close
ვლევებიედიცინა

როგორ გავიძლიეროთ იმუნური სისტემა კორონავირუსის პანდემიის დროს?

C7F137A0-8D48-43EF-8F41-6748A8D07B21_cx0_cy26_cw0_w1023_r1_s

კორონავირუსის პანდემიის დროს არაერთი ჩვენგანი ფიქრობს, თუ რის გაკეთება შეიძლება ვირუსის თავიდან ასაცილებლად, შვილების, მშობლების, ოჯახის სხვა წევრების ჯანმრთელობის დასაცავად. სოციალურ ქსელებში უამრავი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება იმაზე, თუ რა ვჭამოთ, რა დავლიოთ და როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან. ხშირად, დეზინფორმაცია იმდენად არასწორია, რომ მას არაერთი ადამიანის სიცოცხლეც კი შეეწირა იმის გამო, რომ ცრუ მეთოდებით თავის დაცვის ნაცვლად, მათ საკუთარი ჯანმრთელობა ფატალურად დაიზიანეს.

პირველ რიგში, ყველა კომპეტენტური წყარო გეტყვით, რომ კორონავირუსისგან თავის დასაცავად სოციალურ დისტანცირებასა და პერსონალურ ჰიგიენაზე ეფექტური მეთოდი არ არსებობს. არ არსებობს აბი, სითხე, ან მალამო, რომელიც კოვიდ-19-სგან დაგვიცავს. არ არსებობს კონკრეტული მედიკამენტი, ვიტამინი ან დიეტური დანამატი, რომელიც კორონავირუსისგან დაგვიცავს. შეერთებულ შტატებში ნებისმიერ კომპანიას, რომელიც ამას ამტკიცებს და პროდუქციას ამ ნიშნით ყიდის, ფედერალური მთავრობის სააგენტო იძიებს.

თუმცა, არის კარგი ამბავიც – თითოეულ ჩვენგანს შეუძლია საკუთარ იმუნურ სისტემას ოპტიმალურად მუშაობაში დაეხმაროს. ზოგიერთი რამ, რის გაკეთებაც დამატებითი ხარჯების გარეშე მარტივად შეიძლება, არის ხელების სწორი დაბანა, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტიურობა, სტრესის შემცირება და კარგი ძილი (მინიმუმ 8 საათი).

ექსპერტები იმუნური სისტემის დახმარებას ორი ძირითადი გზით გვირჩევენ. ერთი არის საკვები, მეორე კი სტრესის მართვა, ვარჯიში და საკამარისი ძილი. უკვე ათწლეულებია მედიკოსები აცხადებენ, რომ სტრესი და ზოგადი ნეგატიური დამოკიდებულება ყოველდღიურობისადმი, სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, გაციების მიმართ მიდრეკილებას ზრდის.

ამერიკის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით ერთ-ერთი საუკეთესო გზა ჯანსაღი კვებაა. ადამიანის იმუნური სისტემა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იღებს ის ყველა საჭირო მინერალს, ვიტამინის და ანტიოქსიდანტს. იმუნური სისტემის ოპტიმალური მუშაობისთვის, რაც ზოგიერთი ვირუსული ან ბაქტერიული დაავადებისგან გვიცავს ან დაავადების სიმწვავეს ამცირებს, რეკომენდებულია ხილისა და ბოსტნეულის სისტემატური მიღება.

რომელი ხილი და ბოტნეული შეიცვავს ყველაზე სასარგებლო ნივთიერებებს?

ვიტამინი

საკვების ამ კატეგორიაში შედის სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, ისპანახი, ბროკოლი, ბოსტნის კომბოსტო (კეილი), მანგო, ნესვი და გოგრა. ბეტა-კაროტინს, რომელსაც ეს ხილ-ბოსტნეული დიდი რაოდენობით შეიცავს, ორგანიზმი A ვიტამინად აქცევს. A ვიტამინი კი იმიტომაა მნიშვნელოვანი იმუნური სისტემისთვის, რომ ის ანტისხეულებს ეხმარება ტოქსინების და უცხო ნაწილაკების განდევნაში.

ვიტამინი

C ვიტამინი სისხლში ანტისხეულების დონეს ზრდის და იმუნურ სისტემას ეხმარება იმის გარკვევაში, თუ რა სახის დაცვა სჭირდება მას. ამერიკის ბიოტექნოლოგიური ინფორმაციის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 200 მილიგრამით მეტი C ვიტამინის მიღებამ შეიძლება გაციების სიმპტომებიშეგვიმსუბუქოს და შეგვიმოკლოს. ამ დამატებითი 200 მილიგრამის მიღება კი ადვილადაა შესაძლებელი ფორთოხლის, გრეიფრუტის, კივის, მარწყვის, წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკის, ბროკოლის, კომბოსტოსა და ყვავილოვანი კომბოსტოს მირთმევით.

D ვიტამინი

D ვიტამინის ნაკლებობამ, შესაძლოა, იმუნური სისტემა დაასუსტოს. იგივე კვლევა ამბობს, რომ D ვიტამინმა ფილტვები შესაძლოა მწვავერესპირატორული ინფექტიებისგან დაიცვას. D ვიტამინის მიღება ზოგიერთი ამ საკვებითაა შესაძლებელი: ცხიმიანი თევზი, მათ შორის, ორაგული და დაკონსერვებული სარდინი, კვერცხი, რძე და მცენარეული (სოიოს, ნუშის, ბრინჯის) „რძის“ პროდუქტები, ყველი, ტოფუ და სოკო.

ბოსტონის უნივერსიეტეტის პროფესორი და D ვიტამინის ერთ-ერთი წამყვანი მკვლევარი მსოფლიოში დოქტორი მაიკლ ჰოლიკი ამბობს, რომ D ვიტამინი იმუნურ სისტემას ეხმარება აწარმოოს ცილა, რომელიც „კლავს ინფექციურ აგენტებს, მათ შორის, ბაქტერიებს და ვირუსებს.“

თუთია

თუთია იმუნური სისტემის უჯრედებს გაზრდის და გამრავლების საშუალებას აძლევს. თუთიამ შეიძება ხელი შეუწყოს გაციების სიმპტომების შემსუბუქებას და შემოკლებას. თუთიის წყაროებში შედის: ლობიო და სხვა პარკუჭეული, ტოფუ, კაკალი, თხილი, მზესუმზირა, მოლუსკები, კიბორჩხალა, ლობსტერი, ძროხის ხორცი, ღორის ხორცი, ქათმის მუქი ხორცი და მაწონი.

სასარგებლო ცილები

იმუნური სისტემა შენობად რომ წარმოიდგინოთ, ცილები თითოეული აგურია, რომელიც მის ასაშნებლად გამოიყენება. ამიტომ, ცილების მიღება იმუნური სისტემის სიჯანსაღისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ცილების მიღბა შესაძლებელია როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური წყაროებისგან. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ცილები შეიძლება მივიღოთ შემდეგი საკვებისგან: თევზი, ქათმის ხორცი, ძროხის ხორცი, რძე, მაწონი, კვერცხი, ხაჭო და არაცხოველური წარმოშობის წყაროებიდან, როგორიცაა კაკალი, თხილი, მიწისთხილი, ნუში, მზესუმზირა, გოგრის თესლი და ლობიო.

მომნელებელი სისტემა და ბაქტერიული ბალანსი

ჯონს ჰოპკინსის უნივერისტეტის კვლევის თანახმად, მომნელებელი სისტემის ჯანსაღი მოქმედება იმუნურ სისტემასთან პირდაპირ კავშირშია. უფრო მეტიც, „თქვენი იმუნური სისტემის უდიდესი ნაწილი თქვენ მომნელებელ სისტემაში მდებარეობს,“ აცხადებს დენ პიტერსონი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორი. სწორი კვება, ვარჯიში და ხშირად ხსნადი და უხსნადი ბოჭკოვანი ქსოვილის შემცველი საკვების მიღება ნაწლავების და ზოგადად, მომნელებელი სისტემის სიჯანსაღისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეიოს კლინიკის ინფორმაციით, სასარგებლო უხსნადი ბოჭკოების შემცველი საკვები არის: ჟოლო, მსხალი, ვაშლი (კანით), მარწყვი, ფორთოხალი, მუხუდო, ბროკოლი, უმი ყვავილოვანი კომბოსტო, უმი სტაფილო, ლობიო, სხვადასხვა მარცვლეული და გერკულესი.

და ბოლოს… დალიეთ წყალი

ნებისმერი დროს, იქნება ეს პანდემიის პერიოდი, გრიპის სეზონი, თუ უბრალოდ წელიწადის ნებისმიერი დღე, მედიკოსები გვეუბნებიან, რომ სითხის ნაკლებობას ბევრი სხვადასხვა სისტემის დაზიანება შეუძლია. ამიტომ, ექიმების რეკომენდაციაა, ყოველდღიურად, თავიდან აიცილოთ ორგანიზმის გაუწყლოვნება. ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, საკმარისი სითხის მისაღებად, შეგიძლიათ მიირთვათ ზოგიერთი ხილი, ბოსტნეული, სუპი ან უბრალოდ დალიოთ წყალი. ზოგად რეკომენდაციზე დაყრდნობით, ქალებისთვის წყლის მიღების ოპტიმალური ოდენობა დღეში 2.7 ლიტრია, კაცებისთვის კი – 3.7 ლიტრი. მედიკოსები ასევე გვაფრთხილებენ, რომ გაზიანი გამაგრილებელი სასმელები, ყავა, შავი ჩაი და კოფეინის შემცველი სხვა სასმელები შარდმდენებია და ორგანიზმის გაწყლოვანების ნაცვლად, მის სითხისგან დაცლას უწყობნენ ხელს.

წყარო : amerikiskhma.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2