close
ამოგონება - ინოვაციააქართველო

ქართველი ახალგაზრდების ინოვაციური გამოგონება – მინისათბური სამზარეულოსთვის

18618356_1389514157796151_696481516_o

პროფესიული განათლებისადმი დამოკიდებულება ბოლო დროს რადიკალურად შეიცვალა. აღნიშნული სექტორის განვითარებისთვის განათლების სამინისტრომ არაერთი პროექტი განახორციელა, ერთ-ერთია „პროფესიული განათლების ჰაკათონი“, რომელშიც მონაწილეობდნენ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები, მათ ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტები წარმოადგინეს. პროექტის ფარგლებში სტუდენტები იყენებდნენ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში არსებულ დანადგარებს (ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, პროგრამირებადი ჩარხი და ა.შ.). პროექტს ერთობლივად ახორციელებდნენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აგრეთვე, ორგანიზაცია „EUHack-ი”.

აგრარული მიმართულებით პირველი ადგილი დაიკავა კოლეჯ „ბლექსის“ გუნდმა „Healthy“, რომლის წევრები არიან მცენარეთა დაცვის ტექნიკოსის სპეციალობის სტუდენტები: მარიამ ცეცხლაძე, რუსუდან მელაძე, თინა სალუქვაძე და როლანდ ღოღობერიძე, ხოლო მათი მენტორია – ვლადა ხიმენკო.

გუნდმა წარმოადგინა პროექტი „ეკო-სამზარეულო“, რომელიც საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს, დათესოს და სახლში მოიყვანოს სხვადასხვა პროდუქტი.  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსავალი იქნება შხამ-ქიმიკატებისგან სუფთა.

„მინისათბური სამზარეულოსთვის, ვფიქრობთ, ინოვაციური და ძალიან საჭიროა. ჩვენ ვიყენებთ ადგილობრივ მცენარეებსა და თესლებს, რითიც ვინარჩუნებთ თესლების გენოფონდს. მოგეხსენებათ, დღევანდელ პირობებში განსაკუთრებულად ფასობს ჯანსაღი, არაგენმოდიფიცირებული და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.  ჩვენ საზოგადოებას შევთავაზებთ ლამაზ ფორმატში დამზადებულ კონსტრუქციას (ვგეგმავთ, კონსტრუქციები გავაფორმოთ ქართული ტრადიციული ორნამენტებით, ამით ჩვენ ვიტყვით, რომ ეს პროდუქტი დამზადებულია საქართველოში) თავისი განათებით, ინსტრუქციით, თესლებითა და მორწყვის სისტემით. ფასი კომპლექტაციისა და ზომების მიხედვით 35-300 ლარამდე განისაზღვრება. მორწყვა შესაძლებელი იქნება დისტანციურადაც, ამისთვის კი გამოვიყენებთ GSM მოდულს“ – აღნიშნავს გუნდის მენტორი – ვლადა ხიმენკო.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი მორწყვის სისტემის ჩართვას მობილურში ჩატვირთული სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შეძლებს. საწყის ეტაპზე გუნდი გეგმავს შემდეგი მცენარეების კულტივირებას: ქინძი, მაკიდო, კამა, პიტნა და მარწყვი.

„მე, როგორც აგრარული მიმართულების სტუდენტს, ყოველთვის მქონდა პრეტენზია ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე.  მათ, ვისაც არ აქვთ მიწის ნაკვეთი და, შესაბამისად, ვერ იღებს ნატურალურ პროდუქტს, ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, მოუარონ მინისათბურს,“ – აღნიშნავს მარიამ ცეცხლაძე.

სტუდენტებს სურთ, რომ ახლო მომავალში გახდნენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამის მონაწილეები, რათა პროექტის გასავითარებლად დაფინანსება მოიპოვონ.

 

მასალა მოამზადა:  ნინი მშვენიერიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : sld
admin2

The author admin2

error: Content is protected !!