close
სტრონომია - კოსმოსი

მეცნიერებმა კოსმოსში ყველაზე ძველი მოლეკულა აღმოაჩინეს

426265262

ასტროფიზიკოსებმა ისტორიაში პირველად დააფიქსირეს კოსმოსში ჰელიუმის ჰიდრიდი (HeH⁺) – პირველი მოლეკულური შენაერთი, რომელიც დიდი აფეთქების შემდეგ გაჩნდა. ეს აღმოჩენა სამყაროს განვითარების ადრეული ეტაპების შესახებ თანამედროვე მეცნიერებაში აქამდე არსებულ თეორიებს ადასტურებს.

დიდი აფეთქების შემდეგ სამყაროში მხოლოდ წყალბადი, ჰელიუმი და ლითიუმი იყო – მაღალი ტემპერატურის გამო ეს ყველაფერი პლაზმურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მატერიის გაფართოების პარალელურად მისი ტემპერატურა ეცემოდა, რის გამოც ატომებისა და მოლეკულების შექმნა გახდა შესაძლებელი. პირველი მოლეკულა სწორედ ჰელიუმის ჰიდრიდი – ჰელიუმის ნეიტრალური ატომისა და წყალბადის იონის შენაერთი გახდა. ის დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 100 ათასი წლის შემდეგ გაჩნდა, როდესაც ტემპერატურა 4000 კელვინს აღწევდა.

ჰელიუმის ჰიდრიდი ადვილად შედიოდა რეაქციაში ნებისმიერ ნეიტრალურ მოლეკულასთან თუ ატომთან – რის გამოც ის საკმაოდ მოკლე დროში პრაქტიკულად გაქრა. წყალბადის ატომებთან მისი ურთიერთქმედების შედეგად სამყაროს შემდგომი განვითარების მთავარი საფუძველი – მოლეკულარული წყალბადი გაჩნდა.

ლაბორატორიულ პირობებში დედამიწაზე ჰელიუმის ჰიდრიდი ჯერ კიდევ 1925 წელს შექმნეს, თუმცა აქამდე მეცნიერები კოსმოსში მის არსებობას ვერ ადასტურებდნენ. ახალ კვლევაში მონაცემთა შესაგროვებლად გამოიყენებოდა მფრინავი ობსერვატორია SOFIA – Boeing 747SP-ის ტიპის თვითმფრინავზე დამონტაჟებული ტელესკოპი, რომელიც გადაღებას 13 კილომეტრის სიმაღლეზე აწარმოებდა.

მოლეკულა NGC 7027 პლანეტარულ ნისლეულში აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწიდან 3000 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს.

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2