცემია. ის მდგომარეობა, რაზეც უკვე მოგახსენეთ მოლოდინებთან მიმართებაში, ადვილი მისაღწევი არ არის, თუმცა, თავად თერაპიული პროცესია ამის საწინდარი: აქ და ამჟამდ მუშაობა, განსაკუთრებით პროექციული მეთოდებით, უამრავ ვერდანახულ, ან მივიწყებულ განცდასა თუ ბლოკს ამოაგდებს ხოლმე ქვეცნობიერიდან და ამას დიდი ეფექტი აქვს. საბოლოო მიზანი არის ის წინადადება, რომელიც ცნობილ ამერიკე ქირურგს, ბერნი სიგალს მისმა ყოფილმა ონკოპაციენტმა უთხრა, როდესაც ადამიანი, რომლის დიაგნოზით დადგენილი ყველა ვადა დიდი ხნის გასული იყო და ის ცოცხალი და ენერგიული გამოეცხადა ექიმს, მის კითხვაზე, თუ რა მოიმოქმედა, პასუხი ასეთი იყო: „მე შვწყვიტე გადარჩენაზე ფიქრი, უბრალოდ ცხოვრება დავიწყე“. სწორედ ეს არის საიდუმლო რეცეპტი.

 

მასალა მოამზადა : ემმა კოპალეიშვილმა 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response