close

კატეგორიის გარეშე

კატეგორიის გარეშე

ხელოვნური ინტელექტი ბეთჰოვენის დაუსრულებელ სიმფონიას წერს

ავსტრიელი მუსიკათმცოდნეებისა და პროგრამისტების გუნდი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის დაუსრულებელი მეათე სიმფონიის დაწერას აპირებს.
გუნდმა პროექტზე მუშაობა კომპოზიტორის დაბადების 250-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიწყო. მათი თქმით, თავდაპირველად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მუსიკა მექანიკურად და მოსაწყენად ჟღერდა, თუმცა ბოლო პერიოდის შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.
პროექტის ავტორების თქმით, ხელოვნური ინტელექტი ძალიან მცირე დროში დაუჯერებლად დიდი რაოდენობის ნოტებს სწავლობს.
ამჟამად გუნდი ამუშავებს ალგორითმს, რომელიც დასრულებულ სიმფონიას შექმნის. ამის შემდეგ ისინი იმპროვიზაციას ისე ასწორებენ, რომ კომპოზიტორის სტილს შეესაბამებოდეს.
პროექტის საბოლოო შედეგი ორკესტრის სრული შემადგენლობის მიერ 2020 წლის 28 აპრილს ქალაქ ბონში იქნება წარმოდგენილი.
მსგავსი პროექტები აქამდეც განხორციელებულა. მაგალითად, კომპანია „ჰუავეის“ მიერ შექმნილმა ხელოვნურმა ინტელექტმა შუბერტის მერვე სიმფონია დაასრულა.

წყარო : euronews.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

2020 წლის 1-ლი იანვრიდან სტადიონებზე თამბაქოს მოწევა აიკრძალა

სტადიონებზე პირველი იანვრიდან თამბაქოს მოწევა აიკრძალა. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ფიზიკური პირი 100, განმეორების შემთხვევაში კი, 200 ლარით დაჯარიმდება. აკრძალვა ყველა იმ სტადიონს ეხება, რომელსაც ადმინისტრაცია ჰყავს.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის ფარგლებში ამოქმედებული რეგულაციის შესრულების მონიტორინგი სტადიონების ადმინისტრაციებს დაევალება. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია მოწევის ფაქტზე რეაგირებას არ მოახდენს, ფიზიკურ პირთან ერთად 500 ლარით თავადაც დაჯარიმდება. ადმინისტრაციის მხრიდან დარღვევის განმეორებაზე სანქცია 1000 ლარია, ხოლო ყოველ მომდევნო ჯერზე 2000 ლარს მიაღწევს.

საქართველოში კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ 2018 წლის მაისიდან ამოქმედდა. მოწევა აიკრძალა ყველა დახურულ სივრცეში, გარდა კერძო საცხოვრებლისა და პენიტენციური დაწესებულებებისა.

სტადიონების შემდეგ, მომდევნო რეგულაცია ძალაში 2021 წლიდან უნდა შევიდეს, როდესაც აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის განთავსება გამჭვირვალე ბოქსებში. 2023 წლიდან კი, ნებისმიერი ბრენდის თამბაქო სადა შეფუთვით გაიყიდება, რომელზეც მწარმოებლის კორპორატიული ფერები დატანებული არ იქნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კვლევით, საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა სადაც მწეველთა  რაოდენობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

2019 წლის მაისში საქართველოში საჯარო სივრცეებსა და სხვადასხვა სახის დაწესებულებაში თამბაქოს მოხმარების აკრძალვიდან 1 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით, თამბაქოს კონტროლის ალიანსმა ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

2019 წლის მთავარი სამეცნიერო ამბების შეჯამება

ორი მთავარი სამეცნიერო ჟურნალი Science-ი და Nature-ი, ტრადიციულად, დეკემბრის ბოლოს მიმდინარე წლის სამეცნიერო მიღწევებს აჯამებს. თუმცა ამას გამოცემები განსხვავებულად აკეთებენ. Science-ი აცხადებს „წლის მთავარ მიღწევას“, რომელსაც ეგრეთ წოდებული „შორთ ლისტის“ მონაწილეები არჩევენ. Nature-ი კი საკუთარი სამეცნიერო „სიახლეების“ პარალელურად ასახელებს ცალკეულ ადამიანებს, რომლებმაც მეცნიერებასა და პოლიტიკურ მოვლენებზე განსაკუთრებული გავლენა იქონიეს. გთავაზობთ ინფორმაციას მხოლოდ იმ აღმოჩენების შესახებ, რომლებიც გამოცემებმა წელს ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნიეს და ბმულებს, სადაც მათ შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ.

Science-ის სია. შავი ხვრელის პირველი ნამდვილი გამოსახულება

ჟურნალ Science-ის ჩამონათვალში, რომელიც 2019 წლის უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო მოვლენებს მოიცავს, უპირობო ლიდერი შავი ხვრელის პირველი ნამდვილი გამოსახულებაა.

თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სუპერმასიური შავი ხვრელი, ფილმიდან „ინტერსტელარი“ ყველამ კარგად ვიცით. თუმცა გარგანტუა ქრისტოფერ ნოლანის ამ ეკრანიზაციიდან მხოლოდ მოდელია, რომელიც ძალიან ფრთხილად არის გათვლილი და სამეცნიერო აღწერას შეესაბამება.

ნამდვილი შავი ხვრელის ნახვა კი თითქოს შეუძლებელი იყო, მაგრამ 2019 წლის აპრილში ეს შესაძლებელი გახდა. მიღებული გამოსახულება არის არა ოპტიკური, არამედ რადიოტელესკოპის მუშაობის შედეგი. ამიტომაც მისი შეფერილობა პირობითია, მაგრამ ეს აღმოჩენის მნიშვნელობას სულაც არ აკნინებს. უფრო დეტალურად ამ ფაქტზე ინფორმაციის მიღება პირველწყაროდან შეგიძლიათ.

მექსიკის ყურეში „დინოზავრების მეტეორიტის“ ჩამოვარდნის რეკონსტრუქცია

66 მილიონი წლის წინ დედამიწაზე გიგანტური ასტეროიდი ჩამოვარდა. ამ მოვლენის შედეგად, იმ დროისთვის ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების დაახლოებით სამი მეოთხედი სახეობა გადაშენდა, მათ შორის იყვნენ დინოზავრები. ამ მეტეორიტის ჩამოვარდნის ადგილი უკვე დიდი ხანია დადგენილია. მან ჩიკსულუბის კრატერის სახელწოდება მიიღო და მექსიკის ყურეში, იუკატანის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ რაიონში მდებარეობს. 2016 წელს ამ ტერიტორიაზე ბურღვითი მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. ამ დროს მიღებული შედეგების გაანალიზებით, სწორედ ახლა გახდა შესაძლებელი იმ პროცესების დადგენა, რომელიც ასტეროიდის ჩამოვარდნის გამო განვითარდა. უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება კი ამ პირველწყაროზე შეგიძლიათ.

დენისოველი ადამიანის გარეგნობის დადგენა მისი დნმ-ის მიხედვით

დენისოველები არიან ჩვენი სრულუფლებიანი ნათესავები, რომელთაც ნეანდერტალებთან ერთად კაცობრიობის გენოფონდში თავიანთი კვალი დატოვეს. თუმცა ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით, დენისოველთა ძვალსაც კი არა მოუღწევია ჩვენამდე. ამიტომ ჩვეულებრივი ანატომიური რეკონსტრუქციით ვერ გავიგებთ, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი.

2019 წელს კი მეცნიერები დნმ-ის ანალიზსა და დიდი ხნის წინ გადაშენებული ჩვენი წინაპრების გარეგნობის აღდგენას კრეატიულად მიუდგნენ. საამისოდ კი ერთადერთი კბილის მიერ გამოყოფილი ნივთიერება გამოიყენეს. ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღება  პირველწყაროდან შეგიძლიათ.

ებოლას სამკურნალო წამალი

დიახ, სასიკვდილო ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტიან წამალს მეცნიერებმა ებოლას აღმოჩენიდან მხოლოდ 40 წლის შემდეგ მიაკვლიეს. ფორმალურად, ეს პრეპარატი ერთის ნაცვლად ორია – mAb114 და REGN-EB3. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, კვლევის ფარგლებში, 4 სხვადასხვა პრეპარატს ცდიდნენ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პაციენტების 70%-ი, რომელიც ერთსა და იმავე ანტისხეულს იღებდა, გადარჩა. შედეგი იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ კვლევა ვადაზე ადრე შეწყვიტეს. ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღება პირველწყაროდან შეგიძლიათ.

კვანტური კომპიუტერი

ბოლო 2 წლის განმავლობაში, კვანტური კომპიუტერის მიმართულებით არა მხოლოდ ამერიკული უნივერსიტეტები, არამედ აიტიგიგანტები (IBM-ი, Google-ი, Intel-ი) და სტარტაპები მუშაობდნენ. „კვანტური“ყველაზე ძლიერს სულაც არ ნიშნავს. ის სრულიად სხვა – კვანტური პრინციპით მუშაობს. ჩვეულებრივი დავალებების უმრავლესობის შესრულებისთვის კვანტური კომპიუტერი არ გამოდგება და ეს ყოველთვის ასე იყო. თუმცა მათ პოტენციურად ისეთი რთული გამოთვლების შესრულება შეუძლიათ, რომლებიც ჩვეულებრივი კომპიუტერისთვის შეუძლებელია. 2019 წელს კი მეცნიერთა ვარაუდი კვანტური კომპიუტერის „პოტენციურ შესაძლებლობებზე“ რეალურ ექსპერიმენტად იქცა – ჯონ მარტინის ჯგუფმა Google-დან ასეთი გამოთვლის შესრულება შეძლო. ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღება პირველწყაროდან შეგიძლიათ.

რეკორდულად შორეული ასტეროდი აროკოტი იგივე Ultima Thule

ეს ასტეროდი „ნასას“ ავტომატურმა პლანეტათშორისმა სადგურმა „New Horizons“-ის ზონდმა დააფიქსირა. მან დროთა განმავლობაში სახელწოდება კი შეიცვალა, მაგრამ თავად იგივე დარჩა. აროკოტის მსგავსი ტრანსნეპტუნური ობიექტის კვლევა მეცნიერებს საშუალებას აძლევს უკეთ გაიგონ, პლანეტების წარმოშობამდე მზის სისტემა რისგან შედგებოდა. ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღება კი პირველწყაროდან შეგიძლიათ.

მუკოვისციდოზის გენეტიკური პრეპარატი

ბოლო 30 წლის განმავლობაში მუკოვისციდოზის მოლეკულურ მიზეზს იკვლევდნენ. სწორედ ამ ხანგრძლივი მუშაობის შედეგია პრეპარატი Trikafta. ცდების შედეგად დადასტურდა, რომ ამ წამალს მუკოვისციდოზის მქონე პაციენტების 90%-ის განკურნება შეუძლია. თუმცა მკურნალობის კურსი ასტრონომიულ ციფრებს უკავშირდება. მაგალითად, აშშ-ში ერთწლიანი მკურნალობის კურსი დაახლოებით 300 ათასი დოლარი ღირს. არადა, ამ პრეპარატის მიღება ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში უწევს. წამლის შექმნის ისტორიის დეტალებს შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.

სწორი მიკრობიომი, როგორც ბავშვთა არასრულფასოვან კვებასთან ბრძოლის საშუალება

ჩვილთა არასრულფასოვანი კვება არა მხოლოდ ეკონომიური პრობლემაა, არამედ- სამედიცინო მდგომარეობაც. ის დაკავშირებულია ბოლო კვლევებთან, რომლებიც ჩვილ ბავშვთა მიკრობიომის შესწავლას მიეძღვნა. ჟურნალ Science-ში ამერიკელ მკვლევართა მიერ გამოქვეყნებული სტატია არასრულფასოვან კვებასთან ბრძოლის მარტივ რეცეპტს იძლევა: ამისათვის საჭიროა კვების რაციონში ისეთი პროდუქტების დამატება, როგორიც არის ბანანი და სოიო. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ნაწლავების მიკრობიომი „მომწიფდეს“ და საჭმლის მონელება მოწესრიგდეს. ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღება პირველწყაროდან შეგიძლიათ.

ხელოვნური ინტელექტი პოკერის წინააღმდეგ

თავდაპირველად ხელოვნურ ინტელექტს ნარდი დანებდა, შემდეგ – ჭადრაკი, რამდენიმე წლის წინ – კი Starcraft-ი. პოკერის განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ ის დაფარული ინფორმაციით თამაშია – მოთამაშეები სხვის კარტებს ვერ ხედავენ და ეს მნიშვნელოვნად ართულებს კომპიუტერის უნარს, პრობლემა გადაჭრას. ბოლო კვლევებიდან ირკვევა, რომ ხელოვნური ინტელექტი ამ დავალებასაც გაუმკლავდება. მას ჯერ შეზღუდული ტეხასური ჰოლდემი დანებდა, შემდეგ – ულიმიტო ჰოლდემი, ახლა კი – ექვსი კაცისგან შემდგარი თამაში. დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.

NAture-ის სია. როგორ ამახინჯებს თევზის გლობალური ბაზარი ღარიბ ქვეყნებში მცხოვრებთა კვების რაციონს

მეცნიერებმა ჩაატარეს დიდი კვლევა, რომლის შედეგიც საკმაოდ მარტივია: დღეისათვის, განსაკუთრებით კი ღარიბ ქვეყნებში, ადამიანთა კვების რაციონი ხშირად მნიშვნელოვანი მიკროელემენტების სიმცირეს განიცდის. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრ ასეთ რეგიონში თევზი ჭარბად მოიპოვება. ამ პროდუქტს ადგილობრივი მოხმარებისთვის რომ იყენებდნენ, ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ბევრი საფრთხის თავიდან არიდება იქნებოდა შესაძლებელი. მაგრამ ასე არ ხდება და ამის მიზეზი მარტივია – გლობალური ბაზარი თევზს გლობალურ პროდუქტად აქცევს და ის ძირითადად ექსპორტზე გააქვთ. ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციის მიღება პირველწყაროდან შეგიძლიათ.

ჰანტინგტონის დაავადების მკურნალობისადმი ახალი მიდგომა

ეს არის ამ დროისთვის უკურნებელი სენი. მეცნიერებმა მიმდინარე წელს შექმნილ ახალ ნაშრომში ორიგინალური მეთოდი მოიფიქრეს, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ცილების პათოლოგიურ დაგროვებას. ჰანტინგტონის დაავადების განვითარება სწორედ ამ პროცესს ახლავს. ამისათვის მათ სპეციალური მოლეკულა – ადაპტორები დაამუშავეს. ისინი დაკავშირებულია როგორც ცილების „ნაგავთან“, ისე იმ რეცეპტორებთან, რომლებიც უჯრედის ზედაპირზეა განლაგებული. სწორედ ეს უკანასკნელი იწვევს ფაგოციტოზს (პროცესი, როდესაც უჯრედი თავის ნაწილაკებს შთანთქავს სპეციალური ბუშტუკების წყალობით, რომლებსაც თავად წარმოქმნის). მასალის პირველწყაროში შეგიძლიათ, ამ თემაზე დეტალური ინფორმაცია მიიღოთ.

ნეპტუნის მეშვიდე თანამგზავრი – ჰიპოკამპი

ნეპტუნის ორბიტაზე ცნობილი იყო 6 არც თუ ისე დიდი თანამგზავრი. ისინი 1989 წელს კოსმოსური აპარატით გადაიღეს. ტელესკოპ „ჰაბლის“ მუშაობისა და მონაცემების რთული ანალიზის შედეგად კი მეცნიერებმა მეშვიდე აღმოაჩინეს. ჰიპოკამპი მართლაც ძალიან პატარა აღმოჩნდა. მისი საშუალო რადიუსი სულ რაღაც 34 კმ-ს მოიცავს. არც არის გასაკვირი, რომ ის თავის დროზე კოსპოსურ აპარატს გამოეპარა. მასალის პირველწყაროში შეგიძლიათ, ამ თემაზე დეტალური ინფორმაცია მიიღოთ.

გენომების რედაქტირების ახალი, არსებითად უსაფრთხო და ზუსტი მეთოდი

ბოლო ათწლეულის ბიოლოგიასა და მედიცინაში, გენომების რედაქტირების მეთოდი (რთულად დასამახსოვრებელი სახელწოდებით CRISPR/Cas9-ი) ყველაზე ხმაურიანი თემა გახდა. 2012 წელს ამ მეთოდის აღწერილობის შესახებ პირველი სტატია გამოქვეყნდა. სულ რაღაც 6 წლის შემდეგ კი, რაც მედიცინისთვის წარმოუდგენლად ცოტა დროა, გენეტიკურად მოდიფიცირებული პირველი ბავშვი გაჩნდა. თუმცა დღემდე გენების მოდიფიცირება მხოლოდ ექსპერიმენტული, საკმაოდ უხეში მეთოდი იყო. ახალი ნამუშევარი კი სწორედ ამის შეცვლას ცდილობს.

ტექნოლოგიის არსი ის არის, რომ გენომის მიზანმიმართული ცვლილება ნებისმიერ ადგილზე უნდა მოხდეს. ეს მიდგომა არც ახლა შეცვლილა, თუმცა შეცდომები პრინციპულად ნაკლებია, ვიდრე ადრე. როგორც ჩანს, ეს იგივე მექანიზმია, რომელიც იქამდე უნდა გაეაქტიურებინათ, სანამ ადამიანებზე გამოცდიდნენ. მასალის პირველწყაროში ამ თემაზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ.

გრენლანდია, როგორც სათბურის გაზის ერთ-ერთი უდიდესი წყარო

მეთანი არის სათბურის გაზის ერთ-ერთი სახეობა ნახშირორჟანგსა და წყლის ორთქლთან ერთად. მომავალში კლიმატის განვითარების გზები რომ განვიხილოთ, საჭიროა კარგად წარმოვიდგინოთ, ატმოსფეროში მეთანი საიდან ჩნდება და მისი გამოყოფა გლობალური ტემპერატურის მომატების შემდეგ როგორ შეიცვლება. ამ მეცნიერულმა სიახლემ კი შესაძლებელი გახდა გაეზომათ მეთანის გამოყოფა იმ დანალექი ქანების მიერ, რომლებიც გრენლანდიაზე, ყინულის საფარქვეშაა. აღმოჩნდა, რომ სწორედ ეს არის მეთანის ემისიის ძლიერი წყარო. ამ თემაზე დეტალური ინფორმაციის მიღება მასალის პირველწყაროდან შეგიძლიათ.

მიტოქონდრიის დნმ-ი ადამიანს მამის ხაზითაც გადაეცემა

ფორმალურად ეს კვლევა 2018 წლის ბოლოს ჩატარდა, მაგრამ Nature-ის რედაქტორებმა 2019 წლის მიმოხილვაში ჩართეს. ის ამას ნამდვილად იმსახურებს, რადგან სიახლეს მალე ბიოლოგიის სახელმძღვანელოებში შეიტანენ. დღემდე მიიჩნეოდა, რომ მიტოქონდრია (უჯრედის ენერგეტიკული სადგური, რომელსაც თავისი დნმ-ი აქვს) ადამიანს მხოლოდ დედის ხაზით გადაეცემოდა, მამის მიტოქონდრია კი, რომელიც სპერმატოზოიდშია, უბრალოდ ნადგურდებოდა. აღმოჩნდა, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. ნამუშევარში აღწერილია, როგორ ვითარდება ეს პროცესი და რას ნიშნავს ეს იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც მიტოქონდრიული დნმ-ის მუტაციასთან არის დაკავშირებული. პირველწყაროში შეგიძლიათ მასალას დეტალურად გაეცნოთ.

ნეიროქსელები რობოტებს სირბილს ასწავლიან

ადამიანს, რომელსაც სიარული და სირბილი შეუძლია, ხშირად წარმოდგენა არ აქვს, ეს რამდენად რთული რამ არის. ყველაფერი გასაგები მაშინ ხდება, როდესაც ინჟინრები ცდილობენ, ცოცხალი ორგანიზმების მოძრაობა რობოტებს შეაძლებინონ. ეს საკითხი არის რობოტექნიკის ერთ-ერთი ურთულესი პრობლემა.

ახალი მიდგომა, რომელიც გერმანელმა და შვეიცარიელმა მეცნიერებმა გამოსცადეს, ორი ნერვული ქსელის მუშაობას ეფუძნება. ერთი მათგანი მოძრაობის სტრატეგიას გეგმავს, მეორე კი – ელექტრომოტორებში კონკრეტული მოქმედებისთვის ნაკრებს არჩევს. მასალის პირველწყაროში შეგიძლიათ, ამ თემაზე დეტალური ინფორმაცია მიიღოთ.

ქიმია LEGO-ს კანონებით

სინთეთიკური ქიმია, შესაძლოა, მეოცე საუკუნის მეცნიერებად მოგეჩვენოთ, მაგრამ სინამდვილეში, ბოლო წლებში, იქ ბევრი საინტერესო რამ ხდება. ყველაზე გამორჩეულია ეგრეთ წოდებული კლიკ-ქიმია – მიდგომა, რომელშიც ნივთიერების ზემოქმედების 100%-იანი შედეგის მისაღწევად სპეციალურ ადაპტორებს იყენებენ. ეს საშუალებას იძლევა, ახალი ნივთიერებები კონსტრუქტორივით აიწყოს. 2019 წლის მეცნიერული მიღწევა კი ამ თემას კიდევ უფრო ავითარებს, რადგან მას ახალ „კუბიკებს“ უმატებს. მასალის პირველწყაროში შეგიძლიათ, ამ თემაზე დეტალური ინფორმაცია მიიღოთ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ამ ახალ წელს მშიერი არავინ უნდა იყოს! – რესტორანი “ქვევრის” სამაგალითო გადაწყვეტილება

“ამ ახალ წელს მშიერი არავინ უნდა იყოს! ჯერ ახალი წლის დღეებში და შემდეგ ალბათ ისედაც გავაგრძელებთ… Qvevri • ქვევრი ში სულ იქნება ცალკე მაგიდა იმათვის ვისაც საჭმელი შია და საშუალება არ აქვს” – წერს სოციალურ ქსელში “ქვევრის მფლობელი ლაშა ბასლანძე” .

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

გერმანიაში ლეგალურად დასაქმება 2020 წლიდან იქნება შესაძლებელი

გერმანიაში 2020 წლისთვის უნდა ამოქმედდეს კანონი, რომლის თანახმად, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს, გერმანიაში ლეგალურად დასაქმების და პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნული ცვლილებები საქართველოს მოქალაქეებსაც ეხება.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გერმანიაში ლეგალურად დასაქმება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს 2020 წლის მარტიდან გაუმარტივდებათ. გამოცემის სტატიაში აღნიშნულია, რომ ახალი საიმიგრაციო კანონი 2020 წლის გაზაფხულზე ამოქმედდება.

ახალი რეგულაციით, უცხოელ სპეციალისტებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება უფრო იოლად შეეძლებათ. კერძოდ, გერმანიაში დასაქმების საშუალება ექნებათ როგორც უმაღლესი განათლების, ისე პროფესიული განათლების მქონე პირებსაც. ასევე დაგეგმილია უცხო ქვეყნებში გაცემული დიპლომების აღიარების პროცესის გამარტივება.

გერმანიაში არსებული ვაკანსიების ნახვა სპეციალურ ვებპორტალზე განთავსდება, სადაც ასევე ჩამოთვლილი იქნება უნარ-ჩვევები, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელი იქნება. მათ შორის არის გერმანული ენის ცოდნა.

შრომის ბაზრის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, 2019 წლის მესამე კვარტალში გერმანიაში 1,36 მილიონი ვაკანსია იყო. ამ ვაკანსიების მხოლოდ გერმანიის მოქალაქეებით შევსება ვერ ხერხდება.

გამოცემის ცნობით, კადრების ყველაზე დიდი დანაკლისია მათემატიკის, ინფორმატიკისა და ტექნიკის სფეროში, ასევე სამშენებლო სექტორში, მედიცინაში. გარდა ამისა, შეიმჩნევა ავადმყოფებისა და მოხუცების მომვლელთა დეფიციტიც. თავისუფალი ვაკანსიებია სასტუმროსა და რესტორნების ბიზნესშიც. შარშან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან გერმანიაში სამუშაოდ 60 000 ადამიანი ჩავიდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

„ბიბისი“ კავკასიური სოჭის შესახებ სტატიას აქვეყნებს

„ბიბისი“ კავკასიური სოჭის შესახებ, რომელიც ევროპაში ნორდმანის სოჭის სახელით არის ცნობილი, სტატიას აქვეყნებს.

„მყიდველს სადღესასწაულოდ უყვარს ნორდმანის სოჭის სასიამოვნო სურნელი და რბილი წიწვები. ეს ევროპაში ყველაზე პოპულარული საშობაო ხეა, რომელიც ბაზრის 60 პროცენტს შეადგენს. ევროპული სანერგეები ამ ხის თესლს საქართველოს მთიანი რეგიონიდან, რაჭიდან მოიპოვებენ. დიდ ბრიტანეთში ორი მეტრის სიმაღლის ხეში შესაძლოა, 72-დან 92 დოლარამდეც გადაიხადოთ, თუმცა საქართველოში, სადაც ეს ხეები ენდემურია, ფასები შესაძლოა, ოთხჯერ მაღალი იყოს“, – აღნიშნულია სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, კავკასიური სოჭის ფასი საქართველოში ყოველთვის არ ყოფილა ასეთი მაღალი. ადრე საქართველოს ბაზარზე მისი ყიდვა იაფად იყო შესაძლებელი, რადგან უკანონოდ იყო მოჭრილი. როგორც ავტორი წერს, საქართველო ცნობილია ლამაზი ეროვნული ტყეებით, თუმცა ეს ტყეები იყო ხის უკანონო მასალით მოვაჭრეების სამიზნე და საშობაოდ ნაძვსა და ფიჭვზე მოთხოვნა იზრდებოდა. 2011 წელს პრობლემის აღმოსაფხვრელად დაწესდა ახალი რეგულაციები და უკანონო ხე-ტყის ჭრის საწინააღმდეგოდ ჯარიმები გაიზარდა.

„ბიბისის“ სტატიაში ნათქვამია, რომ ახალი წესების ამოქმედების შემდეგ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, რომელშიც შედის აბასთუმნის ეროვნული პარკი, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა რვიდან 60-მდე გაიზარდა. ამჟამად ტყის უკანონო ჩეხვის ფაქტები სულ უფრო იშვიათია.

„თუ საქართველოში საშობაოდ სოჭის შეძენა სურთ, ძირითადად, ეს ადგილობრივ სანერგეებში არის შესაძლებელი“, – წერია სტატიაში და აღნიშნულია, რომ თბილისის გარეუბანში წიწვოვანი ხეების ერთ-ერთ სანერგეში ორმეტრიანი ნორდმანის სოჭის ფასი 850-დან 1500 ლარამდე მერყეობს. ავტორის ინფორმაციით, ნორდმანის ანუ კავკასიური სოჭი ძალიან ნელა იზრდება, რაც მის მაღალ ფასს განაპირობებს. ხის ორ მეტრამდე გაზრდას შესაძლოა, 10 წლამდე დასჭირდეს.

„ლამაზი საშობაო სოჭით ცნობილი საქართველო ახორციელებს თესლის ექსპორტს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დანია და პოლონეთი, შემდეგ კი ახორციელებს გაზრდილი ხეების იმპორტს“, – ნათქვამია სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ ასე მუდმივად არ გაგრძელდება – ნორდმანის სოჭის ფასმა საქართველოში უნდა დაიკლოს მომავალი ხუთი წლის განმავლობაში, როდესაც სოჭის პატარა ხეები გაიზრდებიან.

„თუმცა, ფასების კლების შემთხვევაშიც კი, გაურკვეველია, ქართულ ოჯახებში რამდენად პოპულარული გახდება მოჭრილი ხე. ბევრი მათგანი ცოცხალი ხეების მოჭრას ეწინააღმდეგება. ამასთან, მაღალმა ფასებმა შესაძლოა, კვლავ შესძინოს პოპულარობა ძველ ტრადიციულ საშობაო ხეს – ჩიჩილაკს. ის თხილის ან კაკლის ტოტისგან ხელით ითლება და ეძლევა პატარა წიწვოვანი ხის ფორმა. ხილითა და კენკრით მორთული ჩიჩილაკი ალამაზებს სახლებს 7 იანვარს, როდესაც მართლმადიდებლები შობას აღნიშნავენ. საბჭოთა მმართველობის დროს ჩიჩილაკის გაყიდვა აკრძალული იყო, თუმცა დღეს ძველი ტრადიცია ბრუნდება“, – წერია სტატიაში და აღნიშნულია, რომ ვინაიდან ჩიჩილაკის დასამზადებლად საკმარისია მხოლოდ ტოტი, ის საშობაო ხის ბევრად ეკომეგობრულ ვერსიას წარმოადგენს.

წყარო: 1tv.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ადოლფ ჰიტლერის ნახატების დიდი კოლექცია – გაიცანით უცნობი ავსტრიელი მხატვარი

წიგნში “ჩემი ბრძოლა” ჰიტლერი აღგვიწერს თუ რამდენად ძლიერ უნდოდა ახალგაზრდობაში, რომ გამხდარიყო მხატვარი. თუმცა მისი ოცნებები დაიმსხვრა, როდესაც ავტრიის დედაქალაქ ვენაში ჩასული ვენის სამხატვრო აკადემიაში მისაღებ გამოცდებზე ჩაიჭრა. ის ორჯერ უარით გაისტუმრა აკადემიამ პირველად 1907 წელს და მეორედ 1908 წელს, ვინაიდან ინსტიტუტის კოლექტივი თვლიდა, რომ ადოლფი ბევრად უფრო ნიჭიერი იყო არქიტექტურაში, ვიდრე მხატვრობაში. შიკლგრუბერისთვის მხატვრობა მხოლოდ ჰობი არ ყოფილა. ის თავის ნამუშევრებს ჰყიდდა კიდეც. ჰყიდდა ასევე საფოსტო ბარათებს, რომ გამოემუშავებინა საკუთარი ფული ვენაში ცხოვრების პერიოდში (1908-1913 წლებში). დიდი წარმატებისთვის მხატვრობაში არასოდეს მიუღწევია და 25 წლის ასაკში სერიოზულად დაინტერესდა პოლიტიკით. ამ ნახატების დათვალიერებისას ძალიან რთულია იფიქროთ, რომ ისინი დახატულია ადამიანის მიერ, რომელიც იყო მასობრივი მკვლელი და მეორე მსოფლიო ომის დაწყების ერთ-ერთი ინიციატორი. როგორც ჩანს საკმაოდ რთულმა ცხოვრებამ და ზედმეტად დიდმა პატრიოტიზმმა, ასევე შეთქმულების თეორიების აყოლამ ის ტოტალიტარულად მოაზროვნედ და მოქმედ ადამიანად აქცია. ახლა კი შემოგთავაზებთ მის ძალიან საინტერესო ნახატებს:

1) ვენის სახელმწიფო ოპერის თეატრი. 1912 წელი

2) დედა ღვთისა და იესო. 1913 წელი

3) სახლი ტბის პირას

4) ხე გზასთან

5) ძველი რეზიდენციის წინა ეზო

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ყველაზე ცნობილი კუები, რომლებმაც ერთად თითქმის 100 წელი გაატარეს, გაშორდნენ

ცხოველთა მოყვარულებს ფავორიტი წყვილი ჰყავთ – ეს გალაპაგოსელი კუები ბიბი და პოლდი არიან, რომლებმაც თითქმის 100 წელი ერთად გაატარეს, თუმცა ახლახანს დაშორდნენ.

ბიბი და პოლდი ავსტრიის  ზოოპარკში ცხოვრობდნენ და მათ იდეალურ წყვილად მიიჩნევდნენ. პოლდი კუებში სიმპათიურ და კომუნიკაბელურ ცხოველად მიიჩნევა, ხოლო მდედრი ბიბი, როგორც ზოოპარკის თანამშრომლები ამბობენ, ძალიან თავშეკავებულია და მას „დედოფლური“ ქცევები აქვს. გარდა იმისა, რომ ბიბის და პოლდის ერთი და იმავე საჭმელი უყვართ, მათ საერთო ისტორიაც აერთიანებთ.  ისინი ორივენი 1897 წელს გამოიჩეკნენ და შვეიცარიის ზოოპარკში ერთად გაიზარდნენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სწორედ შვეიცარიაში დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია, როდესაც 20 წლის იყვნენ.

როდესაც ისინი ავსტრიის ზოოპარკში გადაიყვანეს, ბიბი და პოლდი უკვე გამოცდილი და ზრდასრული წყვილი იყო, თუმცა 2011 წლის ნოემბერში ყველაფერი შეიცვალა. ერთხელაც ბიბიმ პოლდის ჯავშანს ნაწილი მოაჭამა და პოლდიმ ტკივილისგან ტირილი დაიწყო. მას შემდეგ ზოოპარკის თანამშრომლები კუებს სხვადსხვა ტერიტორიებზე აძინებდნენ, რადგან ეშინოდათ, რომ ბიბის პოლდი არ მოეკლა, ან პირიქით.  ზოოპარკში ჰყვებიან, რომ ისინი მათ შერიგებას ცდილობდნენ, რადგან კუების სიყვარულის ისტორია ეს მათი ზოოპარკის ბრენდია და წყვილის სანახავად ძალიან ბევრი ტურისტი მოდიოდა.

ზოოპარკის ადმინისტრაცია თითქმის 7 წელი ცდილობდა წყვილის შერიგებას. აღსანიშნავია, რომ უფრო აგრესიულად ბიბი იყო განწყობილი და შეიძლება ითქვას, რომ ყოფილ ქმართან „ერთ სუფრაზეც არ ჯდებოდა“.

თანამშრომლებმა ხელი ჩაიქნიეს და ორივე კუს განცალკევებული „სახლები“ აუშენეს, თუმცა მათ სახლებს შორის ერთ-ერთი კედელი მინისაა და ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს პერიოდულად ხედავს. ზოოპარკში ამბობენ, რომ როდესაც ბიბი ყოფილს ხედავს, გველივით სისინს იწყებს და ზედაც არ უყურებს, თუმცა პოლდის ყოფილი ცოლის მიმართ აგრესია ნაკლებად აქვს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

UNESCO-მ თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა

სლოგანი „კარგი და შენი შემდეგი წიგნი რომელია…?“ პროგრამა ორიენტირებულია, ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით.

პროგრამა მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან აქტივობებს. ღონისძიების მიმდინარეობისას, საბავშვო ბიბლიოთეკები გამოიფინება და წიგნის ფესტივალები გაიმართება ბავშვებისთვის. ასევე, ციფრული პროექტები, რომლითაც წიგნები თამაშებად ტრანსფორმირდება.

ღონისძიების აღნიშვნა 2021 წლის 23 აპრილს დაიწყება, მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს.

ქალაქები ამ ღონისძიებაში ერთვებიან წიგნების პოპულარიზაციისა და კითხვის წახალისებისთვის. როგორც 21-ე ქალაქი, 2001 წლიდან, თბილისი კუალა-ლუმპურისა (2020) და შარჯას (2019) მომდევნო ქალაქია, რომელიც ამ სტატუსით ახალგაზრდებს უმასპინძლებს.

მსოფლიო წიგნის დედაქალაქის სტატუსი ჰქონდათ ქალაქებს: მადრიდი (2001), ალექსანდრია (2002), ნიუ დელი (2003) და სხვა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კატეგორიის გარეშე

ქართველი გოგონები მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბატუტზე სინქრონულ ხტომებში ქართველმა გოგონებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს.

კვალიფიკაციაში ქართულმა წყვილმა 44.710 ქულა მოაგროვა და მეორე შედეგი აჩვენა იაპონელების შემდეგ, თუმცა ფინალში მათ შესანიშნავად იასპარეზეს და 44.340 ქულით პირველობა არავის დაუთმეს – 11-12 წლამდელთა კატეგორიაში მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს.

ვერცხლის მედლები რუს გოგონებს (44.280) ერგოთ, იაპონელები (43.870) კი მესამე ადგილს და, შესაბამისად, ბრინჯაოს დასჯერდნენ.

მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიაში, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი რუსუდან ხოფერიაც მსაჯობდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 14 15 16 17 18 40
Page 16 of 40