close
აქართველო

ემა ქეცბა – გამთლიანებულ საქართველოზე მეოცნებე აფხაზი მხატვარი

ema

ზეთის საღებავებით გაჟღენთილი ჰაერი, ხელით ნაქსოვი ფარდები, თექის ნამუშევრები, უსწორმასწოროდ და ნამდვილი ხელოვანისთვის დამახასიათებლად – თავისებური მოწესრიგებულობით  მიმოყრილი ფუნჯები და პალიტრა, წიგნების დიდი სექცია და ალაგ-ალაგ, ფურცლებზე ექსპრომტად ჩაწერილი ჩანახატები – ოთახში შესვლისთანავე იგრძნობა, რომ ეს ნამდვილი შემოქმედის სახლია.

აფხაზეთიდან დევნილი, 76  წლის ემა ქეცბა, უკვე მეათე  წელია თბილისში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება საგრძნობლად უჭირს და არც შესაბამისი საცხოვრებელი პირობები არ გააჩნია, ფიქრობს, რომ უბედნიერესი ადამიანია. აფხაზი ქალბატონი მთელი თავისი შეგნებით თავს ქართველად, უფრო სწორად კი, მსოფლიო მოქალაქედ მიიჩნევს.  მისთვის სამყარო არ არის დაყოფილი ეროვნებებად, შესაძლებლობებად. ემა ქეცბა ის ადამიანია, რომელმაც დაამტკიცა, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია.

ემა  გალში დაიბადა. მამამისი სკოლის დირექტორი და ლენინის ორი ორდენის მფლობელი იყო. წლინახევრისას დედა გარდაეცვალა და ბიძამ ბორჯომში წაიყვანა, თუმცა, მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო და ქერჩის სადესანტო ოპერაციაში მისი დაიღუპვის ცნობა მოვიდა. ემამ პოლიომიელიტი მძიმე ფორმით გადაიტანა და სწორედ ამ დროიდან მოყოლებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

მამამ მოგვიანებით მეორე ცოლი მოიყვანა და ემა  და მისი დედ-მამიშვილებიც ოჯახს დაუბრუნდნენ. მის გამო სკოლის ეზოში არსებულ პატარა ფართში გადმოვიდნენ. ემას გადაადგილება უკვე ძალიან უჭირდა. სკოლაში გამორჩეული მოსწავლე იყო და ყველაფერს ელვის სისწრაფით  ითვისებდა. მამა ხშირად ამბობდა: მეცოდება ემა აქაურობისთვისო. მოგვიანებით,  ბაბუასთან, ქალაქ გორში გადავიდა საცხოვრებლად და იქაურ სკოლაში განაგრძო სწავლა.

ცხოვრებაში პირველად არჩევანის წინაშე მაშინ დადგა, როდესაც უნდა გადაეწყვიტა – სად ჩაებარებინა. ლიტერატურა პატარაობიდანვე უყვარდა.  მეორე კლასში ბაირონი წაიკითხა. მაშინ შიშის გრძნობამ შეიპყრო. როგორც თავად ამბობს, მიხვდა, რომ რაღაც დიდს შეეჭიდა. მეოთხე კლასში ცუდად გახდა და მამა კითხვას უკრძალავდა. მაინც კითხულობდა. მისთვის წიგნის გარეშე არსებობა თითქმის ყველაფრის დაკარგვას უდრიდა.  ამიტომ, თავიდან ფილოლოგობაზე  ფიქრობდა, შემდეგ ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა, რადგან ეგზისტენციალური აზრები მუდმივად აწუხებდა და უნდოდა, რომ კიდევ უფრო ჩაღრმავებოდა. ბოლოს,  მაინც  ის გზა აირჩია, რომლისკენაც ყველაზე მეტად მიუწევდა გული – სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. როგორც იხსენებს, ეს მისი ცხოვრების ყველაზე დაუვიწყარი პერიოდი იყო.

აკადემიაში უამრავი მეგობარი შეიძინა და სწავლის დამთავრებისთანავე პედაგოგიური მოღვაწეობაც დაიწყო. თავიდან გეგმავდა, რომ  მხოლოდ სამი წელი ემუშავა, შემდეგ მანქანა ეყიდა და საკუთარი შემოქმედებისთვის მიეხედა. თუმცა, პედაგოგობამ ძალიან გაიტაცა და მოსწავლეების მიტოვებაც ვერ შეძლო.  ბოლომდე იბრძოლა იმისთვის, რომ სკოლა აშენებულიყო, სადაც ხაზვა-ხატვის ოთახს ცალკე გამოუყოფდნენ.  იმისთვის, რომ ეს ოცნება რეალობად ექცია, ერთ-ერთი შეძლებული ადამიანის შვილი სრულიად უსასყიდლოდ მოამზადა. საწადელს მიაღწია – სკოლა გაიხსნა, კაბინეტიც გამოუყვეს და დაიწყო მისი და მისი მოსწავლეების აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა. იყო უამრავი გამოფენა, არა მარტო აფხაზეთის, არამედ მთელი საქართელოს მასშტაბით. ამ პერიოდში ქვეყნის წარჩინებული პედაგოგი გახდა, ხოლო სკოლა საუკეთესო ხაზვა-ხატვის სწავლებისთვის დაჯილდოვდა.

იმის გამო, რომ გადაადგილება უფრო და უფრო უჭირდა, იფიქრა, მანქანის საშუალებით შეემსუბუქებინა მდგომარეობა. 30 წლის განმავლობაში არცერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ ჰქონია, თითქმის პარალიზებული ფეხებითაც შესანიშნავად ახერხებდა მანევრირებას. არ აკლდებოდა არცერთ გამოფენას. როდესაც გაიგებდა, რომ რაიმე კარგი გამოფენა იმართებოდა, სრულიად მარტო ჩადიოდა მოსკოვსა თუ პეტერბურგში.

აფხაზეთის ომის დროს  სკოლაში დაისვა საკითხი – დაეწყოთ თუ არა სწავლა პირველ სექტემბერს. ემა კატეგორიულად მოითხოვდა, რომ სწავლა, მთელი საქართველოს მსგავსად,  გალშიც პირველ სექტემბერს დაეწყოთ. საბოლოოდ, გაიმარჯვა, მაგრამ საომარი მდგომარეობა დღითი დღე მწვავდებოდა. ძარცვავდნენ, აფეთქებდნენ… ყველა გარბოდა.  გზები ჩახერგილი  იყო ავტომობილებით.

ბოლო წამამდე არ უნდოდა წამოსვლა, მისი დარჩენა კი გარდაუვალ სიკვდილს უდრიდა. შიმშილით მოკვდებოდა, პურის საყიდლადაც ვერ ჩავიდოდა. იხსენებს, როდესაც ბარგის ჩალაგებას შეუდგა, საკუთარი თავის შერცხვა და რამდენიმე წამში იგრძნო, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა. ,,ვიფიქრე, ჩემს ხალხს ასე უჭირს, მე კი იმაზე ვფიქრობ, რა წავიღო-მეთქი.  ყველაფერი ხელუხლებლად დავტოვე. ასე წამოვედი გალიდან.“

შემდეგ იყო ხიზნობა, სიდუხჭირე, ზუგდიდში ყოფნის შემდეგ სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში აღმოჩნდა. ეს დრო მისთვის უბედნიერესი იყო, ომიც კი გადაავიწყდა, ნაყოფიერი შემოქმედებითი პერიოდი ჰქონდა – წერდა, ხატავდა, ბევრ რამეზე ფიქრობდა, შეძლებისდაგვარად, ცოტ-ცოტა ოჯახის საქმეებსაც აკეთებდა.

ერთ დღესაც მეგობარი ტელევიზიის საშუალებით გამოეხმაურა და თბილისში ჩამოსვლა შესთავაზა. იცოდა, რომ მასაც უჭირდა,  მაგრამ  სხვა გზა არ ჰქონდა, ეს მიწვევა უნდა მიეღო. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ წამოსვლა გადაწყვიტა, რომელიღაც ავტობუსს უფასოდ ჩამოჰყვა. მძღოლმა გმირთა მოედანზე ჩამოსვა, ჭავჭავაძის ქუჩაზე თავად უნდა ასულიყო, თან საერთოდ არაფერი ჰქონდა, პატარა ბოხჩის გარდა. შემოაღამდა, წვალებით ავიდა მეგობართან.

ცოტა ხანს მასთან ცხოვრობდა, მალე იპოვა ოჯახი, სადაც  ორი ბავშვის აღზრდა ევალებოდა, სამაგიეროდ, ოთახი გამოუყვეს და მათთან  ორი წელი იცხოვრა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, როცა  მის  ყველაზე დიდ ღირსებას, პიროვნულ თავისუფლებას, შეეხო საქმე, სათქმელი პირში მიახალა დიასახლისს, რაც  არ მოეწონა და იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა. დარჩა უყველაფროდ. მანქანა გაყიდა და ამ ფულით ბინა შეიძინა.

თავიდან შეგუება გაუჭირდა, რადგან ხალხმრავალი ადგილები არასდროს ხიბლავდა. ხშირად უსვამდნენ უტაქტო კითხვებს. მაგალითად, ,,ბაზარში სიარული შეგიძლია?“ ,,შენით აკეთებ საჭმელს?“ …  როგორც თავად ამბობს, ეს ძალიან აღიზიანებდა, არ მოსწონდა, რომ ადამიანებისგან სიბრალულს გრძნობდა,  მათი უმეტესობა უუნაროდ მიიჩნევდა.

„მახსოვს, ტროლეიბუსში ავდიოდი და მძღოლმა ასეთი რეპლიკა ისროლა ჩემი მისამართით – ტროლეიბუსები კატაფალკები გახდაო“, – იხსენებს ემა.

ამბობს, რომ საზოგადოებისგან  მხოლოდ და მხოლოდ თბილ დამოკიდებულებას მოითხოვს და არა ცინიზმს, ფუჭ სიბრალულს, რაც, როგორც თავად ამბობს, ხშირია.

მარტო არ  ცხოვრობს, ჰყავს 17 წლის კატა – კაჭუ, რომელიც მისი ოჯახის სრულუფლებიანი და თავნება წევრია. თვიდან თვემდე პენსიითა და დახმარებით ცხოვრობს, თუმცა, როგორც თავად ამბობს,  მაინც კმაყოფილი და ბედნიერია. ნათესავები ხშირად სთავაზობენ ფულად დახმარებას, მაგრამ უარს ამბობს. მისი თქმით, შემოქმედებითობა სწორედ ფუფუნებაში იკარგება.

ხშირად წერს ჩანახატებს. მუდმივად ფიქრობს,  თუმცა წუხს, რომ  ხანდახან სიზარმაცე სძლევს და საკუთარი ფიქრების ფურცელზე გადმოტანა ეზარება.

ოცნებობს –  დახატოს ის ნახატი, რომლის იდეაც გონებაში დიდი ხნის წინ მოუმწიფდა, თუმცა, ზეთის საღებავები ძვირი ღირს.

კონფლიქტის შესახებ საუბარი არ უყვარს. გული სწყდება, რომ ,,ქართველი” და ,,აფხაზი” დღეს განცალკევებულ ცნებებად იქცა. სძულს ომი და სურს, სამყარომ დაივიწყოს მისი არსებობა.

ემას ყველაზე დიდი ოცნება საქართველოს უკავშირდება:

,,თავს მივიჩნევ აფხაზად ანუ ქართველად და მინდა, რომ ასეთი ვიხილო სრულიად საქართველო, მიყვარს ჩემი სამშობლო! ღმერთს ვთხოვ, გაამთლიანოს, ალბათ მაშინ დავხატავ ჩემს ჩანაფიქრს,“ –  ამბობს ემა.

მანამდე კი, სანამ მის ტილოს დახატვა არ უწერია, შემოქმედებითობის სუნში გაჟღენთილ ოთახში ღამდება. ემა ამჯერად წიგნების კითხვით იქცევს თავს. უკვე დიდი ხანია, მოლბერტი და ფუნჯი მიივიწყა. როგორც ჩანს, უსახსროდ 21-ე საუკუნის ხელოვნება  სულიერი არა, მაგრამ მატერიალური კრიზისისათვის განწირულია.

 

მასალა მოამზადა: ნატალია ჯალაღონიამ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2