close
სიქოლოგია

სტრესის მართვა და ჯანსაღ მშობელთა ცხოვრება

118874583_3328756297189193_5627731322438777372_n

უნდა ვაღიაროთ, რომ თანამედროვე სამყაროში ბავშვის აღზრდა უფრო და უფრო მეტ საჭიროებას მოიცავს, რაც ხშირად მშობლების სტრესის გამომწვევი მიზეზი ხდება. ბავშვის აღზრდა და მასთან დაკავშირებული აურაცხელი პასუხისმგებლობა, დაწყებული ფინანსებზე შფოთვით და დამთავრებული ბავშვების სკოლიდან სპორტულ წრეებზე ტარებით, შესაძლოა შეუძლებლად და დაუძლეველად გვეჩვენოს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით (2010 APA Stress in America survey) მრავალი ამერიკელი ოჯახს სტრესის დიდმნიშვნელოვან წყაროდ განიხილავს (73%) და მიუხედავად იმისა, რომ მშობლები სტრესის მართვის საჭიროებას აღიარებენ, მხოლოდ მათი მცირე ნაწილი თვლის, რომ კარგად უმკლავდება მას (32%).

სტრესის მართვა

მრავალი ადამიანი სტრესის მართვას ისეთი არაჯანსაღი გზებით ცდილობს, როგორებიცაა ნიკოტინის, ალკოჰოლის მიღება და გადამეტებულად საკვების მიღება. მსგავსი ქცევა განსაკუთრებული საფრთხის შემცველია მშობლებისთვის, რომლებიც შვილებისთვის ქცევის მოდელს ქმნიან. კვლევები მიუთითებს, რომ მშობლების კვების რეჟიმი გავლენას ახდენს შვილის კვებით ჩვევებზე. ამიტომაც დედები და მამები, რომლებსაც სტრესისგან გამოწვეული არაჯანსაღი კვებითი რეჟიმი აქვთ, თავიანთ შვილებს რისკის ქვეშ აქცევენ. ასეთ ბავშვებს შესაძლოა ღარიბი სტრესის გამკვლავების მექანიზმი ჩამოუყალიბდეთ. ამის საპირისპიროდ, როდესაც მშობელი სტრესის მართვას, მაგალითად, ვარჯიშით ცდილობს, შვილებისთვის დადებით ქცევის მოდელს ქმნიან.

ჯანსაღი ცხოვრების წესი

მიუხედავად იმისა, რომ სტრესის მართვის ჯანსაღი მოდელის შექმნა რთული საქმეა, მშობლებს მრავალი მცირე ნაბიჯის გადადგმა შეუძლიათ ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. გრძელი და რთული სამუშაო დღის შემდეგ, შესაძლოა ტახტზე წამოწოლა და დასვენება უფრო მაცდურად ჟღერს, ვიდრე შვილებთან საუბარი. თუმცა, აქტიურად ყოფნა და დროის ბავშვებთან ერთად გატარება ოჯახში ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებას უწყობს წელს. ფიზიკური აქტივობა ენდორფინების გამოყოფაში გვეხმარება, რომლებიც სხეულს ბუნებრივი ენერგიის მატებით უზრუნველყოფს, რაც სტრესის ტოქსიკური გავლენებს ამცირებს. ოჯახის წევრებთან ერთად სასეირნოდ სიარული, დაჭერობანას თამაში შვილებთან ან ლაშქრობაში სიარული სტრესს საგრძნობლად შეამცირებს და ბავშვებისთვის დადებით, ჯანსაღ ცხოვრების წესის მოდელს შექმნის. ამ აქტივობების შესრულებამ შესაძლოა ენერგიის მატებაც გაგრძნობინოთ.

თუ კვლავ დაძაბულად და მშფოთვარედ გრძნობთ თავს სტრესიდან გამომდინარე, კიდევ ერთი გამკლავების გზა პროფესიონალთან ვიზიტია. მაგალითად, პრაქტიკოს ფსიქოლოგებს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლიათ სტრესორების მართვაში და, ზოგადად, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაგეხმარონ. სტრესის მართვის მრავალი მიდგომა არსებობს, მაგრამ პროფესიონალი ფსიქოლოგი თქვენი უნიკალური შემთხვევისთვის ყველაზე შესაფერისს შეარჩევს, რომელიც თქვენს ხასიათსა და საჭიროებებს საუკეთესოდ ერგება.

მასალა მოამზადა : მარიამ შავგულიძე

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი