close
აქართველო

სიტყვა, როგორც მოძრაობის იმპულსი

ალექსიძე

კონსერვატიული ხელოვნებიდან თანამედროვეობამდე გზის გაკაფვა საკმაოდ რთული აღმოჩნდა ქართული ბალეტისათვის. კლასიკური ბალეტი ნასაზრდოებია ტრადიციული მოძრაობებით, სადაც მეტი შეხებაა ჰაერთან. თუმცა, დღეისათვის თანამედროვე ბალეტიც განვითარების მაღალ საფეხურზეა. რთული ტექნიკური ვარიაციებიდან გადახვევა და შეუბოჭავი, თავისუფალი მოძრაობები უკეთ გადმოგვცემს ნამდვილ ემოციას.

საქართველოში ვახტანგ ჭაბუკიანი იყო პირველი, ვინც კლასიკური ბალეტი ორგანულად დაუკავშირა ნაციონალურ საფუძვლებს, ამით კი განსხვავებული და საინტერესო რამ შექმნა. ასევე, თანამედროვე ბალეტის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის გიორგი ალექსიძეს, ბალეტმაისტერს, რომელიც ბევრი შედევრის სულისჩამდგმელია. მისთვის ცეკვა იყო მოძრაობა, მოძრაობა – სიცოცხლე. მან განსხვავებული იდეოლოგიით, დრამატიზმითა და თავისებური მოძრაობის ლექსიკით მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა ქართულ ბალეტში. ახლა კი მამის შემოქმედებით გზას მარიამ ალექსიძე გაუყვა. იგი გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის ფონდის თავმჯდომარე და თბილისში თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთკავკასიური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია. აღსანიშნავია, რომ მარიამი პირველი ქალი ქორეოგრაფია საქართველოში. მაღალი ქორეოგრაფიული განათლება მიიღო თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლისას. შემდეგ „შვეიცარიის ბალეტის პროფესიულ სკოლაში“ მიიწვიეს სწავლის გასაგრძელებლად, სადაც გაიღრმავა ცოდნა, უმეტესწილად, თანამედროვე ცეკვის განხრით. ისწავლა მოდერნ-ბალეტი, ჯაზ-ბალეტი, კონტემპორეინ-ბალეტის სხვადასხვა მიმდინარეობა, ასევე, ნეოკლასიკური სტილი ჯორჯ ბალანჩინის სკოლაში. საბალეტო სკოლა რომ დაამთავრა, ციურიხის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიწვიეს. შემდგომ საქართველოში დაბრუნდა, სადაც ოპერისა და ბალეტის თეატრში სოლისტი გახლდათ 10 წლის განმავლობაში. მოგვიანებით კი დადგმებზე გადაერთო. მინიატურებით დაიწყო, მცირე ზომის ნომრები დადგა გალა-კონცერტებისა და საერთაშორისო კონკურსებისთვის, რომლებსაც თავადაც ასრულებდა.

დღეს მარიამ ალექსიძე აქტიურად თანამშრომლობს რუსთაველის თეატრთან, იგი ქორეოგრაფია  რეჟისორ რობერტ სტურუას ბევრი სპექტაკლისა. თავადაც არის რამდენიმე ისეთი დადგმის ავტორი, რომელიც მაყურებელს გულგრილს არასდროს ტოვებს, მაგალითად: „აჭარპანი“ – ფანტაზია აფხაზური ფოლკლორის თემაზე, ჯანსუღ კახიძის სიმღერებზე დაფუძნებული „ჰარირა“, „გურჯი-ხათუნი“ – დათო ტურაშვილის რომანის მიხედვით, “შექსპირი. სიყვარული“ – ქორეოგრაფიული ფანტაზია შექსპირის პიესებსა და სონეტებზე დაყრდნობით, „ხამსე“ – ნიზამი განჯელის სპარსული მინიატურების მიხედვით. მარიამის შემოქმედება იმით გამოირჩევა, რომ მას აინტერესებს ქართული ცეკვის ელემენტებისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის შერწყმა, რაც მისი ხელწერაც კი გახდა, ამას კი თავის დადგმებში ახორციელებს. თანამედროვე ქორეოგრაფია კლასიკური საბალეტო ქორეოგრაფიისგან იმით განსხვავდება, რომ ის არ არის მოქცეული ჩარჩოებში. „მოდერნ-ბალეტი“ განხვავებული სტილია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა როგორც ჟანრი და მუდმივად განვითარების პროცესშია. იგი მიახლოებულია ადამიანის ბუნებასთან და მარიამის სპექტაკლებშიც წამოწეულია ის თემები, რომლებიც სამყაროსთანაა კავშირში და ადამიანს აწუხებს.

ცოტა ხნის წინ, თბილისის მერიის მხარდაჭერით მარიამ ალექსიძემ ჩამოაყალიბა თანამედროვე ბალეტის კამერული დასი „თბილისის თანამედროვე ბალეტი“, რომელსაც გიორგი ალექსიძის სახელი მიენიჭა. დასის დაარსების თანაავტორი მარიამ ალექსიძესთან ერთად არის ფილოლოგიის დოქტორი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით მაზიაშვილი, იგი 2016 წლიდან „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დირექტორია.

