close
მიგრანტი

მარიამ ლომთაძის ამერიკული ოცნება და 6 უნივერსიტეტიდან მიღებული 100%-იანი დაფინანსება

0BA20A62-5954-4E16-BB1E-5BA7CDB4A05B

„მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი პროგრამით სტუდენტობა არ არის ერთადერთი გზა წარმატების მისაღწევად, ყოველთვის მქონდა ინტერესი, გამეგო, რა ხდებოდა იმ იზოლირებული სივრცის გარეთ, სადაც ვცხოვრობდი,“- ამბობს ნიჭიერი, შრომისმოყვარე, მიზანსწრაფვული და უკვე წარმატებული 19 წლის ტყიბულელი ახალგაზრდა, მარიამ ლომთაძე. იგი ჩვენს ქალაქსა და თავის გულშემატკივარს მუდმივად საინტერესო პროექტებში გამარჯვებით ახარებს. მან ახლახახანს ამერიკის ექვსი უნივერსიტეტიდან 100%-იანი დაფინანსება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს N6 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ორ საერთაშორისო პროგრამაში ერთდროულად გაიმარჯვა. მან ჯერ ერთი თვე ამერიკის საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ – ბენჯამინ ფრანკლინის საზაფხულო ინსტიტუტში დაჰყო და, 45 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს მცირეწლოვანი ელჩის სტატუსი მიიღო საერთაშორისო ასპარეზზე, შემდეგ კი, მალევე ჩინეთში გაემგზავრა, სადაც United World College-ში სრული დაფინანსებით (120 000$) სწავლა გააგრძელა საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამით, სხვა ეროვნების 105 წარმომადგენელთან ერთად.

აბსოლუტურად განსხვავებული კულტურის მქონე ქვეყანაში ადაპტაცია მარტივი არ ყოფილა. თუმცა, მშობლებისაგან მიღებულმა სტიმულმა, რომ სიახლე საშიში არასოდესაა, თუ მას სწორი რაკურსით შეხედავ, გადამწყვეტი როლი ითამაშა ჯერ მის გამგზავრებაში და შემდგომ – იქ ცხოვრებაში. მართლაც, გამოწვევებთან გამკლავების კულმინაციად იქცა მსოფლიო პანდემია, რის გამოც მარიამს მოულოდნელად, თანატოლებთან ერთად, ჩინეთის სასწრაფოდ დატოვება, ევაკუაციით მოუწია. უკვე სამშობლოში დაბრუნებულს მას 6 – თვიან ონლაინ სწავლების პროცესში ჩაბმა მოუხდა, განსხვავებულ საათობრივ განრიგთან შეგუებით, როცა ლექციები ღამის 3 საათიდან იწყებოდა და დილამდე გრძელდებოდა. სამწუხაროდ, იმ რეგულაციების გამო, რომელიც ჩინეთის მთავრობამ დააწესა ქვეყანაში დაბრუნება შეუძლებელი გახდა.

მარიამი ამჟამად სომხეთში UWC-ის დილიჟანის კოლეჯის სტუდენტია. მულტიკულტურულ და ახალი შესაძლებლობებით სავსე გარემოში, რომელიც მისი შემდგომი წარმატების განმაპირობებელ მიზეზად იქცა, იგი დაასრულებს ორწლიან საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამას.

მისზანსწრაფვული გოგონა ახლა კი ამერიკული ოცნების ასასრულებლად ემზადება. პანდემიის რეჟიმში მცხოვრებ მსოფლიოში, დიდი კონკურენციისა და შეზღუდული დაფინანსებების ფონზე, მარიამმა არაერთი გამოცდის გადალახვა შეძლო და ერთი თვის შუალედში ექვსი სხვადასხვა უნივერსიტეტისაგან დაფინანსების პირობა და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მიიღო. თუმცა, მისი არჩევანი ამჟამად რიჩმონდის უნივერსიტეტზეა (Universiti of Richmond) შეჩერებული, რომელმაც სამი სხვადასხვა ტიპის დაფინანსება გამოუყო მარიამს – პრეზიდენტის, გლობალური დაფინანსება და UWC Davis scholarship, რაც ჯამში 300 000 აშშ დოლარს აღემატება. გარდა ამისა, დამატებით ფინანსურ რესურსად, ასევე, შესთავაზა სტუდენტური სამსახურიც. აღნიშნული უნივერსიტეტი ამერიკის ყველაზე ინოვაციური და საუკეთესო ლიბერალური ხელოვნების (ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების) უნივერსიტეტების ოცეულში შედის, რომელიც გაცვლითი პროგრამების მრავალფეროვნებითაა ცნობილი.

მარიამი აღნიშნავს, რომ ეს მისთვის შესაძლებლობაა, საუნივერსიტეტო გამოცდილება მიიღოს არა მხოლოდ შტატებში, არამედ, ევროპისა და აზიის ნებისმიერ ქვეყანაში. მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამების დახმარებით იგი გეგმავს, 4 წლის განმავლობაში, შეისწავლოს პოლიტიკური მეცნიერებები, როგორც მაინორი და კულტურა და კომუნიკაცია, როგორც კონცენტრაცია. „ამერიკაში სწავლის გაგრძელება ყველაზე თამამი ოცნება და ამბიციური მიზანი იყო ჩემთვის, რომლის მისაღწევადაც საკმაოდ გრძელვადიანი პროცესის გავლა არის საჭირო. ახლა კიდევ უფრო მეტი მიზანი და სურვილი მაქვს ცხოვრების ახალ ეტაპზე და ვფიქრობ, ამერიკის შეუზღუდავი შესაძლებლობები ამ მიზნის მიღწევის საშუალებას მომცემს, რათა მომავალში მიღებული გამოცდილება და ცოდნა საქართველოს სასარგებლოდ გამოვიყენო,“ – ამბობს ჩვენთან საუბრის დასასრულს დილიჟანის კოლეჯის სტუდენტი მარიამი, რომელთანაც ჩვენი ინტერვიუ სომხეთიდან შედგა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი