close

მედიცინა

კვლევებიმედიცინა

კვლევა – ორსულობის შეწყვეტას, შესაძლოა, კაცის არაჯანსაღი სპერმაც იწვევდეს

შეწყვეტილ ორსულობათა მიზეზი, შესაძლოა, ზოგჯერ, კაცის სპერმის დაზიანებული დნმ იყოს. ამის შესახებ საუბარია Imperial College London-ის მეცნიერთა კვლევაში, რომლის შესახებაც სტატიას გამოცემა The Guardian აქვეყნებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ როდესაც ორსულობა წყდება, ყურადღება, მეტწილად, ქალის სხეულზე, იმუნური სისტემის პრობლემებსა და ინფექციებზე  მახვილდება. თუმცა, ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა მცირე კვლევამ აჩვენა, რომ შეწყვეტილი ორსულობა, შესაძლოა, კაცის პრობლემებითაც იყოს გამოწვეული, მათ შორის, არაჯანსაღი სპერმით.

“ტრადიციულად, ექიმები ყურადღებას ამახვილებენ ქალზე, როცა ორსულობის შეწყვეტის მიზეზებს იკვლევენ. კაცის ჯანმრთელობა – და მისი სპერმის სიჯანსაღე – არ ანალიზდებოდა”, – აღნიშნავს ექიმი ჩანა ჯეისენა, კვლევის მთავარი ავტორი, Imperial College London-ის მედიცინის დეპარტამენტიდან და ამატებს:

“მიუხედავად ამისა, ამ კვლევას შემოაქვს მტკიცებულება, რომელიც გვთავაზობს [ვარიანტს], რომ სპერმის სიჯანსაღე განსაზღვრავს ორსულობის სიჯანსაღეს. მაგალითად, ჩატარებული კვლევა გვთავაზობს, რომ სპერმა მნიშვნელოვან როლს ასრულებს პლაცენტის ფორმირებაში…”

მკვლევართა ჯგუფი 50 კაცს აკვირდებოდა, რომელთა პარტნიორებს ორსულობა სამჯერ შეუწყდათ, ნაყოფის 20 კვირიანი განვითარების პერიოდის დასრულებამდე. მეცნიერებმა მათი სპერმის კვლევის შედეგები შეადარეს სხვა 60 კაცის (საკონტროლო ჯგუფის) სპერმის კვლევის შედეგებს.

დადგინდა, რომ იმ კაცების სპერმის დნმ, რომელთა პარტნიორებსაც ორსულობა რამდენჯერმე შეუწყდათ, ორჯერ დაიზანებული იყო, ვიდრე საკონტროლო ჯგუფში თავმოყრილი კაცებისა.

კვლევის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ პროცესის მონაწილეებში რეაქტიული ოქსიგენის სახეობათა შემცველობაზე – ეს არის მოლეკულა, წარმოქმნილი უჯრედების მიერ, რომელიც სპერმას ბაქტერიებისა და ინფექციებისაგან იცავს.  თუმცა, ჭარბი კონცენტრაციის შემთხვევაში, მას შეუძლია, მნიშნველოვნად დააზიანოს სპერმის უჯრედები.

“კაცებს, რომელთა პარტნიორების შემთხვევაშიც ორსულობა შეწყდა, რეაქტიული ოქსიგენის ოთხჯერ მაღალი შემცველობა დაუდგინდათ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წევრებს. მეცნიერები ახლა მიზეზებს იძიებენ”, – წერს The Guardian.

კაცები, რომელთა პარტნიორებმაც წარუმატებელი ორსულობა გამოიარეს, საკონტროლო ჯგუფის წევრ კაცებზე ასაკით უფროსები და მეტად ჭარბწონიანები არიან. ახლა მკვლევარები სწავლობენ, შეიძლება თუ არა, ეს ორი ფაქტორი რეაქტიული ოქსიგენის ჭარბ დონეზე მოქმედებდეს.

“მიუხედავად იმისა, რომ ეს მცირე კვლევაა, [ის]  მაინც გვაძლევს მითითებებს. თუ დავადასტურებთ, რომ სპერმაში რეაქტიული ოქსიგენის ჭარბი შემცველობა ზრდის ორსულობის შეწყვეტის რისკს, შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ მკურნალობის პროცედურები და გავზარდოთ ჯანმრთელი ორსულობის შანსები”, – ასკვნის კვლევის მთავარი ავტორი.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

სრულად ნახვა
ისტორიაკულტურამედიცინასაქართველო

თამაზ კერესელიძე – კაცი რომელმაც დაამარცხა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტერი, ყვავილის ინფექცია

დღეს როდესაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა, ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე ბუნებრივია ის ექიმები დგანან, რომელთა სპეციალიზაცია ინფექციური პათოლოგიების წინააღმდეგ ბრძოლაა.

და თუ ვინმეს მიუძღვის წვლილი ამ სკოლის შექმნაში, ერთ-ერთი გახლავთ ბ-ნი თამაზ კერესელიძე, რომლის აღზრდილებიც დღეს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში პროფესიონალური და სამოქალაქო გმირობის მაგალითს აჩვენებენ საქართველოს მოსახლეობას.

თამაზ კერესელიძე, კაცი რომელმაც დაამარცხა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტერი, ყვავილის ინფექცია და რომელიც წარდგენილი იყო ნობელის პრემიის ლაურატობის კანდიდატად

ბ-ნი თამაზი წყნარი, კითხვის მოყვარული, ცნობისმოყვარე, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვი ყოფილა. განსაკუთრებით მუსიკა, მხატვრობა და ტექნიკური დისციპლინები ჰყვარებია. მისი აბსოლუტური სმენა და ბრწყინვალე მეხსიერება შეუმჩნეველი არ დარჩენია პროფესორ ასტახიშვილს და ნიჭიერი მოზარდი თავისთან, ვიოლინოს კლასში ჩურიცხავს.

რატომ არ გახდა თამაზ კერესელიძე მევიოლინე და როგორ ამოყო მან თავი მედიცინაში?

„– იმ დროს ვიოლინოთი მოსიარულე ვაჟს თანატოლები ხშირად დასცინოდნენ და თავმოყვარე თამაზმა, სამწუხაროდ, მუსიკაზე სიარულს თავი დაანება, მაგრამ მუსიკის სიყვარული სამუდამოდ გაჰყვა. ზეპირად იცოდა უამრავი ნაწარმოები, შეეძლო ერთხელ მოსმენილი ოპერის თავიდან ბოლომდე გამეორება… ომის მძიმე წლებში თამაზი და მისი თანაკურსელი, შემდგომ – ონკოცენტრის დირექტორი, ცნობილი რადიოლოგი რევაზ ვეფხვაძე, მუსიკის მოყვარულ მეგობრებთან ერთად იაფფასიანი ბილეთებით შედიოდნენ ოპერის თეატრში – თან მუსიკას უსმენდნენ და თან თბებოდნენ…

თამაზს ხატვის ნიჭიც ჰქონდა. პატარაობისას პატარ-პატარა მოთხრობებსაც წერდა, რომლებსაც თვითონვე ასურათებდა. მოგვიანებით, როცა წამოიზარდა, ყიდულობდა სახელმძღვანელოებს და დამოუკიდებლად ეუფლებოდა ფერწერის ტექნიკას. ხატვის სიყვარულიც სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა და, მიუხედავად მოუცლელობისა, სიამოვნებით ხატავდა. ყველა ქვეყანაში, სადაც კი მოუწია მუშაობა, აკეთებდა ესკიზებს და შემდეგ, თავისუფალ დროს, ქმნიდა ფერწერულ ტილოებს, რომლებიც ახლაც ამშვენებს ჩვენი და ჩვენი შვილების სახლის კედლებს. ეს ნახატები ჩვენთვის თამაზის მიერ დატოვებული ძვირფასი რელიკვიაა, ხოლო პროფესიონალი მხატვრები მათ საკმაოდ სერიოზულ ნამუშევრებად მიიჩნევენ. – იხსენებს ბ-ნი თამაზის მეუღლე ქ-ნი ნინო კერესელიძე (ჟურნალ ავერსი N136)“

1943 წელს თამაზ კერესელიძემ წარჩინებით დაამთავრა თბილისის მე-18 საშუალო სკოლა. გადაწყვეტილი ჰქონია, სწავლა გემთმშენებლობის ინსტიტუტში გაეგრძელებინა, მაგრამ დიდი სამამულო ომის გამო ეს ინსტიტუტები, რომლებიც მაშინ მხოლოდ ლენინგრადსა და ოდესაში იყო, შორეულ ციმბირში გადაიტანეს და ცხადია, მშობლებმა დედისერთა იქ სწავლის გასაგრძელებლად არ გაუშვეს. თამაზმაც მედიცინაზე შეაჩერა არჩევანი. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა 1948 წელს. მიზნად იმთავითვე მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის შესწავლა დაუსახავს…

იმავე წელს ჩაირიცხა სამედიცინო ინსტიტუტში და იმავე ჯგუფში მოხვდა ნინო თოდუა. ინსტიტუტის დამთავრებიდან მცირე ხნის შემდეგ შეუღლდნენ. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ თამაზ კერესელიძის წარმატება მშობლებთან ერთად ქალბატონი თინას (ასე ეძახდნენ ახლობლები) დიდი დამსახურებაც იყო, რომელიც საქმიანობისთვის ყოველგვარ პირობას უქმნიდა ქმარს, დაუღალავად ედგა მხარში და ცდილობდა, თავიდან აეცილებინა მისთვის ყოველდღიური საზრუნავი. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ადგილზე ორივე მუდამ ოჯახს აყენებდა, პროფესიული საქმიანობა არასოდეს შეუწყვეტიათ.

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე თამაზ კერესელიძემ მიკრობიოლოგიის, ეპიდემიოლოგიისა და ბაქტერიოფაგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაიწყო  მუშაობა. ახალგაზრდა, ნიჭიერი და პერსპექტიული მკვლევარი მალე დააწინაურეს და 1952 წელს ამავე ინსტიტუტში განყოფილების გამგედ დანიშნეს. პარალელურად სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის ასპირანტიც იყო. ამავე კათედრაზე განვლო შემოქმედებითად მდიდარი გზა კათედრის ასისტენტობიდან გამგეობამდე.

1958 წელს ახალგაზრდა მეცნიერმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე “ანტისხეულთა პროდუქციისა და რეპროდუქციის საკითხებისთვის”. 1960 წელს ის მიკრობიოლოგიის კათედრის დოცენტად აირჩიეს. ამ პერიოდიდან დაიწყო მისი ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა.

1964 წელს თამაზ კერესელიძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა – ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიიწვიეს კონსულტანტად. ერთხანს ინდოეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონულ ბიუროში მუშაობდა, 1966-დან 1970 წლამდე კი შვეიცარიაში, ჟენევაში, ორგანიზაციის მთავარ ოფისში, ბაქტერიულ სნეულებათა განყოფილების უფროს სპეციალისტად.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონულ ბიუროში მუშაობისას ქართველმა მიკრობიოლოგმა ფასდაუდებელი ღვაწლი დასდო ინდოეთში, ნეპალში, პაკისტანში, ბანგლადეშსა და ავღანეთში ისეთ საშიშ დაავადებებთან ბრძოლის პროგრამას, როგორებიც იყო შავი ჭირი, ქოლერა, ყვავილი…

ქალბატონი თინა იგონებს:

“– ხშირად უწევდა მივლინებით სახიფათო ადგილებში სიარული. მგზავრობის დროსაც არაერთხელ გადაურჩა ხიფათს. მახსოვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ღონისძიება პაკისტანსა და ბანგლადეშში მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. ამ მიზნით გაგზავნილ ექიმთა ჯგუფში აკადემიკოს ვალენტინ პოკროვსკისთან ერთად თამაზიც იყო. თვითმფრინავი, რომლითაც ეს ჯგუფი მიფრინავდა, არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ გარემოში მოექცა და მხოლოდ მფრინავების დიდი ძალისხმევის წყალობით გადაურჩა კატასტროფას. კურიოზიც ბევრი გადახდენია. ერთ-ერთი მივლინების შემდეგ ინდოეთიდან მოსკოვში გამოიძახეს. მოსკოვში ძალიან ციოდა, მას კი მხოლოდ ინდოეთის კლიმატისთვის შესაფერისი სამოსი ჰქონდა თან. მეორე დღესვე გავფრინდი მოსკოვში და თბილი ტანსაცმელი წავუღე. მისი ოთახის კარი ვიღაც წვეროსანმა კაცმა გამიღო. მეგონა, ნომერი შემეშალა. თამაზი აღმოჩნდა. იმოდენა წვერი მოეშვა, ვერ ვიცანი. ამ ამბავზე ბევრი ვიცინეთ და სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ.”

1970 წელს თამაზ კერესელიძე საქართველოში, სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრაზე დაბრუნდა და აქტიურ სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ჯანმოში მუშაობისას შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების შეჯამებას მიჰყო ხელი. ეს ცოდნა-გამოცდილება მის მონოგრაფიებსა და სადოქტორო დისერტაციაში აისახა. მონოგრაფია “ქოლერასთან ბრძოლის საერთაშორისო ასპექტები” 1971 წელს გამოიცა მოსკოვში. 1972 წელს ბატონმა თამაზმა მოსკოვშივე, საკავშირო სამედიცინო აკადემიის აკადემიკოს გამალეას სახელობის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. დისერტაციის თემა იყო “ელ-ტორის ქოლერის მიკრობიოლოგია და ეპიდემიოლოგია”.

1974 წელს თამაზ კერესელიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის გამგედ აირჩიეს, ხოლო 1976 წელს პროფესორის წოდება მიენიჭა.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მისი წვლილი ყვავილის დამარცხებაში. 1976 წელს ჯანმოს ინიციატივით ამოქმედდა ამ საშიში დაავადების ლიკვიდაციის გრანდიოზული პროგრამა, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების: აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, სსრკ-ს – სპეციალისტები მონაწილეობდნენ. გაწეულ იქნა უდიდესი სამუშაო და 1980 წელს ჯანმომ ოფიციალურად გამოაცხადა მთელ მსოფლიოში ყვავილის ლიკვიდაცია. მთელი სამუშაო ჯგუფი ნობელის პრემიაზე წარადგინეს.

ინდოეთში ყვავილის აღმოფხვრისთვის თამაზ კერესელიძემ ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის საგანგებო ჯილდო მიიღო.

მსოფლიოში ყვავილის ლიკვიდაციის პროგრამის წარმატებით დასრულებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 1980 წელს საგანგებო სესია მიუძღვნა. პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის თამაზ კერესელიძემ ორგანიზაციის გენერალური დირექტორისგან, ბატონი მალერისგან, მიიღო მადლიერებით აღსავსე ბარათი და ორდენი “ბიფურკაციის ნემსი”. ამ ორდენით მთელ მსოფლიოში სულ რამდენიმე მეცნიერია დაჯილდოებული, ბატონი თამაზი კი პირველი ქართველი მედიკოსია, რომელსაც ეს დიდი ჯილდო ხვდა წილად.

1974-1984 წლებში თამაზ კერესელიძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხელმეორედ მიიწვია ბაქტერიული ინფექციების გლობალური პროგრამის ხელმძღვანელად. ამავე პერიოდში ის იყო ინგლისის ჰოსპიტალურ ინფექციათა საზოგადოებისა და აშშ-ს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის შესწავლის ურთიერთთანამშრომლობის ცენტრის ექსპერტი.

ქალბატონი თინა იგონებს:

„– 1984 წელს თამაზი საბოლოოდ დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა გააგრძელა სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიისა და იმუნოლოგიის კათედრის გამგედ. ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას. კითხულობდა ლექციებს, ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა მეცნიერების აღზრდას, მართავდა სამეცნიერო კონფერენციებს. მისი ლექციები იმდენად საინტერესო იყო, რომ აუდიტორია სტუდენტებს ვერ იტევდა. იმ დროის მწირი ტექნიკური საშუალებების მიუხედავად, თამაზი ახერხებდა მასალის თვალსაჩინოდ წარმოდგენას. ამაში ეხმარებოდა აზიისა და აფრიკის ქვეყნებში მუშაობის დროს კინო და ფოტოფირებზე გადაღებული მასალა. მისი ყოფილი სტუდენტების თაობებს დღემდე ახსოვთ ეს ლექციები და პატივისცემა, რომელსაც თამაზის მიმართ გრძნობდნენ.“

თამაზ კერესელიძე წლების განმავლობაში იყო რესპუბლიკის მთავარი ეპიდემიოლოგი, საქართველოს მიკრობიოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და პარაზიტოლოგთა საზოგადოების თავჯდომარე, მიკრობიოლოგთა საკავშირო საპრობლემო კომისიის წევრი, სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი, ჟურნალ “საბჭოთა მედიცინის” სარედაქციო კოლეგიის წევრი. ამ ხნის განმავლობაში მან დაწერა რამდენიმე მონოგრაფია, ეპიდემიოლოგიის სახელმძღვანელო (ო. კავილაძესთან ერთად) და ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი.

1985 წელს თამაზ კერესელიძე ჯანმოს ექსპერტად აირჩიეს, ხოლო 1992 წელს საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდა. ამავე წელს ბატონი თამაზი დაინიშნა საქართველოში ამ ორგანიზაციას კოორდინატორად და სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. 1995 წელს ის სათავეში ჩაუდგა საქართველოში სამედიცინო ინფორმაციისა და სტატისტიკის სამსახურის აღდგენას, აღჭურვას და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან მის დაკავშირებას. უკვე 1996 წელს გახდა შესაძლებელი პირველი სტატისტიკური ცნობარის გამოცემა, რომელშიც აისახა საქართველოს სტატისტიკური მონაცემები ქვეყნისა და რეგიონის დონეზე.

პროფესორ თამაზ კერესელიძის სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა აღნიშნულია მრავალი ჯილდოთი, მედლით “ჯანდაცვის წარჩინებული”, საპატიო ნიშნის ორდენით, ღირსების ორდენით, სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით და სხვა. მისი ბიოგრაფია შეტანილია აშშ-ში გამოცემულ ცნობარში Who is who” (1986-1990 წ.წ.). მისი ხელმძღვანელობით დაცულია მრავალი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია.

თამაზ კერესელიძე გამორჩეული პიროვნება იყო. რაფინირებული ინტელიგენტი, პროფესიონალი, ერუდიტი, კაცთმოყვარე, ხალასი იუმორის პატრონი, თავისი ქვეყნის ჭეშმარიტად მოყვარული.

ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა არა მარტო კოლეგებს, თანამშრომლებსა და მეგობრებს შორის, არამედ მსოფლიო სამეცნიერო წრეებშიც.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

8-საათიანი ოპერაციის მიმდინარეობისას ექიმმა როსტომ შველიძემ პაციენტის გავასარჩენად სიცოცხლე გაწირა

ქირურგი, რომელიც მეზობლის მიერ სანადირო თოფით დაჭრილი ახალგაზრდის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
„ეს არის კაცი, რომელიც 8 საათი იდგა ოპერაციაზე. ოპერაციის მიმდინარეობისას თავად გახდა ცუდად, მაგრამ ვერ შეწყვიტა ბრძოლა ახალგაზრდა სიცოცხლის გადასარჩენად.ბატონი როსტომ შველიძე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა. გვერდის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უსამძიმრებს ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და სრულიად ქართულ სამედიცინო საზოგადოებას.ყოველთვის გვემახსოვრება, რომ შენ აირჩიე ფიცის ერთგულება, სიცოცხლის ფასად“,-წერია სამძიმრის წერილში.
„დიდი ადამიანი
იყავით უკეთილშობილესი და საოცარი ექიმი  არც კი მჯერა რომ აღარ ხართ. მენანებით“,- წერენ მოქალაქეები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნიერებმა ბავშვებში კიბოს ახალი, მაღალი რისკის ქვეტიპი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს პედიატრიული ღვიძლის კიბოს ახალი, მაღალი რისკის ქვეტიპი ცუდი შედეგებით, პროგრესირება, რომელმაც შეიძლება გახდეს სპეციალიზებული მკურნალობის პროცედურების მიზეზი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის დასაძლევად.
აშშ-ში ბეილორის მედიცინის კოლეჯის მკვლევარები აცხადებენ, რო მ აქამდე, ბავშვებში ღვიძლის კიბოს ყველა შემთხვევა კლასიფიცირებული იყო როგორც უფრო გავრცელებული ტიპის ჰეპატოცელულარული კარცინომა (HCC) ან როგორც ღვიძლის უჯრედების უფრო იშვიათი სიმსივნე, რომელსაც ეწოდება ჰეპატობლასტომა (HB). მათი განმარტებით, HB-ისა და HCC-ის შედეგები და მკურნალობის ვარიანტები მკვეთრად განსხვავდება, HB-ების უმეტესობას აქვს დადებითი შედეგები ქიმიოთერაპიისა და რეზექციის კომბინაციით მკურნალობის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა კიბოს შემთხვევების კლასიფიკაციამ შეიძლება გააუმჯობესოს თერაპიის შერჩევა და მკურნალობის შედეგები პაციენტებისთვის, მკვლევარები აცხადებენ, რომ ეს შეიძლება განსაკუთრებით რთული იყოს სიმსივნეებისთვის, რომლებიც აჩვენებენ  HB-სა და HCC-ს შერეულ მახასიათებლებს.
ახალ კვლევაში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა Journal of Hepatology-ში, მეცნიერებმა გამოიყენეს მოლეკულური ანალიზის მეთოდი პაციენტის სიმსივნის პროფილების შესაფასებლად, მათ შორის გენეტიკური შემადგენლობისა და გენის აქტივობების ჩათვლით და აღმოაჩინეს შემთხვევები, რომლებიც არ მიეკუთვნება არც ჰეპატობლასტომის (HB) და არც ჰეპატოცელულური კარცინომის (HCC) კლასიფიკაციებს.
მათ აღმოაჩინეს, რომ ამ სიმსივნეებს აქვთ მახასიათებლები, რომელიც დაფიქსირებულია როგორც HB-ებში, ასევე HCC-ებში და ახლა ისინი კლასიფიცირდება როგორც ჰეპატობლასტომები ჰეპატოცელულარული კარცინომის მახასიათებლებით (HBCs).
მკვლევარების აზრით, HBC უფრო მდგრადია სტანდარტული ქიმიოთერაპიის მიმართ და ასევე აქვთ ცუდი შედეგები, როდესაც არ მკურნალობენ უფრო აგრესიული ქირურგიული მიდგომებით, მათ შორის ტრანსპლანტაციით.
მეცნიერები კვლევაში გვთავაზობენ HBC-ების სტრატიფიცირების ახალ მეთოდს, რომელიც შეიძლება დაეხმაროს სპეციალიზებული მკურნალობის განვითარებას.
მკვლევარების თქმით, კვლევის დასკვნები ხაზს უსვამს მოლეკულური ტესტირების და ადრეული თერაპიული ჩარევის მნიშვნელობას ბავშვებში პათოლოგიური ქსოვილის აგრესიული ზრდის შემთხვევების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

ზეითუნის ზეთი, კაკალი და ავოკადო – საკვები, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს

მაგიური წამალი, რომელიც ხანგრძლივ და ჯანმრთელ ცხოვრებას უწყობს ხელს, შესაძლოა ზეითუნის ზეთის სახით კარადაში გქონდეთ. 

მეცნიერები აცხადებენ, რომ სამზარეულოს ამ ძირითად ინგრედიენტში აღმოჩენილი ცხიმის ფორმა ადამიანებს 100 წლამდე მიღწევაში ეხმარება. თუმცა მრგვალ ჭიებზე ახლახან ჩატარებული მონოუჯერი ცხიმების ცდაზე დაყრდნობით ასევე გვაფრთხილებენ, რომ შესაძლოა ზეითუნის ზეთმა წონაში მომატება გამოიწვიოს.

აღმოჩნდა, რომ ცხოველები, რომლებსაც ჯანსაღ ნაერთს აძლევდნენ, რომელიც ზეითუნის ზეთის გარდა ავოკადოსა კაკალშიც აღმოაჩინეს,  გაცილებით ხანგრძლივად ცხოვრობდნენ. ეს ხდებოდა მიუხედავად იმისა, რომ ისინი სუქდებოდნენ – ადრეული  სიკვდილის ინდიკატორი, რომელიც გულის დაავადებისა და დიაბეტის რისკს ზრდის.

ექსპერტების აზრით, დასკვნები შესაძლოა ადამიანებისთვისაც რელევანტური იყოს.

სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარები თვლიან, რომ ცხიმი უჯრედებს დაბერებისგან იცავს. მათივე თქმით, ის საშუალებას აძლევს სხეულს სწრაფად აითვისონ ენერგია საკვებისგან. შესაძლოა ამით აიხსნება ის ფაქტიც, რომ სამხრეთ ევროპელები, რომლებიც ზეითუნის ზეთს ხშირად მოიხმარენ, დიდხანს ცოცხლობენ და მიუხედავად იმისა, რომ მეტ ცხიმს მოიხმარენ, გულის დაავადებების ნაკლები რისკის ქვეშ იმყოფებიან.

კვლევაში, რომლის დროსაც მრგვალი ჭიები უჯერი ცხიმოვანი მჟავებით გამოკვებეს. უჯერი ცხიმოვანი მჟავები, როგორც ცნობილია, გულის დაავადებისა და დიაბეტის რისკს ზრდის.

ჭიები გასუქდნენ, თუმცა საშუალოზე მეტხანს ცოცხლობდნენ. მეცნიერები ცდილობენ, დაადგინონ, როგორ მოქმედებს უჯერი ცხიმოვანი მჟავის დაგროვება სიცოცხლის გახანგრძლივებაზე.

ადამიანები, რომლებიც უჯერი ცხიმებით იკვევებიან, გულის დაავადებისა და დიაბეტის დაბალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

„როგორც ჩანს, ის ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კი გულისთვის ძალიან სასარგებლოა,“ – განაცხადა კვლევაზე კომენტირებისას ლონდონში მოღვაწე ნუტრიციონისტმა – რობ ჰონსონმა.  „ის შეიცავს უნიკალურ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ამცირებენ ანთებას. თუმცა, ყველა ჯანსაღი საკვების მსგავსად, იმისათვის, რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს, უჯერი ცხიმების შემცველი საკვები ზომიერად უნდა მივიღოთ, “ – დასძინა მან.

 

წყარო: Dailymail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
მედიცინა

მეცნერები ამტკიცებენ, რომ კოცნა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

იცით თუ არა, რომ კოცნა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის?

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ კოცნამ შესაძლოა ფიზიოლოგიური პროცესების მთელი სპექტრი გამოიწვიოს, რომელიც იმუნიტეტსა და თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის კავშირს აუმჯობესებს.

და მაინც, რისთვისაა კარგი კოცნა?

  1. კოცნა კარგია კბილების სიჯანსაღისთვის

სტომატოლოგი ჰეიდი ჰოზოერი აცხადებს, რომ კოცნა ზრდის ნერწყვის ნაკადს, გამოდევნის საკვების ნაწილაკებს და ეს კი, თავის მხრივ, პირის, კბილებისა და ღრძილების სიჯანსაღის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ნერწყვი ხელს უწყობს კბილებიდან ბაქტერიების ჩამორეცხვას და ამცირებს ნადებს.

ზოგიერთი ექსპერტი იმასაც კი აცხადებს, რომ ნერწყვში შემავალი მინერალური იონები ხელს უწყობს კბილის ემალზე მცირე დაზიანებების აღმოფხვრას.

 

  1. კოცნა იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

გარდა პირის ღრუს ჰიგიენისა ნერწყვი თქვენს იმუნურ სისტემას აუმჯობესებს. ადამიანის პირის ღრუში 700-ზე მეტი სახის ბაქტერიაა. კოცნის დროს პირის ღრუში სხვა ბაქტერიები ხვდება.

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანის ორგანიზმში ბაქტერიების მრავალფეროვნება კორელირებს უკეთეს ჯანმრთელობასთან  – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ჩვენს მიკროფლორასა და მიკროფაუნას.

ჰოლადიელი მეცნიერების მიერ 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 10-წამიანი ფრანგული კოცნის დროს პარტნიორებს შორის 80 მილიონამდე ბაქტერიის გაცვლა ხდება.

პირის ღრუს მიკლოფლორის შესაცვლელად მხოლოდ ერთი კოცნა არაა საკმარისი, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ წყვილებს, რომლებიც ხშირად და ხანგრძლივად კოცნიან, მსგავსი მიკლოფლორა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მსგავსი ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად და მსგავსი საკვების მოსანელებლად უკეთ მომზადებულები არიან.

 

  1. ამცირებს ნევროზს

კოცნა ამცირებს თავის ტვინში სტრესის ჰორმონის კორტიზოლის დონეს და ზრდის სეროტონინის დონეს – ეს არის ნივთიერება, რომელიც პასუხისმგებელია განწყობის ბალანსის შენარჩუნებაზე.

მეცნიერები ასევე აცხადებენ, რომ კოცნის შედეგად ხდება ოქსიტოცინის, ე.წ. სიყვარულის ჰორმონის გამომუშავება. ოქსიტოცინს ფსიქოლოგიური დამცავის როლის შესრულება შეუძლია და ადამიანებში სიმშვიდისა და დაცულობის გრძნობას იწვევს.

 

  1. ამცირებს ალერგიულ რეაქციებს

იაპონელმა ალერგოლოგმა – დოქტორ ჰაჯიმე კიმატამ, ნობელის პრემია მოიპოვა იმის აღმოჩენისთვის,  რომ 30-წუთიან კოცნას ალერგიული რეაქციების შემცირება შეუძლია. მან რბილი ატოპიური ეგზემითა და ალერგიული რინიტით დაავადებულ 24 პაციენტზე შესაბამისი კვლევა 2006 წელს ჩაატარა.

 

  1. კოცნა არტერიულ წნევას ამცირებს

იმის გამო, რომ ტუჩები სისხლძარღვებისგან შედგება, აფართოვებს რა სისხლძარღვებს, კოცნა იწვევს სისხლის წნევის შემცირებას.

„სისხლი მიემართება სახისკენ და შემდეგ სხეულის დანარჩენი ნაწილებისკენ. ამრიგად, გულზე დატვირთვა მცირდება და სისხლის წნევა მცირდება,“ – აცხადებს პლასტიკური ქირურგი -დოქტორი რაიან ნაინშტეინი.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, კოცნა ამცირებს კორტიზოლის დონეს, რაც არა მარტო ნევროზს, არამედ წნევასაც ამცირებს.

 

  1. კოცნა ხელს უშლის დაბერების პროცესს

იმის გამო რომ კოცნა სახეზე სისხლის ნაკადს ზრდის, ის კოლაგენების წარმოქმნას ასტიმულირებს, რომელიც ადამიანის ორგანიზმის მნიშვნელოვანი ცილაა.

„კოცნის პროცესში სახეც ერთვება, რაც სახის კანის ელასტიურობას ზრდის,“ – აცხადებს დოქტორი ნაინშტეინი.

„გინახავთ სახის იოგა ან  სახის სხვა ვარჯიში? იოგები,  დერმატოლოგები და ესთეტიკური მედიცინის ექიმები ქალბატონებს სახის ვარჯიშების გაკეთებას ურჩევენ, რაც კოლაგენებს ასტიმულირებს და სახის ლიფტინგის საჭიროებას ამცირებს,“ –  აღნიშნავს დოქტორი ნაინშტეინი.

 

  1. კოცნა კალორიებს წვავს

მეცნიერები აცხადებენ, რომ კოცნის დროს ადამიანი 30 კუნთს იყენებს.

მათი მტკიცებით, რაც უფრო ვნებიანია კოცნა, მით მეტი კალორიის დაწვას იწვევს. მკვლევარები აცხადებენ, რომ კოცნის დროს ადამიანი წუთში ორიდან ექვს კალორიამდე წვავს, ვნებიანი კოცნის დროს კი – 26 კალორიას.

 

წყარო: Dailymail

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

 

 

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

არის თუ არა თევზის ქონის აბები სასარგებლო?

თევზის ქონი – მას სიცოცხლის ელექსირს უწოდებენ. ოქროს კაფსულები, რომლებიც გულის შეტევების, სახსრების ტკივილისა და დემენციისგან დაცვას გვპირდებიან.
შვიდი ბრიტანელი მოზარდიდან ერთი თევზის ქონის კაფსულას ყოველდღიურად იღებს, რადგან მიიჩნევა, რომ მასში შემავალი omega-3-ის   ცხიმოვანი მჟავები სასარგებლოა სხეულისა და გონებისთვის.
თევზის ქონის პოპულარობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც მეცნიერებმა მისი თხევად, უსუნო კაფსულაში მოთავსება მოახერხეს და მწარე თევზის ქონით სავსე ბოთლები ისტორიას ჩაბარდა. 2004 წლიდან გაყიდვები 40 პროცენტით გაიზარდა.
თუმცა მედიკოსთა ნაწილი აბების ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.
„არ არსებობს ისეთი კვლევა, რომელიც დაამტკიცეს, რომ თევზის ქონის დანამატი მნიშვნელოვან ცვლილებას ახდენს,“ – აცხადებს BBC2-ის  პროგრამა „მენდეთ, მე ექიმი ვარ“ წამყვანი დოქტორი მაიკლ მოსლი.
„დანამატების მიღებას ზოგადად ეჭვით ვუყურებ. საკვები ბევრ განსხვავებულ კომპონენტს შეიცავს და თუ ერთ-ერთ მათგანს გამოვყოფთ და დანამატის სახით მივიღებთ, ,,ბავშვის აბაზანის წყლიდან ამოგდების საშიშროებას შევქმნით,“ – აცხადებს დოქტორ მოსლი, რომელიც გადაცემის გუნდთან ერთად ექსპერიმენტის ჩატარებას აპირებს იმის დასადგენად, არის თუ არა თევზის ქონის დანამატი და თავად თევზი ორგანიზმისთვის ისეთი სასარგებლო, როგორც ამას თვლიან.
ექსპერიმენტის შედეგები მომავალ წელს გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ გადაცემის გუნდმა ანალოგიური ექსპერიმენტი ინდურ კურკუმაზეც ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანების ორგანიზმს, რომლებიც მას დანამატის სახით იღებდნენ, კიბოსთან ბრძოლის გაცილებით ნაკლები უნარი ჰქონდათ ვიდრე იმათ, ვინც კურკუმას იოგურტთან ან რძესთან ერთად მიირთმევდნენ.

 

წყარო:dailymail

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

ოპტიმისტებს გულის ავადმყოფობა თითქმის არ აწუხებთ

როგორც ირკვევა, ოპტიმისტებს გულის დაავადებები ნაკლებად აწუხებთ. ეს დასკვნა  ჟურნალ BMJ Open-ში გამოქვეყნდა.

ამ სამეცნიერო კვლევისთვის ლათინოამერიკული წარმოშობის 4900 ადამიანის მონაცემები გამოიყენეს. რა ჯგუფი სპეციალურად შეიქმნა, რადგან  – მეცნიერების აზრით, ეს ჯგუფი უფრო მოწყვლადია, რადგან ყველამ არ იცის ინგლისური, ესპანურენოვანი ექიმის მოძებნა კი არც ისე მარტივია.

მოხალისეების ოპტიმიზმის დონე სპეციალური ტესტით შეფასდა და გაირკვა, რომ ოპტიმისტები ნაკლებად ჩივიან გულის დაავადებებზე. ვინც უფრო ხშირად არიან კარგ ხასიათზე, უფრო ჯანმრთელი გული აქვთ.

 

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

კვლევა: ალკოჰოლი პირის ღრუს აბინძურებს და სიმსივნეს იწვევს

ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს, ცნობილი გახდა, რომ ალკოჰოლი პირის ღრუს აბინძურებს, რიგ შემთხვევებში კი – ბაქტერიები, რომლებიც დამაბინძურებლები არიან, სხვადასხვა დაავადებას იწვევენ, მათ შორის კი – სიმსივნეს.

ალკოჰოლურ სასმელებში მოიაზრება ლუდი, ღვინო, ლიქიორები. როგორც მკვლევარები ამბობენ, კბილების გახეხვა გამოსავალი არ არის, ერთადერთი შედეგი სმის შეწყვეტით მიიღება.

წყარო:  Usatoday

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინასაქართველო

ქართველი კარდიოქირურგის ისტორია, რომელმაც 2500-ზე მეტი ბავშვი გადაარჩინა

36 წლის ქართველ კარდიოქირურგს 2500-ზე მეტი ბავშვისთვის აქვს სიცოცხლე ნაჩუქარი. თორნიკე სოლოღაშვილი ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა კარდიოქირურგია. ამის შესახებ “მაესტრო ისტორია” ავრცელებს ინფორმაციას.

მას საქართველოს პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენი აქვს მინიჭებული. ექიმის თქმით, განსაკუთრებით რთული შემთხვევები, რომლებზეც უმუშავია, ყოველთვის მის მეხსიერებაში რჩება. 

“ძალიან კარგად მახსოვს ჩემ მიერ ჩატარებული გულის გადანერგვის პირველი ოპერაცია. ეს დაუვიწყარი ემოციაა, მიუხედავად იმისა, რომ გულის გადანერგვა არ არის ყველაზე რთული ოპერაცია, რაც გამიკეთებია. ემოციური თვალსაზრისით კი ეს პროცედურის ერთ-ერთი პიკია, რაც ექიმმა შეიძლება კარიერაში გააკეთოს”, – ამბობს ქართველი კარდიოქირურგი.

ექიმის თქმით, კარდიოქირურგიაში ოპერაციის დრო ლიმიტირებულია, “რადგან გვიწევს გულის გაჩერება”. “როდესაც გულში კონსტრუქციას ვაკეთებთ, უნდა წარმოვიდგინოთ, როგორ ამუშავდება შემდეგ ეს ყველაფერი. ყოველთვის ემოციურია ის მომენტი, როდესაც გულს ვაჩერებთ და შემდეგ გული თავიდან იწყებს ამუშავებას, პირველი იმპულსი როდესაც ჩნდება, პირველი შეკუმშვა, პირველი სიგნალი, როდესაც სიცოცხლე იწყებს დაბრუნებას. მეორე მნიშვნელოვანი ეტაპია, როდესაც ბავშვი იღვიძებს და მის მზერას შეხედავ. ყოველთვის სათუოა ბავშვის ნევროლოგიური სტატუსი – გაიღვიძებს თუ არა. ჩვენ შეიძლება კარგად ჩავატაროთ და აღვადგინოთ მისი დეფექტები, მაგრამ შეიძლება თავის ტვინი დაზიანდეს და არ გაიღვიძოს. ამიტომ ძალიან გასახარია, როდესაც ბავშვი იღვიძებს”, – ამბობს კარდიოქირურგი თორნიკე სოლოღაშვილი.

სრულად ნახვა
1 24 25 26 27 28 91
Page 26 of 91