close
გეგა თათულიშვილი

გეგა თათულიშვილი, რომელიც პირველი ქართული ხელოვნური ინტელექტის შემქმნელია მედიცინაში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ბიზნესის ადმინისტრირება/ფინანსების ფაკულტეტის სტუდენტია და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 19 წლის არის, უკვე მოახერხა საზოგადოებისთვის ინოვაციური პროექტით გაეცნო თავი. DigitalMed-ის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ის თავად გვიამბობს.

-გეგა, უპირველეს ყოვლისა, გვიამბე რა მახასიათებლები აქვს, ზოგადად, ხელოვნურ ინტელექტს?

-ხელოვნური ინტელექტი – ეს არის კომპიუტერული მეცნიერების დარგი, რომლის მიზანია შექმნას პროგრამა, რომელიც ზუსტად ისეთივე ინტელექტუალურ ფუნქციას შეასრულებს და ისე იაზროვნებს, როგორც ადამიანი. მას უნდა შეეძლოს პრობლემის საკუთარი ძალისხმევით გადაჭრა, ადამიანისგან დამოუკიდებლად და წინასწარი სწავლების გარეშე. რაც მთავარია, საჭიროა, ჰქონდეს თვითგანვითარების უნარიც.  

– რას მოიცავს შენ მიერ შექმნილი DigitalMed-ი და რამ განაპირობა შენი ინტერესი სამედიცინო სფეროსადმი?

-DigitalMed-ი არის პირველი ქართული ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში, რომელიც უნიკალური ალგორითმებითაა შექმნილი და შესაძლებლობას იძლევა, დასვას პირველადი დიაგნოზი და გაუწიოს პაციენტს ექიმთან ვიზიტის კონსულტაცია. ასევე, მისი გამოყენება შესაძლებელია საგანმანათლებლო დანიშნულებითაც, რადგან ის აერთიანებს სამედიცინო სფეროში დაგროვილ ძალიან დიდ ცოდნას.

ინტერესი მედიცინისადმი ადრეულ ასაკში გამიჩნდა. ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული უახლესი კვლევებით, ვცდილობდი წამეკითხა და მესწავლა, რაც შეიძლება ბევრი და მოხარული ვარ, რომ დღეს ეს ცოდნა პრაქტიკულადაც შემიძლია გამოვიყენო.

-როგორი იყო გზა იდეიდან დღევანდელ დღემდე და რა გამოხმაურება მოჰყვა პროექტს საზოგადოების მხრიდან?

-DigitalMed-ის იდეის განხორციელების სურვილი დიდი ხანია მაქვს, მაგრამ მის სრულყოფაში მოსაყვანად დამჭირდა დაახლოებით ოთხთვიანი მუშაობა. DigitalMed-ის მიმართ დიდია დაინტერესება საზოგადოების მხრიდან. მივიღე მონაწილეობა ,,თიბისი” ბანკის პროგრამაში – „სტარტაპერი“, სადაც გავიმარჯვე და გავემგზავრები გერმანიაში, სტარტაპკონფერენციაზე.

-როგორ შეუძლია დაინტერესებულ პირს პროდუქტით სარგებლობა და როგორია სამომავლო გეგმები?

-DigitalMed-ი იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. მისი გამოყენება მარტივია და, ვფიქრობ, ნებისმიერი ასაკის შეძლებს ადამიანი მასთან ურთიერთობას. პროდუქტი ქართულ ენაზე ესაუბრება მომხმარებელს და შესაძლებლობას იძლევა გადაამუშაოს და გაანალიზოს მისგან მიღებული ინფორმაცია. DigatalMed-ი დაფუძნებულია ხელოვნურ ნეირონულ ქსელზე და იყენებს ნეიროლინგვისტურ პროგრამირებას, რისი მეშვეობითაც ესმის და აანალიზებს თუ რას ეუბნება მომხმარებელი. (დამეთანხმებით, რომ სხვა ენებთან შედარებით, ქართულს რთული გრამატიკა აქვს, თუმცა გაძლიერებული სწავლების მეშვეობით მივაღწიე, რომ ინტელექტი აანალიზებს ქართულ ენას.)

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მისი განვითარება და დახვეწა მუდმივად გაგრძელდება და ამ მეგამონაცემთა დამუშავება მოხდება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2