close
სიქოლოგია

რა გვიშლის ხელს ბედნიერებაში?

ნიღბები ბედნიერება მწუხარება

    კაცობრიობა ჩაფლულია წუხილის მორევში. ჩვენ გარშემო უამრავი ადამიანი იტანჯება წარსულის ტრავმით, ყოველდღიური წვრილმანებით, ეკონომიკური მდგომარეობითა და სხვა მრავალი პრობლემით. ამ ყველაფერს ემატება მომავალზე წუხილი და უიმედობის განცდა, ეს კი აწმყოს გვართმევს და თანდათან ჩვენი შინაგანი ძალებიც სუსტდება. ამის გამო ინდივიდი სრულ ქაოსში იმყოფება და  ბურუსიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. ცხოვრება ტანჯვად ეჩვენება და მისი მარცხის მთავარი მიზეზიც ესაა.

თქვენი დღევანდელი მდგომარეობა შეიძლება არახელსაყრელი იყოს, მაგრამ ასეთად არ დარჩება, თუ გადაწყვეტთ, რომ დაუყოვნებლივ გჭირდებათ ცვლილებები. იმის გაცნობიერება, რომ შეგწევთ ძალა თქვენი ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლისა, წარმატების პირველი ნაბიჯია. ადამიანი თვითონ არის თავისი ბედნიერებისა და უბედურების მჭედელი. უსამართლობაა ყველაფერი გარე სამყაროს დავაბრალოთ, რადგან წარუმატებლობა ჩვენს შიგნით მწიფდება. მოვლენების საწყისი – აზრია, რომლის ხილული გამოვლინება ისაა, რასაც ვაკეთებთ. ჩვენი აზრები თუ მოტივაციას გვიქმნის დასახულ მიზანს მივაღწევთ, ხოლო თუ პასიურობისაკენ გვიბიძგებს ვერასოდეს გავიმარჯვებთ. ამ ყველაფრის გაკონტროლება შესაძლებელია, მთავარია იმის გააზრება, რომ თითოეული ადამიანის ფიქრების შედეგი მისი დღევანდელი ცხოვრებაა. პიროვნებას, რომლის გონებაშიც ყველაფერი ტრაგიკულად აღიქმება, სამყაროც ასეთი წარმოუდგენია. ადამიანის ცხოვრებისეული პირობები მჭიდროდ დაკავშირებულნი არიან მის შინაგან მდგომარეობასთან. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარე პირობებმა შეიძლება სრულფასოვნად გახსნან მისი ხასიათი. მაგრამ  გარემოებები ძალიან ახლოს არიან დაკავშირებულნი მენტალურ პროცესებთან. აზრებმა, რომლებიც ხასიათის ნაწილად იქცნენ, პიროვნების ამჟამინდელი მდგომარეობა ჩამოაყალიბეს. ადამიანი ცხოვრებისეული წნეხის ქვეშ იქამდე  რჩება, სანამ სჯერა, რომ ყველაფერს შემთხვევითობა ან გარემოებები განაპირობებს. ასეთი განწყობა, ფაქტობრივად, გამორიცხავს მიზნისაკენ სწრაფვას და ინდივიდი აღარ იყენებს ძალებს ცოხვრების გასაუმჯობესებლად. ამასობაში უამრავ ნეგატიურ საკითხებზე იწყებს ფიქრს და წარმოსახვის უნარსაც მოიხმარს, შემდეგ კი მისი წარმოდგენელი სურათები ცოცხლდება და ერთ დღესაც მის პირისპირ აღმოჩნდება. ზოგი ამას ინტუიიცით და ბედისწერით ხსნის. გამორიცხავენ იმას, რომ თავად გამოიწვიეს უსიამოვნებები ნეგატიურზე ფიქრით. ცხოვრების ამ წესს მიჩვეულნი  მუდმივ დაძაბულობაში  იმყოფებიან. თავიანთი აკვიატებული იდეებით კი კვლავ უარყოფით მოვლენებს ეჯახებიან. სამწუხაროდ, ვერც ასეთი ნათელი მაგალითი ვერ არწმუნებს ადამიანს, რომ ბრალეულობა მხოლოდ მასშია. გარე პირობების ცვლილება დამოკიდებულია გონებრივ ცვლილებებზე. თუ პიროვნება აზროვნების ჭეშმარიტ ძალას დაინახავს, ის მაშინვე დაიწყებს ნეგატიური ფიქრების ტრანსფორმაციას. ამაზე მთელი რწმენითა და ენერგეტიკით მუშაობა ყველაფერს სასიკეთოდ წარმართავს. ცხოვრების სტილის კორექცია, მიმართული უნდა იყოს წარმატებისა და ბედნიერების მოპოვებისაკენ. ეს არ გულისხმობს სიძნელის არ არსებობას. ცხოვრების ბილიკებზე ხშირად მივადგებით რთულ ამოცანებს, საჭიროა სათანადო ძალები გამოვიმუშავოთ, რათა გადავლახოთ ისინი და მოვიპოვოთ ცოდნა გამოცდილებაზე დაყრდნობით. ბედნიერების შეგრძნება შესაძლებელია ყოველ წუთს ერთი უბრალო პრინციპით – იყო მადლიერი ყველაფრით, რაც გაგაჩნია. ეს შეიძლება იყოს სიყვარული, ოჯახი, კარიერა, მატერიალური მდგომარეობა და მრავალი სხვა. ადამიანმა უნდა აღმოაჩინოს საკუთარ თავში ისეთი რამ, რაც მას სიმშვიდეს მოგვრის. დაფიქრდით საკუთარ შესაძლებლობებზე, თუ აქამდე არ იცოდით თქვენი ტალანტის შესახებ, აღმოაჩინეთ ის და შეცვალეთ თქვენი ცხოვრება.

ყოველდღიურობის დინამიკის გამო ბევრ რამეს ყურადღებას არ ვაქცევთ. ნეგატიური ინფორმაციის მოზღვავება, აღქმა და მისი გადამუშავება დიდ ენერგიას გვართმევს. ხშირად ამის გამო დრო აღარ გვრჩება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე ფიქრისათვის, როგორიცაა, ჩვენი შინაგანი სამყარო. მართალია, საკუთარი თავის შეცნობა რთული ფენომენია, მაგრამ ცხოვრების გაუმჯობესებისათვის აუცილებელი წინაპირობაა. არცერთ სულიერს არ შესწევს იმის ძალა, რომ ზეგავლენა მოახდინოს სამყაროს კანონებზე. განაახლოს ან შეცვალოს იგი, არამედ ადამიანს შეუძლია მისი აღმოჩენა და გაგება. მან თავისი არსებობა უნდა მიუსადაგოს მარადიულ კანონზომიერებებს. მხოლოდ ამ გზით მოიპოვებს იგი სულიერ სიმშვიდეს. ინდივიდუუმი ამ ფაქტს ვერ შეცვლის, მაგრამ მას შეუძლია შეცვალოს საკუთარი ჩვევები, რომლებიც ხელს უშლის მის განვითარებას, როგორც მენტალურად ასევე მატერიალურად. ჩვევისა და მიზიდულობის კანონის მუშაობის უგულვებელყოფა კაცობრიობის ტანჯვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ჩვევის ბუნების თავისებურება ასეთია – დროთა განმავლობაში იგი გაუცნობიერებელი ხდება და მისი მოქმედებაც სუბიექტის ძალისხმევის გარეშე მეორდება. მიუხედავად ადამიანის სურვილისა, ჩვევა შესაძლოა მთლიანად დაეუფლოს მას.  მაგალითად, თუ სიზარმაცე დაიპყრობს ხასიათს და უმოქმედობას მიაჩვევს ინდივიდს, სავარაუდოდ, ის ვერასოდეს შეძლებს ბატონობას საკუთარ თავზე. მისი სურვილები ვერ განხორციელდება, ვინაიდან ამ ჩვევით შეპყრობილი ადამიანი პასიურია… ის ვერ მიუახლოვდება მიზანს, რადგან შინაგანი ძალები დასუსტებულია. ასეთ მდგომარეობაში მყოფი, ვერ ახერხებს პრიორიტეტების სწორად დალაგებას. რადგან მისი სხეული მუდმივად უმოქმედობას ირჩევს. სიჯიუტე- ასევე აფერხებს ადამიანის განწყობას. სუბიექტს შესაძლოა ჰქონდეს რაღაც სურვილი, მაგრამ უმნიშვნელო საბაბის გამო, იგი შეიძლება დათრგუნოს მისმა აზრებმა.  ეს მავნე  ჩვევები ადამიანს მუდმივად აყოვნებს და ხელს უშლის ბედნიერებაში. ამ შემთხვევაში ნათლად ჩანს, რომ ვერც ერთი გარემოება ვერ დააზარალებს ადამიანს ისე, როგორც მისი შინაგანი იმპულსები. ვინაიდან ყველა  ემორჩილება საკუთარ კარგსა თუ ცუდ ჩვევებს. გამოსავალი ისაა, რომ ინდივიდმა ეს ჭეშმარიტება დაინახოს და მყისიერად დაიწყოს საკუთარ თავთან მუშაობა. როდესაც რაღაც ფაქტორები ხელს გვიშლიან მიზნის მიღწევაში, იწყება ფრუსტრაცია და ადამიანი უკიდურესად დათრგუნულია. ამას შეიძლება მოჰყვეს აგრესიის განვითარება, რომელიც კიდევ უფრო დააზარალებს სუბიექტს.

არსებობს აზრები, რომლებიც ადამიანს ამონებენ. როდესაც ის კონკრეტულ საკითხზე ფიქრობს და წინასწარ არწმუნებს თავს, რომ არ გაუმართლებს და ყველაფერს ცუდი დასასრული ექნება დიდი ალბათობით, სწორედ ასე მოხდება. მიზიდულობის კანონი არ არჩევს ცუდსა და კარგ ფიქრებს. მისი მუშაობის მექანიზმი ორივე შემთხვევაში ერთნაირია. მაშინ, როდესაც ინდივიდი ამხნევებს საკუთარ თავს და უწინასწარმეტყველებს წარმატებას, რა თქმა უნდა, ერთ დღესაც დასახულ მიზანს მიაღწევს. ასე, რომ უნდა გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისა და აზრებისაგან.  პირველ ეტაპზე ისინი საკუთარ თავში ყალიბდებიან და შემდეგ ხელს გვიშლიან იმაში, რომ სრულფასოვნად ვიცხოვროთ.

მოსახლეობა ყოველდღიურად იტანჯება დაავადებებით. სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევებში, ინდივიდუუმი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას. რასაკვირველია, ამით იმის თქმა არ მსურს, რომ ფიზიკურ მიზეზებს არ აქვთ კავშირი დაავადებებთან. არამედ ყურადღება მინდა გავამახვილო ფიქრების ძალასა და ეფექტურობაზე. ადამიანის, ნეგატიური განწყობა  აისახება თავის ჯანმრთელობაზე. ისევე როგორც, სხვა დანარჩენ სიტუაციებში ამ დროსაც, დიდი წვლილი ენიჭება ფიქრებსა და წარმოდგენილ სურათებს. პათოფობიით არაერთი ადამიანია შეპყრობილი. მათ მუდმივად აქვთ ავად გახდომის შიში. ამგვარ მდგომარეობაში ისინი თავიანთ ორგანიზმს ამზადებენ პრობლემისათვის და იზიდავენ შეუძლოდ ყოფნას. მათი ასეთი აკვიატება ხშირად რელობად იქცევა და ადამიანი მართლაც ავადდება წინასწარ ნაფიქრი დაავადებით. იგივე შეიძლება ითქვას თანატოტროპიზმზე, რომლის დროსაც ინდივიდს აჩემებული აქვს, რომ რომელიმე კონკრეტული  სნეულებით მოკვდება. ავადმყოფური გონება გაცილებით დიდი პრობლემაა ვიდრე ავადმყოფი სხეულის ქონა. თუ ადამიანი გონებრივად საღად აზროვნებს დიდია იმის ალბათობა, რომ თავისი ჯანმრთელობის პრობლემა დაძლიოს და განიკურნოს. ფიქრებისა და განწყობის დახმარებით შეუძლებელი არაფერია. იმის მრავალჯერ წარმოდგენა, თუ, როგორ დგება ლოგინს მიჯაჭვული ადამიანი და გადაადგილდება, თავის შედეგს გამოიღებს. ოპტიმისტური განწყობა ყოველთვის შეცვლის ცუდს კარგით. რწმენისა და აზრების მნიშვნელობას ადასტურებს პლაცებოს ეფექტიც. რომლის დროსაც პაციენტი ყოველგვარი სამკურნალო ნივთიერებების გარეშე იკურნება. მთავარი წამალი რწმენაა. სუბიექტს სწამს, რომ  კონკრეტული პრეპარატით გამოჯანმრთელდება. რომელიც მხოლოდ ვიზუალურად ჰგავს მედიკამენტს და შემადგენლობაში არანაირი წამლის შემცველი ნივთიერება არ ურევია.

ადამიანი საკუთარი აზრების ერთობლიობაა. ჩვენი ცხოვრება ჩვენივე ფიქრების უშუალო შედეგია.  თქვენი ფიქრები თქვენსავე ცხოვრებას უკეთესობისაკენ წარმართავს და ასევე გამოიწვევს რეგრესს. გააჩნია, თქვენ რომელ მათგანს მიანიჭებთ უპირატესობას. მომავალი თქვენ ხელშია. შეინარჩუნეთ ამაღლებული განწყობა და ნუ მიაყენებთ ზიანს თქვენს ყოველდღიურობას, ხასიათსა და ჯანმრთელობას. გაანალიზეთ რა გიშლით ხელს მშვიდად ყოფნაში. ტანჯვის დამარცხება იწყება მიზეზთა გაცნობიერებით, ამას მოჰყვება სრული დაძლევა. რასაც ბუდამ კარმის მიზეზშედეგრობრივი კავშირის დანგრევა უწოდა.

 

ავტორი: მედეა გელდიაშვილი

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2