close
ედიცინა

მედიკოსები : ახალი კორონავირუსი არა სიმპტომების გამოჩენის შემდეგ, არამედ ინკუბაციის პერიოდშია გადამდები

nvxncvzc

ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსი – „2019-nCoV“ – არა სიმპტომების გამოჩენის შემდეგ, არამედ ინკუბაციის პერიოდში ვრცელდება. ეს ფაქტი კი, მედიკოსების განმარტებით, ვირუსის შეჩერებას გაართულებს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მა შაოვეის თქმით, ვირუსის გავრცელების უნარი და ტემპი მატულობს.

ადამიანებში ინკუბაციის პერიოდი -ანუ დრო, როდესაც ადამიანი უკვე დაინფიცირებულია, თუმცა ვირუსის სიმპტომები ჯერ არ აქვს, 14 დღეს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც არც კი იცის რომ დაინფიცირებულია, ვირუსის გადამტანია.

აქედან გამომდინარე, ზოგიერთი მედიკოსი მიიჩნევს, რომ მგზავრების აეროპორტებში შემოწმება და სკრინინგი, რასაც არაერთმა ქვეყანამ მიმართა, არაეფექტურია.

ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინჰუას“ ინფორმაციით, ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვირუსის სავარაუდო წყარო გარეული ცხოველები არიან. სააგენტო იუწყება, რომ კორონავირუსი აღმოჩენილია ქალაქ უხანის ზღვის პროდუქტების ბაზრიდან აღებულ სახეობებში.

„ზღვის პროდუქტების ბაზრიდან აღებული 585 სახეობიდან 33-ში აღმოჩენილია კორონავირუსის ნუკლეინმჟავა. ამ სახეობებიდან შესაძლებლი გახდა ვირუსის გამოყოფა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვირუსის წყარო გარეული ცხოველები არიან, რომლითაც ხუანანის ბაზარზე ვაჭრობენ“, – „სინჰუა“.

ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ჩინეთის ხელისუფლებამ არაერთი პრევენციული ზომა გაატარა : კვირიდან ქვეყანაში აიკრძალა ცხოველისა და ფრინველის გაყიდვა, ქალაქ უხანში, რომელსაც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრად მიიჩნევენ, კარანტინია გამოცხადებული და სასწრაფო დახმარების მანქანების გარდა ყველანაირი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გადაადგილებაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვებია დაწესებული ქვეყნის სხვა რამდენიმე ქალაქშიც.

ჩინეთის გარდა ვირუსის შემთხვევები დადასტურდა იაპონიაში, ტაივანში, ნეპალში, ტაილანდში, ვიეტნამში, სინგაპურში, ავსტრალიაში, აშშ-ში და საფრანგეთში.

ბოლო მონაცემებით, ვირუსს ჩინეთში, 81 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 2,744-ია.

წყარო : Reuters ; BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2