close
დედამიწა

დედამიწის მტკნარი წყლები იმაზე დიდი სიჩქარით ორთქლდება, ვიდრე აქამდე მიიჩნევდნენ – ცა, წინა წლებთან შედარებით, ყოველწიურად 3 ტრილიონი ლიტრით მეტ წყალს „სვამს“

წყალმცენარეების აყვავების გაძლიერებისა და ჟანგბადის შემცირების გარდა, დედამიწის მტკნარი წყლები იმაზე დიდი სიჩქარით ორთქლდება, ვიდრე აქამდე მიიჩნევდნენ, – ამის შესახებ მეცნიერების ახალ კვლევაშია აღნიშნული.
“ტბის აორთქლება უფრო დიდ როლს თამაშობს ჰიდროლოგიურ ციკლში, ვიდრე მანამდე ფიქრობდნენ. ეს პროცესი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი კლიმატისა და ამინდის მოდელირებაზე”, – აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ტეხასის A&M უნივერსიტეტის ეკოლოგი განგ ჟაო.
ბუნებრივი და ხელოვნური ტბები დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 5 მილიონ კვადრატულ კილომეტრს ამშვენებს. ისინი შეიცავს ჩვენი პლანეტის სუფთა თხევადი ზედაპირული წყლის თითქმის 90 პროცენტს, მაგრამ ტემპერატურის ზრდამ და ღრუბლების საფარის ცვლილების გამო მომატებულმა მზის რადიაციამ ცა ისე „მწყურვალი“ გახადა, როგორც არასდროს.
ყინულის საფარის შემცირების გამო ღია წყლის უფრო დიდმა უბნებმა ასევე მისცა ცას უფრო მეტი წვდომა წყლის მოლეკულების „დასალევად“ ეს ფაქტორები ხელს უწყობს წყლის ციკლის აჩქარებას — ხმელეთზე დაგროვილი წყლის ატმოსფეროში გაფანტვას.
ჟაომ და მისმა კოლეგებმა გამოთვლა მსოფლიოს 1,42 მილიონი ტბისთვის განახორციელეს. მათ გამოიყენეს 1985- 2018 წლებში თანამგზავრების საშუალებით მოპოვებული ინფორმაცია წყლის ყოველთვიური დანაკარგის შესახებ და გაითვალისწინეს აორთქლების სიჩქარე, ზედაპირის ფართობი, ყინულის ხანგრძლივობა და სითბოს შენახვის ცვლილებები თითოეული ამ ტბისთვის.
„დავადგინეთ, რომ ტბის გრძელვადიანი აორთქლება შეადგენს წელიწადში 1500 (პლუს-მინუს 150) კუბურ კილომეტრ წყალს, რაც აქამდე არსებულ შეფასებებზე 15,4 პროცენტით მეტია“, – აცხადებს ჟაო.
ეს იმას ნიშნავს, რომ ცა ყოველ წელს სამი ტრილიონი ლიტრით მეტ წყალს „სვამს“ ვიდრე მანამდე. მკვლევრებმა დაადგინეს ისიც, რომ ამ აორთქლებაში პროპორციულად უფრო დიდი წვლილი, 16 პროცენტი, ხელოვნურ წყალსატევებს შეაქვს.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.

წყარო : Sciencealert

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response