close
იზიკა

ნობელის პრემია ფიზიკის დარგში შავი ხვრელის მკვლევრებს გადაეცათ

sdfdsfg

სამი მეცნიერი, რომლებიც შავ ხვრელებს იკვლევდნენ და მათი ზოგიერთი საიდუმლო ამოხსნეს, ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი გამარჯვებული გახდა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა ბრიტანელმა როჯერ პენროუზმა ფულადი პრიზის ნახევარი – 10 მილიონი შვედური კრონი (1,1 მილიონი აშშ დოლარი)  – იმის დამტკიცებისთვის მიიღო, რომ შავი ხვრელები ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორიის პირდაპირი შედეგია.

პენროუზმა 1965 წელს დაამტკიცა, რომ შავი ხვრელების ფორმირება რეალურია. მან ისინი დეტალურად აღწერა და განაცხადა, რომ შავი ხვრელების ცენტრები განსაკუთრებულია იმით, რომ იქ დრო და სივრცე არსებობას წყვეტს.

მაქს პლანკის ინსტიტუტისა და ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის გერმანელმა მეცნიერმა რეინჰარდ გენზელმა და ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერმა ანდრეა გეზმა ჯილდოს მეორე ნახევარი გაიყვეს, რომელიც მათ იმის აღმოჩენისთვის ხვდათ წილად, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში ვარსკვლავების ორბიტებს უხილავი და უკიდურესად მძიმე ობიექტი მართავს.

აღსანიშნავია, რომ გეზი მეოთხე ქალია მსოფლიოში, რომელსაც ნობელის პრემია ფიზიკის დარგში მიენიჭა. მისი წინამორბედები იყვნენ : მარი სკლოდოვსკა-კიური 1903 წელს, მარი გეპერტ-მაიერი 1963 წელს და დონა სტრიკლენდი 2018 წელს.

შეგახსენებთ, გუშინ  ნობელის პრემიის ლაურეატები მედიცინის დარგში დასახელდნენ.  პრემია სამმა ვირუსოლოგმა –  ჰარვი ალტერმა, ა.შ.შ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტებიდან, მაიკლ ჰაუტონმა, ალბერტას უნივერსიტეტიდან და ჩარლზ რაისმა, როკფელერის უნივერსიტეტიდან- С ჰეპატიტის ვირუსის აღმოჩენისთვის მიიღო.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი