close
ს საინტერესოა

ვინ არიან COVID-19-ის “სუპერგამავრცელებლები”?

011c36d1-5a57-4966-a74a-68ba1f965287_640

სუპერგამავრცელებლები ან როგორც მათ უწოდებენ – “სუპერსპრედერები” არიან ადამიანები, რომლებიც ინფექციური დაავადებების ეპიდემიის დროს უფრო მეტ ადამიანს აინფიცირებენ, ვიდრე – სხვა პაციენტების ძირითადი ნაწილი. რაც შეეხება COVID-19-ს, ერთი ადამიანი საშუალოდ სამს აინფიცირებს, სუპერგამავრცელებელი კი – 6-8 ახალი შემთხვევის მიზეზი ხდება. რა იციან ამ მიმართულებით მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის ეპიდემიის პირველი წლის ბოლოსთვის?

პირველად როდის გახდა ცნობილი სუპერგამავრცელებლების შესახებ?

სუპერგამავრცელებლებს ყურადღება ჯერ კიდევ ეპიდემიის პირველი ტალღის დროს, თებერვალ-მარტში მიაქციეს. ამ მხრივ ყველაზე ცნობილი შემთხვევა იყო სამხრეთ კორეელი “პაციენტი # 31”-ი. ვირუსი ქვეყანაში 2020 წლის 20 იანვარს გამოჩნდა 35 წლის ჩინელ ქალთან ერთად, რომელიც უჰანიდან სეულში ჩაფრინდა. თუმცა ის ჩასვლისთანავე იზოლაციაში მოათავსეს, რის გამოც ინფექციის აფეთქების თავიდან აცილება იმ დროისთვის შესაძლებელი გახდა. ერთი თვის განმავლობაში სამხრეთ კორეაში მხოლოდ 30 ადამიანი დაინფიცირდა. თუმცა თებერვალში სცენაზე გამოჩნდა  ქალი, რომელიც დაავადების “31-ე შემთხვევა” გახდა. მას შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა.

სად და როდის დაინფიცირდა “პაციენტი #31”, დღემდე უცნობია. დიაგნოზის დასმამდე რამდენიმე დღით ადრე მან ქალაქ დეგუს რამდენიმე ხალხმრავალი ადგილისა და სეულის მონახულება მოასწრო. დეგუში ის ავარიაში მოჰყვა და საავადმყოფოში მოხვდა. მანამდე კი „პაციენტი #31“ რელიგიურ რიტუალსაც დაესწრო და სასტუმროში ივახშმა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.

როდესაც “პაციენტი #31” გამოკვლევაზე გაგზავნეს და COVID-19 დაუდასტურდა, უკვე გვიანი იყო. ტაძარში წირვას ესწრებოდა  9 300 ადამიანი, რომელთაგან 1200-ს გრიპის მსგავსი სიმპტომები გამოუვლინდა. საერთო ჯამში, “პაციენტი #31”-ისგან რელიგიურ რიტუალზე მყოფი 5 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, რაც 18 მარტის მონაცემებით, სამხრეთ კორეაში დაფიქსირებული ყველა შემთხვევის დაახლოებით 60%-ს შეადგენდა.

მეორე გახმაურებული ეპიზოდი უკავშირდება კომპანია Biogen-ის ბიოტექნოლოგიურ კონფერენციას, რომელიც 26-27 თებერვალს ბოსტონში ჩატარდა. შეხვედრას 175 ადამიანი ესწრებოდა. კონფერენციის დასრულების შემდეგ, 90 მონაწილეს და მათ, ვისაც ამ ადამიანებთან კონტაქტი ჰქონდა, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. როდესაც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრებმა აღნიშნული რეგიონის კოვიდშემთხვევების სრული გენომები შეისწავლეს, აღმოჩნდა, რომ ყველა მათგანი ერთი ადამიანისგან დაინფიცირდა. იმ პაციენტებს, რომლებიც ამ კონფერენციას ესწრებოდნენ ან მათთან კონტაქტი ჰქონდათ, აღმოუჩინეს უნიკალური შტამის ვირუსი, რომელიც აღნიშნულ შეხვედრამდე აშშ-ში დაფიქსირებული არ იყო. ის სუპერგამავრცელებელმა მონაწილემ დასავლეთ ევროპიდან ჩაიტანა. მოგვიანებით, იგივე შტამი ბევრად უფრო მეტ ადამიანში აღმოაჩინეს. მკვლევართა ვარაუდით, დაახლოებით 20 ათასი მოქალაქე დაინფიცირდა.

კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა ამერიკულ ქოროს უკავშირდება. ეს მოხდა 2020 წლის 10 მარტის ყოველკვირეულ რეპეტიციაზე, რომელსაც 61 ადამიანი ესწრებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ 53 მონაწილე დაინფიცირდა, ორი კი გარდაიცვალა.

სუპერგავრცელების შემთხვევები მთელ მსოფლიოში ხდება. მაგალითად, 13 მარტს, იორდანიაში გაიმართა ქორწილი, რომელსაც 350 ადამიანი ესწრებოდა. აღნიშნული რიტუალის დასრულების შემდეგ, 76 ადამიანი დაინფიცირდა, ერთი ქალი კი გარდაიცვალა. დიდი ალბათობით, ყველა სტუმარი პატარძლის მამისგან დაინფიცირდა – დღესასწაულამდე ოთხი დღით ადრე ის ესპანეთიდან ჩავიდა იორდანიაში, სადაც ეპიდემია საწყის ეტაპზე იყო.

დღეს უკვე მეცნიერთა დიდი ნაწილი ინფექციის გავრცელების მთავარ მამოძრავებელ ძალად სწორედ „სუპერსპრედერებს“ მიიჩნევს.

საიდან ჩნდებიან სუპერგამარვცელებლები?

განსხვავებული სოციალური სტატუსისა და პროფესიის ადამიანები დაავადებასაც სხვადასხვანაირად ავრცელებენ. მაგალითად, საავადმყოფოში მომუშავე ექიმს შეუძლია დღეში ასობით პაციენტსა და კოლეგას შეხვდეს. მაშინ როდესაც მარტოხელა პენსიონერს შეიძლება კონტაქტი დღის განმავლობაში საერთოდ არავისთან ჰქონდეს. აშკარაა, რომ თუ პირველი მათგანი დაინფიცირდება, მაშინ მას გაცილებით მეტი შანსი ექნება, სუპერგამავრცელებელი გახდეს, ვიდრე – მეორეს.

ჰონგ-კონგის მონაცემებით, ინფიცირებული ადამიანების 20%-ი დანარჩენი 80% -ის დაავადებას “უწყობს ხელს”. ინდოეთიდან მიღებული მონაცემები ამას ადასტურებს – ინფიცირებულთა  8% საერთო შემთხვევების 60% -ს იწვევს, ხოლო პაციენტების დაახლოებით 70% -ს საერთოდ არავინ დაუინფიცირებია. აპრილის კვლევის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ინფიცირების 80% -ზე “პასუხისმგებელი“ პაციენტების  10%-ია.

ეს ყველაფერი შეესაბამება ემპირიულ “20/80 წესს”, რომელიც ჯერ კიდევ კოვიდამდე პერიოდში იყო შემუშავებული. აღნიშნული ფორმულა ეხებოდა ვენერიულ დაავადებებსა და პარაზიტებს: მეორადი ინფიცირების 80% -ზე პირველად დაინფიცირებულთა 20%-ია „პასუხისმგებელი“. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე თუ ვიმსჯელებთ, მსგავსი „სუპერგავრცელება“ ახალი კორონავირუსული ინფექციის შემთხვევაშიც აქტუალურია.

 

ვინ შეიძლება იყოს სუპერგამავრცელებელი?

პოტენციურად, „სუპერსპრედერები“ შეიძლება იყვნენ არა მხოლოდ ექიმი, არამედ – კურიერი, მაღაზიის კონსულტანტი, პედაგოგი ან ნებისმიერი საშუალოსტატისტიკური მოქალაქე, მაგალითად ისეთი, როგორიც იყო 43 წლის ვიეტნამელი, რომელიც წმინდა პატრიკის დღის აღნიშვნას ბარიში დაესწრო და 18 ადამიანის დაინფიცირება მოახერხა.

მკვლევრებმა შეძლეს დაედგინათ ის სამი გარემოება, რომლებსაც შეუძლია, ფაქტობრივად, ნებისმიერი ადამიანი “სუპერგამავრცელებელი”გახადოს. ეს შესაძლოა იყოს ისეთი პიროვნებაც კი, ვისაც ბევრი კონტაქტი არც ჰქონია. ასეთ საშიშროებას შეიცავს ცუდი ვენტილაციის მქონე დახურული სივრცე, ხალხმრავალი და პირისპირ მჭიდრო კომუნიკაციის მქონე ადგილები. როგორც წესი, ეს არის ბარები, სპორტული დარბაზები, ქარხნები, გემები, ეკლესიები და სკოლები.

დაწესებულებების გარდა, სადაც ინფიცირებული ადამიანი იმყოფება, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ის, თუ როგორ იქცევიან გარშემომყოფები. სიმღერა (რეპეტიციის დროს), ხმამაღალი შეძახილები (ქორწილში) და მძიმე სუნთქვა (სავარჯიშო დარბაზში ან დახურულ ბარში) – ეს ყველაფერი ინფიცირების რისკს ზრდის.

სუპერგამავრცელებლების ორგანიზმი განსხვავებულია?

ერთ-ერთი პოპულარული ჰიპოთეზის მიხედვით, სუპერგამავრცელებლები ახალი კორონავირუსის უფრო აგრესიული შტამის მატარებლები არიან. სხვა მოსაზრების მიხედვით კი, ისინი ხველების დროს უფრო მეტ ვირუსს ავრცელებენ, ვიდრე სხვა ადამიანები.

ერთადერთი რამ, რაც „სუპერსპრედერების“ შესახებ ჯერჯერობით ვიცით და რაც მათ სოციალურ ან პროფესიულ როლს არ უკავშირდება არის ის, რომ ყველა მათგანი ზრდასრული ადამიანია და არა – ბავშვი. პანდემიის დასაწყისში მკვლევრებმა შეიმუშავეს ვერსია, რომ ბავშვებს, რომლებსაც COVID-19 მსუბუქად ან უსიმპტომოდ გადააქვთ, შეუძლიათ დაავადება სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გაავრცელონ, ამავდროულად თავიანთი ოჯახების ზრდასრულ წევრები დააინფიცირონ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბავშვებს ნამდვილად შეუძლიათ ახალი კორონავირუსი უფროსებს გადასდონ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს პირიქით ხდება: პატარები კი არ აინფიცირებენ უფროსებს, არამედ ზრდასრულებისგან მცირეწლოვნებს გადაედებათ.

ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ სუპერგამავრცელებლები ახალი კორონავირუსის განსაკუთრებით აგრესიული შტამის მატარებლები არიან, ასევე არ დადასტურდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთან კონტაქტი ახალი „სუპერსპრედერების“ გაჩენას გამოიწვევდა, ასეთი რამ კი არ მომხდარა.

ამავდროულად, არსებობენ ადამიანები, რომელთა სხეულის სტრუქტურულმა მახასიათებლებმა შეიძლება ახალი კორონავირუსის გავრცელებას ხელი ნამდვილად შეუწყოს. მაგალითად, ცხვირის ძგიდის პრობლემების ან პოლიპების მქონე ადამიანი უფრო ძლიერად ახველებს და ამ პროცესში ამოაფრქვევს 300%-ით მეტ მცირე წვეთს, რომლებიც შეიძლება ვირუსულ ნაწილაკებს  შეიცავდეს. თუმცა ჯერ დანამდვილებით არ ვიცით, რამდენად სერიოზულია ამ გზით ინფექციის გავრცელების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი.

როგორ გავუმკლავდეთ სუპერგამავრცელებლებს?

საუკეთესო და უმარტივესი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ხალხმრავალ და დახურულ სივრცეებში ყოფნისგან თავის შეკავება. გარდა ამისა, ეპიდემიოლოგებმა და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა კონტაქტების შესწავლა და გადამცემი ჯაჭვის მოკვლევა უნდა განაგრძონ. თუ ცალკეული ადამიანების სუპერგავრცელებაში ბიოლოგიური კომპონენტი მაინც არსებობს, ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურები მის გამოვლენას ხელს შეუწყობს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თითოეულ ჩვენგანს გარკვეულ მომენტში რისკი ექმნება, რომ სრულიად შემთხვევით სუპერგამავრცელებლად გადაიქცეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი