close
სტრონომია - კოსმოსიედამიწაკოლოგიავლევები

ოზონის ხვრელის დაპატარავებამ სამხრეთ ნახევარსფეროს ჰაერის ცირკულირებაზე დადებითად იმოქმედა

1571755239-2019hole1-1024×576

ანტარქტიდის თავზე ოზონის ფენა უკვე იმდენად აღდგა, რომ შეჩერდა სამხრეთ ნახევარსფეროს ატმოსფეროში მიმდინარე მრავალი შემაშფოთებელი ცვლილება. ამისათვის მადლობა მთელ მსოფლიოს ეკუთვნის, კაცობრიობის ერთობლივ ძალისხმევას.

ახალი კვლევის მიხედვით, ამ პროცესის შეჩერებისა და უკუქცევის მიზეზი უნდა იყოს მონრეალის პროტოკოლი – 1987 წელს მიღებული შეთანხმება ოზონის გამანადგურებელი ნივთიერებების წარმოების შეწყვეტის შესახებ.

ჩვენი პლანეტის პოლუსების თავზე, ძალიან მაღლა, მორევივით ბრუნავს ჰაერის სწრაფი დინებები, რომლებსაც ჭავლურ ნაკადებს უწოდებენ. 21-ე საუკუნის დადგომამდე, სამხრეთ პოლუსის თავზე ოზონი გამოილია და იქაური ჭავლური ნაკადი უჩვეულოდ სამხრეთით გადასწია. შედეგად, შეიცვალა ნალექების მახასიათებლები და ოკეანის დინებები.

თუმცა, მონრეალის პროტოკოლის გაფორმების შემდეგ, ჰაერის ეს მიგრაცია უეცრად შეჩერდა. საინტერესოა, იყო თუ არა უბრალო დამთხვევა?

მოდელებისა და კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით, მეცნიერებმა ახლახან დაადგინეს, რომ მოძრაობის ასეთი შეჩერება მხოლოდ ქარებში მომხდარი ბუნებრივი ძვრების შედეგი არ ყოფილა. ჭავლური ნაკადის შორს გადაადგილების უეცარ შეჩერებას მხოლოდ ოზონის ცვლილება ხსნის.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ პროცესზე დიდი გავლენა იქონია მონრეალის პროტოკოლმა, ჭავლური ნაკადის სამხრეთით მიგრაცია შეჩერდა და ოდნავ უკუიქცა კიდეც, რაც მეტად სასიხარულო ამბავია.

ჭავლური ნაკადის ცვლილების გავლენა ძალიან დიდი იყო სამხრეთ ნახევარსფეროზე. მაგალითად, ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროებთან შემცირდა ნალექების რაოდენობა და გაიზარდა გვალვების რისკი.

თუმცა, ზეიმი შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ ოზონის გამანადგურებელი ნივთიერებების წარმოების შეწყვეტამ ოზონს ასე თუ ისე აღდგენის საშუალება მისცა, საგრძნობლად იზრდება ნახშირორჟანგის დონე და მთელ ამ პროგრესს რისკის ქვეშ აყენებს.

გასულ წელს, ანტარქტიდის ოზონის ხვრელი 1982 წლის შემდეგ ყველაზე მეტად დაპატარავდა, მაგრამ პრობლემა ჯერ გადაჭრილი არ არის და ამ მაჩვენებლის მიზეზი გარკვეულწილად იყოს უჩვეულოდ ზომიერი ტემპერატურა ატმოსფეროს ამ ზედა ფენაში.

გარდა ამისა, ბოლო წლებში, მონრეალის შეთანხმების დარღვევით სამხრეთ ჩინეთის ინდუსტრიული რეგიონებიდან კვლავ გამოჩნდა ოზონის გამანადგურებელი ქიმიური ნივთიერებების ტალღა.

„ამ პროცესს ჩვენ პაუზას ვუწოდებთ, რადგან პოლუსებისკენ მიმართული ცირკულაციის ტენდენცია შეიძლება დასრულდეს, გაბრტყელდეს ან უკუიქცეს. ეს გახლლავთ ომი ოზონის აღდგენისა და მომატებული სათბურის აირების ეფექტებს შორის, რამაც უნდა განსაზღვროს სამომავლო ტენდენცია“, — ამბობს კოლორადო-ბულდერის უნივერსიტეტის ატმოსფეროს ქიმიკოსი ანტარა ბანერხეე.

მონრეალის პროტოკოლი ნათელი დასტურია იმისა, რომ თუ ჩვენ ვიმოქმედებთ გლობალურად და დაუყოვნებლივ, შეგვიძლია შევაჩეროთ და უკუვაქციოთ კიდეც ის საფრთხეები, რომლებიც ჩვენვე გამოვიწვიეთ.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია colorado.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო : 1tv.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2