close
ანათლება

„დანიაში ემპათიის გაკვეთილები ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილია“

Empathy-in-Denmark

6 – დან 13 წლამდე ასაკის მოსწავლეებს დანიაში ემპათიას ასწავლიან

დანიის განათლების სისტემამ 1993 წლიდან 6 – დან 16 წლამდე მოსწავლეებისათვის ემპათიის გაკვეთილები დააწესა. ამ გაკვეთილებზე მოსწავლეები ერთმანეთის დახმარებას და მხოლოდ საკუთარ თავთან შეჯიბრებას სწავლობენ.

დარწმუნებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დანიელები ბედნიერი ერია. ბოლო შვიდი წლის მანძილზე დანია ბედნიერი ქვეყნების პირველ სამეულში შედის გაერთიანებული ერების ბედნიერების ანგარიშის თანახმად. ბედნიერების ერთ – ერთი საიდუმლო შეიძლება განათლების სისტემა იყოს, რომელიც 1993 წლიდან დანიის ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად ემპათიის გაკვეთილებს მოიცავს.

დანიელი მშობლები ბედნიერ ბავშვს ზრდიან, რომელიც ბედნიერ ზრდასრულად ყალიბდება და, თავის მხრივ, ბედნიერ ბავშვებს ზრდის

ადამიანების უმრავლესობა ვერ აცნობიერებს იმას, რომ ემპათიის უნარის განვითარება შესაძლებელია და მას სწავლა სჭირდება, ემპათიის უნარის განვითარება არა მხოლოდ ზრდის ბავშვების ემოციურ და სოციალურ უნარიანობას, არამედ ამცირებს მჩაგვრელი დამოკიდებულების[1] გამოვლენის სიხშირეს და ხელს უწყობს ბავშვებს წარმატებულ ზრდასრულებად ჩამოყალიბებაში.

დანიაში ემპათიის სწავლების პროგრამა 6 წლის ასაკში იწყება და 16 წლის ასაკში სრულდება. კვირაში ერთი საათის მანძილზე, ბავშვებს ემპათიის გაკვეთილები აქვთ, რომელსაც ‘Klassens tid’ ანუ „კლასის საათი“ ეწოდება. ეს გაკვეთილი კვირის მანძილზე, განსაზღვრულ დროს, მშვიდ გარემოში ტარდება და მისი მიზანი მოსწავლეების ერთმანეთთან დაახლოება და მათ შორის არსებული პრობლემების გადაწყვეტაა, რომელთა გადაჭრაზეც მთელი კლასი ზრუნავს.

ნებისმიერი პრობლემის განხილვა მისასალმებელია და მოსწავლეებს შეუძლიათ განიხილონ, როგორც პირადი, ასევე პიროვნებათშორის ან ჯგუფებს შორის ურთიერთობის საკითხები, სკოლასთან დაკავშირებული ან სკოლასთან სრულიად დაუკავშირებელი პრობლემები. მთელი კლასი და მასწავლებელი მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება. მასწავლებელი მოსწავლეებს ასწავლის, როგორ უნდა უსმინონ ერთმანეთს გულდასმით და როგორ შეძლონ ერთმანეთის გაგება. როდესაც პრობლემური საკითხები არაა განსახილველი, ჯგუფი გამხიარულებისთვის იკრიბება.

„კლასი ერთობლივად ცდილობს  ისწავლოს ერთმანეთისს პატივისცემა და ყველა კუთხით განიხილოს პრობლემა იმისათვის, რომ ერთადვე იპოვოს პრობლემის გადაჭრის გზები. ბავშვების პრობლემები აღიარებულია და მათ განცდებს ისე აღიქვამენ, როგორც დიდი თემის ნაწილს. როდესაც გაღიარებენ, შენს მნიშვნელობას გრძნობ.“ – იბენ სანდალ*

დანიელი ერის ბედნიერება აღზრდისადმი მათ მიდგომას ეყრდნობა. დანიელი მშობლები ბედნიერ ბავშვებს ზრდიან, რომლებიც ბედნიერ ზრდასრულებად ყალიბდებიან და თავად ზრდიან ბედნიერ ბავშვებს. ასე მეორდება ციკლი.

‘Klassens tid’ ანუ „კლასის საათი“ მოსწავლეს შანსს აძლევს, მას გაუგონ, სხვა ადამიანებისგან მიიღოს მხარდაჭერა. მოსმენა მისთვის შთაგონების წყაროც კი შეიძლება იყოს და ისწავლოს ორმხრივი პატივისცემის მნიშვნელობა.

იბენ სანდალი – დანიელი ფსიქოთერაპევტი, განმანათლებელია. ემერიკელ ავტორთან და კულტურის მკვლევარ ჯესიკა ალექსანდერთან ერთად, წიგნის – „დანიური აღზრდა“ – თანაავტორია. წიგნი 21 ენაზეა თარგმნილი და ეყრდნობა ავტორების კვლევას, რომლის მიზანი იმის დადგენა იყო, თუ როგორ ასწავლიან დანიელები ემპათიას.

სტატია საიტისთვის თარგმნა ფსიქოლოგმა ანა ღვინიანიძემ.

წყარო: azrovnebisakademia.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი