close

მედიცინა

კვლევებიმედიცინა

აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელიც ყველაზე საშიშ კიბოსაც კლავს

ცოტა ხნის წინ, სწორი ნაწლავის კიბოს მქონე ადამიანების მცირე ჯგუფს დაავადებაზე უმკურნალეს. მათი დაავადება გაქრა და ამას ისინი ექსპერიმენტული მკურნალობის მეთოდს უნდა უმადლოდნენ.

ეს იყო ძალიან მცირემასშტაბიანი კვლევა, რომელიც ჩატარდა ნიუ-იორკის კეტერინგის კიბოს ცენტრის ექიმების მიერ, სადაც პაციენტები ექვსი თვის განმავლობაში იღებდნენ წამალს, სახელად დოსტარლიმაბს. ცდის ბოლოს 16-მა პაციენტმა კიბო დაამარცხა.

ახლა, კიდევ ერთი გარღვევის მომსწრენი გავხდით. აღმოჩნდა, რომ ახალი ნაერთი, რომელიც სინთეზირებულია დოქტორ იუნგ-მო აჰნის, ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარის მიერ, კლავს რთულად სამკურნალო კიბოს ფართო სპექტრს, მათ შორის სამმაგ ნეგატიურ ძუძუს კიბოს. ეს ყველაფერი ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად.

კვლევა, რომელიც ჩატარდა იზოლირებულ უჯრედებში და მოიცვა ადამიანების უჯრედებიც ჟურნალში Nature Cancer გამოქვეყნდა.

დოქტორი აჰნი უკვე წლებია მუშაობს მცირე მოლეკულებზე, რომლებიც უჯრედებზე ზემოქმედებას ახდენენ. აქამდე მან შეძლო და ასეთი მეთოდით შეიმუშავა პოტენციური თერაპიული ნაერთები მკერდის კიბოს და პროსტატის კიბოს სამკურნალოდ.

თავის ამჟამინდელ კვლევაში, აჰნმა და მისმა კოლეგებმა გამოსცადეს მათ მიერ სინთეზირებული ახალი ნაერთი, სახელწოდებით ERX-41. ნაერთს სარძევე ჯირკვლის კიბოს უჯრედებზე უნდა ემოქმედა.

„ERX-41 ნაერთი არ კლავს ჯანსაღ უჯრედებს, მაგრამ ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა კიბოს უჯრედებს ესტროგენის რეცეპტორები. მეტიც, მან გაანადგურა სამმაგად უარყოფითი, ძუძუს კიბოს უჯრედები”, — ამბობს დოქტორი აჰნი.

კვლევამ აჩვენა, რომ ნაერთის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ სიმსივნე დაპატარავებას იწყებს. საბოლოოდ მოლეკულამ შეძლო და კიბოს უჯრედები სრულად გაანადგურა.

მხოლოდ ეს არ არის: მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ERX-41 ეფექტურია სხვა ტიპის კიბოს წინააღმდეგ, მათ შორის პანკრეასის და საკვერცხის რთულად სამკურნალო კიბოსთან მიმართებაშიც. მეტიც, ის მუშაობს ტვინის კიბოს შემთხვევაშიც.

ამ ახალი მეთოდის შემქმნელების თქმით, ERX-41-ის კლინიკური კვლევები 2023 წლიდან დაიწყება. ეს კი ნიშნავს, რომ სულ მალე შეიძლება კიბოს მკურნალობის სრულიად ახალი და ეფექტიანი მეთოდი გვქონდეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

„რა იწვევს ყლაპვის გაძნელებას და ყელში ბურთის გაჩხერვის შეგრძნებას“ – როგორ უნდა მოაგვაროთ ეს პრობლემა

ყლაპვის გაძნელების სხვა უამრავი მიზეზი არსებობს. ეს შეიძლება საყლაპავის პათოლოგიით იყოს გამოწვეული, როგორც სტრუქტურული, ასევე ფუნქციური. ფუნქციურს წარმოადგენს ე.წ. საყლაპავის სპაზმი, აქალაზია და ასე შემდეგ,- ამის შესახებ გადაცემაში “ნამდვილი ექიმები” სპეციალისტები საუბრობენ.

ყლაპვის გაძნელების მიზეზთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ნევროზული მდგომარეობით გამოწვეული პრობლემაა. სინამდვილეში, ყლაპვის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს, დაღეჭილი ლუკმა საყლაპავ მილში თავისუფლად გაივლის და კუჭში ჩადის. ის არ რჩება საყლაპავში და არ ეჩხირება ადამიანს ყელში. მხოლოდ შეგრძნება გახლავთ. ეს შეგრძნება შეიძლება, ადამიანს არა მხოლოდ ყლაპვისას, არამედ სრულიად უმიზეზოდაც ჰქონდესა,-ამბობს რეზო ომიაძე.

რატიანის განმარტებით, ჰიპოკრატე ამ სიმპტომს ,,ისტერიულ სიმპტომს“ ეძახდა, ვინაიდან ის დამახასიათებელი იყო ისეთი ადამიანებისათვის, რომლებსაც ფსიქო-ემოციური სტატუსი წინა პლანზე ჰქონდათ გამოწეული. როცა ადამიანები უფრო ცუდ ხასიათზე არიან, შფოთვა, დეპრესია აქვთ, შეგრძნება მათთან უფრო ხშირად ვითარდება.

რა იწვევს ყლაპვის გაძნელებას და ყელში ბურთის გაჩხერვის შეგრძნებას, მოისმინეთ სრული განმარტება და მოგვარების გზები ნამდვილი ექიმებისგან:

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ყურადღება მიაქციეთ ამ 5 სიმპტომს – შესაძლოა ისინი გაფანტული სკლეროზის ადრეული ნიშნები იყოს

შესაძლებელია თუ არა გაფანტული სკლეროზის განვითარების ბიოლოგიური მექანიზმების დადგენა?ეს კითხვა დაუსვეს საკუთარ თავს პარიზის ტვინის ინსტიტუტის მეცნიერებმა თავიანთი ახალი ნაშრომის ფარგლებში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Neurology.

მათ დაადგინეს, რომ არსებობს ხუთი პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს გაფანტული სკლეროზის განვითარებასთან რამდენიმე წლის შემდეგ. ამრიგად, ისეთი დარღვევების სიხშირე, როგორიცაა დეპრესია, ყაბზობა და საშარდე გზების ინფექციები (კერძოდ, ცისტიტი) დაკავშირებულია გაფანტული სკლეროზის განვითარებასთან 5 წლის შემდეგ. სინამდვილეში, ასეთი შედეგები ხელს უწყობს დაავადების პროდრომული ფაზის აღწერას, მაგრამ არ იძლევა ადრეული გამოვლენის მეთოდის შემუშავებას.

გაფანტული სკლეროზი არის ნევროლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ნერვული სისტემა თავს ესხმის მიელინს, ნერვული ბოჭკოების გარშემო დამცავ საფარს. ის მნიშვნელოვანია ტვინსა და ორგანოებს შორის იმპულსების გადაცემისთვის. გაფანტული სკლეროზი საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. სპეციალისტების ამოცანაა დაავადების რაც შეიძლება ადრე გამოვლენა, მანამდეც კი, სანამ დაზიანებები MRI-ზე ხილული გახდება. განაგრძეთ კითხვა

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

ფაქტები, რომელიც 2023 წელს, მედიცინის ისტორიაში მოხდა

2023 წელს არაერთი სამედიცინო გარღვევის მომსწრენი გავხდით. ისტორიაში პირველად, ქალს ერთდროულად 2 ორგანო გადაუნერგეს. ეს ისტორიული მომენტია, რადგან გულ-ღვიძლის ტრანსპლანტაცია ერთდროულად აქამდე არასდროს ჩატარებულა. დიდი ალბათობა იყო იმის, რომ პაციენტის ორგანიზმი მხოლოდ გულის გადანერგვას ვერ გაუძლებდა.

შესაბამისად, საჭირო იყო ღვიძლის გადანერგვაც. ოფიციალური განცხადებითდ, ორმაგი ტრანსპლანტაცია ეფუძნება იმუნოპროტექტორულ მიდგომას, რა დროსაც დონორის ღვიძლი იმუნოდაცვით ინდუცირებას ახდენს.

ისტორიაში პირველად: ექიმებმა ტვინის ქირურგიული ოპერაცია ნაყოფის დაბადებამდე ჩაატარეს

ისტორიაში პირველად, Brigham and Women’s Hospital-ისა და Boston Children’s Hospital-ის გუნდმა წარმატებით განკურნა სისხლძარღვების აგრესიული ანომალია ნაყოფის ტვინში, რათა მშობიარობის შემდეგ პოტენციურად ფატალური სიმპტომები აერიდებინათ თავიდან. ეს ისტორიული შემთხვევა აღწერილია ჟურნალ Stroke-ში დღეს გამოქვეყნებულ ნაშრომში.

“ყოველ ქირურგიაში, რომელიც ნაყოფს უტარდება, ორი პაციენტია: ნაყოფი და დედა. ნაყოფზე მიმდინარე ოპერაციების მნიშვნელოვანი ასპექტი ორივე მათგანზე ზრუნვაა”, — თქვა კვლევის თანაავტორმა, კეროლ ბენსონმა (მედიცინის დოქტორი, რადიოლოგი BWH-ში და BWH-ს High-Risk Obstetrical Ultrasound Service-ის ყოფილი თანადირექტორი). “უნდა დარწმუნდე, რომ ყველაფერი იდეალურ წესრიგშია, რაც ზუსტი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის გარეშე შეუძლებელია.”

მკვლევრებმა გამოიყენეს ულტრაბგერით-ინდუცირებული ტრანსუტერინის იმბოლიზაცია გალენის ანომალიური ვენის პრობლემის მოსაგვარებლად ნაყოფის დაბადებამდე. აღსანიშნავია, რომ აგრესიული სიმპტომები, რომლებიც მშობიარობის შემდეგ ჩნდება ხოლმე, ამ შემთხვევაში არ გამოვლენილა. როგორც მკვლევრები იტყობინებიან, ექვსი კვირის თავზე ჩვილი საოცრად კარგად პროგრესირებს, არ საჭიროებს მედიკამენტებს, იკვებება ნორმალურად და იმატებს წონაში. თავის ტვინზე უარყოფითი გავლენის არანაირი ნიშანი დაფიქსირებულა.

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ადამიანის ემბრიონები სრულად ხელოვნურად შექმნეს

ისტორიაში პირველად, მკვლევრებმა ღეროვანი უჯრედებისგან ადამიანის ემბრიონები ხელოვნურად შექმნეს.შესაძლოა, ასე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღოთ ადამიანის განვითარების ადრეულ ეტაპებზე, თუმცა ეთიკური თვალსაზრისით არაერთი შეკითხვა იჩენს თავს.

სინთეზური ემბრიონები თაგვისა თუ მაიმუნის ღეროვანი უჯრედებისგან აქამდეც შეუქმნიათ, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ემბრიონი ადამიანის ღეროვანი უჯრედებისგან დაამზადეს.

გასათვალისწინებელია, რომ მეცნიერთა ნაშრომი, ჯერჯერობით, რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში არ გამოქვეყნებულა. იგი პროფესორმა მაგდალენა ჟერნიკა-გოტცმა (კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი) წარადგინა ღეროვანი უჯრედების კვლევის საერთაშორისო საზოგადოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ბოსტონში.

სინთეზური ემბრიონები ბუნებრივი სქესობრივი გამრავლების შედეგად არ იქმნება — მას ლაბორატორიულ პირობებში ამზადებენ ღეროვანი უჯრედებისგან. შესაძლოა, მათი მეშვეობით უკეთ შევისწავლოთ, როგორ ვითარდება ემბრიონი პირველი კვირების განმავლობაში. ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მიჩნეულია, რომ სწორედ ამ დროს იწყება არაერთი გენეტიკური დაავადება.

სინთეზური ემბრიონების კვლევა, ჯერჯერობით, კანონით არ რეგულირდება. გაერთიანებულ სამეფოში ადამიანის ბუნებრივი ემბრიონების კვლევა მხოლოდ 14 დღითაა შესაძლებელი, თუმცა რეგულაციები სინთეზურ ემბრიონებს არ ეხება.

ისტორიაში პირველად, მაიმუნები ხელოვნური ემბრიონებით დააფეხმძიმეს

ადამიანის ორგანიზმში ღორის თირკმლების გადანერგვის პროცედურები უკვე საუკუნეზე მეტია, ტარდება, თუმცა მათი ფუნქციონირება დღემდე პრობლემური იყო. ალაბამის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებს ამ მხრივ მნიშვნელოვანი მიღწევა აქვთ: მათ ტრანსპლანტაციისთვის გენმოდიფიცირებული ცხოველის ორგანო გამოიყენეს, რომელმაც მკვდარი ტვინის მქონე პაციენტის სხეული კრეატინინისგან გაათავისუფლა და შარდი წარმოქმნა.

კრეატინინი კრეატინფოსფორმჟავას ნარჩენი პროდუქტია, რომელიც ძირითადად ჩვენს კუნთებში გამოიყოფა. ის ორგანიზმიდან მხოლოდ თირკმლების მეშვეობით, შარდის სახით გაედინება, რაც ამ ორგანოების სასიცოცხლო ფუნქციის ერთ-ერთი უმთავრესი საზომია და აქამდე ასეთი დონეზე არასდროს მიღწეულა.

ორგანოების სახეობათაშორის გადანერგვას ქსენოტრანსპლანტაცია ეწოდება, რომელიც ადამიანებში ისეთი წარმატებით ვერ ხორციელდება. ეს იმიტომ, რომ ჩვენს ორგანიზმს უცხო ქსოვილების მიღება უჭირს. ამ დაბრკოლების გადალახვა თეორიულად იმუნური სისტემის მოტყუებითაა შესაძლებელი, რისთვისაც ცხოველთა გენებს ცვლიან. სწორედ მსგავს მეთოდს მიმართეს მეცნიერებმა უკანასკნელი კვლევის ფარგლებში.

მათ ღორის 4 გენი ამოიღეს და ადამიანის 6 გენი დაამატეს, რამაც ცხოველის თირკმელი “გააადამიანურა” და მან პაციენტის სხეულში 4 კვირის განმავლობაში იფუნქციონირა. სპეციალისტებმა ახლა უნდა გაარკვიონ, ეს მეთოდი თირკმლის ბოლო სტადიის დაავადებებთან ბრძოლის დროებით გზაა თუ საბოლოო თერაპია. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მნიშვნელობა დიდია, რადგან ყოველწლიურად დონორის ლოდინში უამრავი პაციენტი იღუპება.

უნდა ითქვას, რომ წარმატების მიუხედავად, ამგვარი ქსენოტრანსპლანტაციის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ჯერ კიდევ გამოსაკვლევია. იმავე მეცნიერებმა გასულ წლებში გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი მკვდარი ტვინის მქონე სხვა ინდივიდსაც გადაუნერგეს, მაგრამ მან საკმარისი ოდენობის კრეატინინი ვერ გამოდევნა. სისხლში ის ისევ ფიქსირდებოდა, შარდში კი — არა.

ჯერჯერობით მსგავსი ცდები ცოცხალ ადამიანზე არ ჩატარებულა, მაგრამ საამისოდ გენმოდიფიცირებული ცხოველის თირკმელი მაინც ყველაზე უსაფრთხოა, რადგან იმუნური სისტემა მას იღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიკვდილის რისკი არსებობს.

ისტორიაში პირველად, კოკაინზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს

ბრაზილიელმა მეცნიერებმა ახალი ვაქცინის შექმნის შესახებ განაცხადეს. ვაქცინა კოკაინზე დამოკიდებულების სამკურნალოდ შეიმუშავეს.

ვაქცინას Calixcoca ჰქვია და მან ცხოველებზე ჩატარებულ ცდებში დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. მკვლევრების თქმით, ვაქცინა იმუნურ პასუხს იწვევს და კოკაინს თავის ტვინამდე მიღწევაში ხელს უშლის. ეს ნარკოტიკზე დამოკიდებულებს ნივთიერებისგან გათავისუფლებაში უნდა დაეხმაროს.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კოკაინზე დამოკიდებულები ნივთიერების ეფექტს ვეღარ იგრძნობენ.

“თუ მკურნალობა მარეგულირებელის დასტურს მიიღებს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კოკაინზე დამოკიდებულების მკურნალობა ვაქცინით მოხდება”, — თქვა ფრედერიკო გარსიამ, მკვლევარმა და ვაქცინის შემქმნელმა.

ისტორიაში პირველად, თაგვების ორგანიზმში ადამიანის მინიატიურული ნაწლავები გაზარდეს

მედიცინის ისტორიაში პირველად, ადამიანის ნაწლავის ქსოვილის ბურთულები თაგვებს გადაუნერგეს. რამდენიმე კვირის შემდეგ ტრანსპლანტატებს იმუნური სისტემის საკვანძო თავისებურებები განუვითარდა. შესაბამისად, შესაძლოა, მოდელი ადამიანის ნაწლავური სისტემის საიმიტაციოდ წარმატებით გამოიყენონ. კვლევას გამოცემაში Nature Biotechnology გაეცნობით.

მიღწევა ცინცინატის ბავშვთა საავადმყოფოს სამედიცინო ცენტრის მეცნიერებს ეკუთვნით. მაიკლ ჰელმრათმა და მისმა კოლეგებმა ექსპერიმენტი მრავალპოტენტური ღეროვანი უჯრედებით დაიწყეს, რომელთაც სხეულის ნებისმიერ ქსოვილად შეუძლია გადაქცევა; შემდეგ სპეციალური მოლეკულური კოქტეილის საშუალებით ისინი ნაწლავის უჯრედებად გარდაქმნეს; ასე მეცნიერებმა ორგანოიდთა ბურთები მიიღეს, მერე კი ისინი ფრთხილად გადაუნერგეს თაგვებს.

ორგანოიდებს ზოგიერთი სტრუქტურა და ფუნქცია ნამდვილი ორგანოების ანალოგიური აქვს, ამიტომ ორგანოთა განვითარების, დაავადებების გაჩენისა და მედიკამენტების მოქმედების შესასწავლად მათ ხშირად იყენებენ.

გადანერგვიდან 20 კვირის შემდეგ მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ორგანოიდები დაახლოებით 20 ტიპის იმუნურ უჯრედს შეიცავდა.

“ეს ძალიან ჰგავს პოპულაციებს, რომლებსაც ადამიანის ნაწლავში ვხვდებით”, — განაცხადა ჰელმრათმა Wired-თან საუბრისას.

იმუნურ უჯრედთა ფუნქციონირების დასადასტურებლად მკვლევრებმა ისინი E. Coli ბაქტერიასთან მოაქციეს. შედეგად M უჯრედები გაჩნდა — იმუნური სიგნალების გადამცემი უჯრედები, რომლებიც ნაწლავის სარჩულში გვხვდება და, ჩვეულებრივ, ინფექციის ანდა ანთების შედეგად წარმოიქმნება.

გუნდი იმედოვნებს, რომ მომავალში მათი ორგანოიდები მომნელებელ სისტემაში გენეტიკური დეფექტების მქონე ანდა ისეთ ადამიანებს დაეხმარება, რომელთა ნაწლავიც გარკვეული მიზეზების გამო აღარ ფუნქციონირებს. მკვლევრებს სჯერათ ისიც, რომ, შესაძლოა, ადამიანისთვის გადანერგვის შემთხვევაში ორგანოიდები თავისითაც კი გაიზარდოს

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

სამეცნიერო სენსაცია – კარაქსა და საქონლის ხორცში კიბოს უჯრედების გამანადგურებლები იპოვეს

ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ჩაატარეს ძალიან სიღრმისეული და დეტალური კვლევა და ახლა ისინი ამტკიცებე, რომ ცხიმიანი რძის პროდუქტები, საქონლის ხორცი და ცხვრის ხორცი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ეხმარება კიბოს მკურნალობას.

მათი კვლევა ახლახან გამოქვეყნდა Nature-ში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო და რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში.

რა თქმა უნდა, მეცნიერები არ ამტკიცებენ, რომ კიბოს მკურნალობა მხოლოდ ასეთი პროდუქტებით და წამლებისა თუ მკურნალობის სხვა მეთოდების გარეშეა შესაძლებელი.

კვლევის თანახმად, კიბოს უჯრედების წინააღმდეგ მებრძოლი აქტიური ნივთიერება აღმოჩნდა ტრანსვაქცენური ცხიმოვანი მჟავა. ის შეიწოვება და გროვდება ცხიმებსა და რძეში. აქედან გამომდინარე, ეს ნივთიერება ბევრია კარაქში, ცხიმოვანი რძის პროდუქტები, საქონლის ხორცი და ცხვრის ხორცი. ასევე ბევრია დედის რძეში.

მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ცხიმოვანი მჟავა აუმჯობესებს იმუნური სისტემის სპეციალური უჯრედების უნარს, შეაღწიონ სიმსივნეებში და მოკლას კიბოს უჯრედები.

წყარო:

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

კანის დაავადება ეგზემას სრულიად მოულოდნელი გამომწვევი მიზეზი აღმოაჩინეს

აუტანელ ქავილს, რომელიც კანის ქრონიკულ ანთებით დაავადებას, ეგზემას ახლავს თან, ახალი დამნაშავე ჰყავს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კარგად ცნობილი ბაქტერია, ოქროსფერი სტაფილოკოკი (Staphylococcus aureus) განაპირობებს მუდმივ ქავილს, რადგან პირდაპირ აღიზიანებს კანის მგრძნობელობით ნეირონებს; ეს აღმოჩენა მეცნიერებს შეიძლება ახალ სამკურნალო საშუალებათა შექმნაში დაეხმაროს.

ეგზემას ატოპიურ დერმატიტსაც უწოდებენ და საკმაოდ გავრცელებულია ბავშვებსა და მოზარდებში. გვხვდება ათიდან ერთ ზრდასრულშიც.

ამ დრომდე, ეგზემის აუტანელი ქავილის მთავარ გამომწვევად მიიჩნეოდა იმუნური უჯრედები და მათ მიერ გამოყოფილი ანთებითი მოლეკულები. ეს ქავილი ძალიან ხშირად იწვევს ნაკაწრებს, რაც კანს კიდევ უფრო აზიანებს და ის წითელი, შესივებული, დახეთქილი ხდება.

წლების წინ, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ადამიანები, რომლებსაც კანის ცილა, სახელად ფილაგრინი აკლიათ, ეგზემისკენ უფრო მიდრეკილები არიან; თუმცა, მაინც გაურკვეველი რჩებოდა, კონკრეტულად რა იწვევდა ქავილს, რომელიც ეგზემას ახლავს თან.

ამჯერად, ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტთა სერიაში აჩვენა, რომ S. aureus-ი — ბაქტერია, რომელიც დაზიანებულ კანში აღწევს და ინფექციას იწვევს, ერთპიროვნულად განაპირობებს ქავილს, რადგან ააქტიურებს კანის ზედაპირზე არსებულ მგრძნობელობით ნერვულ უჯრედებს.

„გამოვავლინეთ ქავილის სრულიად ახალი მექანიზმი, ბაქტერია Staph aureus-ი, რომელიც ქრონიკული ატოპიური დერმატიტის მქონე თითქმის ყველა პაციენტში ვიპოვეთ. დავადგინეთ, რომ ქავილი შეიძლება გამოწვეული იყოს თავად მიკრობით“, — ამბობს ჰარვარდის სამედიცინო სკოლის იმუნოლოგი ისააკ ჩიუ.

ადამიანში ეგზემის მოდელირებისთვის, მკვლევრებმა თაგვებს S. aureus-ით გაჟღენთილი მარლა შემოახვიეს. ბაქტერიას თაგვების ნაკაწრებზე ზემოქმედება შეეძლო. დადგინდა, რომ ბაქტერიები კანის ზედა ფენის, ეპიდერმისის მგრძნობელობით ნერვულ დაბოლოებებთან შეჯგუფდნენ.

იმის გასარკვევად, როგორ შეიძლება ზემოქმედებდეს ბაქტერია ამ ნერვებზე, მკვლევრები სისტემატურად ტესტავდნენ S. aureus-ის ინჟინერიით გამოყვანილ სხვადასხვა შტამს, რომლებსაც მიკრობთა მოლეკულური არსენალის სპეციფიკური კომპონენტები აკლდათ.

ცხრა სხვადასხვა ფერმენტის გამორიცხვის შემდეგ, ჩიუმ და მისმა კოლეგებმა იპოვეს ერთი ფერმენტი, რომელსაც S. aureus-ი კანთან კონტაქტისას გამოყოფს — პროტეაზა V8. ის თაგვებში ქავილს იწვევდა, რადგან ააქტიურებდა კიდევ ერთ ცილას, სახელად PAR1-ს, რომელიც მგრძნობელობით ნეირონებს ააქტიურებს.

ფერმენტ V8-ს არმქონე S. aureus-ის ზემოქმედებისას, თაგვები თითქმის არ იფხანდნენ და მათი კანიც ნაკლებად აქერცლილი და გაღიზიანებული იყო. ასევე მსუბუქი იყო სიმპტომები, როცა თაგვები დაამუშავეს პრეპარატით, რომელიც ცილა PAR1-ს ბლოკავს.

შემდეგმა ექსპერიმენტებმა გამორიცხა იმუნური უჯრედები, როგორც ცხოველის ქავილის გამომწვევი მიზეზი. თაგვები, რომლებსაც პოხიერი უჯრედები (მასტოციტი) და ბაზოფილები არ ჰქონდა (იმუნურ უჯრედთა ტიპი, რომლებიც ქავილსა და ალერგიებში მონაწილეობენ), ბაქტერია S. aureus-ის ზემოქმედების შემდეგ ფხანას განაგრძობდნენ.

„აუცილებელი არ არის, ყოველთვის ანთება გქონდეთ, რომ მიკრობებმა ქავილი გამოიწვიონ; პირიქით, ქავილი კანზე ანთებას აძლიერებს“, — განმარტავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მიკრობიოლოგი ლივენ დენგი.

თუ ეს ადამიანებშიც დადასტურდა, აღმოჩენა შეიძლება წარმოადგენდეს აშკარა სამიზნეს ახალი პრეპარატებისთვის, რომლებიც ეგზემის თანმხლებ დაუსრულებელ ქავილს მრავალ პაციენტს შეუმსუბუქებს.

ეგზემის სამკურნალო ამჟამინდელ პრეპარატთა უმეტესობა კანის დაამებას და იმუნური სისტემის დამშვიდებას ცდილობს; ასევე კანის ბარიერის აღდგენას მდგომარეობის მთლიანად მოსუფთავების გარეშე.

ამ კვლევაში დატესტილი ცილა PAR1-ის მბლოკავი უკვე გამოიყენება ადამიანებში სისხლის შედედების წინააღმდეგ და შესაბამისად, ადვილი იქნება მისთვის მიზნის შეცვლა. ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტთა ნიმუშებში თაგვების მსგავსად მაღალი იყო V8-ს დონე და უფრო მეტი იყო ბაქტერია S. aureus-ი, ვიდრე ჯანმრთელ კანში.

მიუხედავად მკაფიო შედეგებისა, მეცნიერები ამბობენ, რომ საჭიროა ამ საკითხის კიდევ უფრო მეტი კვლევა.

კვლევა Cell-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

დაასახელეს ტოპ 10 საკვები ჯანმრთელი ღვიძლისთვის – ახალი კვლევა

ღვიძლი დიდი ორგანოა, რომელიც შეადგენს ზრდასრული ადამიანის სხეულის წონის დაახლოებით 2%-ს. თქვენი ღვიძლი მუდმივად მუშაობს თქვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მთელი რიგი სასიცოცხლო ფუნქციების შესრულებით, როგორიცაა სისხლში მავნე ნივთიერებების გაფილტვრა, ტოქსინების დაშლა, მეტაბოლიზმის მხარდაჭერა, იმუნური ფუნქცია, საჭმლის მონელება და სხვა.

სპეციალური დიეტის დაცვა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ღვიძლის ისეთი დაავადებები, როგორიცაა ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება და ხელი შეუწყოს ამ მნიშვნელოვანი ორგანოს ოპტიმალურ ფუნქციონირებას.

10 საუკეთესო საკვები ღვიძლის ჯანმრთელობისთვის:

ხილი და ბოსტნეული – ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი კვების რაციონი, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ღვიძლის შიგნიდან მოვლისთვის. ის ხელს უწყობს ღვიძლში ცხიმის დაგროვების თავიდან აცილებას და შემცირებას, ზრდის სისავსის გრძნობას, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ცხიმის დაკარგვას. ამცირებს ღვიძლის კიბოს რისკს.

ჯანჯაფილი – ის შეიცავს უამრავ ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტურ ნაერთებს, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს ღვიძლის გარკვეული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. ჯანჯაფილის ფხვნილი და ახალი ჯანჯაფილი შეიძლება დაამატოთ ტკბილეულობას და ბევრ კერძს.

ნიორი – ისევე როგორც ჯანჯაფილი, ნიორი მდიდარია ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უწყობენ ღვიძლის ფუნქციონირებას, აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ნივრის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ღვიძლის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ღვიძლის დაავადების მქონე ადამიანებში და შეამციროს ღვიძლის კიბოს განვითარების რისკიც კი.

ჩიას და სელის თესლი –  წარმოუდგენლად მდიდარია ბოჭკოებით, რაც მნიშვნელოვანია ღვიძლის დაავადების მქონე ადამიანებისთვის. სელის თესლის ჭამა ამცირებს ღვიძლის დაავადების მარკერებს და ცხიმის დაგროვებას ღვიძლში, ასევე ხელს უწყობს ღვიძლის კიბოსგან დაცვას.

ზეითუნის ზეთს აქვს მონოუჯერი ცხიმებისა და ანტიოქსიდანტების მაღალი დონე, ამცირებს გულის დაავადების რისკს ღვიძლის დაავადების მქონე ადამიანებში.

ზღვის პროდუქტები – ისინი მდიდარია დამცავი საკვები ნივთიერებებით, როგორიცაა ანთების საწინააღმდეგო ცხიმები და ანტიოქსიდანტური საკვები ნივთიერებები, როგორიცაა სელენი და ვიტამინი E. კვლევებმა აჩვენა, რომ ზღვის პროდუქტებით მდიდარი დიეტა შეიძლება დაეხმაროს ღვიძლის ცხიმის შემცირებას და დაიცვას ღვიძლი დაავადებებისგან, როგორიცაა კიბო.

ყავა და ჩაი – დადასტურებულია, რომ ყავის და გარკვეული ტიპის ჩაის დალევა იცავს ღვიძლს დაავადებისგან . ყავის და მწვანე ჩაის მაღალი მოხმარება დაკავშირებულია ღვიძლის კიბოს, ისევე როგორც ღვიძლის სხვა დაავადებების რისკის მნიშვნელოვან შემცირებასთან.

კაკაოს პროდუქტები – მეტი კაკაოს პროდუქტების ჭამა, როგორიცაა შოკოლადი, დაგეხმარებათ თქვენი ღვიძლის ჯანმრთელობის დაცვაში. ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ შოკოლადის მოხმარება შეიძლება დაეხმაროს ღვიძლის ფერმენტების დონის შემცირებას და გააუმჯობესოს ჯანმრთელობის სხვა ასპექტები ღვიძლის დაავადების მქონე ადამიანებში. თუმცა, უმჯობესია აირჩიოთ კაკაოს პროდუქტები, რომლებიც ცოტა შაქარს შეიცავს, რადგან დამატებული შაქარი საზიანოა ღვიძლის ჯანმრთელობისთვის.

პარკოსნები – როგორიცაა ოსპი და ლობიო, მდიდარია ბოჭკოებით, მკვებავი ელემენტით, რომელიც ხელს უწყობს ღვიძლის ჯანმრთელობას. კვლევებმა აჩვენა, რომ თქვენს დიეტაში პარკოსნების დამატებამ შეიძლება დაიცვას ღვიძლის ჯანმრთელობა სხეულის წონის შემცირებით, ღვიძლის ფერმენტების დონის შემცირებით, არტერიული წნევის დაქვეითებით და სხვა.

თხილი და თესლი – ძალიან მკვებავია და შეუძლია ღვიძლის დაავადების რისკის შემცირება. თუმცა, ზოგიერთი თხილი, როგორიცაა არაქისი, შეიძლება იყოს დაბინძურებული ტოქსინებით, რომელსაც ეწოდება აფლატოქსინები.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

შეიძლება თუ არა ტატუს გაკეთების შემდეგ სისხლის გადასხმა – რას ამბობს ექიმი

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ექიმი აღნიშნავს, რომ სისხლს ტატუ არ წამლავს და არც სისხლის გაცემა არ არის აკრძალული.

თუმცა არჩილ მარშანია გამონაკლის შემთხვევაზე მიუთითებს.

„არანაირი სისხლი არ იწამლება ტატუს გაკეთების შემდეგ. უბრალოდ, რადგან ახალ გაკეთებულ ტატუზე შეიძლება გარკვეული სახის ინფექცია შეიჭრას, ამისთვის არსებობს რამდენიმე თვიანი მოცდის პერიოდი. სხვადასხვა ქვეყნებში ლიცენზირებულ ტატუ სალონებში ეს პერიოდიც კი არ არის საჭირო“, – აღნიშნავს ექიმი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინამსოფლიო

მსოფლიოში პირველად კვლევამ აჩვენა, რომ ართრიტის წამალს შეუძლია დიაბეტის განკურნება

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბარიციტინიბს, რომელიც გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, შეუძლია შეინარჩუნოს სხეულის მიერ საკუთარი ინსულინის წარმოება.

Sky News-ის თანახმად, მსოფლიოში პირველმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ გამოყენებულ ჩვეულებრივ პრეპარატს შეუძლია დათრგუნოს 1 ტიპის დიაბეტის პროგრესირება ახლად დიაგნოზირებულ პაციენტებში.

მელბურნის წმინდა ვინსენტის სამედიცინო კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბარიციტინიბს შეუძლია შეინარჩუნოს სხეულის ინსულინის წარმოება.

მათ ეს აღმოჩენა აღწერეს, როგორც „უზარმაზარი ნაბიჯი” დაავადების კონტროლისა და მკურნალობის გზაზე.

ტიპი 1 დიაბეტი არის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ადამიანის სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალია, რადგან მათი სხეული ვერ გამოიმუშავებს ინსულინს. მათი სხეულის იმუნური სისტემა შეცდომით უტევს და კლავს პანკრეასის ჰორმონის წარმომქმნელ უჯრედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გადარჩენისთვის დამოკიდებულნი არიან ინსულინის რეგულარულ ინექციებზე.

პროფესორმა თომას ქეიმ, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას, თქვა: „ჩვენ გვინდოდა გვენახა, შეგვეძლო თუ არა დაცვა იმუნური სისტემის მიერ ამ უჯრედების შემდგომი განადგურებისგან“.

მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ პრეპარატი თრგუნავს იმუნურ რეაქციას, რომელიც მიმართულია ინსულინის წარმომქმნელი უჯრედების წინააღმდეგ ტიპი 1 დიაბეტის მქონე ადამიანებში.

მეცნიერთა ვარაუდით, 2040 წლისთვის 1 ტიპის დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი 17,4 მილიონამდე გაიზრდება.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
მედიცინა

საშვილოსნოს გარეთ 29-კვირიანი ზრდის შემდეგ ჩვილი ცოცხლად დაიბადა

საფრანგეთში იშვიათი სამედიცინო შემთხვევა დაფიქსირდა: ქალმა საავადმყოფოს მუცლის ტკივილის გამო მიაკითხა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ექტოპიური, ანუ საშვილოსნოს გარეთა ორსულობის მეორე ტრიმესტრში იყო. ბავშვი დედის მუცლის ღრუში 29 კვირის გატარების შემდეგ ცოცხლად დაიბადა.

ამგვარი ორსულობა ფეხმძიმეთა მხოლოდ 2%-ში მიმდინარეობს, რა დროსაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს გარეთა ქსოვილებს უმაგრდება. ეს ძირითადად ფალოპის მილში ხდება, მაგრამ შემთხვევების დაახლოებით 1%-ში ჩანასახი უშუალოდ მუცლის ღრუში იზრდება.

ექტოპიური ორსულობისას ნაყოფი დედის ორგანიზმში მთლიანი 9 თვის განმავლობაში ვერ ნარჩუნდება და არც მისი საშვილოსნოში იმპლანტაციაა შესაძლებელი. დროული მკურნალობის გარეშე ზოგჯერ ეს მდგომარეობა სისხლდენასა და ინფექციას იწვევს, რაც სიცოცხლისთვის საშიშია.

რაც შეეხება უკანასკნელ მაგალითს, ქალს მუცლის ტკივილი სამედიცინო დაწესებულებაში მისვლამდე 10 დღით ადრე დაეწყო. ექიმებმა ივარაუდეს, რომ ექტოპიურ ორსულობასთან ჰქონდათ საქმე. ულტრაბგერითმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მისი საშვილოსნოს საფარველი გათხელებული იყო, რაც, როგორც წესი, მენსტრუალური ციკლის დროს და ფეხმძიმობისას ხდება.

საშვილოსნოში ჩანასახი არ დაფიქსირდა, სამაგიეროდ აღმოჩნდა, რომ ის მუცლის ღრუში უკვე 23 კვირის განმავლობაში ვითარდებოდა. დამატებითმა მაგნიტურ რეზონანსულმა გამოსახულებებმა აჩვენა, რომ ნაყოფი ნორმალურად იყო ფორმირებული და პლაცენტას უკავშირდებოდა, რომელიც ემბრიონის საჭირო ნივთიერებებით მომარაგებას უზრუნველყოფს. თავად პლაცენტა ქალის ხერხემლის დაბოლოებასთან ახლოს, საშვილოსნოს კედელზე იყო მიმაგრებული.

იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ორსულობა რისკის შემცველია, ექიმებმა ქალი საავადმყოფოში დატოვეს, 6 კვირაში კი ლაპაროტომიის პროცედურა ჩაუტარეს და მუცლიდან ბავშვი ამოიყვანეს. ის მაშინვე ნაადრევად შობილთა განყოფილებაში გადაიყვანეს, რადგან ასეთ ჩვილებს სპეციალური ყურადღება და მოვლა სჭირდებათ.

ლაპაროტომიისა და ერთი დამატებითი პროცედურის მეშვეობით ქალის ორგანიზმიდან პლაცენტაცა და სხვა ქსოვილებიც ამოიღეს. საბოლოოდ, ის 25 დღეში გაწერეს, დაახლოებით 1 თვეში კი დედამ ჩვილიც სახლში წაიყვანა.

ავტორები ამბობენ, რომ პაციენტთან კონტაქტი აღარ ჰქონიათ, ამიტომ ბავშვის ამჟამინდელი მდგომარეობა უცნობია. მათი ნაშრომი გამოცემაში The New England Journal of Medicine გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”
სრულად ნახვა
1 3 4 5 6 7 91
Page 5 of 91