close
ამოგონება - ინოვაციაედიცინააქართველო

ქართველი მოსწავლეების ინოვაციური პროდუქტი მეხსიერებაზე მედიკამენტების გავლენის საკვლევად

53397862_1785612271538313_894757729183203328_n

“ათასწლეულის გამოწვევის ფონდის” 2019 წლის კონკურსის ფინალისტებს შორის უამრავი საინტერესო  გუნდი აღმოჩნდა, რომლებმაც პროექტები სხვადასხვა სფეროდან წარმოადგინეს. მათ შორისაა “ობერტონი”, რომელიც  ხუთ წევრს აერთიანებს, ესენი გახლავთ -სერვანტესის სახელობის გიმნაზია “აია-GESS-ის”  16 და 17 წლის მოსწავლეები მარიამ გამრეკელაშვილი, გიორგი რიგიშვილი და ალექსანდრე ქაჯაია.მათ უერთდებიან 14 წლის იონა იობიძე ქუთაისიდან და 15 წლის სოფიო ჩიხლაძე  თბილისის გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიიდან. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს საკვლევ თემად შეერჩიათ სხვადასხვა მედიკამენტის გავლენა  მეხსიერებაზე, რის შესახებაც დაწვრილებით  მარიამ გამრეკელაშვილი გვიამბობს.

-მარიამ, თქვენ მიერ შემოთავაზებული პროექტი საკმაოდ ინოვაციურია,  გვიამბეთ, კონკრეტულად რაზე მუშაობს „ობერტონი“?

-ჩვენი გუნდი მუშაობს ბარნის სმარტ-ლაბირინთის ავტომატიზებაზე. ამ ტესტის საშუალებით ხდება საცდელი ცხოველის მეხსიერების შეფასება და წამლებისა თუ ქიმიური საშუალებების მათზე ზემოქმედების ანალიზი. ბიოლოგებს ამ ყველაფერზე დასაკვირვებლად დიდი დროის ხარჯვა და რუტინული სამუშაოს შესრულება უწევთ, რისი აცილებაც შესაძლებელია ჩვენი პროექტის საშუალებით. ის ავტომატურად განათავსებს თაგვს მაგიდის ტენტრში, იწერს მის მოქმედებას და ტრაექტორიას და ანალიზს მზა სახით აწვდის ბიოლოგს. ჩვენი გამოგონება სრულიად ახალი და ინოვაციური ნაბიჯია მედიცინასა და ბიოლოგიაში, რადგან იგი საშუალებას გვაძლევს შევამოწმოთ ახალი მედიკამენტის გავლენა მეხსიერებაზე, და რაც მთავარია, სრული სიზუსტით.

-რატომ მაინც და მაინც „ობერტონი“?

-“ობერტონი: მუსიკაში ნიშნავს დამატებითი ტონს, რომელიც ძირითად ტონს ანიჭებს განსაკუთრებულ ელფერს, ტემბრს, ჟღერადობას. ჩვენი პროექტიც, ობერტონის მსგავსად, განსაკუთრებულ ელფერს და დამატებით მრავალ ფუნქციას ანიჭებს სტანდარტულ ბარნის ლაბირინთს.

-საინტერესოა, როდის გაერთიანდით ამ იდეის გარშემო და რამ გიბიძგათ, რომ სწორედ სამედიცინო სფეროსკენ წარგემართათ კვლევა?

-ამ იდეის გარშემო აგრარულ უნივერსიტეტში სტუმრობის შემდგომ გავერთიანდით, სადაც ბიოლოგებმა გვაჩვენეს ბარნის ლაბირინთზე ჩატარებული ცდები და აგვიხსნეს, თუ რამდენად დიდი შრომის გაწევა იყო საჭირო შედეგების მისაღებად. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტეთ ავტომატიზირებული გაგვეხადა ბარნის ლაბირინთი. ამასთან ერთად, მოგეხსენებათ, დაავადებები საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და მათ აღმოსაფხვრელად ცოტა დროა, ამიტომაც გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი რამ, რაც გაადვილებდა კვლევებს და ზუსტ და მარტივ შედეგს მოგვცემდა.

-როგორ ფიქრობთ, რამდენად დაინტერესდებიან შესაბამისი ორგანოები თქვენი წამოწყებით?

-ჩვენი პროექტი აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგებთან შეთანხმებით განვავითარეთ და მოვარგეთ მათ მოთხოვნებს, შესაბამისად, ისინი უკვე დაინტერესებულნი და ჩართულნი არიან ჩვენს წამოწყებაში. ვფიქრობთ, მომავალში დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება.

 

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2

error: Content is protected !!