close
რქეოლოგიასტორიააქართველო

საწურბლიას მღვიმის ნიადაგში აღმოჩენილი ადამიანის, მგლისა და ბიზონის დნმ-ი გაიშიფრა

233456

საქართველოს, ავსტრიის, ბრიტანეთის, დანიის, ირლანდიისა და ისრაელის სამეცნიერო ინსტიტუციების მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევების შედეგად წამყვან სამეცნიერო ჟურნალში Current Biology გამოქვეყნდა სტატია „სედიმენტიდან მიღებული 25,000 წლის წინანდელი დნმ-ი, ადამიანის, მგლისა და ბიზონის გენომის სეკვენირებული შკალა“ (Genome-scale sequencing and analysis of human, wolf, and bison DNA from 25,000-year-old sediment).

სტატიაში აღწერილია საწურბლიას მღვიმეში 25 ათასი წლის წინანდელი ადამიანისა და ძუძუმწოვრების ბირთვული და მიტოქონდრიალური დნმ-ი, რომელიც გაიშიფრა shotgun მეთოდით.

კვლევა ეყრდნობა 2012-2017 წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის, წყალტუბოს ქვის ხანის შემსწავლელი საერთაშორისო, ინტერდისციპლინური ექსპედიციის მიერ მოპოვებული მასალის ანალიზების შედეგებს. მეცნიერების ინტერნაციონალურმა ჯგუფმა გამოიყენა ინოვაციური მეთოდი და შეძლო სეკვენირების შედეგად გამოეყო გარემოს დნმ-ით მდიდარი მასალა.

Current Biology-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილია მღვიმის ნიადაგიდან (აქამდე კვლევები ანთროპოგენურ ან ფაუნისტურ მასალაზე ტარდებოდა) მიღებული დნმ-ის გაშიფვრის შედეგად მიღებული შედეგები, რომელიც აღწერს სამი ძუძუმწოვრის პოპულაციის ისტორიას.

ამ ახალმა მეთოდმა დაამტკიცა, რომ ძვლოვანი მასალის/ჩონჩხის არ არსებობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია გარემოს გენომის მიღება. ანალიზით დამტკიცდა, რომ SAT29 ნიმუში წარმოადგენს ადამიანის იმ გამქრალ გენს, რომელმაც დიდი როლი შეასრულა დღევანდელი დასავლეთ ევროპის მოსახლეობის გენეტიკაში. შედეგების გადასამოწმებლად მეცნიერებმა შეადარეს ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილი ადამიანის ძვლოვან მასალას და დაასკვნეს, რომ ამ ორ ინდივიდს ერთნაირი გენეტიკური მახასიათებელი აქვს. აღნიშნული კვლევით კიდევ ერთხელ დამტკიცდა რომ, ევრაზიის კონტინენტზე, უკანასკნელი გამყინვარების შემდგომ პერიოდში, ძირითადი მოსახლეობა სამხრეთ კავკასიის გენის მატარებელია.

კვლევამ გამოავლინა სავარაუდოდ გადაშენებული კავკასიური მგლისა და ძაღლის მემკვიდრეობითი ხაზი, ასევე ევროპული ბიზონის გენი, რომლის მემკვიდრეა თანამედროვე სახეობა. მიღებული შედეგები ახალ მონაცემებს იძლევა გვიან პლეისტოცენის (ზედაპალეოლითური) ძუძუმწოვართა სამი სახეობის გენეტიკის ისტორიაში და აღწერს ნიადაგში დნმ-ის სეკვენირების ‘shotgun’ მეთოდის გამოყენების შედეგებს, რომელიც იძლევა ჩვენი წინაპრის შესახებ უფრო ფართო ინფორმაციას და მის ფილოგენეტიკური კავშირების დადგენის შესაძლებლობას.

სამხრეთ კავკასიამ, რომელიც კაცობრიობის კულტურათა გზაჯვარედინადაა მიჩნეული, კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გეოგრაფიული, კულტურული და ისტორიული გავლენა ძველი მსოფლიოს ისტორიაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი