close
ამოგონება - ინოვაციააქართველო

„ჰარი“ – პირველი ქართული კლავიატურა, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია

51126490_614995428932790_7959749970691620864_n

ჰარი” (Hary) – პირველი ქართული კლავიატურაა, რომელის იდეაც ახალგაზრდა სტარტაპერებს ეკუთვნით. გუნდი, რომელიც  ნატალია და ნუცა გაბისონიებს, ალექსანდრე ანდღულაძეს,  სანგ იუნ ლისა და გიორგი შარვაშიძეს აერთიანებს, ქართულ ბაზარზე სრულიად განსხვავებული პროდუქტით გამოჩნდა, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისათვის. როგორ იქცა  მეგობრული დიალოგი ახალი ბიზნესიდეის წყაროდ და რა მიზნები აქვთ გუნდის წევრებს -ამ ყველაფრის შესახებ ნატალია გაბისონია გვიამბობს.

-ნატალია, როდის გაგიჩნდათ „ჰარის“ შექმნის იდეა და რატომ შეარჩიეთ ეს სახელწოდება?

-ჰარის იდეა დაიბადა ქალაქ კოპენჰაგენში, დანიაში, როცა უცხოელ მეგობრებთან  ერთად ვსაუბრობდით ქართულ დამწერლობაზე. ისინი დაინტერესდნენ თუ როგორ გამოიყურებოდა ქართული დამწერლობა და საუბარში გავაცნობიერეთ, რომ ქართული კლავიატურა არ არსებობ, სწორედ ამან განაპირობა „ჰარის“ შექმნის სურვილიც, თავად სახელი კი Space-ს ანუ კლავიატურაზე მდებარე გამოტოვების ღილაკს ნიშნავს.

“ჰარის” კლავიატურა MES განლაგებაზეა აწყობილი, რომელიც უკვე არის Microsoft-ის ოპერაციულ სისტემაში და არ საჭიროებს კომბინაციებს. ანუ “ჰარის” კლავიატურაზე ყველა ასოა დატანილი და აღარ გესაჭიროებათ Shift-ის გამოყენება. მოცემული განლაგების განვითარება და დახვეწა სამომავლოდ შესაძლებელია და ვიმედოვნებთ, რომ მომხმარებლები მარტივად აითვისებენ მას. ეს ძალიან დაეხმარება ზოგადად ქართული კლავიტურის განვითარებას როგორ ცალკე, ასევე სხვა სახის პროდუქციებში.

-როგორ შეძელით თქვენი იდეის პრაქტიკული განხორციელება?

-პროექტი მთლიანად საკუთარი ხარჯებით განვახორციელეთ, ხოლო რაც შეეხება იდეის პრაქტიკულად განხორციელებას, გვქონდა ხანგრძლივი ტესტირების პროცესი, რასაც დაახლოებით, ერთი წელი მოვანდომეთ. “ჰარის” დიზაინის შექმნისა და მრავალი ნიმუშის განხილვის შედეგად შევჩერდით საბოლოო პროდუქტზე, რომელიც საზღვარგარეთ იწარმოება და შემდგომ ხდება მისი იმპორტირება საქართველოში.

-დაინტერესებულ პირებს სად შეუძლიათ ქართული კლავიატურის შეძენა?

-კლავიატურის შეძენა შესაძლებელია ონლაინ და მისი ფასი გახლავთ 38 ლარი. გვაქვს კურიერის მომსახურება და ასევე ფოსტით გაგზავნის სერვისი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მაღაზიებთან და სხვა დაინტერესებულ კომპანიებთან მოლაპარაკებებსაც.

-რას თვლით თქვენს საქმეში ყველაზე დიდი სირთულედ?

-მთავარი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ პროდუქცია არ მზადდება საქართველოში. გვიწევს  მისი სხვა ქვეყნიდან შემოტანა, რაც ართულებს პროცესს, რადგან ლოჯისტიკური საკითხები დიდ ენერგიასა და დროს მოითხოვს. რაც შეეხება დაბრკოლებებს, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის და მომავალშიც არ შევუშინდებით სირთულეებს.

როგორ ფიქრობთ, თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების ფონზე, რატომ არ არის ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ტექნოლოგიური წარმოება განვითარებული?

-90-იან წლებში, როდესაც კომპიუტერული ტექნოლოგიები განვითარდა და ნელ-ნელა ადამიანების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, ბევრმა ქვეყანამ დაიწყო მათი წარმოება და განვითარება. რაც შეეხება საქართველოს, ვინაიდან 90-იან წლებში ქვეყანას ეკონომიკური შესაძლებლობა არ გააჩნდა, იგი ვერ ჩაერთო აღნიშნულ პროცესში, თუმცა ევროპაში არსებობს ბევრი ქვეყანა, რომელიც არ აწარმოებს ტექნოლოგიურ პროდუქტს, რადგან ისეთმა ქვეყნებმა როგერებიც ჩინეთი, ინდოეთი და სხვები არიან, ფაქტობრივად,  დაისაკუთრეს აღნიშნული სფეროები. ხოლო საქართველოში, ამჟამად არის სრული შესაძლებლობა იმისა, რომ თუ საექსპორტო ბაზარზე ვერ გავალთ შიდა ბაზრის მოთხოვნა მაინც დავაკმაყოფილოთ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული სფერო მალე განვითარდება ჩვენს ქვეყანაში და შევძლებთ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობას. ვფიქრობთ, პროდუქტის საქართველოში წარმოება ხელს შეუწყობს შიდა ეკონომიკურ ზრდას.

-ამ ეტაპზე, მხოლოდ ქართულ კლავიატურას სთავაზობთ მომხმარებლებს, როგორია სამომავლო გეგმა პროდუქტის მრავალფეროვნებასთან დაკავშირებით?

-ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქართული კლავიატურა და ქართულად ბეჭდვის ხელშეწყობა ტექნოლოგიურ სივრცეში. ჩვენი მიზანია, საქართველოში ჩამოყალიბდეს კლავიატურის განლაგების სტანდარტი, რათა სხვა კომპანიებმა, როგორებიც არიან Apple -ი და Microsoft-ი, ავტომატურად ლეპტობებზეც გააკეთონ ეს განლაგება, როდესაც საქართველოში შემოაქვთ პროდუქტი. სამომავლოდ ვგეგმავთ სხვადასხვა სახის კლავიატურის დამატებას, იქნება ეს უსადენო, მექანიკური, Gaming თუ სხვა. ეს ყველაფერი თავად მომხმარებლის მოთხოვნაზეა დამოკიდებული.

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2