close
კესი კაციტაძე

უკვე საუკუნეებია, რაც მეცნიერებისა და მისი სხვადასხვა დარგის მნიშვნელობაზე მსჯელობენ. დღეს ყველა ერთხმად თანხმდება, რომ მეცნიერება მხოლოდ სირთულეებთან და ერთი შეხედვით გაუგებარ ფორმულებთან არაა დაკავშირებული. მეცნიერება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაა, რომელსაც ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ადამიანებისთვის.

მეცნიერების სოციალურ მნიშვნელობასა და მის მიერ მოტანილ სიკეთეებზე დაფიქრდა ქართველი სტუდენტი, რომელმაც თავის მეწყვილესთან ერთად ძალები გამოსცადა ჰაკათონში და თავისი ინოვაციური გამოგონებით დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

კესი კაციტაძე 21 წლისაა. ის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სან დიეგოს ამერიკულ პროგრამაზე სწავლობს ბიოქიმიის მიმართულებით.

გამომგონებელს არ უწოდებს თავის თავს – უბრალოდ, მეცნიერული პროექტებითაა დაინტერესებული და ცდილობს თავის პროფესიაში თეორიული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენოს. სწორედ ამ მიზნით, ხშირად მონაწილეობს ჰაკათონებში და სამეცნიერო, ამავდროულად – სოციალური მნიშვნელობის თემებზე მუშაობს.

რა სირთულეები ახლავს გამოგონების პროცესს და რას გეგმავს სამომავლოდ, ამ და სხვა თემებზე ,,დოქტრინას” ახალგაზრდა ბიოქიმიკოსი თავად ესაუბრა.

-გვიამბე შენ გამოგონებაზე, როგორ გაჩნდა იდეა, როგორ დაიწყე მუშაობა, რა სირთულეები შეგხვდა და საბოლოო შედეგი როგორია.

-ბიოქიმიის პროგრამის ფარგლებში წელს,იანვარში ჩატარდა ჰაკათონი სახელწოდებით ,,Hackathon for Kristen-ი”. მისი მიზანი და ორგანიზების მიზეზი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ამერიკაში მცხოვრებ ახალგაზრდა გოგოს, სახელად კრისტენს სჭირდებოდა ადაპტირებული ეტლი, რომლითაც გაუადვილდებოდა პატარა ბავშვის მოვლა. კრისტენი ეტლს არის მიჯაჭვული, რადგანაც წლების წინ სერფინგის შედეგად წელს ქვემოთ პარალიზებული დარჩა. ამ დაავადებას სერფერების მიელოპათია ჰქვია. სწორედ ამ ჰაკათონზე გაჩნდა იდეა, რომ ჩემს კურსელ ნიკა ალავიძესთან ერთად, რომელიც ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით სწავლობს, შეგვექმნა ეტლის მოდელი, რომელსაც ბავშვის ჩასაწვენი იმავე კონსტრუქციაზე აქვს მიმაგრებული. ჩასაწვენი ნაწილი 180 გრადუსით ტრიალებს და მისი სრულიად მოხსნა/დამაგრევაც მარტივადაა მოსახერხებელი ეტლში მჯდომის მიერ.

ამ გამოგონებაზე მუშაობისას ყველაზე დიდი სირთულე კონსტრუქციის უსაფრთხოებაზე ზრუნვა იყო, რადგანაც საქმე პატარა ბავშვს ეხება და კონსტრუქცია სრულიდ  დაცული უნდა იყოს ტექნიკური ხარვეზებისგან. ბაზრის კვლევის შედეგად, ბავშვისთვის ადაპტირებული ეტლის ბევრი ვარიანტი ვიპოვნეთ, თუმცა თითქმის ყველა საკმაოდ დიდი და მძიმე კონსტრუქცია იყო, რაც გულისხმობს ინვალიდის ეტლზე წინიდან მიმაგრებულ ბავშვის მთლიანი ეტლის კონსტრუქციას. მისი გამოყენება მოუხერხებელია და ასევე სახიფათოც ქუჩაში გადაადგილებისას, რადგან თითქმის შეუძლებელია, დაინახო, რა ხდება კონსტრუქციის მიღმა.

ჩვენი ეტლის მოდელი კი მარტივი და მოსახერხებელია. არ არის მძიმე და არც რთული სამართავად. სწორედ ეს არის მისი უნიკალურობა.

-რამდენად რთულია სიახლის შექმნა, რომელიც იქნება სასარგებლო და რამდენხნიანი მუშაობა დასჭირდა ამ ყველაფერს?

-გაგიჩნდეს იდეა, მარტივია. ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავალ სიცარიელეს ვაწყდებით და ვხვდებით, რომ მათი შევსება გაამარტივებდა ცხოვრებას. ეს პირველი ეტაპია, თუმცა შემდეგი ეტაპი უკვე რთულდება. რთულია, ისეთი იდეა შეარჩიო, რომელსაც სამომავლო განვითარების პოტენციალი აქვს და დადებითი შედეგის მოცემა შეუძლია. გასათვალისწინებელია ამ დროს როგორც მოგება, არა მხოლოდ მატერიალური, არამედ მორალური, ისევე რისკები. მესამე ეტაპია იდეის დამუშავება და პროტოტიპის აწყობა, ბოლო ეტაპი კი პროდუქტის მომხმარებლამდე მიწოდებაა.

ყველაზე რთული კი იდეის გაჟღერებისათვის საჭირო ადგილისა და მომენტის შერჩევაა. გაწერილი პროექტი, რომ წარმატებული იყოს, უნდა გყავდეს ადამიანი, რომელიც მის განხორციელებაში გვერდში დაგიდგება, წინასწარ გათვლილი აუდიენცია (არც თუ ისე პატარა), რომელსაც პროექტი დააინტერესებს და ასევე, პროექტის მიზანი იმ პერიოდში ქვეყნის და მსოფლიოს ბაზარზე არსებულ  მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს. ყველაზე რთულ შემთხვევაში კი პროექტის საშუალებით, უნდა შეგეძლოს ადამიანებს ახალი საჭიროება დაანახო, რომელიც აქამდე ბაზარზე პოპულარული არ ყოფილა.

მივიჩნევ, რომ ჰაკათონი კრისტენისთვის სწორედ ის საშუალება იყო, რომლითაც შეგვეძლო საზოგადოებისთვის ბაზარზე ჯერჯერობით არაპოპულარული საჭიროება დაგვენახებინა. იდეის დამუშავებასა და მოდელის შექმნას კი 1 თვის ინტენსიური მუშაობა დასჭირდა.

როდიდან დაინტერესდი გამომგონებლობით და რამ გამოიწვია ეს დაინტერესება ამ სფეროთი?

-კონკრეტულ დღეს ან ფაქტს, რომლის შემდეგაც გამომგონებლობამ დამაინტერესა, ვერ გავიხსენებ. ასე, კონკრეტულად, გამომგონებლის სტატუსიც არ მომირგია. უბრალოდსწავლის პერიოდში, როდესაც ახალ ეტაპზე გადადიხარ, გინდა, შენი ცოდნა გამოიყენო პრაქტიკაში და იმავე ცოდნით დაეხმარო ადამიანებს. ჰაკათონები კი – ზუსტად ამ მიზანს ემსახურება.

-ამჟამად ხომ არ მუშაობ რამე ახალ გამოგონებაზე და თუ მიგიღია მონაწილეობა სხვადასხვა კონკურსშიან საზღვარგარეთ ან საქართველოში?

-ამჟამად ახალ გამოგონებაზე არ ვმუშაობ. თუმცა ზემოთ აღნიშნული ჰაკათონის გარდა, რომელშიც პირველ ადგილზე გავედით, კიდევ ერთ ჰაკათონზე მივიღე მონაწილეობა ნიკა ალავიძესთან ერთად. ეს იყო ამერიკის საელჩოსა და დემოკრატიის ლაბორატორიის ერთობლივი პროექტი ,,კოსმოსური ჰაკათონი”. ამ კონკურსზე მე და ნიკამ მეორე ადგილი დავიკავეთ.

-სამომავლო გეგმების შესახებ რომ გვიამბოთ.

-სამომავლო გეგმები გამომგონებლობის კუთხით ჯერ არ მაქვს. როგორც უკვე აღვნიშნე, გამოგონება წინასწარ არ იგეგმება. იდეა ნებისმიერ წამს, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ თემასთან მიმართებით შეიძლება, გაგიჩნდეს. შესაბამისად, მსგავსი სიტუაცია ჯერ არ გამოჩენილა.

შეიძლება იყოს იდეაც, მაგრამ არა საჭირო მოცემულობა ან დრო ამ იდეის გასაჟღერებლად და მასზე სამუშაოდ. თუმცა, ვიცი, რომ გამომგონებელი ერთხელ თუ ,,მოიწამლაგამოგონების ხიბლით, ის მასში რჩება სამუდამოდ და ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე ეს ,,ინტოქსიკაციააუცილებლად იჩენს თავს.

 

მასალა მოამზადა: ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2