ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, შუბლში ბოტოქსის ინიექციამ ტვინში სხვათა ემოციების ინტერპრეტაციისა და გადამუშავების პროცესი შეცვალოს. ნაშრომს დაწვრილებით გამოცემაში Scientific Reports გაეცნობით.
სახის უკუკავშირის ჰიპოთეზისთანახმად, სხვა ადამიანის სახეზე გაბრაზებული ანდა ბედნიერი გამომეტყველების დანახვისას სახის კუნთებს ვჭიმავთ ან ვკუმშავთ, რათა აღნიშნული გამომეტყველება გავიმეოროთ. ეს არაცნობიერი პროცესია. როდესაც ჩვენი სახის კუნთები სხვის ღიმილსა თუ ბღვერას იმეორებს, ტვინში სიგნალები იგზავნება, რომლებიც მათ ინტერპრეტაციაში გვიწყობს ხელს. ეს არამხოლოდ სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობის გაგებაში გვეხმარება, არამედ იმაშიც, რომ თავად განვიცადოთ ისინი.
ამრიგად, სახის უკუკავშირის ჰიპოთეზის თანახმად, სახის კუნთოვანი მეხსიერება ტვინში ემოციების გადამუშავებას უკავშირდება. ამ იდეის წარმოშობას ხშირად ჩარლზ დარვინს უკავშირებენ, რომელიც ემოციების წარმომავლობით დაინტერესდა. მან ივარაუდა, რომ სახეზე ემოციის გამოხატვა ან დახშობა მის განცდაზე პირდაპირ აისახებოდა.
ახლახან კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც უკუკავშირის ჰიპოთეზა ბოტოქსის ინიექციების გამოყენებით შეამოწმეს. მასში 33-40 წლამდე ასაკის 10 მდედრობითი სქესის პირი მონაწილეობდა. მკვლევრებმა ცდისპირებს ბოტოქსი შეუყვანეს და გლაბელარულ კუნთში (იგი წარბების შეჭმუხნაზე აგებს პასუხს) დროებითი პარალიზი გამოიწვიეს, ამის შემდეგ კი ემოციური გამომეტყველებების საპასუხოდ მათ ტვინის აქტივობას დააკვირდნენ.
ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (fMRI) ჩატარებისას (ერთი ინიექციებამდე ჩატარდა, მეორე კი — მათი მიღებიდან ორი კვირის შემდეგ) მონაწილეებს ბედნიერ, სევდიან და ნეიტრალური გამომეტყველების მქონე სახეებს აჩვენებდნენ.
მეცნიერებმა ბოტოქსის ინიექციის მიმღებთა ნუშისებრი სხეულის აქტივობაში ცვლილებები შენიშნეს. ეს ტვინის ის ცენტრია, რომელიც ემოციების გადამუშავებაზე აგებს პასუხს. ამას გარდა, როცა მონაწილეებმა ბედნიერი გამომეტყველებები დაინახეს, ცვლილებები დაფიქსირდა თითისტარისებრ ხვეულშიც — რეგიონში, რომელიც ობიექტებისა და სახეების ამოცნობაში გვეხმარება.
შედეგებმა აჩვენა, რომ ბოტოქსის ინიექციის შედეგად წარბების შეჭმუხნის უუნარობა ტვინში ემოციური სახეების გადამუშავებას აფერხებს. ბოტოქსი კუნთის მოძრაობას დროებით ბლოკავს, რაც, როგორც ჩანს, სახეს, ნუშისებს სხეულსა და თითისტარისებრ ხვეულს შორის აქტივობის რეგულაციას უშლის ხელს.
საგულისხმოა, რომ ემოციების გადამუშავებისა და ბოტოქსის კავშირი სხვა მეცნიერებსაც შეუსწავლიათ. 2011 წელს კვლევის ფარგლებში შემდეგი რამ შენიშნეს: მათ, ვისაც შუბლისა და თვალის გარშემო ბოტოქსის ინიექცია ჰქონდათ გაკეთებული, ემოციების აღქმა ბევრად უჭირდათ ისეთ ადამიანებთან შედარებით, რომლებმაც უკუკავშირზე გავლენის არმქონე პროცედურები (მაგალითად, კანის ფილერის შეყვანა) ჩაიტარეს.
შენიშნეს ისიც, რომ, შესაძლოა, წარბების შეჭმუხნის უუნარობა დეპრესიის მქონე ადამიანებს დაეხმაროს. ჯერაც დაუდგენელია, რა მექანიზმით ამსუბუქებს ეს დაავადების სიმპტომებს, თუმცა, როგორც ჩანს, მდგომარეობის სამართავად ეს უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდი შეიძლება აღმოჩნდეს. თავისთავად, დამატებითი კვლევაა საჭირო, სანამ რაიმეზე დაზუსტებით საუბარს შევძლებდეთ.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”