close
ანა ლომაშვილი

ბავშვის აღზრდისა და მისი განვითარების ხელშეწყობა ყველა მშობლის უპირველესი საზრუნავია. ეს საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროცესია, რომელიც ბევრ ფაქტორს აერთიანებს და, შესაბამისად – საკმაოდ ბევრ უნარ-ჩვევაზეა დამოკიდებული, რომელიც უნდა გამოამჟღავნოს აღმზრდელებმა.

ერთი შეხედვით ამ საკმაოდ ჩახლართულ და რთულ პროცესში ნაკლებად მოიძებნება ტექნოლოგიის ადგილი, თუმცა 21-ე საუკუნე რის 21-ე საუკუნეა, თუ პროგრესის ნიშნები არ შეიტანა თვით ამ საქმეშიც კი.

ქართველი მეცნიერი გოგონა თავისი გამოგონებით მშობლებს უადვილებს აღმზრდელობით პროცესს და საგანმანათლებლო მნიშვნელობის მქონე პროექტებზე მუშაობს.

ანა ლომაშვილი 21 წლისაა, ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს ელექტროინჟინერიის ფაკულტეტზე.

სამეცნიერო საქმიანობაში უკვე წლებია აქტიურადაა ჩართული და თანაგუნდელებთან ერთად სხვადასხვა ინოვაციური პროექტით დიდ დაინტერესებასაც იწვევს ფართო ასპარეზზე.

თავის გამოგონებებსა და საერთაშორისო წარმატებებზე ,,დოქტრინას” ქართველი სტუდენტი თავად ესაუბრა:

-როდის დაინტერესდი სამეცნიერო საქმიანობით და როგორი იყო პირველი ნაბიჯები ამ კუთხით?

პირველივე კურსიდან ჩავერთვე ისეთ კონკურსებში, რომლებიც ორიენტირებული იყო რაც შეიძლება მცირე დროში ინოვაციური პროდუქტის შექმნაზე.

სწორედ ასეთი პროექტი იყო ილიაუნის Hardwareჰაკათონი, სადაც შეიქმნა Teddybot-ი. ტედიბოტი არის ის დამხმარე ტექნოლოგია, რომელიც მშობლებს ხელს უწყობს პატარების აღზრდაში. კერძოდ, ის არის ბეიბიმონიტორი, რომელიც  ინტეგრირებულია. ეს არის ხელოვნური ინტელექტი, რაც საშუალებას იძლევა, ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად, ზუსტად შეირჩეს პატარისთვის სასურველი ფუნქციები.

თუ ჩვილობის ასაკში ტედიბოტი მორგებული იქნება პატარის ძილის ანალიზზე, შემდგომ ის ნელ-ნელა შეიძენს საგანმანათლებლო ფუნქციებს.

გვიამბე პროექტის წარმატებებზე.

-ტედიბოტის საშუალებით ჩვენმა გუნდმა, რომელიც ჩემს გარდა დაკომპლექტბული იყო ფიზიკის ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტებისგან – ეკატერინე დადიანისა და ლანა რეხვიაშვილისგან, დაიკავა მესამე ადგილი. ჩვენმა პროექტმა ისეთი ინტერესი გამოიწვია ჟიურიში,  რომ გვირჩიეს მონაწიელეობა მიგვეღო Seed Forum Tbilisi-ში.

ეს არის სტარტაპების კონფერენცია, სადაც საშუალება ეძლევათ პირისპირ შეხვდნენ ინვესტორებს. მოცემულ ღონისძიებაში დავსახელდით ტოპ 6 სტარტაპში და უკვე ტალინის Seed Forum-ში დაგვპატიჟეს მონაწილეობის მისაღებად.

ესტონეთში შევხვდით საერთაშორისო მონაწილეებსა და ინვესტორებს და რამდენიმე საინტერესი წინადადებაც მივიღეთ. გვქონდა შემოთავაზება სტამბულიდან,  ასევე ჰოლანდიის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიიდან, სადაც 6-თვიანი კონტრაქტით უნდა გვემუშავა.

წინადადებები საკმაოდ მაცდური იყო, თუმცაღა ითვალისწინებდა იმ პირობას, რომ უნდა მიგვეტოვებინა უნივერსიტეტი. ამ ეტაპზე კი, ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა თავი შეეკავებინა მსგავსი შემოთავაზებებისგან,  სანამ უნივერსიტეტს არ დავასრულებდით.

-რას საქმიანობთ ამჟამად?

ამ დროისთვის  უფრო აკადემიურ საქმიანობაში, კერძოდ ფიზიკის კვლევებში ჩავერთე, რაც საკმაოდ წარმატებული ნაბიჯი აღმოჩნდა კარიერული წინსვლისთვის.

ამჟამად ვიმყოფები კალიფორნიაში და დოქტორ ჯონსონთან ერთად ჩართული ვარ კვანტური ფიზიკის გარკვეული საკითხების კომპიუტერულ ანალიზში. აგვისტოში კი – მე და ეკატერინე დადიანი ჰელსინკში მინილექციებს წავიკითხავთ ფიზიკის საერთაშორისო კონფერენციაზე.

გისურვებთ წარმატებებს!

მასალა მოამზადა:  ანა ურუშაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2