„დასის იდეა თავად სახელწოდებაშივეა გამოკვეთილი, ის ატარებს გიორგი ალექსიძის სახელს, რაც ესთეტიკაზე და ქორეოგრაფიულ ღირებულებებზე მიგვანიშნებს, დაკავშირებულია თბილისთან და წარმოადგენს ქალაქის ახალგაზრდულ საბალეტო სახეს, რაც თავისი არსით თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობას სინთეზურად  აერთიანებს. დასის საქმიანობის ძირითადი იდეა კი თანამედროვე ფორმების ძიებით დღევანდელი ადამიანის სათქმელის თუ ზოგადსაკაცობრიო საკითხების მხატვრული აზროვნებითა და ქორეოგრაფიული ენით გამოხატვაა. დასმა დაფუძნებისთანავე, უმოკლეს დროში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მონაწილეობა მიიღო სამხრეთკავკასიური თანამედროვე ცეკვის ფესტივალსა და ვორკშოპებში, ჩაატარა ორი გასტროლი საქართველოს რეგიონში. 2017 წელს ვგეგმავთ მნიშვნელოვანი და შრომატევადი სამუშაოების განხორციელებას, რაც გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის აღდგენას უკავშირდება. აგრეთვე, რეპერტუარისთვის აღდგება მარიამ ალექსიძის 2 საავტორო სპექტაკლი, დაიგეგმება მცირე ფორმატის წარმოდგენები, სამუშაო შეხვედრები და სხვა ერთჯერადი პროექტები. 2016 წელს წარმოდგენილი პრემიერები  გამეორდება, რათა სარეპერტუარო სპექტაკლებმა შეიძინოს თავისი მაყურებელი. ასევე, იგეგმება საერთაშორისო პროექტების წამოწყება და არსებული კავშირების გამყარება“ – აღნიშნა დასის დირექტორმა დავით მაზიაშვილმა.

ბალეტი მუდმივმოქმედი იქნება და ბევრ პროექტს განახორციელებს. დასის პრემიერა უკვე შედგა სპექტაკლით  „დოვინ-დოვენ-დოვლი“ , რომელმაც დადებითი ემოცია  გამოიწვია საზოგადოებაში. სპექტაკლი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე შეიქმნა, დამდგმელი ქორეოგრაფი თავად მარიამ ალექსიძეა. მან მამის უკანასკნელი დადგმის კადრები შვიდი წლის შემდეგ, ახალი ვერსიით დააბრუნა სცენაზე. ავტორის ლექსების მუსიკალურობას გუსტავ მალერისა და კლოდ დებიუსის მუსიკა კიდევ უფრო ამძაფრებს.

სპექტაკლმა ერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია მაყურებელში, ვერავინ მალავდა აღტაცებასა და ემოციებს – „პირველი შეგრძნება იყო – ხელოვნებას საზღვარი არ აქვს. ბალეტი, რომელიც მუდამ ოპერასთან და კლასიკურ მუსიკასთან ასოცირდებოდა, რა ლამაზი ყოფილა მათ გარეშეც. სცენაზე გალაკტიონიც და გიორგი ალექსიძეც ცოცხლები იყვნენ. იმ გრძნობაზე აღარაფერს ვამბობ ყურების მომენტში რომ გეუფლება და სკამზე ვერ გაჩერებს. ეს იყო თეატრი, სადაც მუნჯურად ასრულებდნენ, მაგრამ მსმენელს თითოეული სიტყვა ესმოდა“ – აღნიშნა ანიკა ზედგენიძემ.

,,სხვა ბალეტებისგან ,,დოვინ-დოვენ-დოვლი” იმით გამოირჩევა, რომ სპექტაკლის ყურების პროცესში არ გჭირდება იმაზე ფიქრი, თუ რომელ მოძრაობაში რა შეიძლება იგულისხმებოდეს, რადგან ქორეოგრაფების თითოეული მოძრაობა გამოხატავს პარალელურად წაკითხულ გალაკტიონის ლექსებს. ყველაფერი უმაღლეს დონეზე, წარმოუდგენელი სიზუსტით არის გაკეთებული. ძალიან ნათლად ჩანს, რამდენი შრომაა ჩადებული პატარა დეტალშიც კი სრულყოფილების მისაღწევად” – ამბობს მარიამ გიორგიძე

დასასრულ, რუსთაველის თეატრის მცირე სცენა აღმოჩნდა ის ჯადოსნური ადგილი, სადაც ერთი საათით შეგიძლია მთლიანად მოსწყდე გარემომცველ სამყაროს, ჩაიძირო დიდი გალას არაჩვეულებრივი პოეზიის საუფლოში და მიიღო ის სულიერი საზრდო, რომელიც ასე მნიშვნელოვანია და  ყველას გვჭირდება მოძრაობისთვის  ანუ სიცოცხლისთვის.

 

მასალა მოამზადა: ნინი მშვენიერიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2