close
ნალიტიკასტორია

ბოლნისის ბრძოლა: უცნობი ისტორიული ქრონიკა

ბოლნისი (თავფურცელი)

 1225 წელს საქართველოში შემოჭრილმა ხვარაზმელთა ურდოებმა და მათმა მეთაურმა,ხორეზმ შაჰმა,ჯალალ ად-დინ მანგუბერტმა, სომხეთში, სოფელ გარნისთან გამართულ დაპირისპირებაში, გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა ქართველების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ გარნისთან მარცხს ქართველთა მხრიდან არ მოჰყოლია ათეულ ათასობით დანაკარგი, სწორედ აქედან დაიწყო საქართველოს სრული სამხედრო-პოლიტიკური ფიასკო. ჯალალ ად-დინმა მეორე წელს (1226) აიღო და გაძარცვა სამეფოს დედაქალაქი – თბილისი,სადაც  თავისი შეუბრალებელი ხასიათი გამოავლინა და მოსახლეობის დიდი ნაწილიც გაჟლიტა.

ჯალალ ად-დინის ძეგლი, ურგენჩი, უზბეკეთი


მტრის ამ წარმატებული ნაბიჯების წისქვილზე, დიდწილად, ქართველთა პოლიტიკური ლიდერებისა და სარდლობის შეუთანხმებლობა და უუნარობა ასხამდა წყალს. მიუხედავად ამისა, ხორეზმის შაჰს კარგად ესმოდა,რომ კავკასიაში თავისი მმართველობის გავრცელება, მხოლოდ თბილისის დაკავებით ვერ მოხერხდებოდა. იგი აცნობიერებდა იმ საფრთხეს, რომელიც მისთვის კავკასიის სამეფო-სასულთნოებს შეეძლოთ გამოეწვიათ ერთიანი, კონსოლიდირებული მოძრაობით და მის წინააღმდეგ ბრძოლით. ამ ყველაფერს ემატებოდა მონღოლთა შესაძლო შემოტევა აღმოსავლეთიდან (რომლებსაც გამოექცა ჯალალი) ამიტომაც, იგი ცდილობდა არ დაეშვა კავკასიის პოლიტიკური ერთეულების, თუ ცალკეული ქალაქებს შორის ალიანსების ჩამოყალიბება. თბილისის აღებიდან არცთუ ისე დიდი დროის შემდეგ, ჯალალ ად დინი სწრაფად ლაშქრობს ძლიერ და სტრატეგიულ ქალაქებზე: ანისზე, ყარსზე, ხლათზე, მაგრამ ამ კამპანიებმა უშედეგოდ ჩაიარა და ე.წ  „სიზიფეს შრომა“ გამოდგა მისთვის.
ასეთ ვითარებაში ქართველებმა დრო იხელთეს, დედაქალაქში მყოფი ხვარაზმელთა გარნიზონი შეავიწროვეს და თვით ქალაქის აღებაც კი მოახერხეს. არაბი ისტორიკოსის, იბნ ალ-ასირის ცნობით, თბილისი ქართველებმა ჰიჯრით  624 წლის რაბის პირველ თვეში გაათავისუფლეს – 19 თებერვალი- 21 მარტი. (19/2/1227-21/3/1227) ჯალალ ად დინის პირადი მდივანი შიჰაბ ალ დინ მუჰამედ ან-ნასავი კი ქართველთა მიერ თბილისის დაბრუნების თარიღად 1226 წელს ასახელებს (თ.ფარცვანია – ნასავის თხზულება  „სულთან ჯალალ ად დინ მანკბურნის ცხოვრების აღწერა, როგორც საისტორიო წყარო საქართველოს ისტორიისათვის, საისტორიო კრებული VII, “მეცნიერება“, თბილისი, 1979)
 სამხრეთ კავკასიის ციხეების ალყით გართულ ჯალალ ად-დინს „ურწმუნო გურჯებმა“ თბილისი ხელიდან გამოაცალეს. იგი ამ ამბების გაგებისთანავე გაეშურა საქართველოსკენ. ქართული სარდლობის გადაწყვეტილებით, მტრის ხელის შეშლის მიზნით, თბილისი გადაწვეს (ივ.ჯავახიშვილი „ქართველი ერის ისტორია, ტ III, პალიტრაL, თბილისი,2012), შემდეგ კი მომხდურთან დასახვედრად ჯარების შეკრება დაიწყეს.

XIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსი – ჟამთააღმწერელი,რომლის ნაწარმოები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა ამ ეპოქის საკითხების შესასწავლად, დაწვრილებით გვიამბობს იმ განხორციელებული სამხედრო ნაბიჯების შესახებ, რომელიც ქართულმა სამეფო კარმა გადადგა: დედოფალმა რუსუდანმა წვევის სიგელები დაგზავნა ავაგ ამირსპასალართან, შანშე მანდატურთუხუცესთან, ვარამ მსახურთუხუცესთან, ჰერ-კახელ ერისთავებთან, მესხ-თორელ-ჯავახელ დიდებულებთან, იმერეთში-ცოტნე დადიანთან, აფხაზეთში, ჯიქეთში და მთელ დასავლეთ საქართველოში.

მთავარსარდლობამ არ იმყოფინა მხოლოდ ქართული ძალები. ამ უკანასკნელმა გახსნა დარიალის კარი, უმთავრესი სტრატეგიული პუნქტი კავკასიონზე და გადმოიყვანა ძურძუკები, ოსები და ჩრდილოკავკასიული მეომარი სამხედრო ძალა. ამასთანავე,კავშირი გააბა კავკასიის პოლიტიკურ ერთეულებთან ხლათის სასულთნოსთან, აზერბაიჯანის ილდეგიზიან მმართველთან, მაგრამ იბრძოდნენ თუ არა მათი ძალები ბოლნისთან, ქართველების მხარდამხარ, ძნელი სათქმელია.
 ქართულ ლაშქარში აგრეთვე ვხედავთ ყივჩაღებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ამ ბრძოლის მიმდინარეობაში.

ყივჩაღი მეომრები შეტევისას

ქართველ მესვეურთა სამზადისმა მასშტაბური სახე მიიღო. ქართველთა ჯარის რაოდენობასთან დაკავშირებით, ერთადერთი ცნობა ეკუთვნის ან-ნასავის და მას 40.000 კაცით განსაზღვრავს. (საქართველოს ისტორიის ნარკვევები,ტ: III ,საბჭოთა საქართველო, თბილისი 1979)
გაერთიანებულმა ლაშქარმა თავი ნაჭარმაგევში მოიყარა და ბოლნისისაკენ აიღო გეზი. ნიშანდობლივია, რომ რუსუდან დედოფალმა ლაშქარს ,,სეფე-დროშა” არ წაამძღვარებინა წინ. ამ ფაქტს ქართველი მემატიანე ივანე მხარგრძელ-ათაბაგის სიკვდილით ხსნის: ,,ხოლო თვით დროშა სეფე არა წარგზავნა საქმესათვის ივანე ათაბაგისა”, როგორც ჩანს ამარსპასალარი ივანე ამ დროს გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო: ,,შემდგომად ორისა წლისა (გარნისის ბრძოლიდან 1225 წლიდან, ანუ 1227 წელს) გარდაიცვალა ივანე ათაბაგი. აქედან გამომდინარე, ივანე მხარგრძელი 1227 წელს უნდა აღსრულებულიყო. ბოლნისის ბრძოლა კი 1228 წელს გაიმართა.
 კოალიციურმა ჯარმა გაიარა თბილისი და მალევე შეამჩნია ბოლნისთან დაბანაკებული ჯალალედინის ურდოები. ბოლნისი, რომლის მიდამოებში ბრძოლა გაიმართა, მდებარეობდა ქვემო ქართლში, ისტორიული სომხითის ტერიტორიაზე, მდინარე ფოლადაურის მარცხენა ნაპირას,  ვახუშტი ბაგრატიონის მტკიცებით:  „სარკინეთის ხევის და სავლითდის მდინარე ფოლადაური,  გამოსდის ლელვარს და მოერთვის მდინარეს მაშავერს. ამას ზედა არს მცირე ქალაქი ბოლნისის (ქართლის ცხოვრების ტოპოგრაფიული ლექსიკონი-  http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php) ჟამთა აღმწერლის მიხედვით: “სულტანი დაბანაკებულ იყო სომხითს,  ჴევსა ბოლნისისასა“.  “სომხითი“ ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული გახლდათ და მოიცავდა ბოლნის-დმანისის ხეობებს და ლორეს ველს. (ივანე ჯავახიშვილი, საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით განხილული- www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/saqartvelos_sazgvrebi)

ხვარაზმელი მხედარი (მარჯვნივ) მონღოლი მხედრის წინააღმდეგ

ამის მიმოხილვის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბრძოლა დღევანდელი ქალაქ ბოლნისის სანახებში გაიმართა.

მხარეები საბრძოლველად განლაგდნენ.ბრძოლისთვის ორივე მხარე მზად იყო, როდესაც ხორეზმშაჰის ჯარს გარკვეული რაოდენობის მხედრები გამოეყვნენ და  იქითკენ მიაშურეს, სადაც ქართველთა მოკავშირე ყივჩაღები იყვნენ განლაგებულნი.ეს მცირე დელეგაცია ყივჩაღებთან პურითა და მარილით წარსდგა და შეახსენა მათ ის სიკეთე, რაც ერთ დროს ჯალალ ად-დინს ჰქონდა მათთვის გაწეული (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ: III, საბჭოთა საქართველო, თბილისი 1979)

სწორედ ამ მომენტში ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევა. ყივჩაღებმა უეცრად ზურგი უჩვენეს ქართველებს და ბრძოლის ველი დატოვეს. როგორც ჩანს,ჯალალის სიტყვამ გასჭრა. ეს ყოველივე, უეჭველია, ქართველ მეომრებზე დიდ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას მოახდენდა.

ქართველების რიცხვობრივი უმცირესობით და ფსიქოლოგიური ფაქტორის გათვალისწინებით გულმოცემული ხორეზმშაჰი მთელი თავისი ჯარით ეკვეთა მათ: ,,და იქმნა ომი სასტიკი” რიცხვით მცირე ქართულმა მხედრობამ უთანასწორო ბრძოლის დასაწყისში გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ მტრის სიმრავლემ თავისი გაიტანა და ქართველები დამარცხდნენ: ,,იძლივნენ სპანი მეფისანი”. მარცხის მთავარი მიზეზი ამ ბრძოლაში ყივჩაღთა ღალატით დიდწილად უნდა ყოფილიყო განპირობებული.


ახლა მიმოვიხილავთ ყივჩაღთა ღალატის საფუძვლებს.

საქართველოს სამეფოს წინააღმდეგ აქტიური მოქმედება ყივჩაღთა მხრიდან მონღოლთა გამოჩენის შემდეგ დაიწყო.1225 წელს ყივჩაღებმა გაარღვიეს დარუბანდის კარი და შირვანში შეიჭრნენ. მომთაბარე ყივჩაღთა მასამ, საქართველოს მეფე რუსუდანს საცხოვრებელი ადგილის გამოყოფა სთხოვა.უარის მიღების შემდეგ კი მათ დაარბიეს შირვანის ერთ-ერთი ქალაქი ყაბალა. რაღა თქმა უნდა, ქართველთა მხრიდან ცივი უარი და საცხოვრებელი ადგილის არმიცემა, მათ ანტიპატიას გამოიწვევდა. მით უმეტეს, რომ ქართველებმა ბრძოლაც კი გაუმართეს მათ, პირველ ბრძოლაში ქართველები დამარცხდენენ და ყივჩაღებმა დიდი ნადავლი იგდეს ხელთ, მაგრამ შემდეგ ქართველებმა რევანში აიღეს და გამარჯვება მოიპოვეს (საქართველოს ისტორიის ნარკვევები,ტ:III ,საბჭოთა საქართველო,თბილისი 1979). ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ხვარაზმის ჯარის დიდი ნაწილი დაქირავებული ყივჩაღებისაგან შედგებოდა (ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, ,,საბჭოთა საქართველო” ,თბილისი,1979,გვ:544-545).

ბოლნისის ბრძოლა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი მტკივნეული ფურცელია, მიუხედავად ქართული მთავარსარდლობის მონდომებისა, ნათელი გახდა, რომ ჯალალ ად-დინი რეგიონში, ჯერჯერობით, ყველაზე ძლიერი ძალა იყო.ქართველთა მარცხმა, რა თქმა უნდა,კიდევ უფრო შეუშალა ხელი ერთიანი ეროვნული თუ სამოკავშირეო ძალთა არსებობას, რომელსაც მტრების წინააღმდეგ ორგანიზებულად უნდა ებრძოლა. ხორეზმის სულთანმა კი, კავკასიური გამოცდა საქართველოსთან და მის მოკავშირე ძალებთან, წარმატებით ჩააბარა, მან შეძლო ამ ბრძოლაში ყივჩაღთა დაყოლიება, რომ ბრძოლის ველი დაეტოვებინათ, რაც ქართველთათვის ფატალური შედეგის მომტანი აღმოჩნდა.

საბოლოოდ, კავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა საკმაოდ სერიოზული სამხედრო გამოსვლა, რომელიც მიმართული იყო ხორეზმის შაჰის ექსპანსიური პოლიტიკის განეიტრალებისაკენ, უშედეგოდ დასრულდა.

ბიბლიოგრაფია:

  1. 1. ქართლის ცხოვრება, ტ:II, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა,თბილისი 2012
  2. ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია ,ტ:III, თბილისი 2012
  3. ნოდარ ასათიანი, საქართველოს ისტორია , თბილისი 2004
  4. 4. ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, თბილისი : მეცნიერება , 1966.
  5. ლევან სანიკიძე, წიგნი მოწამეთა , ფრესკა 1991
  6. საქართველოს ისტორიის ნარკვევები,ტ:III ,საბჭოთა საქართველო,თბილისი 1979
  7. საისტორიო კრებული VII ,მეცნიერება,თბილისი-1977.
  8. ივანე ჯავახიშვილი, საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისითგანხილული. (http://www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/saqartvelos_sazgvrebi)
  9. ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი (www.nplg.gov.ge)

 

მასალა მომზადა: გიგა ჩალიგავა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

კომენტარი

Tags : sld
admin2

The author admin2