close
სტრონომია - კოსმოსი

დედამიწას ასტეროიდი აპოფიზი მინიმუმ 100 წელიწადი აღარ შეეჯახება

apo

ბოლო 17 წლის განმავლობაში, ასტეროიდი 99942 აპოფიზი მუდმივად გვახსენებდა ფაქტს, რომ კოსმოსში ქაოტურად არსებული გიგანტური ქვები დედამიწას, შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეეჯახოს და აქამდე არნახულად დიდი კრიზისიც გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწასთან ახლოს მყოფი ობიექტები კოსმოსში უხვადაა, ახალ კვლევებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასტეროიდი აპოფიზი მათ შორის არაა. მომდევნო 100 წელიწადი მაინც.

მეცნიერებმა დაკვირვებები მარტის დასაწყისში ჩაატარეს, როდესაც გიგანტური ასტეროიდი დედამიწის გრავიტაციამ შეაქანა. ამ პროცესმა მკვლევრებს 2068 წელს მოსალოდნელი ასტეროიდისა და დედამიწის შეჯახების რისკების უკეთ შესწავლის საშუალება მისცა. ამერიკისა და ევროპის კოსმოსურმა სააგენტოებმა (NASA და ESA) ეს სახიფათო ქვა რისკ-ჯგუფიდან ოფიციალურად ამოიღეს.

ასტეროიდი აპოფიზის დიამეტრი დაახლოებით 340 მეტრია. როდესაც ასტრონომებმა ის პირველად აღმოაჩინეს, მალევე დაადგინეს, რომ ის დედამიწასთან რამდენჯერმე მოუახლოვდებოდა, კერძოდ, 2029, 2036 და 2068 წლებში. ასტეროიდი 2029 წლის 13 აპრილს დაახლოებით 35 000 კილომეტრის დაშორებით ჩაუფრენს დედამიწას. იმის გამო, რომ ჩვენი პლანეტის გრავიტაცია დიდ გავლენას ახდენს მის მოძრაობაზე, მკვლევრები შეჯახებას 2068 წლისთვის არ გამორიცხავდნენ.

ასე ჩაუფრენს აპოფიზი დედამიწას 2029 წელს. (წყარო: ESA)

2068 წლის შეჯახება გამოირიცხა და ჩვენი გამოთვლები მომდევნო 100 წელი არანაირი შეჯახების რისკს არ პროგნოზირებს, – ამბობს ნასას დედამიწასთან ახლოს მყოფი ობიექტების ცენტრის მკვლევარი დევიდ ფარნოკია.

აპოფიზის რადიო და ოპტიკური დაკვირვებებმა მეცნიერებს ამ სახიფათო ობიექტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდა. 6 მარტს გიგანტურმა ქვამ დედამიწას 16,9 მილიონი კილომეტრის დაშორებით ჩაუფრინა (რაც საკმაოდ უსაფრთხო დისტანციაა). ამ დროს მეცნიერებმა მოახერხეს და უკიდურესად მაღალი გარჩევადობის მასალა მოიპოვეს – 38,75 მეტრი თითო პიქსელზე. 2029 წელს კი იმდენად ახლოს ჩაიფრენს, რომ ასტეროიდი შეუიარაღებელი თვალითაც კი გამოჩნდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი