close
ვლევებიედიცინა

ბრიტანელი ექიმები ორსულ ქალებს კორონავირუსზე აცრას ურჩევენ

pjimage-2020-03-03_07-04-36_289632

ბრიტანელი ექიმები ორსულ ქალებს კორონავირუსზე აცრას ურჩევენ. აღნიშნულ ინფორმაციას „ბი ბი სი“ „ბრიტანეთის მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯის” გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ბრიტანელი გინეკოლოგები და მეანები შეშფოთებული არიან იმ საფრთხეებით, რასაც კორონავირუსი და განსაკუთრებით მისი ახალი შტამები უქმნიან ორსულ ქალს და ნაყოფს.

როგორც ცნობილია, ორსულ ქალებს სხვებთან შედარებით გაცილებით დიდი შანსი აქვთ კოვიდის მძიმე ფორმა განუვითარდეთ, სწორედ ამიტომ ექსპერტები მათ მოუწოდებენ აიცრან და დაიცვან საკუთარი თავი, შვილი და ოჯახი.

კოვიდვაქცინების უსაფრთხოება და ეფექტურობა ორსულებში დადასტურებულია, მიუხედავად ამისა, კვლევები უჩვენებს, რომ ბრიტანეთში ორსული ქალების 58%-მა აცრაზე უარი თქვა.

„ბრიტანეთის მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯის” პრეზიდენტის, დოქტორ ედუარდ მორისის თქმით იმ დედებს, რომლებიც მშობიარობისას კოვიდით არიან ინფიცირებული, დიდი შანსია დასჭირდეთ გადაუდებელი საკეისრო კვეთა ან რეანიმაცია. ასეთ ქალებში საკმაოდ მაღალია მკვდრადშობადობის  მაჩვენებელიც. გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია მაშინ, თუ ორსული მესამე ტრიმესტრში ინფიცირდება.

„ამიტომ ორსულებმა აუცილებლად უნდა მიიღონ უსაფრთხოების ყველა ზომა და აიცრან პირველი შესაძლებლობისთანავე“- აღნიშნავს მორისი.

„ბრიტანეთის მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯის” პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ მთავრობას ამ კუთხით სათანადო მუშაობა არ გაუწევია და მოსახლეობის ინფორმირებაზე არ უზრუნია. შედეგად, მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს შიში ვაქცინის მიმართ მაშინ, როდესაც მის გამოუყენებლობას შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყვეს. მორისის აზრით, სწორედ ასეთი დამოუკიდებლობის გამო ორსულები აღმოჩნდნენ ერთადერთი მოწყვლადი ჯგუფი, რომელიც ვაქცინაციის პრიორიტეტში არ მოიაზრება.

„ბრიტანეთის ვაქცინაციის და იმუნიზაციის ცენტრის“ რეკომენდაციით, ბრიტანელ ორსულებს შეუძლიათ აიცრან „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინით, თუმცა მოსახლეობაში ეჭვები და შიშები ჯერ კიდევ მრავლადაა.

ცოტა ხნის წინ აშშ-ში დასრულებულმა კვლევამ, რომელშიც 90 000-ზე მეტი ორსული მონაწილეობდა დაადგინა, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს მუცლის მოშლის თვალსაზრისით და არც ნაყოფს გადაეცემა დედისგან.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი