close
აქართველო

სიქსტის კაპელაში დაგეგმილ კონცერტს ვატიკანის ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემს და ქართულ უნიკალურ მრავალხმიანობას მილიონობით ადამიანი მოისმენს

D7D1EC3A-59B9-4B52-B167-D461D56E1B72

სამების საპატრიარქო გუნდის ისტორიული კონცერტი სიქსტის კაპელაში და უნიკალური შენობა თბილისის ცენტრში, სადაც მგალობელთა გუნდი, სახელმწიფო ანსამბლი “ბასიანი” და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი ერთად განთავსდებიან. შენობის რეაბილიტაციას განათლების და კულტურის სამინისტროები ერთობლივად განახორციელებენ. ამ და სხვა სიახლეებსა და  წარმატებებზე ანსამბლ “ბასიანის” დამაარსებელი, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე საუბრობს:

–    ბევრი სიახლე გვაქვს. დავიწყებ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდით, რომელიც  1998 წელს  შეიქმნა. მაშინ  უკვე დაწყებული იყო ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა, მანამდე კი სიონის საკათედრო ტაძარში ვგალობდით. გუნდმა დიდი ღვაწლი გასწია ქართული გალობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის საქმეში…. და აი რამდენიმე დღეში, 26 ივნისს გვაქვს ისტორიული კონცერტი ვატიკანში, სიქსტის კაპელაში. მივემგზავრებით კათოლიკური ეკლესიის მეთაურის, რომის პაპის ფრანცისკე პირველის მიწვევით. ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის გამოსვლა არა მარტო ამ გუნდისთვის, არამედ მთლიანად ქართული კულტურისთვის.

სიქსტის კაპელაში დაგეგმილ კონცერტს ვატიკანის ტელევიზია პირდაპირ ეთერში სრულად გადასცემს. მილიონობით ადამიანი მოისმენს ქართულ უნიკალურ მრავალხმიანობას.   ასევე,  29 ივნისს ორ საგალობელს  შევასრულებთ წმინდა პეტრეს ტაძარში,  რომელსაც პირადად დაესწრება რომის პაპი ფრანცისკე პირველი და ვატიკანში ვიზიტად მყოფი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია.  შესრულდება “შენ ხარ ვენახი” და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის მიერ შექმნილი საგალობელი “ავე მარია”. ეს არის გუნდის ისტორიული გასტროლი.

–    დეტალურად მოგვიყევით, 26 ივნისის საღამოს  რეპერტუარის შესახებ, რამდენ ხანს გაგრძელდება კონცერტი სიქსტის კაპელაში? 

–    კონცერტი ერთმოქმედებიანია, სულ საათნახევრს გაგრძელდება. შესრულდება ტრადიციული საეკლესიო საგალობლები, ხალხური სიმღერები და ქართული პროფესიული საგუნდო მუსიკა – იოსებ კეჭაყმაძის, ზვიად ბოლქვაძის და იოსებ ბარდანაშვილის ნაწარმოებები. ასევე, შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ორი საგალობელი “კირიე ელეისონ” და “ავე მარია”. პროექტი ხორციელდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის  სამინისტროს მხარდაჭერით, რისთვისაც მადლობას ვუხდით სამინისტროს, ქალბატონ თეა წულუკიანს და  მინისტრის მოადგილეს ბატონ კახა სიხარულიძეს. დიდი შრომა გასწია ქალბატონმა ქეთევან ბაგრატიონმა, ჩვენმა ელჩმა ვატიკანში და ასევე, წმინდა საყდრის დესპანმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ ჟოზე ა. ბეტანკურიმ.

რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა საქართველოს  საპატრიარქოს.  მათი თანხმობით და ინიციატივით ხორციელდება  ეს ისტორიული მნიშვნელობის ღონისძიება. მადლობა ფონდ “ქართულ გალობას” და ყველას,   ვინც  წვლილი შეიტანა ამ დიდებული კონცერტის  ორგანიზებაში.  ვემზადებით განასკუთრებულად, ინტენსიური რეპეტიციები მიმდინარეობს. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გუნდის სრულ შემადგენლობას  შეუკერა ახალი სასცენო სამოსი, რომლითაც პირველად  წარვსდგებით სიქსტის კაპელაში.  ამ წარმატებისთვის გუნდი 24 წელია მუხლჩაუხრელად შრომობს, სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით. სვიმონი არის დახვეწილი მუსიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. იგი არის ქართული საეკლესიო გალობის ანთოლოგიის  გამოცემის იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი, რომელსაც  ფოლკლორის ცენტრი ახორციელებს.

სვიმონ ჯანგულაშვილს დიდი დამსახურება აქვს ქართული გალობის წინაშე. სამების გუნდი არის ერთ – ერთი ბრწყინვალე ვარსკვლავი დღევანდელ ქართულ კულტურულ რეალობაში. გუნდს შეუძლია მრავალფენოვანი პროგრამა   ვირტუოზულად შეასრულოს –  როგორც  ქართული საგალობლები, ასევე ხალხური სიმღერები და პროფესიული საგუნდო ნაწარმოებები. გუნდის წევრები გამორჩეულად გალობენ, რაშიც დიდი შრომაა ჩადებული. დღეს უკვე აღსანიშნავია სახელმწიფოს სწორი მიდგომა და დამოკიდებულება ამ სფეროს მიმართ. ამის შედეგია 26 და 29 ივნისი, რომელიც  თავისთავად უკვე დიდი წარმატებაა და მომავალში  კიდევ უფრო მეტ შედეგს მოიტანს.

–    სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო მგალობელთა გუნდის წევრები არიან ხალხური სიმღერის ანსამბლ “ბასიანის” მომღერლებიც. ამ ანსამბლის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი  ხართ და “ბასიანმა” უკვე საკმაოდ დიდი წარმატების მიღწევა შეძლო…

–    2000  წელს მგალობელთა გუნდის ბაზაზე შეიქმნა ხალხური სიმღერის  ანსამბლი    “ბასიანი”. მას 2013 წლიდან მიენიჭა სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი. ჩვენი მთავარი მიმართულებაა მივიწყებული ხალხური სიმღერების მოძიება და გაცოცხლება. სახელმწიფო ანსამბლის სტატუსის მინიჭებას წინ უძღოდა 2010 წელს ნიუ-იორკის ლინკოლნის ცენტრში ერთ-ერთი წარმატებული კონცერტი. “ბასიანს” სულ მალე ექნება საკუთარი შენობა. 2013 წლიდან დღემდე “ბასიანი” ფოლკლორის ცენტრში ვმეცადინეობთ, ასევე ფოლკლორის ცენტრში აქვს რეპეტიციები სამების ტაძრის  მგალობელთა გუნდს.

აქვე უნდა ვთქვა გალობის უნივერსიტეტზეც. 2006 წელს, ანზორ ერქომაიშვილის იდეით, უწმინდესის კურთხევით და ბატონი ვანო ჩხარტიშვილის  მხარდაჭერით შეიქმნა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სასწავლებელი. ამ უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა  და მისმა პედაგოგებმა ძალიან ბევრი იშრომეს, რომ   უნივერსიტეტის მნიშვნელობა გაზრდილიყო. უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა სახელმწიფო აკრედიტაცია და უამრავი პროფესიონალი აღუზარდა სამშობლოს.

გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები არიან ფოლკლორის ცენტრის  მიერ  30 მუნიციპალიტეტში დაფუძნებული სალოტბარო სკოლების  ლოტბარების უმრავლესობა. სვიმონიც და მეც, უნივერსიტეტის დაარსების დღიდან, სასწავლებელში ვმუშაობთ პედაგოგებად.  სასწავლებელს ასევე არ ჰქონდა საკუთარი შენობა. ამიტომ დადგა საკითხი, რომ მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტს, ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ “ბასიანს” და სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს, რომლებიც წლებია დიდ საქმეს აკეთებენ, სჭირდებათ  ღირსეული სარეპეტიციო სივრცე საქმიანობისთვის, საკლასო  ოთახები, ჩამწერი სტუდა და ა.შ.

ჯერ კიდევ გაერთიანებული იყო კულტურისა და განათლების სამინისტროები, როდესაც ეს საკითხი წამოვწიეთ. გადმოგვეცა შენობა ჩუბინაშვილის ქუჩაზე. ამ თემის დადებითად გადაწყვეტაში დიდი წვლილი  ბატონმა მიხეილ ჩხენკელმა შეიტანა. შენობა უნიკალურია, რომლის განახლება – აღდგენა უკვე გადაწყდა. კულტურისა და განათლების სამინისტროები ერთობლივად ახორციელებენ ამ პროექტს. რეაბილიტაცია რამდენიმე წელიწადში დასრულდება  და მგალობელთა გუნდი, “ბასიანი” და გალობის უნივერსიტეტი იქნებიან ერთ ჭერქვეშ, სადაც საქმიანობას ღირსეულ პირობრბში გააგრძელებენ.

–    კიდევ რომელი პროექტებია სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი?

–    ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გვაქვს რამოდენიმე  გრძელვადიანი პროექტი, რომლებიც წლების წინ დავიწყეთ. ესენია – სალოტბარო სკოლები 30 მუნიციპალიტეტში, ქართული ტრადიციული საეკლესიო გალობის ანთოლოგიის მრავალტომეულის გამოცემა, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები. კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მხრიდან  სრული მხარდაჭერა გვაქვს.  ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, კულტურის და განათლების სამინისტროების გაერთიანებისას, ბატონი მიხეილ ჩხენკელი იყო ქართული ფოლკლორის დიდი მხარდამჭერი, რისი დავიწყებაც არ შეიძლება და მინდა მადლიერება გამოვხატო მის მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ ეს  მხარდაჭერა  დღესაც გრძელდება.

–    “ბასიანის” წლევანდელ გეგმებსა და გასტროლებზეც რომ გვითხრათ, მსოფლიოს რომელ ქალაქებში მოუსმენენ ქართულ პოლიფონიას?

–    როგორც კი პანდემია დასრულდა დაიწყო მოწვევები უცხოეთიდან. უკვე გვქონდა რამდენიმე გასტროლი ევროპაში. ივლისში მივდივართ შვეიცარიაში. ახლახან დავბრუნდით ათენიდან, სექტემბერში გველიან გერმანიასა და ჰოლანდიაში. ნოემბერში ამერიკაში გვაქვს ხუთი კონცერტი. ანსამბლის ეს უკვე მეექვსე  გასტროლია აშშ-ში.  რამდენიმე შტატში ” ბასიანს” უკვე თავისი მსმენელი ჰყავს. ისინი გველოდებიან და ჩვენც ველოდებით მათთან შეხვედრას. გასტროლების პარალელურად, ყოველთვის ვახერხებთ ქართველი მსმენელისთვის კონცერტების გამართვას და ასე იქნება წელსაც. 24 სექტემბერს, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში ფესტივალ “შემოდგომის თბილისის” ფარგლებში ანსამბლ “ბასიანის” სოლო კონცერტი გაიმართება.

წყარო : იმედი 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი